Home ახალი ამბები საქართველო ახალი საზეპირო

ახალი საზეპირო

დასავლეთიდან გასაოცარი ხმები გვესმის, რევოლუციური აზროვნების დასაწყისის მაუწყებელი სიგნალები მოდის!

520

წინა  სტატიასსაზეპიროვუწოდე.  ჩამოთვლილი მქონდა პუნქტები, რომლებიც, როგორც ლიტერატურული საზეპიროები, ისე უნდა დაიზუთხოს  ყოველმა ქართველმა, რადგან ვითარება ურთულეს ფაზაში შედის და იმ შაბლონებით აზროვნება და ცხოვრება, რომლებიც .. ეროვნული მოძრაობიდან  ავიკვიატეთ, დღეს არა მხოლოდ უვარგისი და გამოუსადეგარი, არამედ სრულიად კონტრპროდუქტიული და დამანგრეველია. აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ შემოგდებული და ეროვნული მოძრაობის მიერ ატაცებული ფორმულა, – “ყველა ბოროტების სათავე არის რუსეთი, ხოლო მისგან ხსნა დასავლური პოლიტიკის გატარებაშია“, – არ მუშაობს.  არ მუშაობს,  რადგან მცდარი დებულებაა,  შეგნებული სიცრუეა, ხელოვნურად დეფორმირებული რეალობაა. წინა სტატია იმიტომ გავიხსენე, რომ დღესაც საზეპიროები უნდა შემოგთავაზოთ, ოღონდ არა ჩემი ფორმულირებით, არამედამერიკელი და გერმანელი პოლიტიკოსების ფორმულირებით.

რობერტ ფრენსის კენედი ამერიკელების მიერ ვერაგულად მოკლული პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის ძმისშვილია. იგი აშშ-ის პრეზიდენტობაზე აცხადებს პრეტენზიას, რაც იმას ნიშნავს, რომ სულაც არ არის ხელწამოსაკრავი პოლიტიკოსი. უკრაინის კრიზისზე აი როგორ მსჯელობს რობერტ კენედი: “ყოველი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, ყოველი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, ომის გახანგრძლივებასა და სისხლისღვრის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. პრეზიდენტმა ბაიდენმა ახლახან აღიარა, რომ ჩვენი მიზანი ვლადიმერ პუტინის გადაყენებაა, რაც მის გარშემო მყოფი ნეოკონსერვატორების ორი ათწლეულის სწრაფვაა. ლოიდ ოსტინმა, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის თავდაცვის მდივანია, 2022 წლის აპრილში განაცხადა, რომ უკრაინაში ჩვენი ყოფნის მთავარი მიზანი რუსეთის არმიის დაკნინება, მისი დასუსტება და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ბრძოლის უნარის წართმევაა”.

დამეთანხმებით, რომ ეს მსჯელობა ოდნავადაც არ ჰგავს იმას, რასაც ქართველი პოლიტიკოსებისგან ვისმენთ. პირიქით, ეს საერთოდ თავდაყირა აყენებს საქართველოში გავრცელებულ პოლიტიკურ განწყობებს. როგორ მოვიქცეთ, ქართველი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ჭკუით ვიაროთ, ხოლო აშშ-ში პრეზიდენტობის კანდიდატ რობერტ კენედის აზრის სრული იგნორირება მოვახდინოთ? კი, ბატონო, როგორც გენებოთ, მაგრამ ჯერ მოვუსმინოთ, მაინც რას ამბობს ეს უაღრესად საინტერესო პიროვნება: “რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჰუმანიტარული მისიის საპირისპიროა. ჩვენ უკრაინა ვაქციეთ იმ ქვეყანად, რომელშიც 350 000 ახალგაზრდა უკრაინელი უკვე დაიღუპა. იტყუებიან, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა რეალურად. ისინი ამას ჩვენგან მალავენ. ჩვენ ეს ღარიბი პატარა ერი მკვლელობის ველად გადავაქციეთ მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ წინ წავწიოთ გეოპოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს უკრაინასთან”.

