Home ახალი ამბები საქართველო ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და ილაპარაკოს კელი დეგნანთან 3-საათიანი შეხვედრის მნიშვნელოვან დეტალებზე,...

ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და ილაპარაკოს კელი დეგნანთან 3-საათიანი შეხვედრის მნიშვნელოვან დეტალებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება 

მივეჩვიოთ, რომ უპირველესი საქართველოს ინტერესი უნდა იყოს, უმთავრესი ჩვენი ქვეყანაა!

218

მარტივი შეკითხვით დავიწყოთ: ვინმემ იცის, სად არის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი არესტოვიჩი? ის კაცირომელიც ყოველდღიურად ჭკუას არიგებდა მსოფლიოს და განსაკუთრებით საქართველოს, ლამაზად დაკეცეს, გაზეთში გაახვიეს და თაროზე შემოდეს. რატომ? იმიტომ, რომ მის მიერ მოყოლილმა ამბებმა თუ რჩევებმა აშკარად არ გაამართლა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ქართულ ოპოზიციას კერპად ჰყავდა გამოცხადებული.

სამყაროში მუდმივი არაფერია და ახლა ოპოზიციას ახალი კერპი ჰყავს _ დავით არახამია და ისიც გვპირდება, რომ ჯერ უკრაინაში მოაგვარებს სიტუაციას, შემდეგ _ საქართველოში და კარგის და ცუდის გარჩევას გვასწავლის. ქართველი ოპოზიციონერები კი წყალმა წაიღო და ახლა უკრაინას ეჭიდებიან. ჯერ არესტოვიჩს ეჭიდებოდნენ და ამან რომ არ გაამართლა, ახლა არახამიას ჩასჭიდეს ხელი. საზოგადოდ, ოპოზიციამ დაამტკიცა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების სანაცვლოდ ეშმაკსაც კი შეეკვრება (არახამიას, არესტოვიჩსა და ეშმაკს შორის განსხვავებას ვინც ხედავს, გვითხარით, არ დაგვიმალოთ). მხოლოდ ის რად ღირს, რომ კელი დეგნანმა ჯერ თქვა, _ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ივანიშვილს არ შევხვედრივარო; შემდეგ კი აღიარა, _ შეხვედრა შედგაო. უდიდესი ალბათობით, დეგნანი იმასაც მალავს, რომ ივანიშვილისგან საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვდა და, ამ ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიცია მაინც დეგნანის მხარესაა.

ყოველგვარი შელამაზების გარეშე _ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უფრო ხისტი განცხადებები უნდა  გააკეთონ და უფრო ხისტად უნდა იმოქმედონ. ახლავე გეტყვით, რასაც ვგულისხმობ. თუნდაც ბოლო პერიოდში მომხდარი ავიღოთ: „სვანეთობა-2022“-ზე, მესტიაში პრემიერი ავიდა და ჟურნალისტების მთავარი კითხვა ის იყო, რა უნდოდა სვანეთში სოზარ სუბარს, დეპუტატს, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. და ირაკლი ღარიბაშვილმაც თავის მართლება დაიწყო, ჩვენთან ერთად არ ყოფილაო. ხვდებით ხომ, რას ბედავენ ოპოზიციონერი ჟურნალისტები? ისინი ადამიანებს უდგენენ დღის წესრიგს _ სად უნდა გადაადგილდნენ, როგორ და ვისთან ერთად. აი, სვან კაცს სვანეთში ასვლა რატომ აუკრძალეს, ვერ ვხვდებით და პრემიერისაც გაგვკვირვებია, თუ სუბარი უმრავლესობიდან გავიდა, აღარც მეგობარია, აღარც თანამოაზრე და აღარც ნაცნობი? რას ნიშნავს, ჩვენთან ერთად არ ყოფილა?! ერთად რომ ყოფილიყვნენ პრემიერი და სუბარი, რა მერე? მაგრამ სწორედ ეს არის: სურთ, პოლარიზაცია უმაღლეს ნიშნულამდე აიყვანონ, ისე დაძაბონ ვითარება, რომ 2022 წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ისევ არ მოგვცენ. ჩვენ თუ გვკითხავთ, დასავლეთი ამ სტატუსს ერთადერთ (და არა ერთერთ) შემთხვევაში გამოიმეტებს _ თუ მეორე ფრონტს გავხსნით, დანარჩენ შემთხვევაში, გამორიცხულია, სტატუსი მოგვცენ.

