Home ახალი ამბები საქართველო ევროპას  „ფიფქების რევოლუციის“ ტალღა უახლოვდება

ევროპას  „ფიფქების რევოლუციის“ ტალღა უახლოვდება

342

„გადადექი!“- ეს არის სიტყვა, რომელიც საქართველოში მიტინგებზე ყველაზე ხშირად ისმის. ისე, ეს 21-ე საუკუნის ტერმინია, თორემ ზვიად გამსახურდიას ქუჩიდან ჩაუშესკუს ეძახდნენ, ედუარდ შევარდნაძეს – იუდას. „გადადექი“ მიხეილ სააკაშვილმა დაიძახა და დაიძახა იმიტომ, რომ ევროპელმა და ამერიკელმა „ტრენერებმა“ ქართველი არასამთავრობოები კარგად „დაატრენინგეს“, შეაქმნევინეს „კმარა“, რომელსაც სოროსის ფონდი აფინანსებდა,  სწორედ სოროსის ფულით გაქსუებული გოგო-ბიჭები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში და გააქანეს ქვეყანა უფსკრულისკენ.

„გადადექი“ გასულ კვირას ევროპის რამდენიმე დიდ ქალაქში ისმოდა. ყველაზე მძლავრად კი – ჩეხეთში, სადაც აქციის ორგანიზატორები ულტრამემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობები და კომუნისტური პარტია იყვნენ. სწორედ მათ მოახერხეს ქუჩაში ათიათასობით ადამიანის გამოყვანა მოთხოვნით  „გადადგეს მთავრობა და დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან ბუნებრივი აირის  მიწოდების აღდგენის თაობაზე.“ როგორ გგონიათ, რა მოიფიქრეს ევროპაში საპროტესტო ტალღის შესაჩერებლად? რა და… მოსახლეობას ნება დართეს, სამსახურებში სვიტერებით იარონ, აქაოდა, სიცივე იქნება, გათბობას ვერ ჩავრთავთ და მხოლოდ პერანგსა და კოსტiუმში გაგიჭირდებათო. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. რეალურად, „ფიფქების რევოლუციის“ ტალღა უახლოვდება ბებერ კონტინენტს და, როგორც კი პირველ თოვლი გადმოიყრება და ყინვა მოუჭერს, მოსახლეობის პროტესტი სულ უფრო მძლავრი გახდება. ისე, ჩეხების მოთხოვნიდან ერთი ძალიან გვეცნო – „პირდაპირი  დიალოგის დაწყება რუსეთთან“.  ეს არის სწორედ ის, რასაც, ამდენი ხანია, ვწერთ და ვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ პირდაპირი დიალოგი დაიწყოს რუსეთთან და კონკრეტულ მიმართულებასაც ვასახელებთ – საკვებ პროდუქტებზე, განსაკუთრებით ხორბალზე. სწორედ მარცვლეულის ექსპორტის ხელშეკრულებიდან გავიდა რუსეთი და ახლა მთელი ევროპა ტირის, რუსული მხარე ხორბლით გვევაჭრებაო. იმას კი არავინ ამბობს, მარცვლეულით დატვირთული ორი გემი რომ აუფეთქეს რუსეთს და, რაც მთავარია, ყირიმის ხიდის აფეთქება სწორედ ამ ხელშეკრულებით რომ დაიგეგმა. დიახ, სატვირთო, რომელიც ყირიმის ხიდზე ააფეთქეს,  უკრაინელებმა და ევროპელებმა, მარცვლეულის გემით გააპარეს.

