დიმიტრი ლორთქიფანიძე: ხელისუფლებას მოვუწოდებ, ყველაფერი გვერდზე გადადოს და დაკავდეს დემოგრაფიის საკითხებით, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკით, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ

    “პრემიერმინისტრს ვეკითხები: სამართლიანია, რომ მრავალშვილიანი ოჯახი იხდის იმ რაოდენობის საშემოსავლო გადასახადს, რამდენსაც უშვილო ცოლ-ქმარი?”

    დიმიტრი ლორთქიფანიძე

    პარლამენტში ინტერპელაციის წესით (დეპუტატთა მოთხოვნით) მისულმა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე ისაუბრა.

    „ერთადერთი მნიშვნელოვანი სფერო, რომელშიც ქვეყანას აქვს უარყოფითი ტენდენციები, არის დემოგრაფია _ ქორწინებისა და შობადობის უარყოფითი მაჩვენებლებით… აუცილებელია სერიოზული ზომების გატარება იმისთვის, რომ საზოგადოების მსოფლმხედველობა შეიცვალოს”, _ განაცხადა პრემიერმა. ამ “უარყოფით მაჩვენებლებს” ის არა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებით, არამედ ლიბერალური მსოფლმხედველობით ხსნის.

    რა არის სინამდვილეში იმის მიზეზი, რომ საქართველოში შობადობამ იკლო? ამ მნიშვნელოვან თემაზე პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი, მრავალშვილიანი მამა დიმიტრი ლორთქიფანიძე გვესაუბრება:

    _ მე და ჩემი მეუღლე 8 შვილის მშობლები ვართ. ჩვენ ვართ ის ფოკუსჯგუფი, რომლის მაგალითზეც ასრულებს სახელმწიფო პირობას, იყოს სოციალური. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლში წერია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, მე-5 მუხლში კი მითითებულია, რომ სახელმწიფო ზრუნავს ოჯახის კეთილდღეობაზე.

    ოჯახი სახელმწიფოს სტრუქტურული ერთეულია, მისი უჯრედი და, უჯრედის დონეზე თუ არ განვიხილავთ იმ პრობლემებს, რომლებიც ექმნება ოჯახს საქართველოში, არაფერი გამოვა. აქ ოჯახი ცალკეა, ბიუჯეტი _ ცალკე და მთავრობა _ ცალკე. ამ სამ კომპონენტს ბმა არ აქვს ერთმანეთთან ოჯახის საკეთილდღეოდ.

    ამჟამინდელი ხელისუფლების დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს 2017 წელს მიღებული მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმად განსაზღვრულია მრავალშვილიანი მშობლების დეფინიცია და მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი მიენიჭა ცალკე დედას, ცალკე – მამას. ვისაც 4 და მეტი შვილი ჰყავს, შეუძლია მივიდეს იუსტიციის სახლში და აიღოს ეს ცნობა, მაგრამ ამის იქით საქმე აღარ მიდის. რომ მკითხოთ, რაში მეხმარება ცნობა მრავალშვილიანი მამის შესახებ, ვერაფერს გეტყვით…

    ჩვენი მთავარი პრობლემა სოციალური სახელმწიფოს სტატუსის აღუსრულებლობაშია. სოციალური სახელმწიფოს სტატუსს ჩვენი ყოფა-ცხოვრება ვერ ამართლებს, ამიტომ პრობლემა უნდა ვეძებოთ სოციალურ პირობებში, სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებში, სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების განვითარებაში და არ შემოვიფარგლოთ პოლიტიკური მესიჯით, რომ ლიბერალური ინტერნაციონალის მიერ თავსმოხვეული დღის წესრგის ბრალია აღნიშნული პრობლემა. დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად შექმნილმა დემოგრაფიული განვითრების ფონდმა, რომელსაც თავის დროზე სათავეში ჩაუდგნენ დიმიტრი ხუნდაძე, ზაქარია, ქუცნაშვილი და ლევან ვასაძე, ვერაფერი გააკეთა. ნულის ტოლფასი იყო ამ ფონდის არსებობა. ერთი, რაც გაკეთდა, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის 200-ლარიანი მხარდაჭერა იყო. დამეთანხმებით, ეს საკმარისი თანხა არ არის განვითარებისთვის… პრემიერმინისტრი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს პირველი რიგის ამოცანაზე, რომლის შესრულებაც შეუძლია სახელმწიფოს. სასურსათო ინფლაცია ქვეყანას ჭამს. აქ არ ვისაუბრებ განათლების სისტემაზე, არც ჯანდაცვაზე; ვსაუბრობ, ხარისხიანი საკვების ხელმისაწვდომობაზე, ხორცისა და რძის პროდუქციაზე. უმრავლესობა მოკლებულია, კვებოს შვილები სრულყოფილი რაციონით.