ისევ ოპოზიციას დავუბრუნდეთ. ცალკე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა და ცალკე მისმა შვილმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ჩართვას აღარ აპირებს, რომ სულ უკრაინულ არხებს უყურებს და გათავისუფლების შემდეგ წასვლას სწორედ უკრაინაში აპირებს. ისიც ითქვა, ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისთვის, რომ მიშა გაათავისუფლონ, სამკურნალოდ გერმანიაში გაუშვან და მერე საქართველოსკენ აღარ გამოიხედავსო. ამის დაჯერება, რა თქმა უნდა,  ძალიან ძნელია, უკვე შეუძლებელიც.

„ისინი არიან ადვოკატები, აქვთ საკუთარი სტრატეგია, როგორმე დაცვის ქვეშ მყოფი გაიყვანონ ციხიდან. გამორიცხულია, სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს, ის არის ნაციონალური მოძრაობს” დამფუძნებელი და ეს პარტია მის გარეშე წარმოუდგენელია. თუ ის ქართული პოლიტიკიდან წავა, გამოვა, რომ, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში გვეუბნებოდა, გვატყუებდა“, _ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ.

ამ განცხადებით მელიამ დაადასტურა, რომ სააკაშვილი ყველა ვარიანტში მატყუარაა. ის ან ახლა იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ქართული პოლიტიკიდან მიდის, ან ამომრჩეველს ატყუებს, როცა ეუბნება, რომ არსად წასვლას არ აპირებს. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ოპოზიცია მიდის ყველაფერზე _ ტყუილზე, ღალატზე, ოჯახის წევრების ღალატზეც კი, ოღონდ სანუკვარი ოცნება აიხდინოს და ხელისუფლებაში დაბრუნდეს. არსად წამსვლელი არ არის სააკაშვილი, რადგან მას საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება უკვე იდეაფიქსად ექცა და გამორიცხულია, მას უღალატოს. თუმცა, ის ახლა ყველაფერზეა წამსვლელი და არ აქვს მნიშვნელობა, ვინმეს მოტყუებაა საჭირო, გადაგდება თუ მკვლელობა… ჰო, მკვლელობა, რადგან მიუღებელ პირებს ნაციონალები ადვილად იშორებდნენ და, თუ ჩათვალეს, რომ ხელისუფლების სათავეში მათ დაბრუნებას ხელს ვინმე უშლის, მასაც იოლად გაიმეტებენ.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ოპოზიციის ფეხის ხმას, პრაქტიკულად, ყველა ოპოზიციური ტელევიზია აჰყვა და ჟურნალისტები ხელისუფლების წარმომადგენლების შეურაცხყოფაზე გადადიან. თუ დააკვირდებით, ამას მხოლოდ პირდაპირი ეთერის მეშვეობით აკეთებენ. თუ მაღალჩინოსანი ხისტად უპასუხებს, მაშინვე სკანდალს გამოაცხობენ, წამებულის მანტიას მოირგებენ და, რაც მთავარია, მაშინვე ახსენებენ თმენის ვალდებულებას. სხვათა შორის, თბილისის მერმა კახა კალაძემ ერთერთ ჟურნალისტს ჰკითხა: რას ნიშნავს თმენის ვალდებულება _ თქვენ უნდა შეურაცხმყოთ, მაგინოთ და მე მშვიდად გიყუროთ, რა კარგად მაგინებთო, რაზეც ჟურნალისტმა მიუგო: მედიის წარმომადგენლებს თმენის ვალდებულება არ აქვთ და ხელისუფლებამ მუშაობაში ხელი არ უნდა შეუშალოსო.