საინტერესოა, ხომ?! გენიშნათ რამე? უკრაინა მკვლელობის ველად გადავაქციეთო, ამბობს პიროვნება, რომელიც შესაძლებელია, მომავალ წელს აშშ-ის პრეზიდენტად მოგვევლინოს. თუმცა, ვითარების ანალიზისას არ აქვს მნიშვნელობა, ეს ასე მოხდება თუ არა. ფაქტია, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში ამ განცხადებას მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი აკეთებს, რაც აქამდე წარმოუდგენელი გვეგონა. აი, კიდევ: “რუსებს თავიდანვე სურდათ სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა და ჩვენ ეს უარვყავით. ჩვენ არ უნდა გაგვეფართოვებინა ნატო აღმოსავლეთით. რუსებს უნდათ, რომ ნატომ პირობა შეასრულოს და არ შევიდეს უკრაინაში, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ნატოში თოთხმეტი ქვეყანა არ უნდა შეგვეყვანა”.

კაცმა რომ თქვას, რობერტ კენედიზე ადრე ამას მე ვამბობდი, მაგრამ მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო მის მიერ დაგვიანებით ნათქვამს ჩემ მიერ ადრე ნათქვამზე მეტი ფასი აქვს, მაგრამ აქ მთავარი ჩემი საავტორო უფლებები კი არ არის, მთავარი ისაა, რომ დასავლეთიდან გასაოცარი ხმები გვესმის, რევოლუციური აზროვნების დასაწყისის მაუწყებელი სიგნალები მოდის: “პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მე დავასრულებ ომს მოლაპარაკებების გზით. რუსები თავადაც ცდილობდნენ, რომ ომი თავიდან აერიდებინათ. მათ სურდათ ე.წ. მინსკის შეთანხმების შესრულება, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან გონივრული დოკუმენტი იყო. ის გულისხმობდა, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდებოდა და იქნებოდა ნეიტრალური. ასევე, საჰაერო თავდაცვის სისტემები არ განთავსდებოდა რუმინეთსა და პოლონეთში. აგრეთვე, უკრაინის მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში აშშ-მა მიიყვანა, ეთნიკურად რუსი მოქალაქეების მკვლელობას შეწყვეტდა. ამაზე თანხმობა უნდა გვეთქვა. ზელენსკიმ 2019 წელს მოიგო არჩევნები იმ პირობით, რომ მინსკის შეთანხმებას მოაწერდა ხელს. უკრაინის საკითხი რუსეთისთვის ეგზისტენციალურია და მოსკოვს აქვს ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით”.

დაუჯერებელია. ამერიკელი პოლიტიკოსი, თანაც პრეზიდენტობის კანდიდატი, ასე ერთმნიშვნელოვნად რომ ამტყუნებს ამერიკას და ამართლებს რუსეთს, ეს მართლაც სრულიად ახალი მოვლენაა: “მე გელაპარაკებით დღეს იმიტომ, რომ,  როგორც ბიძაჩემის დროს, დღესაც ბირთვული დაძაბულობა უკიდურეს და საშიშ დონეზეა. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, არა მარტო განვმუხტოთ ეს დაძაბულობა, არამედ რადიკალურად განსხვავებული გზა, მშვიდობისკენ მიმავალი გზა ავირჩიოთ”.

დააკვირდით, რას ამბობს იგი. ჩვენ გვაქვს მშვიდობის დამყარების საშუალება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთო. როგორი იქნება უკრაინის კრიზისის მიმართ ამერიკელთა ამ პრინციპულად მცდარი დამოკიდებულების შედეგი? ამ შეკითხვაზე რობერტ კენედის მტკიცე პოზიცია გააჩნია: “ეს სამუდამო ომი, რომელმაც ასე დაასუსტა ჩვენი ერის სიცოცხლისუნარიანობა, ბირთვული არმაგედონის ენით აუწერელი საშინელების საფრთხეს უქმნის მსოფლიოს. მეზიზღება რუსეთის სასტიკი და სისხლიანი შეჭრა უკრაინაში, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენმა მთავრობამ ასევე თავისი წვლილი შეიტანა ამ გარემოებებში რუსეთის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაციებით, რომლებიც მიმდინარეობს 1990-იანი წლებიდან”.

ეს აშშ-ისთვის წაყენებული პირდაპირი ბრალდებაა. აი აქ რობერტ კენედი მართლაც დაუჯერებელ წინადადებას ამბობს. იგი აშშ-ის აღსასრულზე მოგვანიშნებს: “ყოველი იმპერია მთავრდება საზღვარგარეთ მისი სამხედრო ძალების ზედმეტად გაფართოებით”.

