Home ახალი ამბები საქართველო ბანკების თვითნებობის ბრალია ის, რომ საქართველოში ყველას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია

ბანკების თვითნებობის ბრალია ის, რომ საქართველოში ყველას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია

პროდუქტების ფასს საქართველოში კონკურენციის სააგენტო უნდა არეგულირებდეს, მაგრამ თურმე სახელმწიფო უწყება თავისუფალ ბაზარში არ ერევა. არადა, ეს თავისუფალი ბაზარი კი არა, ყაჩაღების ბუდეა, რომელიც ვერავინ დაანგრია... მსუყე ნაჭერი სწორედ მათთან მიდის, ვინც ეს ყველაფერი უნდა აკონტროლოს

243

ერთ-ერთი სფერო, რომელშიც განუკითხაობაა, არის საბანკო სისტემა. სწორედ მასზეა მიბმული პროდუქტების ფასები, თუმცა  ამაზე – ქვემოთ, მანამდე კი იმ ოფიციალურ  ორგანიზაციებზე ვისაუბროთ, რომლებსაც საქართველოში ბანკებსა თუ მიკრო-საფინანსოებს ვეძახით.

ეროვნულმა ბანკმა 16 მაისიდან  11 ივნისის ჩათვლით სავალუტო აუქციონზე 168,7 მლნ დოლარი გაყიდა. ეს 2023 წლის მონაცემებს დაახლოებით 2 მლნ-ით აჭარბებს. ოფიციალური მონაცემების თანახმად, დოლარით ვაჭრობის დინამიკა ასეთია:  16 მაისი – 60 მლნ, 28 მაისი – 48, 7 მლნ, 11 ივნისი – 60 მლნ. შესადარებლად: გასული წლის 11 ივნისამდე ეროვნულ ბანკს მხოლოდ 17,1 მილიონი დოლარი ჰქონდა გაყიდული…

ადვილი მისახვედრია, რომ ეროვნული ბანკის ეს ნაბიჯი ლარის გაუფასურების შეჩერების მცდელობით არის განპირობებული. ლარმა კი მას შემდეგ დაიწყო გაუფასურება, რაც  პარლამენტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი  დაამტკიცა, პრეზიდენტის ვეტო დაძლია და დასავლელმა პარტნიორებმა ხმამაღლა დაიწყეს საუბარი, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციები აღარ შემოვიდოდა, რომ  უცხოური კომპანიები ქვეყანას დატოვებდნენ, რომ აღარაფერი გვეშველებოდა… ჰო, ეს სიკეთე დასავლელმა პარტნიორებმა გვიყვეს და მერე რა, რომ მათ ზუსტად იცოდნენ, მალე ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყება, რომელიც რამდენიმე მილიარდ უცხოურ ინვესტიციას მოიტანს. დასავლეთი  გვპირდება, რომ ტენდერში გამარჯვებულ ჩინურ კომპანიას პორტის აშენების უფლებას არ მისცემს. ჰო, სხვა ქვეყნების პოლიტიკოსები გვიდგენენ პოლიტიკურ დღის წესრიგს და იმასაც კი გვეუბნებიან, ვინ და რა უნდა ააშენოს საქართველოში. „გამჭვირვალობის კანონი“ სწორედ ამ თავხედობის შეზღუდვის ერთ-ერთი სერიოზული შესაძლებლობა იქნება.

