Home ახალი ამბები საქართველო დასავლელ პარტნიორებსა და ოპოზიციას არ მოსწონთ, რომ რუსული ბაზრიდან იკვებებიან ქართველი გლეხები...

დასავლელ პარტნიორებსა და ოპოზიციას არ მოსწონთ, რომ რუსული ბაზრიდან იკვებებიან ქართველი გლეხები და, რაც მთავარია, სულდგმულობს ქართული ეკონომიკა

რამდენი ურსულაც უნდა შეცვალოს ევროკომისიამ და რამდენი ბერიკაციც უნდა მოვიდეს ამერიკის სათავეში, ვერ გავექცევით იმას, რომ რუსეთი ჩვენთვის არის და რჩება უდიდეს ბაზრად და, რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეების მთავარ თავშესაფრად და ყველაზე დიდ დამსაქმებლად

188

სამწუხაროდ, ვერ გადავეჩვიეთ  იმას, რომ, თუ რამე ცუდი გვჭირს, რუსეთს უნდა დავაბრალოთ და, თუ რამე კარგი ხდება და ეს რუსეთთან არის დაკავშირებული, პირში წყალი ჩავიგუბოთ. აგერ, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოდან წელს 25 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, რაც შარშანდელთან შედარებით, 5 ათასი ტონით ნაკლებია. როგორ გგონიათ, ვის დაბრალდა ექსპორტზე ამ პროდუქტის გატანის კლება? სწორია – რუსეთს და რუსეთს იმიტომ, რომ ახლა რუსეთის მოსახლეობას ატმისა და ვაშლატამისთვის ნაკლებად სცალია, ქვეყანა სამხედრო დაპირისპირებაშია ჩართული და საყოველთაო სანქციების ფონზე ადამიანები ფულს უფრთხილდებიან.

წელს არავის გახსენებია, რომ შარშან, როცა არნახული მოსავალი გვილპებოდა, სწორედ რუსულმა ბაზარმა გადაყლაპა ყველაფერი და თანაც პროდუქტი რეკორდულ ფასად გაიყიდა. სწორედ შარშან ამბობდნენ, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდ ფართობზე ჰქონდათ ატამი და ვაშლატამა მოყვანილი, ისეთი სერიოზული შემოსავალი დაუგროვდათ, საქართველოს ათი მილიონერი შეემატაო. რატომ არ ვახსენეთ წელს ეს ამბავი? იმიტომ, რომ რუსეთზე კარგის თქმა დასავლელ პარტნიორებსა და ოპოზიციას არ მოეწონებათ. მათ არც ის მოსწონთ, რომ სწორედ რუსული ბაზრიდან იკვებებიან ქართველი გლეხები და, რაც მთავარია, სულდგმულობს ქართული ეკონომიკა.

მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში ქართულმა კომპანიებმა სულ 146,4 მილიონი დოლარის ღვინო გაყიდეს. ისევ და ისევ ქართული მხარე ამაყად აცხადებს, რომ შარშანდელთან შედარებით რუსეთის მხარემ ღვინის შესყიდვა მხოლოდ 8,8%-ით გაზარდა, მაშინ, როცა ამერიკულ ბაზარზე ზრდა 20,6%-ია. ციფრი მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ… ბატონებო, თქვენ ხალხი სულელი გგონიათ?  გადავხედოთ იმ ქვეყნების ათეულს, რომლებშიც მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში ყველაზე მეტი ღვინო გაიყიდა:

* რუსეთი – 90.3 მილიონი დოლარი, 33 693 ტონა, მატება – 8,8%;

* პოლონეთი – 9.8 მილიონი დოლარი, 4036 ტონა, მატება – 25,6%;

* ჩინეთი – 8.8 მილიონი დოლარი, 2 502 ტონა, კლება – 4,3%;

* უკრაინა – 6 მილიონი დოლარი, 2 328 ტონა, კლება – 58,6%;

* ყაზახეთი – 5.9 მილიონი დოლარი, 1 870 ტონა, მატება – 1,7%;

* აშშ – 3.5 მილიონი დოლარი, 569 ტონა, მატება – 20,6%;

* ბელარუსი – 3.3 მილიონი დოლარი, 1 095 ტონა, კლება – 23,2%;

* ლატვია – 3.1 მილიონი დოლარი, 1 027 ტონა, მატება – 10.7%;

* გერმანია – 2.4 მილიონი დოლარი, 563 ტონა, მატება – 14,2%;

* ლიეტუვა – 1.5 მილიონი დოლარი, 423 ტონა, მატება – 14,1%.

