Home ახალი ამბები საქართველო ციფრებში ახლართულნი, ანუ  ციფრები არასოდეს ტყუის

ციფრებში ახლართულნი, ანუ  ციფრები არასოდეს ტყუის

189

ოპოზიციას ძალიან სურს  რუსული ტურიზმის შეფერხება ან, საერთოდ, გაჩერება. ასეთ შემთხვევაში, დიდია შანსი, რომ ტურისტების გარდა, რუსეთიდან სხვა რამეც არ შემოვიდეს, მაგალითად, პურის ფქვილი, ენერგომატარებლები და დაიწყება სერიოზული ეკონომიკური კრიზისი. პრინციპში, რაღა კრიზისი, საქართველოს ეკონომიკა  ჩამოიშლება და მშიერი ხალხის მართვა უფრო გაუადვილდებათ.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოში ტურისტული სეზონი პიკზეა. ტურისტები არიან ყველგან, თანაც ბევრნი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ ეკონომიკაში ამ გზით პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შევა და, მართალია, შემოსული თანხის უდიდესი ნაწილი მოსახლეობას დარჩება, ბიუჯეტიც გადასახადების მხრივ, საკმაოდ იხეირებს. ტურისტული სეზონის შემოსავლების ნიშნული არათუ დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულს, არამედ გადაასწრო კიდეც და ეს ქართულ  ეკონომიკაზე აუცილებლად აისახება. ეროვნულ ვალუტას ეს ყველაფერი უკვე დაეტყო, ლარზე მოთხოვნის გაზრდა სწორედ ტურისტების დამსახურებაა. ვთქვათ ისიც, რომ ტურისტების უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეები არიან და ამ სიკეთეების დიდი ნაწილი სწორედ მათი დამსახურებაა.

ყველაფრის მიუხედავად, გასულ კვირას ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა და მეტი ეფექტისთვის ციფრები წარმოადგინა. მან ისიც თქვა, ციფრები არასოდეს ტყუისო და მართალიცაა. ჰოდა, სწორედ ხოშტარიას მიერ დასახელებულ ციფრებსა და ფრაზებს მივყვეთ.

„2022 წელს, 7 თვის განმავლობაში, საქართველოში შემოვიდა 438 860 რუსი ტურისტი, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა. ტყუილია, როცა ხელისუფლება გვეუბნება, რომ რუსი ტურისტები ბევრს ხარჯავენო. რეალურად, რუსები არიან დაბალი მხარჯველი ტურისტები. შედარებისთვის: თუ ამერიკიდან ჩამოსული ტურისტი ხარჯავს საშუალოდ 3813 ლარს, რუსი 1282 ლარს ხარჯავს, ანუ დაახლოებით სამჯერ ნაკლებს“, – ამაყად განაცხადა ხოშტარიამ.

გვეეჭვება, ხოშტარია ვერ ხვდებოდეს, ხალხი რომ ხედავს, თუ როგორც ცდილობს ის მოსახლეობის მოტყუებას და, რაც მთავარია, როგორ ფუთავს ამ ყველაფერს ოფიციალური სტატისტიკით. მას არ უთქვამს მთავარი – რამდენი ამერიკელი ტურისტი შემოვიდა ამ 7 თვის განმავლობაში საქართველოში. ჩვენ ვეტყვით: დაახლოებით 5 ათასამდე.  ხოშტარიას მიერ მოყვანილი ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, ამ 5 ათასმა ამერიკელმა დახარჯა 19 065 000 ლარი, რაც აშკარად შთამბეჭდავი ციფრია. ახლა ვნახოთ, რუსებმა რამდენი დახარჯეს: ხოშტარიას მონაცემებით, რუსებს  562 618 520 ლარი დაუხარჯავთ, ანუ დაახლოებით 30-ჯერ მეტი, ვიდრე ამერიკელებს. სიმართლე გითხრათ, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ხოშტარიას რუსული ფულის დათვლაზე პრობლემა არ ექნებოდა, რადგან წლების განმავლობაში იღებდა და შემდეგ თვალების ფახულით ამტკიცებდა, ჩვენ გვეკუთვნოდაო. ანუ, ელენეს და მის მამას, გოგის, ეკუთვნოდათ და იმ ქართველებს, რომლებმაც საოჯახო სასტუმროები თუ კაფე-ბარები კრედიტებით  გამართეს და ახლა რუსი ტურისტების იმედად არიან, არ ეკუთვნით, ხომ? ხოშტარიასვე ინიციატივით, თურმე საჭიროა, რუს ტურისტებზე ფინანსური გადასახადი შემოვიღოთ. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ 2 თვეში სახელმწიფო 20 მილიონ ლარს მიიღებდა და ელენე ამ ფულის დახარჯვის გზებსაც გვასწავლის – ან დევნილებს მოვახმაროთ, ან უკრაინის ომსო. იცით, რა არის ყველაზე საინტერესო? როცა ქართველი თუ უცხოელი პოლიტიკოსები ბოლო ხმაზე გაჰკივიან, უკრაინისთვის უნდა იომოთო, რატომ არავინ ეუბნება, რომ,  თუ ომს დავიწყებთ, ეგებ საქართველოსთვის ვიომოთ და არა სხვა ქვეყნისთვის?!  ჩვენთვის, ქართველებისთვის, ყველა დანარჩენი სწორედ  „სხვა ქვეყანაა“, იქნება ეს უკრაინა, გერმანია, კამბოჯა თუ იამაიკა. რას ჰქვია უკრაინისთვის ომი და რას ჰქვია უკრაინისთვის ფულის ხარჯვა, როცა იმდენი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, მილიონები კი არა, მილიარდებია საჭირო, მაგრამ ეს ფული არ გვაქვს. შესადარებლად: არაერთი მილიარდი მისცეს უკრაინას ომის დაწყების შემდეგ და მოაგვარა პრობლემა? უფრო პირიქით და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოდ ამოთქვა ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა: „მე მჯერა, რომ უკრაინა იბრძოლებს ბოლო უკრაინელამდე!“ სავარაუდოდ, სწორედ ეს სურს ხოშტარიას, თუმცა მხოლოდ ეს არა, მერე ვისზე უნდა იბატონოს, ხელისუფლებაში რომ მოვა?

