Home ახალი ამბები საქართველო ევროპარლამენტმა პოლიტიკური ტერაქტი უკვე მოგვიწყო და ახლა უარესისთვის უნდა მოვემზადოთ

ევროპარლამენტმა პოლიტიკური ტერაქტი უკვე მოგვიწყო და ახლა უარესისთვის უნდა მოვემზადოთ

აუცილებელი და სავალდებულოა, დასავლეთს გასაგებად ვუთხრათ, რომ არ (აღარ) ვაპირებთ მის დაკრულზე ცეკვას

396

როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპარლამენტარები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ატეხილი სკანდალი როგორმე ყველას მიავიწყონ. შეგახსენებთ (ხშირად შეგახსენებთ ხოლმე), რომ ბრიუსელის პოლიციამ ქრთამის აღების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და რამდენიმე პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არის ევროპარლამენტის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი  ევა კაილი. ის   მაშინვე გარიცხეს ბერძნული პარტიის რიგებიდან, რომელსაც ევროპარლამენტში წარმოადგენდა, მაგრამ  შეეძლოთ,  არც გაერიცხათ, რადგან მთელი ევროპარლამენტი ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა და ჩვეულებრივ განაგრძობს  მუშაობას. არანაირი შიდა კომისია, შიდა კვლევა, პარლამენტარებმა ამ ამბავს, უბრალოდ, წაუყრუეს და ცდილობენ, არანაირი კომენტარი არ გაკეთდეს. ვიცე-პრეზიდენტი კი თვალში, ალბათ,  არავის დააკლდება, მის გარდა ევროპარლამენტს კიდევ 13 ვიცე ჰყავს.

სამაგიეროდ, სწორედ ევროპარლამენტარებმა მოიცალეს საქართველოსთვის და ის, რაც გასულ კვირას გააკეთეს, ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა კი არა,  დამონების მცდელობას ჰგავდა. ევროპარლამენტარებმა  მიიღეს ახალი რეზოლუცია, რომელშიც ისეთი ჩანაწერები  გააკეთეს, სხვა სუვერენულ სახელმწიფოს რომ არ აკადრებენ, მაგრამ მათთვის საქართველო არასდროს ყოფილა სრულად დამოუკიდებელი და გადაწყვეტილებების მიმღები – მათ სურდათ და სურთ, რომ ქართულმა მთავრობამ კანონმდებლობა და საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა  მათ თარგზე მოჭრას. და მაინც, რა წერია ისეთი რეზოლუციაში, რომელიც ჩვენ არათუ შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ დამონების მცდელობად მივიღეთ:

პირველ რიგში, მუქარა ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ევროპა ივანიშვილს სანქციებით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ციხიდან მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია არ გამოვლენ. რას ნიშნავს ეს? რა შუაშია ივანიშვილი? ევროპარლამენტს არ აქვს არც ერთი დასაბუთებული არგუმენტი, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში კვლავ ერევა, მაგრამ მათ  ოპოზიცია ეუბნება, რომ ეს ასეა და ოპოზიციის სიტყვები საკმარისია რეზოლუციის შესამუშავებლად, კენჭის საყრელად  და მის  მისაღებად.  მოქმედ ხელისუფლებასთან შედარებით კი  ოპოზიციას ის უპირატესობა აქვს, რომ ხელისუფლების  სათავეში ყოფნისას უსიტყვოდ ასრულებდნენ ევროპარლამენტისა და ამერიკის ყველა მითითებას, ამჟამინდელმა მმართველმა გუნდმა კი გაბედა და რუსეთთან ომში არ ჩაერთო – მეორე ფრონტი არ გახსნა, არ გაანადგურა ინფრასტრუქტურა და, ჯარისკაცების გარდა, მშვიდობიანი მოქალაქეებიც არ გაიმეტა სასიკვდილოდ. ივანიშვილის გარდა, ევროპარლამენტარები ხელისუფლების უმაღლეს პირს, ქვეყნის მთავარსარდალ სალომე ზურაბიშვილსაც  ერჩიან და პირდაპირ მიუთითებენ, რომ მან უნდა გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი და როგორც სააკაშვილი, ასევე გვარამია ციხიდან გაათავისუფლოს. ასეულობით ევროპარლამენტარიდან არც ერთს არ უთქვამს: პრეზიდენტო, გვარამიას შეუნდეთ ის, რაც თქვენზე ილაპარაკა; შეუნდეთ, პირდაპირ ეთერში რომ გაგინებდათ, თქვენ, თქვენს შვილებს და მიწასთან რომ გასწორებდათო. ეს გვარამიასთვის შეიძლება და შეიძლება ისიც, რომ რიგითი პატიმარი სააკაშვილი პენტჰაუზში იხდიდეს სასჯელს და სხვების დარად ციხეში არ იყოს. სააკაშვილისთვის შეიძლება ისიც, რომ სახელმწიფომ მას წელიწადში 200 ათასი დაახარჯა, რაც დღეში 550 ლარია, ანუ იმ კაცის შენახვა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ტირანად ჰყავს გამოცხადებული, დღეში 550 ლარი გვიჯდება. და დანარჩენი პატიმრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა რა ჯდება წლიურად,  ვინმემ იქნებ გაგვაგებინოს, შედარება რომ გავაკეთოთ. საინტერესოა, რომ  ევროპარლამენტარები იშვიათად, მაგრამ მაინც, ამბობენ ხოლმე, რომ წინა ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა და ერთ-ერთი მთავარი შეცდომა სასამართლოზე ზემოქმედება იყო, რომელსაც თითქმის ყველა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოჰქონდა და ისიც, რომ ციხეებში ყოველწლიურად 200-ზე მეტი ადამიანი გაურკვეველ ვითარებაში კვდებოდა. მხოლოდ ციხეებში გარდაცვლილთა რაოდენობა 2000-ს სცდება და „დამოუკიდებელი ტელევიზიის“ ამჟამინდელი შეფი ნიკა გვარამია იმხანად ხან იუსტიციის მინისტრი იყო, ხან – გენერალური პროკურორი, სააკაშვილი კი – ერთპიროვნული დიქტატორი და არც ერთ მათგანს არ უთქვამს: ხალხო,შეგვეშალა, ბოდიშიო. პირიქით,  ამბობენ, რომ სწორად იქცეოდნენ და მხოლოდ უმნიშვნელო გადაცდომები ჰქონდათ, ანუ მათთვის მხოლოდ ციხეებში გარდაცვლილი 2000 ადამიანი „უმნიშვნელო გადაცდომაა “და მეტი არაფერი.

ევროპარლამენტარები იმაზეც ხუჭავენ თვალს, რომ ნაციონალების მმართველობის პერიოდში  ელიტური კორუფცია ყვაოდა და ამის ნათელი დადასტურება დავით კეზერაშვილია, მაგრამ ეს როგორ უნდა გააპროტესტონ, როცა აგერ ევროპარლამენტარი დაუჭირეს, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, რომელსაც, პოლიციის ვერსიით, საქმეში ოჯახის წევრებიც ჰყავდა ჩართული: ქმარი, მეუღლე, ანუ ტიპური ხელწერაა იმის, როგორც თავის დროზე ნაციონალები იქცეოდნენ, როცა, მაგალითად, აკაკი მინაშვილის სიდედრს სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა, გივი თარგამაძის ოჯახის წევრები კი უკრაინიდან არმატურის შემოტანაზე ექსკლუზივს ფლობდნენ. ეს ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი იყო, უბრალოდ, ევა არასწორ დროს ჩავარდა ან, უბრალოდ,  სხვამ უფრო მეტი გადაიხადა და ის აღარ დასჭირდათ.