ევროპელებმა, გარდა იმისა, რომ სვიტერებით სიარულის ნება დართეს,  თავი მოიქაჩლეს და უკრაინას  დახმარების ახალ პაკეტს უმტკიცებენ.  უკრაინელებიც ამბობენ, სანამ სრულად არ დავიბრუნებთ ტერიტორიებს, არ გავჩერდებით, ვიმარჯვებთო. რეალურად კი, უკრაინა სოციალურ ქსელში  იმარჯვებს, სოციალური ქსელებით ფიქრობს ბრძოლის მოგებას და ეს მაშინ, როცა ომის რეალური სურათი სხვაგვარია.  უკრაინელი სამხედროები ყოველდღიურად წერენ, რომ ასეულობით რუსი ჯარისკაცი აიყვანეს ტყვედ, რომ ისინი საკუთარი ნებით ბარდებიან ტყვედ, რომ რუსები ვერავის იჭერენ; არადა, კვირაში ერთხელ ტყვეებს ცვლიან და ხომ ვერ აგვიხსნის ვინმე, ვის უცვლიან რუსებს, თუ მათ ტყვეები არ ჰყავთ? ვისში ცვლიან რუს ჯარისკაცებს?  იმ ფოტოებს რა ვუყოთ, რომლებზეც ნათლად ჩანს გაცვლის პროცესი და ხშირად  რუსების მიერ გათავისუფლებული უკრაინელების რაოდენობა რუსი ტყვეებისას რამდენიმეჯერ აჭარბებს? იმას რა ვუყოთ, რიგითი უკრაინელები რომ ამბობენ, ჩვენი ქალაქების ინფრასტრუქტურა ისეა განადგურებული, ყველაფრის აღდგენას წლები დასჭირდება და,  ძველ რელსებზე რომ დავბრუნდეთ, ნახევარი საუკუნე არ გვეყოფაო? ჰოდა, უკრაინის აღსადგენად ევროპა და ამერიკა არაერთ სესხს გამოყოფს, რათა ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო ნახევარი საუკუნე მაინც მონად ჰყავდეს, მუდმივად დააყვედროს ის, რომ სული სწორედ დასავლეთით  უდგია და, რაც მთავარია, ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში შეეძლება ნებისმიერ დროს, როცა კი დასავლეთი გადაწყვეტს, ახალ ომს გააჩაღებინებს რუსეთთან. ომის დაწყების წინ რუსეთის ეკონომიკა წამოიწია, ხორბლის რეკორდული მოსავლის ხარჯზე რუსეთმა გავლენის ბერკეტები არამხოლოდ  ენერგეტიკულ, არამედ სასურსათო ბაზარზეც მოიპოვა და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ უკრაინას ასროლინეს და რუსული ეკონომიკის აღმასვლა შეაჩერეს. ვინ იხეირა ამით? ევროპას იმედი ჰქონდა, თავადაც იხეირებდა, მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ ამერიკამ იხეირა. დოლარის მიმართ ყველა ქვეყნის ვალუტა გაუფასურდა და ამერიკამ, როგორც არასდროს,  მსოფლიოზე ბატონობის სურნელი იგრძნო. ამიტომ გამოდის  ჯო ბაიდენი კვირაში ერთხელ ახალი დახმარების ინიციატივით და კონგრესიც ტაშს უკრავს. იციან,  გაცემული დახმარება ერთი ათად დაუბრუნდება შტატებს და დაუბრუნდება არა უკრაინის, არამედ ევროპის ჯიბიდან.

სხვათა შორის, სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა – ზელენსკი ქვეყნის მოღალატეა თუ პატრიოტი? და თუ აქამდე ბევრს  უკრაინის პრეზიდენტი ლამის წმინდანად ჰყავდა გამოცხადებული, ახლა ვითარება  შეიცვალა და უმრავლესობა ფიქრობს, რომ სწორედ ზელენსკის დამსახურებით  უკრაინა იმაზე მეტ ზარალს განიცდის, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. საინტერესო პარალელი – აგვისტოს ომის პირველ დღეებში სააკაშვილი გმირად წარმოაჩინა დასავლეთმა; მეტიც, მის მხარდასაჭერად არაერთი ქვეყნის პრეზიდენტი გამოუშვა, მაგრამ ქართველი ხალხი მალე მიხვდა, ვისთან და რასთან ჰქონდა საქმე და მიშას ჯერ ვადამდელი არჩევნების გაყალბება დასჭირდა, შემდეგ კი მომდევნო ოთხი წელი ცეცხლითა და მახვილით გაძლო, მაგრამ ბოლოს  ტირანია მაინც დაემხო. ზელენსკი სააკაშვილის დონის ტირანობას ვერ „ქაჩავს“, მაგრამ სრულად ჯდება იმ ლიდერის ჩარჩოებში, რომელიც დასავლეთის მითითებებს უსიტყვოდ ასრულებს. როგორც კი ის დაიწყებს დასავლეთის კრიტიკას, მაშინვე იარაღის  მიწოდებას უგვიანებენ და სიმწრით მოპოვებულ ტერიტორიებს ერთ საათში კარგავს, ამიტომაც უკრაინის ლიდერს სხვა გზა არ აქვს, უნდა გააკეთოს ის, რასაც უბრძანებენ.