ოპოზიციის გარდა, დასავლეთიც ხვდება, რომ დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით წარმოუდგენელია. მიზეზი ერთადერთია _ ამომრჩეველთა უმრავლესობა ოპოზიციას არ ენდობა და დარწმუნებულია, რომ ნაცები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქვეყანას ომში ჩართავენ და საქართველოს ცეცხლის ალში გახვევენ. ამას ახლა ცდილობენ, როცა ძალაუფლების სათავეში არ არიან და, წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, როცა შესაძლებლობა ექნებათ, შეტევაზე გადასვლის ბრძანება გასცენ. ზუსტად ისე, როგორც ეს 2008 წელს გააკეთეს და შემდეგ წითელ ხიდზე ერთმანეთს ასწრებდნენ _ მესაზღვრეებს ფულს უხდიდნენ, არა მე უფრო მალე გამატარე, არა მეო. ამიტომ დასავლეთი ახლა ერთადერთ ხსნას სააკაშვილში ხედავს. როგორც პოლიტიკოსი, ის უკვე აღარაფერს წარმოადგენს, მაგრამ, როგორც ავანტიურისტი, კვლავ ფასეულია და, თუ რაღაც მანქანებით ციხიდან მიშას გამოიხსნიან და სხვა ქვეყანაში გადაიყვანენ, გაიზრდება იმის შანსი, რომ სააკაშვილმა ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოაწყოს, რომელსაც დასავლეთი არათუ მხარს დაუჭერს, არამედ დააფინანსებს კიდეც.

ამიტომ ვამბობთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უფრო ხისტი განცხადებები უნდა გააკეთონ და უფრო ხისტად უნდა იმოქმედონ. არ არის აუცილებელი ღიმილი და ეტიკეტის დაცვა, აღარც თმენის ვალდებულებაა აუცილებელი და, სადაც ვიწროა, სწორედ იქ უნდა გავწყვიტოთ. უნდა გავწყვიტოთ იმიტომ, რომ ყველამ იცის, რას ამზადებს და რა სურს დასავლეთს, საჯაროდ კი ამას მხოლოდ მინიშნებებითა და შეფარვით ამბობენ. არადა, ზუსტად იმის თქმაა საჭირო, რაც ხდება რეალურად, რათა მოსახლეობამ იცოდეს, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე. ხომ ფაქტია, ამერიკამ კელი დეგნანს ყველაფერი „გაუმწვანა“, მოსამართლეების „მიკაჩავებით“ დაწყებული, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრით დამთავრებული. მეტი რა უნდა ექნა დეგნანს, მოსამართლეს განაჩენი დაუწუნა და ნიკა გვარამიას ციხეში გაშვება არ მოუწონა, ივანიშვილს კი…

რატომღაც გვგონია, რომ ბატონი ბიძინა უნდა გამოვიდეს და რომელიმე ტელევიზიის ეთერში, მონოლოგის რეჟიმში მოყვეს იმ 3-საათიანი შეხვედრის მნიშვნელოვანი დეტალები. ისეთი დეტალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და მომავალს ეხება, თორემ დეგნანი ივანიშვილის ჩაით აღფრთოვანებას რომ არ დამალავდა და ფარისევლური კომპლიმენტებით აავსებდა, ისედაც ვიცით. აი, მერე გამოჩნდება ამერიკის ნამდვილი სახე და მერე გავიგებთ, რეალურად რა სურს შტატებს. დეგნანი საუბრის შინაარსს ცოცხალი თავით არ იტყვის, იმიტომ, რომ იცის, ქართველები არ მოუწონებენ. საუბრის შინაარსი კი არა, რამდენიმეჯერ უარყო, რომ ივანიშვილს შეხვდა, სანამ თვითონ ივანიშვილმა არ დაადასტურა, და ახლა შიშით ელოდება, საუბრის რაიმე დეტალიც არ გაასაჯაროოს ბატონმა ბიძინამ. არადა, უნდა გაასაჯაროოს და თანაც სასწრაფოდ. მერე დეგნანს, ამერიკა თუ არ გაიწვევს, საქართველოს მოსახლეობა გააძევებს ქვეყნიდან, რადგან არ გვჭირდება აქ არავინ, ვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ადარდებს, იქნება ეს ამერიკის ელჩი, ევროკავშირის თუ სხვ. მივეჩვიოთ, რომ უპირველესი საქართველოს ინტერესი უნდა იყოს, უმთავრესი ჩვენი ქვეყანაა!

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here