Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთს სურს, დაამკვიდროს ტენდენცია, რომ მისი პოზიცია ყოველთვის მართებულია, მაშინაც კი, როცა...

დასავლეთს სურს, დაამკვიდროს ტენდენცია, რომ მისი პოზიცია ყოველთვის მართებულია, მაშინაც კი, როცა ნათლად ხედავ, რომ ეს პოზიცია ქვეყანას ვნებს

მაინცდამაინც როთს უნდა დავუჯეროთ, რომელსაც ვერ გაუგია, სახლში ცოლია თუ ქმარი?

246
ლიტვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი ( მარცხნივ) და გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიქაელ როთი( შუაში) ოპოზიციის მიერ მოწყობილ ანტისამთავრობო აქციაზე

„გამჭვირვალობის კანონი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაა, საქართველოს საშინაო პოლიტიკაში რომ არ ვერევით, ნიშნავს, რომ პატივს ვცემთ ქვეყნის სუვერენიტეტს“,-  განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჯოუ ციენმა  მას შემდეგ, რაც ოპოზიციურ ტელევიზიებში მომუშავე ოპოზიციური პარტიების აქტივისტებმა (და არა ჟურნალისტებმა) ჰკითხეს, გამჭვირვალობის შესახებ კანონზე რას ფიქრობთო. ისიც გემახსოვრებათ, ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დაწყებისა და  უვიზო მიმოსვლის გაფორმების შემდეგ ოპოზიციამ რომ გააკრიტიკა ხელისუფლება, აქაოდა, ჩინეთი რუსეთის პარტნიორია და ამ ქვეყანასთან ურთიერთობების გაღრმავება ჩვენთვის დამღუპველი იქნებაო. ჰო, თურმე იმ სახელმწიფოსთან  ურთიერთობა იქნება დამღუპველი, რომელთანაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა სიხარულით თანამშრომლობს, რადგან ჩინეთი უზარმაზარი ბაზარია, ყველაზე იაფი პროდუქციის მიმწოდებელია და… თურმე ასეთ სახელმწიფოსთან ჩვენ არ უნდა ვითანამშრომლოთ.  რუსეთის მოქალაქეები ამბობენ, აქაურ ბაზარზე ახლა, ძირითადად, ჩინური და თურქული პროდუქცია იყიდება, რადგან სხვა ქვეყნები  სანქციების რეჟიმში არიანო. მოდი, ურთიერთობა თურქეთთანაც გავწყვიტოთ, რუსეთთანაც, ჩინეთთანაც და… ზუსტად ერთ კვირაში  საქართველოს ეკონომიკა, უბრალოდ, აღარ იარსებებს, დეფიციტი იქნება ყველაფერი და ფასები, საუკეთესო შემთხვევაში, გახუთმაგდება. რა თქმა უნდა, ეს იციან ოპოზიციურმა პარტიებმა და იციან ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმაც, მაგრამ მაინც იმეორებენ: ის გააკეთეთ, რასაც ჩვენ გეუბნებითო. თუ ატყობთ, დასავლეთს სურს,  დაამკვიდროს ტენდენცია, რომ მათი პოზიცია ყოველთვის მართებულია, მაშინაც კი, როცა ნათლად ხედავ, რომ ეს პოზიცია ქვეყანას ვნებს…

გასულ კვირას საქართველოში არაერთი დასავლელი პოლიტიკოსი ჩამოვიდა და მათ შორის იყო გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი. გარდა იმისა, რომ ის ოპოზიციის აქციაზე მივიდა, ისეთი რაღაცები ილაპარაკა, ნებისმიერი სხვა სახელმწიფოდან, უბრალოდ,  გააძევებდნენ და ჩვენს ხელისუფლებასაც ცოტა დააკლდა ამის გასაკეთებლად. გარდა იმისა, რომ როთმა ხელისუფლება გააკრიტიკა, არც რწმენა მოგვიწონა. მისი ნათქვამიდან გამოვიდა, სანამ ლგბტ საზოგადოებას არ აღიარებთ, არაფერი გეშველებათო. დაახლოებით ისეა, „ხარება და გოგია“-ში მედუქნე ილო რომ ამბობს: „კაცობას თავი დაანებეთ და ბოზობა დაიწყეთო…“  როთმა გაილაშქრა ხალხის წინააღმდეგ, გაილაშქრა ეკლესიის წინააღმდეგ და მერე რა, რომ თვითონ წლების წინათ ოფიციალურად გათხოვდა და დღემდე კაცთან  ცხოვრობს.  ეს თურმე კარგია, ჩვენც უნდა გავხდეთ მეტად ცივილიზებულნი და როთსა და მისნაირეებს ტაში დავუკრათ. როთის გასაგონად ვიტყვით: „ცივილიზაცია ცნობიერების, მენტალიტეტის, რელიგიის, კულტურის, ცხოვრებისა და აზროვნების წესის ერთობლიობაა, რომელიც ერის, სოციუმის, სახელმწიფოსა და სახელმწიფოთა კავშირების ჩამოყალიბების პროცესს განსაზღვრავს…“ ჰოდა, რა ვქნათ, რომ საუკუნეების განმავლობაში ასე ჩამოვყალიბდით, ასე ვაზროვნებთ, ასე გვგონია მართებული, რომ გვჯერა, საქართველო რწმენამ გადაარჩინა? მაინცდამაინც როთს უნდა დავუჯეროთ, რომელსაც ვერ გაუგია, სახლში ცოლია თუ ქმარი? საქართველოში რომ ცხოვრობდეს როთი, კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასული იქნებოდა, რადგან კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაა და არა მამაკაცისა და მამაკაცის… როთმა არა მხოლოდ უხეშად დაარღვია ყველანაირი დიპლომატიური ეტიკეტი, არამედ მოგვიწოდა, რომ საქართველოს მოსახლეობა სოდომ-გომორში გადაეშვას.