    ამას ემატება ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რომელიც საგადასახადო კოდექსთან არის დაკავშირებული. თუკი საგადასახადო სამსახურში დარეკავთ და იკითხავთ, საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული “ქართლის დედის” საპატიო წოდებით თუ არის ვინმე დაჯილდოებული და ამით ვინმე სარგებლობს, გეტყვიან, რომ არა. ეს კანონი ითვალისწინებდა მრავალშვილიანებისთვის შეღავათს საშემოსავლო გადასახადზე, მაგრამ კანონი მკვდრადშობილია. საშემოსავლო გადასახადი ხელფასის 20 პროცენტია, ჩვენ ამას ვიხდით. თქვენი გამოცემის საშუალებით პრემიერმინისტრს მინდა ვკითხო: სამართლიანია, რომ უშვილო ცოლ-ქმარი იხდის იმ რაოდენობის თანხას, რამდენსაც მრავალშვილიანი ოჯახი? არ არის დრო, დაფიქრდნენ, მრავალშვილიან ოჯახებში მშობლებს, რომელსაც უფრო დიდი შემოსავალი აქვთ, გადასახადი შეუმცირონ? ჩვენ არ ვითხოვთ ფინანსურ დახმარებას, ჩვენ გვინდა, რასაც გამოვიმუშავებთ, ის მოვახმაროთ ბავშვებს, ეს არის მთავარი! წაახალისონ, მრავალშვილიანობა. ერთდადერთი, რაც ჩვენს ქვეყანაში მუშაობს და მამოძრავებელი ძალაა, არის უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინციტივა – მე-3 და მეტი შვილის გაჩენის შემთხვევაში მის მიერ მონათვლა. ეს კარგია, მუშაობს, მაგრამ ეს არის არამატერიალური სტიმულაცია.

    მოდი, ვნახოთ, რა ხდება რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში. რუსეთში მუშაობს ე.წ. დედის კაპიტალი, დემოგრაფიული ფონდის განვითარების პოლიტიკას აკონტროლებს უშუალოდ პრეზიდენტი, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს რუსეთის დემოგრაფიული ფონდის განვითარებაში. “დედის კაპიტალი” განსაზღვრავს იმ დედის დახმარებას, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი შვილი.

    ბელარუსში ერთი პროცენტია განსაზღვრული სახელმწიფოს სოციალური იპოთეკით მხარდაჭერა, როდესაც საქმე ეხება ახალშექმნილ ოჯახს, ხაზს ვუსვამ, ახალშექმნილ ოჯახს, რომელსაც ჯერ შვილი არ ჰყავს, ცოლ-ქმარს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ბუდე და შექმნას სრულყოფილი ოჯახი, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. აი, ეს არის სახელმწიფოს დახმარება!

    “მღვდელი ჭილობში იცნობა”, ხოლო მთავრობა _ ზუსტი სოციალური პოლიტიკის გატარებით, მისი პოლიტიკა განსაზღვრავს, არის თუ არა ის ეროვნული და როგორ უძგერს გული თავისი ხალხისთვის.

    მინდა, მჯეროდეს, რომ ის გარდაქმნები და უკომპრომისო ბრძოლა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო კორუფციაში ჩართული უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, განხორციელდება კანონშემოქმედებაშიც, სოციალურ პროექტებშიც, რომლებიც ხელს შეუწყობს ოჯახის შექმნას, მრავალშვილიან ოჯახებსა და ემიგრაციაში გახიზნული ოჯახების შინ დაბრუნებას. ამ ამოცანების წინაშე დგას დღეს ჩვენი ხელისუფლება, ამიტომ მოვუწოდებ, ყველაფერი გვერდზე გადადოს და დაკავდეს დემოგრაფიული საკითხებით, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკით, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here