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია არ არის რაიმეს თხოვნა ან რეკომენდაცია. ეს არის კატეგორიული მოთხოვნა და მკაცრი გაფრთხილება, გაფრთხილება იმაზე, რომ, თუ ისე არ მოვიქცევით, როგორც მათ  სურთ, კუთხეში დაგვაყენებენ. აქ მნიშვნელოვანია  მათი სურვილი და არა ის, როგორ არის სწორი ან რა სურს საქართველოს მოსახლეობას. სააკაშვილისა  და გვარამიას გათავისუფლება სურთ მათ და არა ქართველებს, სათავეში ნაციონალების დაბრუნება სურთ მათ და არა ამომრჩეველს და ეს იციან კარგად, ძალიან კარგად, მაგრამ არასდროს გაუთვალისწინებიათ ქართველი ხალხის სურვილი და ვერ ხვდებიან, ახლა რატომ უნდა გაუწიონ ანგარიში. დასავლეთს არ სურს ერთხელ დამონებული ერის ხელახლა დამონება და ამაში თანხის დახარჯვა. უფრო მარტივია, ხელისუფლებაში ძველი გუნდი დააბრუნოს. მერე დასავლეთი გაჩუმდება ზუსტად ისე, როგორც გაჩუმდა წინა წლებში, და ვერ დაინახავს ვერც გვამებით მოფენილ ქუჩებს, ვერც  ჯიხურის სახურავზე შემოდებულ გვამებს, ვერც ციხეებში მოკლულ ბიჭებს, ვერც ქუჩაში დახვრეტილ ახალგაზრდებს და ვერც ყინვაში დაგდებულ, დასერილ სანდრო გირგვლიანს. ისინი დაინახავენ მხოლოდ მორჩილ ხელისუფალს, რომელიც საჭირო დროს გაისვრის და რუსეთს მეორე ფრონტს გაუხსნის. მერე რა, რომ ეს გასროლა წინასწარვე განწირული იქნება და ქარის საწინააღმდეგოდ გადაფურთხების ეფექტი ექნება?! დასავლეთს, რაც შეიძლება, მეტი სისხლი სწყურია და თავის მოქალაქეებს ხომ არ გაწირავს, როცა აგერ არიან უკრაინელები, ქართველები…  გულწრფელად რომ გითხრათ, ხელისუფლების არ გვესმის. მართალია, ისინი არც ისე  იშვიათად აკეთებენ ხისტ განცხადებებს, მაგრამ განცხადებების კეთებას ქმედება უნდა მოჰყვეს. აუცილებელი და სავალდებულოა, დასავლეთს გასაგებად ვუთხრათ, რომ არ (აღარ) ვაპირებთ მათ დაკრულზე ცეკვას, რომ საქართველო ცდილობს, მართლა დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს, რომ არაფრისდიდებით არ მოხდება მეორე ფრონტის გახსნა და, რაც მთავარია, იმავე სალომე ზურაბიშვილს უნდა ეთქვა, რომ ერთხელ გადაფურთხებულს დასავლეთი ვერ აალოკვინებს და არ შეიწყალებს კაცს, რომლის ციხეში ხილვაც მოსახლეობის უმრავლესობას სურს. ეს არის გასაკეთებელი დღეს და არა ხვალ, რადგან ხვალ შეიძლება გვიანი იყოს და შეიძლება რაღაცების თუ ვიღაცების გამო იმავე პრეზიდენტმა ვერ გაუძლოს ზეწოლას და შეწყალების აქტს მოაწეროს ხელი. მით უმეტეს მაშინ, როცა დასავლელ პარტნიორებთან ერთად  ადგილობრივი ოპოზიციაც ყოველდღიურად ამას ახსენებს. სხვათა შორის, ის ოპოზიცია, რომელიც არჩევნების პერიოდში მას შეურაცხყოფდა, როგორც ქალს, როგორც პიროვნებას, როგორც ქართველს… და ამ ყველაფერს აკეთებდნენ არა შეუგნებულად, არამედ ერთ გუნდად, დაგეგმილ-დაწერილი სცენარით და კადრულობდნენ ყველაფერს, რისი კადრებაც კი  შეიძლებოდა. ახლა  ეს ადამიანები ამბობენ, რომ პრეზიდენტი გულმოწყალე უნდა გახდეს. ნეტავ, გვარამია რომ შეიწყალოს, თვითონ  ნიკას, როგორც კაცს, გარეთ გამოსვლის არ შერცხვება იმ სიტყვების შემდეგ, რომლებიც თავის დროზე აკადრა ზურაბიშვილს?! მაგრამ არა, არ შერცხვება,  იმიტომ რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს სირცხვილის განცდა არ ჰქონდათ, არც სიბრალულის და არ აინტერესებდათ, რამდენი ადამიანი მოკვდებოდა მათი ხელით ყოველდღიურად.

ძალიან ძნელია იმის გათვლა, რა მოხდება  ხვალ.  ბოლო ხანს  მუდმივად ვიმეორებთ, რომ დასავლეთი ახალ წლამდე აუცილებლად შეეცდება სერიოზული პროვოკაციის მოწყობას და არ უნდა ავყვეთ. რუბიკონი გადალახულია, პოლიტიკური ტერაქტი ევროპარლამენტმა უკვე მოგვიწყო და ახლა უარესისთვის უნდა მოვემზადოთ; მზად უნდა ვიყოთ როგორც ჩვენ – რიგითი ადამიანები, ისე ხელისუფლება.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here