აქციების პარალელურად, ევროპის ქალაქებში მოსახლეობამ სკვერებში ხის სკამების დახერხვა დაიწყო. შეშა ძალიან ძვირია (იაფი შეშა რუსეთს აქვს, მაგრამ რუსეთზე ხომ სანქციებია დაწესებული) და ამიტომ ადამიანები ანადგურებენ  ყველაფერს, რისი დაწვაც კი შესაძლებელია. ისევ გავიმეორებთ: ჯერ შემოდგომაა,   მოსახლეობას წინ მკაცრი ზამთარი აქვს  და ძნელი სავარაუდოა, ევროპელებმა ხალხის შეჩერება მოახერხონ; მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ზუსტად იციან, საკმარისია რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გამართვა და სითბოც იქნება და… ხორბალიც. ანალოგიურ ვითარებაში ვართ ჩვენც, მაგრამ ჩვენთან აქციაზე, რუსეთთან პირდაპირი დიალოგი გამართეთო, ბევრი ხალხი არ გამოვა. ეს იმიტომ კი არა, რომ მოსახლეობას არ უნდა, არამედ იმიტომ, რომ „ტეხავს“. ჰო, „ტეხავს“. 30 წლის განმავლობაში დასავლეთმა იმდენი მოახერხა, მოსახლეობას პატრიოტიზმიც კი ესირცხვილება. პატრიოტიზმია საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა და პატრიოტიზმია მოსახლეობისთვის ყოფის შემსუბუქება. ამის გაკეთება  სწორედ რუსეთთან დიალოგით არის შესაძლებელი, მაგრამ…

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წესითა და რიგით, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც იმისთვის უნდა გაერთიანდნენ, რომ მოსახლეობის ყოფის შემსუბუქებაზე იზრუნონ და მართლაც უმძიმესი ზამთარი როგორმე მსუბუქად გადაატანინონ. ამის მიუხედავად, ოპოზიცია გაჰკივის: საქართველოში რუსული ნავთობპროდუქტების შემოტანამ მოიმატაო, და იმას კი არ ამბობენ, რომ  ბაზარზე ყველაზე იაფი  ახლა სწორედ რუსული პროდუქციაა. საქართველო, საბედნიეროდ, ყიდულობს, აი ევროპა… ევროპა სანქციების დაწესებითაა გართული და იძულებულია, ოთხჯერ მეტი გადაუხადოს ამერიკას და  იმედოვნებდეს, რომ ომი მალე დასრულდება და ურთიერთობები ძველ კალაპოტს დაუბრუნდება. საკითხავი ის არის,  შემდეგ  ექნება კი  სურვილი უკვე რუსეთს, თავზე ისევ გადაუსვას ხელი ევროპას, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში საკუთარ თავს უღალატა და ამერიკის მხარეს დადგა. უბრალოდ, ახლა ევროპელები უკან ვეღარ იხევენ, თორემ ყველაზე კარგად სწორედ მათ იციან, რა ყულფში გაყვეს თავი. იმავე ყულფში თავის შეყოფა მეორედ აღარ ისურვა ბორის ჯონსონმა, რომელსაც  შანსი ჰქონდა, პრემიერად დაბრუნებულიყო, მაგრამ მან ზუსტად იცოდა, რომ ამ მოცემულობაში ბრიტანეთისთვის სასიკეთოს ვერაფერს გააკეთებდა; უნდა ეყვირა ის, რაც იცის, რომ არასწორია და განზე გადგა.  რას გააკეთებს დიდი ბრიტანეთის  წარმოშობით ინდოელი პრემიერი, ერთად ვნახავთ, მაგრამ კარგის მოლოდინი არც ბრიტანეთის მოსახლეობას აქვს. გაგიკვირდებათ და, ბრიტანელებს ისე გაუჭირდათ, ევროკავშირში დაბრუნების მოთხოვნით აქციებიც კი გამართეს. გამოდის, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს ქვეყანა საით და როგორ მიდიოდა, კაცმა არ იცის.

 ერთი საინტერესო ფაქტი: ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა აღარ გამოუშვებს ავტომობილებს, რომლებიც დიზელსა და ბენზინზე იმუშავებს. ამით ევროკავშირი გლობალურ დათბობასთან ბრძოლას აპირებს. ბოდიში, ბატონებო, და, გლობალურ დათბობას უკვე მოელაპარაკეთ და შეუთანხმდით, რომ ამ ზამთარს ქვანახშირის ელსადგურების ამოქმედებას და ჰაერის ისე დაბინძურებას აპირებთ, რომ 2-3 წლით უკან  დაგვხევს? თუ, რაც უფრო შორეულია  ბრძოლისა და გეგმების პერსპექტივა, მით ადვილად იჯერებს ხალხი?  

2035 წლამდე ჯერ მისასვლელი ვართ…

ლევან გაბაშვილი                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here