Home ახალი ამბები საქართველო დიმიტრი ხუნდაძე – ჩვენი მოძრაობა ფართოვდება და კიდევ უფრო გაფართოვდება, რეგიონებში არის...

დიმიტრი ხუნდაძე – ჩვენი მოძრაობა ფართოვდება და კიდევ უფრო გაფართოვდება, რეგიონებში არის დიდი მზაობა თანამოაზრეების, ისინი უკვე ითხოვენ გაწევრიანებას, მაგრამ ამისთვის საჭიროა გარკვეული ტექნიკური სამზადისი

ჩვენი მოძრაობა ფართოვდება და კიდევ უფრო გაფართოვდება, – ამის შესახებ მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„რეგიონებში, საკრებულოებში არის ძალიან დიდი მზაობა ჩვენი თანამოაზრეების, მერიებიდან, აიპ-ებიდან და საზოგადოების იმ წევრებიდან, რომლებიც შეიძლება, საჯარო სამსახურებში არ მუშაობდნენ. სხვათა შორის, ძალიან ბევრი ზარი კეთდება, იმაზე მეტი, ვიდრე მოლოდინი იყო და მინდა, მათ თქვენი ეთერით მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის. ისინი უკვე ითხოვენ გაწევრიანებას, მაგრამ ამისთვის საჭიროა გარკვეული ტექნიკური სამზადისი. რამდენიმე დღე გვინდა, რათა ტექნიკური საკითხები დავალაგოთ და გაწევრიანება დავიწყოთ მათი, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერს და ფიქრობს, რომ უნდა შემოგვიერთდეს. ასე რომ, ამისათვის ჩვენი ჯერჯერობით არამზაობა იმას არ ნიშნავს, რომ მათ იგნორს ვუკეთებთ. ჩვენ მათ ვხედავთ და მათი გვესმის“, – განაცხადა ხუნდაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა იქნება ის ფაქტორი, რაც ლიდერებს გადააწყვეტინებს, რომ მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ეს დამოკიდებულია საომარ მოქმედებებზე და იმ პროცესებზე, რაც რეგიონში მიმდინარეობს.

„დღეს, ხელისუფლება სწორად მართავს პროცესს, ანუ რისკებს სწორად აზღვევს. უბრალოდ, ერთი, საზოგადოებას არ ეუბნება იმას, რომ საზოგადოებაც მიეხმაროს ამ რისკების დაზღვევაში, მაგრამ ხელისუფლებაზე ზეწოლა ისევ გრძელდება, პირდაპირი, თუ არაპირდაპირი გზებით და თუ ის ახლა ამ ზეწოლას უძლებს, შესაძლოა, დადგეს დრო, რომ ვერ გაუძლოს. მაშინ, რა თქმა უნდა, ის თავის პასუხისმგებლობას, როგორც მმართველი გუნდი, იმ ხარისხით ვეღარ აწევს და საჭირო იქნება ჩვენი პარტიული ორგანიზაციის ჩამოყალიბება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, მოძრაობა „ხალხის ძალა“ არის ევროპული ღირებულებების მატარებელი.

„ჩვენი მიზანი არის რა თქმა უნდა, ევროპული ღირებულებები, მაგრამ თუ თავდასხმაა კითხვის დასმა, როცა დეპუტატს რამე აინტერესებს, რაც ქვეყანას და საზოგადოებას ეხება, მაშინ ეს არ არის დასავლური ღირებულება. ის, რომ დასავლური ღირებულებები ამ ვითარებაში გარკვეულ დეფიციტს განიცდის თვითონ დასავლეთში, თქვა პოლონეთის პრემიერმაც და უნგრეთის პრემიერმაც, რომ თვითონ დასავლეთში გაჩნდა დასავლური ღირებულებების დეფიციტი. კითხვის დასმა არ არის რუსეთუმეობა და სხვათა შორის, რამდენი არგუმენტიც გამოვიტანეთ, არც ერთზე მსჯელობაში არ შემოსულა არავინ, მხოლოდ ამბობენ, რომ ტყუილია, რუსეთუმეა და ა.შ. ღმერთმა დაიფაროს ქართული სახელმწიფო და საზოგადოება იმ ბნელ რუსეთში დაბრუნებისგან, მაგრამ როდესაც საბჭოთა უფროსი ძმა ყოველთვის მიგვითითებდა, რომ ის მართალი იყო და კითხვის დასმის არც უფლება გქონდა და ამას თავშიც ვერ გაივლებდი, თუ იგივე მექნება ახლაც, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფო ამით დაზიანდება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ვის კანდიდატურას დაუჭერს მხარს სახალხო დამცველის პოსტზე, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მისი არჩევანი გაცილებით ფრთხილი იქნება, ვიდრე აქამდე იყო.

„როდესაც ჯერ კიდევ მოქმედ სახალხო დამცველს ვირჩევდით, პირადად მე, რამდენიმე კოლეგასთან ერთად, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მთხოვეს, რომ გადაწყვეტილება გუნდურად მიგვეღო და რადგან გუნდი ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ეს გადაწყვეტილება გუნდური პრინციპიდან გამომდინარე მივიღე და მივიღე ის, რომ ამ არჩეულმა სახალხო დამცველმა განაცხადი გააკეთა, მირჩევნია, ქვეყანაში ბომბები ცვიოდეს, ვიდრე საქართველო არ შეუერთდეს სანქციებსო. სხვათა შორის, სანქციებს არ შეუერთდა თურქეთი. იმიტომ, რომ ის ფრთხილობს და პირველ რიგში, უპირატესობას ანიჭებს საკუთარ ინტერესებს. სანქციებს არ შეუერთდა ასევე ისრაელიც. ერთიც და მეორეც უკიდეგანოდ დიდია, ვიდრე საქართველოს შესაძლებლობები. ამიტომ, მე მეტად დავფიქრდები, ვიდრე აქამდე დავფიქრდი, გუნდს გავუწიე ანგარიში და მივიღე ეს. ამიტომ, ეს შეცდომა ჩემი შეცდომაც არის. იმედი მაქვს, „ქართული ოცნებაც“ უფრო მეტად ფრთხილი იქნება. ისევე, როგორც მე ახლა ვარ უფრო მეტად ფრთხილი, ვიდრე მანამდე, როცა გადაწყვეტილება მივიღე. ამის იმედი მაქვს და მგონია, რომ ჩვენ ერთად გვექნება ერთიანი მხარდაჭერა კონკრეტული კანდიდატის მიმართ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here