აბა, წამით წარმოვიდგინოთ ირაკლი კობახიძე  გერმანიაში ვიზიტისას  (ერთი თვის წინათ), შოლცთან შეხვედრის ნაცვლად, სადმე ნაცისტურ მიტინგზე წასულიყო და ხმამაღლა ეყვირა: მართლები ხართ, შოლცი გასაშვებია, არ დანებდეთ, სანამ ხელისუფლებას არ შეცვლითო. რას მოიმოქმედებდა ასეთ შემთხვევაში  გერმანიის ოფიციოზი? ქვეყნიდან გაძევებას ვინ ჩივის, სახელმწიფო გადატრიალების მოწოდების ბრალდებით შეიძლება საპატიმრო სანქციებიც გამოეყენებინათ, როთმა კი… მან შეუტია ყველაფერს, რაზე შეტევაც შეიძლებოდა და ახლა, თუ ვინმე იტყვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ანასხლეტები ნაცისტებისგან  დიდად განსხვავდებიან, საპირისპიროს მარტივად დავუმტკიცებთ. ჰო, საქართველოსთვის სააკაშვილი და მისი ხელისუფლება იყო ფაშისტური, ხოლო მთელი ქვეყანა – საკონცენტრაციო ბანაკი. მაშინ რომელიმემ თქვა ხმამაღლა, – საქართველოში დიქტატურაა და როგორმე უნდა ვუშველოთო?-  არა და არა! იმჟამინდელი  ხელისუფლება დასავლეთის მორჩილი იყო და სწორედ ამიტომ ჰქონდა ხელშეუხებლობის გარანტია. ახლა კი  მორჩილება აღარ არის და დასავლეთი კადრულობს ყველაფერის, რისი კადრებაც შეიძლება და არ შეიძლება. ვაღიაროთ, დასავლეთი კი არა, ჩვენც არ ველოდით, რომ ხელისუფლება ასე მედგრად  დაიცავდა სუვერენიტეტს და, რაც მთავარია, ქვეყანას ნამდვილი, რეალური დამოუკიდებლობისკენ წაიყვანდა. საამისოდ უმძიმესი ფასის გადახდა გვიწევს, მაგრამ, როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა თქვა, ეს ჯოხი გადასარტყმელი და გადასამტვრევი გვქონდა, უნდა გავუძლოთ, სხვანაირად  არაფერი გვეშველებაო. ჰოდა, დასავლეთიც იქნევს ამ ჯოხს და მას ხან როთი ჰქვია, ხან კუბილიუსი და ხანაც ურსულა ფონ დენ ლაიენი.

მერე იყო 17 მაისი, დღე, რომელიც ოპოზიციის, არასამთავრობოებისა და დასავლელი „პარტნიორებისთვის“, სამწუხაროდ, ძალიან ცუდად „გამოეჩხირა“. ეს იყო პირდაპირი პასუხი როგორც როთის სიტყვებისა, ისე გზავნილი სრულიად  მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში ღირებულებები, რწმენა, ტრადიციები და, რაც მთავარია, ოჯახი ყველაფერზე მაღლა დგას. ხალხის სიმრავლთ გამწარებული მოწინააღმდეგეები  ამბობდნენ: ცხენებით რომ გავიდნენ აქციაზე, იმ ცხენების მოსაქმებულს ვინ მოხვეტავს შემდეგ, ამ ყველაფერს ვინ დაალაგებსო? ჰო, ცხენზე გადამჯდარ კაცებს სხვა რამეზე გადამჯდარი „როთები“ დასცინოდნენ და იმას კი არავინ ამბობდა, ყოველდღიურად საპირფარეშოს რომ ამსგავსებენ რუსთაველის გამზირს პროტესტის მონაწილეები, მას ვინ ალაგებს და ვინ ასუფთავებს.