პარალელურად, კომერციულმა ბანკებმა პანიკა ატეხეს (ამას ექსპერტები ადასტურებენ), არიქა, რა გვეშველება, დაიღუპა ჩვენი ეროვნული ვალუტაო. არადა, სწორედ იმ პერიოდში, როცა ლარი გაუფასურებას განაგრძობდა, ათეულობით მილიონი იშოვეს; იშოვეს ჩვენ ხარჯზე და აქ საინტერესო არის ის, რომ მიმდინარე პროცესების შესახებ საქმის კურსში იყო ეროვნული ბანკიც, ხელისუფლებაც, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. რატომ ეპატიებათ ბანკებს ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი და… რეგიონში ყველაზე ძვირი საპროცენტო განაკვეთი სწორედ ქართულ ბანკებს აქვთ, მაგრამ არც ამას დარდობს ვინმე. თუ გახსოვთ, ყოველი არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიები  გვპირდებოდნენ, რომ, პირველ რიგში, ლაგამს სწორედ კომერციულ ბანკებს ამოსდებდნენ და კაბალურ პროცენტსა და პირობებს გააკეთილშობილებდნენ, მაგრამ ეს აქამდე არავის გაუკეთებია და აგერ, კარს მომდგარი არჩევნების წინ არც არავინ გვპირდება, ბანკებთან ურთიერთობას დავარეგულირებ, აღარ გაგძარცვავენო. ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან: ერთ-ერთმა პენსიონერმა 2016 წელს (იმხანად პენსია 180 ლარი იყო) ორი თვის პენსია გამოიტანა და… დღემდე პროცენტს იხდის. ჰო, დღემდე, რვა წლის შემდეგაც, ბანკს 1800 ლარზე მეტი აქვს წაღებული და კიდევ იხდის. რატომ? იმიტომ, რომ ეს ქალი ავად გახდა, სანამ საავადმყოფოში იწვა და მკურნალობდა, ბარათს ვადა გაუვიდა, ბანკმა ბარათიდან ფული ვერ თუ არ მოხსნა და პროცენტი დაარიცხა, მერე ეს პროცენტი გააორმაგა და შემდეგ როგორც ხდება. ახლა ბანკი ამბობს, წადი და მიჩივლეო. სად უნდა წავიდეს 80 წლის ქალი და სად უნდა იჩივლოს? შეგუებულია იმას, რომ ყოველთვე, ბანკი საპენსიო ბარათიდან 60 ლარს აჭრის და ეს პროცესი 2025 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს.

სწორედ ბანკების თვითნებობის ბრალია ის, რომ საქართველოში ყველას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. პროდუქტების შემომტანები უზარმაზარ ფასნამატს ადებენ პროდუქტს და იძულებული ხარ, შეიძინო. შესადარებლად გეტყვით, რომ, მაგალითად, მოსკოვის სუპერმარკეტებში ღორის ხორცის ფასი 8-10 ლარია, საქონლის (უძვლო) 15-16 ლარი. ჩვენთან  კი პირველი 15 ლარი ღირს, მეორე (უძვლო)  24 ლარად იყიდება. არადა, რუსეთს, მესამე წელია, უმძიმესი სანქციები ადევს და ყველაზე მეტად სწორედ პროდუქტში უნდა უჭირდეს, მაგრამ ნურას უკაცრავად. რუსეთი მაგალითად სწორედ ამ მიზეზით მოვიყვანეთ, თორემ, რეგიონში პროდუქტები ყველაზე ძვირი  ჩვენთან რომ ღირს, კარგად მოგეხსენებათ. პრინციპში, რატომ მხოლოდ რეგიონში?! ამ მხრივ ევროპის უძვირეს სახელმწიფოებშიც კი შევდივართ და ამას საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტებიც არ მალავენ. მეტიც, ისინი ადასტურებენ, რომ საქართველოში ფასები ჯოჯოხეთურია. მაგალითად, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, საფრანგეთშიც კი ოთხსულიანი ოჯახის გამოკვება, ორჯერ უფრო იაფი ჯდება, ვიდრე საქართველოში.