რეალურად, ოპოზიციას ძალიან სურს, რომ რუსული ტურიზმი შეაფერხოს ან, საერთოდ, გააჩეროს. ასეთ შემთხვევაში, დიდია იმის შანსი, რომ ტურისტების გარდა რუსეთიდან სხვა რამეც არ შემოვიდეს, მაგალითად, პურის ფქვილი, ენერგომატარებლები და დაიწყება სერიოზული ეკონომიკური კრიზისი. პრინციპში, რაღა კრიზისი, საქართველოს ეკონომიკა  ჩამოიშლება და მშიერი ხალხის მართვა უფრო გაუადვილდება ოპოზიციას.

ჰო, მიხვდა ოპოზიცია, რომ სოციალურ ფონს თუ ისე გააუარესებს, რომ პურის ყიდვის პრობლემა დადგება, ადამიანებს ქუჩაში იოლად გამოიყვანენ. ეს არის მთავარი მიზანიცა და მიზეზიც, თორემ ხოშტარია აუცილებლად გაიხსენებდა სხვა მიმართულებებსაც. მაგალითად, ქართული ატამი და ვაშლატამა ამერიკაში უფრო ძვირად იყიდება და წაიღეს კიდეც წლევანდელი მოსავლიდან 200 კილოგრამი. რუსულ ბაზარზე კი ათასობით ტონა გავიდა და რა ვქნათ ახლა, ამერიკული ბაზარი და სამი ხიდან მოკრეფიული ხილი ვარჩიოთ? ღვინოზეც ვთქვათ: ქართული ღვინო ამერიკულ ბაზარზე უფრო ძვირად გადის. შარშან მილიონ დოლარამდე ღვინო გაიყიდა შტატებში, რუსეთში – 54 მილიონი დოლარის და, ხოშტარიას ლოგიკით, მაინც ამერიკული ბაზარი სჯობს.

თუ დაავიწყდა ქალბატონ ელენეს, შევახსენებთ, რომ  სააკაშვილის მმართველობის პერიოდში თვითონ  არასამთავრობო ორგანიზაციაში იყო მოკალათებული, დასავლეთი აფინანსებდა და ნაციონალურ ხელისუფლებას გუნდრუკს უკმევდა. მაშინ რატომ არ მოძებნეს  ხოშტარიამ და ნაციონალებმა ამერიკაში უფრო დიდი ბაზარი, რატომ არ გაავსეს ევროპა ქართული პროდუქციით? იმიტომ ხომ არა, რომ, როგორც კი ამის მცდელობა ჰქონდა სააკაშვილს, მაშინვე ცხვირში მიარტყეს, აქ თქვენი ადგილი არ არისო, და ისიც იძულებული შეიქნა, ისევ რუსულ ბაზარზე გაეკეთებინა აქცენტი. თუ სააკაშვილისთვის შეიძლებოდა რუსული ფულით ქართული ეკონომიკის მშენებლობა, ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის არ შეიძლება?