ანუ, ამერიკამ 20,6%-ით რომ გაზარდა რეალიზაცია, ამის შემდეგაც კი რუსულ ბაზარზე ლამის 30-ჯერ მეტი ღვინო იყიდება. მთლიანი გაყიდვის 61,6% სწორედ რუსეთზე მოდის და ათეულში შემავალ ქვეყნებს იმაზე ნაკლები აქვთ რეალიზებული, ვიდრე მხოლოდ ერთ ქვეყანას – რუსეთს. რა გამოდის? რუსული ბაზარი რომ ჩაიხსნას, ქართული ღვინო, უბრალოდ, დაძმარდება. ჰო, დაძმარდება. ათეულში ექვსი ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდანაა. სიაში არ არის ევროპის არც ერთი მძლავრი ქვეყანა; ისეთები, როგორიც საფრანგეთ, გერმანია, იტალია ან ინგლისია.  რბილად რომ ვთქვათ, მათ ჩვენი ნაქები ღვინო, უბრალოდ, არ სჭირდებათ და არც მომავალში დასჭირდებათ. საბჭოეთის ქვეყნებიდან კი ყველა დანარჩენზე (ერთად აღებული) მეტს სწორედ რუსეთი ყიდულობს და აქ საუბარი არ არის მხოლოდ ღვინოზე, საუბარია ხილზე, მტკნარ და მინერალურ წყლებზე –  ყველაფერზე, რასაც გაჭირვებით, მაგრამ მაინც ვაწარმოებთ. სწორედ ამ ბაზრის დახურვაზე  ოცნებობს ცალკე ოპოზიცია, ცალკე ევროპა და ცალკე ამერიკა. ხელისუფლება კი ამ ყველაფერს ხელს უწყობს დუმილით ან რუსეთისკენ ხელის გაშვერით. მთავრობის წევრები ერიდებიან ხმამაღლა იმის თქმას, რომ ყველაზე დიდი ბაზარი სწორედ რუსეთია და საკმარისია, ამ მიმართულებით რაიმე კლება იყოს, მაშინვე ხმამაღლა ამბობენ: რუსულ ბაზარზე კლება გვაქვს და სხვა ბაზრები უნდა ვეძებოთო. ეს ყველაფერი ევროპისა და ამერიკის გასაგონადაც ისმის, მაგრამ რად გინდა, ყურს არავინ იბერტყავს და მხოლოდ იმას გვიმტკიცებენ, _ გინდათ თუ არა, რუსული ბაზრიდან გადითო.  რა იქნება მერე, ამას არავინ ამბობს, მაგრამ ეს კინო ხალხს ნანახი აქვს, მერე არაფერი არ იქნება, ევროპა და ამერიკა კონკურენტიანი პროდუქციის წარმოებას მოგვთხოვენ და, მათზე უკეთესიც რომ გავაკეთოთ, ბაზარზე მაინც არ შეგვიშვებენ, დაკავებულია და იმიტომ.

ერთი  შეხედვი, თემასთან კავშირში არაა, მაგრამ იტალიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და მის პარალელურად ქვეყნის დედაქალაქში   აქცია ჩატარდა. აქციის მონაწილეებმა შენობაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და იტალიის დროშა აღმართეს. ამით მათ საპარლამენტო არჩევნებში ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ჩარევა გააპროტესტეს.  ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა ცალკე ოპოზიცია და ცალკე დიპლომატიური კორპუსი,  ეს   რომ ჩვენთან ექნათ. მაშინვე პროტესტს გამოთქვამდა მთელი დასავლეთი; ოპოზიცია იტყოდა, რომ ეს რუსეთის დაკვეთა იყო და ხელისუფლება სწორედ რუსეთიდან კონტროლდება; არასამთავრობოები, რომლებიც თავს დებენ აპოლიტიკურობაზე, მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისა და ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებდნენ; ბოკერია ვადამდელ არჩევნებს მოითხოვდა; ჩერგოლეიშვილი იტყოდა, რომ ის ვადამდელი სწორედ ბოკერიას უნდა მოეგო და ა.შ. ანუ, შუაგულ ევროპაში იტალიელებმა ევროკომისიის შეფს, ჩვენს ოპოზიციას საზომად და მეტრად რომ  ჰყავს, უფლება არ მისცეს, ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარეულიყო. ჩვენ კი შარლ მიშელმა პროცენტებიც კი დაგვიწერა, რამდენი უნდა აეღო მმართველ გუნდს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროპორციულ სიაში, რათა რიგგარეშე საპარლამენტო (?!) არჩევნები არ დანიშნულიყო. და დღემდე ცალკე მიშელი და ცალკე ფონ დერ ლაიენი შემოგვითვლიან ხოლმე: იცოდეთ, ჩვენი რეკომენდაცია შეასრულეთო. სადმე ვინმემ თქვა, რომ იტალიელები რუსებისგან იმართებიან? არა, ეს ბრალდება მხოლოდ ქართულად მუშაობს და მხოლოდ ქართულ ხელისუფლებას აკრიტიკებენ ამ მიმართულებით.