სამხრეთ აფრიკაში, სტელენბოსის უნივერსიტეტის შესასვლელში, აბრაზე ასეთი რამ წერია: „ერის განადგურებას არ სჭირდება ატომური ბომბები და შორეული მოქმედების რაკეტები. საამისოდ საკმარისია, მხოლოდ განათლების ხარისხის  შემცირება და გამოცდებზე მოსწავლეების ტყუილზე თვალის დახუჭვა. შემდეგ კი ასეთი ექიმები დახოცავენ პაციენტებს, დაინგრევა ასეთი ინჟინრების აგებული შენობები, ამგვარი ეკონომისტებისა და ბუღალტრების ხელში უაზროდ გაიფლანგება ფული, გაქრება სამართალი ასეთი მოსამართლეებისა და იურისტების გამო. განათლების სისტემის დანგრევა, ერის დაქცევას ნიშნავს“. სწორედ განათლების სისტემაზე მიმდინარეობს გააფთრებული შეტევა, განათლების სისტემას ძირი გამოუთხარა ჯერ ალექსანდრე ლომაიამ, რომელმაც წერა არ იცოდა, შემდეგ – ამერიკის მიერ ჩანერგილმა დიმიტრი შაშკინმა… ნიკა გვარამიაც კი განათლების მინისტრი იყო, რომელსაც სკოლებსა და უნივერსიტეტებში საპროკურორო ზედამხედველობა უნდა დაეწესებინა და ახლა სწორედ ნაციონალების პერიოდში „დათრეული“ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები დგანან აქციებზე; ისინი, ვისაც ლექტორები ტვინს ურეცხავენ; ისინი, ვისაც „პროფესორები“ ეუბნებიან, რომ ასე უნდა მოიქცნენ და რომ ახლა, სწავლა-განათლების დრო კი არა, ქუჩაში გასვლის, პოლიციელებზე თავდასხმის, სახელმწიფო ქონების დაზიანების დროა. მასზე, ვინც უარს ამბობს, ძალადობენ ფსიქოლოგიურად; ცდილობენ, თავისი ნების წინააღმდეგ გავიდეს ქუჩაში.  მერე რა, რომ  ერთ-ერთი ლექტორი, სტუდენტების სწავლების პარალელურად, მოდელობს და მისი მკერდმოშიშვლებული ფოტოები ხელმისაწვდომია; მერე რა, რომ სხვა ლექტორი შიშველ უკანალს აქვეყნებს სოცქსელში და ამაყობს: ჩემი უკანალი ატმის ნაყოფივითააო. ეს არ არის სწავლა-განათლება, ეს არ არის ის, რის გამოც ოჯახების უდიდესი ნაწილი ყველაფერს იკლებს, შვილს სწავლის ფული რომ გადაუხადოს.  მალე უნივერსიტეტებში საგამოცდო პერიოდი იწყება და როგორ გგონიათ, თუ რომელიმე ლექტორი აქციებზე მდგარ სტუდენტს ნიშანს  არ დაუწერს, რა მოხდება? მას მაშინვე რუსეთუმედ შერაცხავენ და აიძულებენ, დადებითი ნიშანი დაუწეროს სტუდენტს, რომელსაც რეალურად არაფერი ეცოდინება. სწორედ ეს არის სამხრეთაფრიკული „თვალის დახუჭვა გამოცდებზე“ და ვაი, რომ ეს პროცესი უახლოეს დღეებში საქართველოშიც დაიწყება…

აქციის მონაწილეები რადიკალურ ზომებზე გადავიდნენ და აქციაზე რუსეთის დროშასთან ერთად „ქართული ოცნების“ პარტიული დროშაც დაწვეს. როგორც ჩანს, ოპოზიციასა და მათ უცხოელ ტრენერებს ცეცხლი მოაკლდათ და, რაც მთავარია, ჯერჯერობით ვერ პოულობენ ისეთ სტუდენტს, რომელიც ლაზარე გრიგორიადისივით „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრის სამართალდამცველებს. ცოცხალი ადამიანების დაწვას ლაზარემ კი მოაწერა ხელი, მაგრამ, სავარაუდოდ, ანალოგიურის ჩადენას აღარ მოისურვებს, რადგან ციხიდან გმირის სახელით ერთხელ დახსნილი პოტენციური მკვლელი იმავე ბრალდებით თუ მოხვდება გისოსებს მიღმა, კანონით, პრეზიდენტსაც აღარ ექნება მისი შეწყალების უფლება, მაგრამ… დასავლეთი რუსთაველზე „მაიდნური ცეცხლის“ დანთებას აუცილებლად შეეცდება.

ლევან გაბაშვილი

                                                                                                                              

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here