 ის მილიარდები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებას დასავლეთმა მისცა, აჩუქა? არა, ბატონებო, სესხად მისცა და სწორედ მაშინ გაიზარდა უპრეცედენტოდ ჩვენი საგარეო ვალი და ბიუჯეტის დიდი ნაწილი არა მხოლოდ ამ ვალის დაფარვაში, არამედ პროცენტების გასტუმრებაში მიდის. სწორედ მაშინ აღებული ვალების გამო რამდენიმეჯერ დავდექით დეფოლტის წინაშე და ჯერჯერობით გადავრჩით. ჰო, ჯერჯერობით, რადგან, თუ რუსულ ბაზარსა და რუს ტურისტებს ჩავკეტავთ, ისევ ვალის აღება მოგვიწევს, რომელსაც ან მოგვცემენ, ან არა და, თუ გვიწყალობებენ რამეს, ისეთი კაბალური პირობებით, ქართულ ბანკებს რომ არც დასიზმრებიათ.

ხოშტარიას იმის გაკეთება სურს, რაც არ გააკეთა, მაგალითად, იმავე ამერიკამ. ოპოზიციას ხომ შტატებზე აქვს სწორება და ამერიკელებს არ აუკრძალავს თავიანთ ქვეყანაში რუსი ტურისტების შეცვლა, არც ის უთქვამთ, –  ისინი ცუდი მხარჯველები არიანო და არც ის, – რუსულ ფულს სუნი უდისო. ისევ შევახსენებთ ქალბატონ „ლაკას“, რომ, როცა თვითონ იღებდა მილიონობით რუბლს, მაშინ არც სუნს შეუწუხებია და არც იმას, რომ თანხა იმ რუსების გადახდილი გადასახადებიდან ერიცხებოდა, რომლებსაც დღეს საქართველოში შემოსვლას უკრძალავს. რატომღაც გვგონია, გაბოროტდა ხოშტარია, როცა გაუგეს, რომ იმ ფულით იკვებებოდა, რომლის აღებასაც სხვებს უკრძალავდა და ახლა ავი ძაღლივით იკბინება, – არც მე და არც თქვენო. თანაც, როგორც აღვნიშნეთ, ოპოზიციამ ზუსტად იცის, რომ სოციალური ფონის გაუარესება ერთადერთი (და არა ერთ-ერთი) გზაა ადამიანების ქუჩაში გამოსაყვანად. მოსახლეობა არ აღელდა დასავლური ღირებულებების დაკარგვის პერსპექტივით, არ აღელდა სააკაშვილის შიმშილობით, ვერც ნიკა გვარამიას დაკავებამ შეუტოკა ნერვი და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ხალხი უნდა დაიმშეს და ამის საუკეთესო გზა რუსული ბაზრის დაკეტვა და რუსი ვიზიტორების შემოსვლის აკრძალვაა. ორივე შემთხვევაში საუბარი მილიარდობით დოლარზეა, რომელიც ქართულ ეკონომიკას ცელს გამოუსვამს. ჰო, რაც მთავარია, არ გამოვიდა ომის დაწყება, რომლის იმედიც ასე ჰქონდათ; იმედი ჰქონდათ, ზუსტად იცოდნენ, თუ ომში ჩავებმებოდით, ყველაფერი ერთ კვირაში დასრულდებოდა და მერე იტყოდნენ: უგუნურმა ხელისუფლებამ გაგვხვია შარშიო. დასავლეთიც კვერს დაუკრავდა, როგორც  თქვა კონდოლიზა რაისმა, – 2008-ში მიშამ არ დაგვიჯერაო, ახლაც იტყოდნენ, საქართველოს ხელისუფლებამ არ დაგვიჯერაო და დაამთავრებდნენ ყველაფერს.

ხოშტარიას და მის თანამზრახველებს უნდა ახსოვდეთ, რომ რუსი თუ სხვა წარმოშობის ტურისტების საქართველში შემოსვლის აკრძალვა, მათთვის გადასახადების დაწესება, დისკრიმინაციაა და კანონით ისჯება. ადამიანების უფლებების დაცვას პირველ ადგილზე რომ აყენებს ცივილიზებული დასავლეთი, იმ დასავლელმა პარტნიორებმა რატომ არ უთხრეს ხოშტარიას, სისულელეს ამბობ და კანონს არღვევო? იმიტომ, რომ მათი დაწერილი ტექსტებით საუბრობს ოპოზიცია, მაგრამ რად გინდა, ციფრებში აიხლართნენ და, ალბათ, ახლა ხვდებიან, თავისი განცხადებით როგორ დაასხეს წყალი სწორედ რუსი ტურისტების წისქვილზე.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here