იტალიელები საკუთარ თავს მიხედავენ, უახლეს წარსულში პრემიერი ორ თვეში ოთხჯერ გადაირჩიეს და ევროპასაც არაფერი ჰკითხეს. ჩვენ ჩვენი გასაჭირი ვთქვათ: უკვე მერამდენედ, ხელისუფლება ცდილობს, დამალოს ის, რომ რუსეთი მოწინავე ქვეყანაა სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით. ბრიფინგიც კი გამართეს, ქართული ღვინო ახალ ზელანდიაში გამოჩნდო და, როგორც გაირკვა, 60 ბოთლი წაუღიათ საპრეზენტაციოდ, ანუ ვიღაცამ ზუსტად 5 ყუთი ღვინო წაიღო და ჩვენ ახალი ბაზრის აღმოჩენად მოვნათლეთ. 5 ყუთ ქართულ ღვინოს მოსკოვის სუპერმარკეტები დღის პირველ ნახევარში ყიდიან ხოლმე, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა არ შეიძლება, დასავლეთი და ურსულა გაბრაზდება.

ზამთრისკენ ციტრუსის მოსავალს მივიღებთ და რაც  უნდა მოხდეს, როგორც  უნდა შეიცვალოს პოლიტიკური გარემო, თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მთავარი ბაზარი კვლავ რუსეთი იქნება. სულ ორი პროდუქტია, რომლებიც  საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში არ გადის – ახლა დაწყებული ლოკოკინებისა (ძირითადი დისტრიბუტორი და  აქაური ინვესტორი იტალიაა) და თხილის ბიზნესი. თხილზე  იმის თქმა შეგვიძლია, რომ მსოფლიოში თხილის მეხუთედს „ნუტელა“ ყიდულობს. რუსეთს კი არ აქვს შოკოლადის ისეთი წარმოება, თხილი ამ რაოდენობით სჭირდებოდეს, თორემ გვერწმუნეთ, ევროპას ამ შემთხვევაშიც აჯობებდა. ჰოდა, ახლა იმაზე ვიფიქროთ, როგორ გავყიდოთ ციტრუსი რუსულ ბაზარზე და… როგორ შევინახოთ ლიმონი ისე, გაზაფხულზე საბერძნეთიდან შემოტანა არ დაგვჭირდეს. რატომღაც ასეთი რაღაცების გაკეთება, თუ მოვინდომებთ,  ძალიან მარტივი გვგონია. ზამთარში ხილი, ძირითადად, სომხეთიდან  რატომ შემოგვაქვს, როცა ჩვენს მეზობლებზე ათჯერ მეტს ვაწარმოებთ? იმიტომ, რომ მათ ხილის შენახვა ისწავლეს, ჩვენ კი ამ მიმართულებაზე არ ვფიქრობთ.

რამდენიც  უნდა ვატრიალოთ გლობუსი, რამდენი ურსულაც  უნდა შეცვალოს ევროკომისიამ და რამდენი ბერიკაციც უნდა მოვიდეს ამერიკის სათავეში, ვერ გავექცევით იმას, რომ რუსეთი ჩვენთვის არის და რჩება უდიდეს ბაზრად, მთავარ ეკონომიკურ ფაქტორად და, რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეების მთავარ თავშესაფრად და ყველაზე დიდ დამსაქმებლად. შესაძლოა, ბევრს გაეცინოს, მაგრამ, რომ დავფიქრდეთ, რუსეთში პროცენტულად საქართველოს უფრო მეტი მოქალაქეა დასაქმებული, ვიდრე… საქართველოში.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here