რა არის ამის მიზეზი? – პირველ რიგში, სრული განუკითხაობა ბიზნესში, ანუ შემომტანი იმ ფასს ადებს პროდუქტს, რომელიც თავად მოეპრიანება და ამას არავინ აკონტროლებს. იცით თუ არა, რომ სუფრის ყურძენი, რომლის ფასი ახლა 12-დან 15 ლარამდე თამაშობს, თურქეთიდან  შემოტანილია და ადგილზე მისი ფასი 2 ლარიც არ არის? იცით თუ არა, რომ რუსული ბურღულეული ორჯერ უფრო იაფი ღირს მოსკოვის ყველაზე ძვირ სუპერმარკეტშიც კი, ვიდრე ჩვენთან? იცით თუ არა, რომ ჩეხური ლუდი, რომლის ჩამოსხმის ექსკლუზიური უფლებაც საქართველოში გვაქვს, ანუ არ შემოგვაქვს და არ ემატება გზისა და ბაჟის ხარჯი, ექვსჯერ(!) უფრო ძვირია, ვიდრე  ჩეხეთში? ის თუ იცით, ქართული მინერალური წყალი, უცხოეთში რომ გაგვაქვს, იქ უფრო იაფი ღირს, ვიდრე ის, რომელიც საქართველოში იყიდება? რატომ გააქვთ? იმიტომ, რომ წყალს მიაქვს საქართველო და აქ ვერ ასაღებენ  ჭარბ პროდუქციას, ამიტომ საზღვარგარეთ გადის, მაგრამ იქ, ჩვენგან განსხვავებით, სულელები არ არიან და ძვირს არ იხდიან იმაში, რაც იაფი ღირს. ის თუ იცით, გერმანიაში, წყლის 1,5-ლიტრიანი ექვსი ბოთლი 3 ევრო რომ ღირს, მაგრამ, როცა პლასტმასს დააბრუნებთ, ანუ უკან ჩააბარებთ, 1,5 ევრო გიბრუნდებათ, ანუ ბოთლზე 25 ცენტი? წესითა და რიგით, ამ ყველაფერს საქართველოში კონკურენციის სააგენტო უნდა არეგულირებდეს, მაგრამ თურმე სახელმწიფო უწყება თავისუფალ ბაზარში არ ერევა. ეს თავისუფალი ბაზარი კი არა, ყაჩაღების ბუდეა, რომელიც ვერავინ დაანგრია, რადგან  მსუყე ნაჭერი სწორედ მათთან  მიდის, ვინც ეს ყველაფერი უნდა აკონტროლოს. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? – თუნდაც ის, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა, მედიკამენტებზე ზღვრული ფასები დაგვეწესებინა და დაწესდა კიდეც. ეს ყველაფერი სააფთიაქო ბიზნესს მტკივნეულად არ გადაუტანია, რადგან, თუ აქამდე 1000%-იანი ფასნამატი ჰქონდა, ახლა 300 და 400%-იანი აქვს და მოგება მაინც უზარმაზარია. არ შეიძლება, ანალოგიური რამ  მოხდეს საკვები პროდუქტების ფასებზეც? – შეიძლება, მაგრამ მერე მილიონები როგორ უნდა იშოვონ? ასი ათასებზე ხომ არ მოცდებიან ამხელა ბიზნესმენები?

არაერთხელ დაგვიწერია, რომ ამ ხელისუფლებას მოსახლეობა თუ აუჯანყდება, ეს  სოციალურ ნიადაგზე მოხდება. არ შეიძლება, ასეთი ფასები იყოს პროდუქტზე და ამბობდე, რომ ყველაფერი რიგზეა და ბაზარში არ ერევი. რატომ არ უნდა ჩაერიო ბაზარში, მაშინ, როცა უწყებაც  გაქვს საამისოდ შექნილი, მის ხელმძღვანელს თვეში 5 ათას ლარსაც უხდი და  ზუსტად იცი, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი რამდენიმე მილიონის ხარჯზე არაკეთილსინდისიერად შოულობს ფულს? მაშინ რისთვის მინდა სახელმწიფო და რისთვის მინდა ის უწყება, რომელიც ისევ ჩვენი სარჩენია? ჩვენმა მეზობელმა თურქეთმა როგორ მოახერხა,  რომ მსოფლიო ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის მხრივ  ბევრი მიმართულებით მოწინავე პოზიციაზე გადაინაცვლა და, მაგალითად, მარწყვის ექსპორტში სულაც პირველია. იმ მარწყვის, რომელიც აქ ორ ლარად ჩამოაქვთ და მაღაზიებსა თუ ბაზრებში 10 ლარზე ნაკლებად ვერ ყიდულობ. ჰო, ასაღები ფასი არის 2 ლარი და მერე უმატებენ 500%-ს და გათვლაა იმაზე,  ბავშვი რომ გთხოვს, მარწყვი მიყიდეო, იძულებული იქნები, 10 ლარი გადაიხადო.

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მაგრამ ვაი, რომ გაგრძელდება მანამ, სანამ ხალხი ქუჩაში სწორედ ამ მიზეზით არ გამოვა. გააპროტესტეს მედიკამენტების ფასები და შედეგი მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად გააპროტესტებენ პროდუქტის ფასებსაც. იცით თუ არა, რომ, მაგალითად, გერმანიაში ნებისმიერ ფერმერთან რომ მიხვიდე, ის გიჩვენებს სერთიფიკატს, რომ ჯანმრთელი საქონელი ჰყავს და შემდეგ იქვე მოწველილ ლიტრ რძეს 1 ევროდ მოგცემს. ჩვენთან კი ირანული ფხვნილით (რომელიც ლამის მთელ მსოფლიოში აკრძალულია) გამოხდილი რძე 5 ლარზე ნაკლები  არ ღირს.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here