ამას მინიშნებას ვერც დაარქმევთ. რაღა მინიშნებაა, როდესაც ყველაფერი პირდაპირ არის ნათქვამი. იმ გზას, რომელსაც ჩვენ დავადექით, ომპერიები დაშლისკენ მოჰყავდაო, – აცხადებს ამერიკელი პოლიტიკოსი. იგი შექმნილი ურთულესი მდგომარეობის მიზეზებზეც ერთმნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებს: “დემოკრატიულმა და რესპუბლიკურმა ადმინისტრაციამ ნატო რუსეთის საზღვრებთან მიიყვანა, დაარღვია ჩვენი საზეიმო დაპირება 90-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც დავდეთ პირობა, რომ, თუ რუსეთი აღმოსავლეთ გერმანიიდან 400 000 ჯარისკაცს გაიყვანდა და გერმანიას ნატოს არმიის ქვეშ გაერთიანების საშუალებას მისცემდა, ამის შემდეგ ჩვენ ნატო აღმოსავლეთით არც ერთი დიუმით არ უნდა გაგვეფართოვებინა. ჯეიმს ბეიკერმა გასცა ეს გარანტია, ისევე როგორც ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებმა და სხვებმა. და მაინც, დღეს ჩვენ რუსეთს შემოვუარეთ. ჩვენ ნატოს საზღვრები აღმოსავლეთით გავწიეთ არა ერთი დუიმით, არამედ 1000 მილით და 14 სახელმწიფოთი. ჩვენ რუსეთი რაკეტებითა და სამხედრო ბაზებით შემოვსაზღვრეთ. ანალოგიური რამ რუსებს რომ ჩაედინათ, ჩვენ ხომ ამას ვერასდროს შევეგუებოდით”.

როგორ წარმოუდგენია რობერტ კენედის მოვლენათა განვითარება? იგი ბიძამისის ნათქვამს იხსენებს, რადგან ამ აზრს თვითონაც იზიარებს: “ჯონ კენედიმ, ბიძაჩემმა, თქვა ბირთვული ომის შესახებ: ყველაფერი, რაც ჩვენ ავაშენეთ, ყველაფერი, რისთვისაც ვიმუშავეთ, განადგურდება პირველი ოცდაოთხი საათის განმავლობაში”.

სამწუხაროდ, ის, რასაც ჯონ კენედი აღწერდა და რაც ახლა რობერტ კენედიმ შეახსენა მსოფლიოს, ამგვარ სასტიკ პერსპექტივას სთავაზობს ამერიკას. რატომ არის ეს ასე? რატომ შეიქმნა ასეთი მძიმე რეალობა? პრეზიდენტობის კანდიდატი ამასაც ერთმნიშვნელოვნად ხსნის: “მტრის როლში ვცხოვრობთ, ჩვენ სამტროდ ვიწვევთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, კუბა და ირანი. ვნახოთ, რა მოხდება, როცა პროვოკაციას შევწყვეტთ და მის ნაცვლად ზეთისხილის რტოს შევთავაზებთ მათ. შესაძლოა, რუსეთმა არ გვიპასუხოს, მაგრამ იმისი თქმა მაინც შეგვეძლება, რომ ჩვენ ეს ვცადეთ და ამას მთელი მსოფლიოც გაიგებს”.

რა გაკეთდა ნაცვლად იმისა, რაც რობერტ კენედის აზრით აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო? პრეზიდენტობის კანდიდატი ამ მდგომარეობას ასე აღწერს: “დღეს ამერიკამ გაწყვიტა პრაქტიკულად ყველა დიპლომატიური კონტაქტი რუსეთთან. ასე რომ, კომუნიკაცია მუქარისა და შეურაცხყოფის გაცვლით შემოიფარგლება. ბაიდენი ვერ შეხვდება პუტინს? საუბრის დაწყება მაინც არ შეგვიძლია? ისეთი დამახინჯებული და სასოწარკვეთილი ხედვა გვაქვს მეორე მხარის მიმართ, რომ საუბრის დაწყებაც კი არ შეგვიძლია? ეს ჩვენი ბრალია. უკრაინაში ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე, მაგრამ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ჩაეშალათ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის. რუსეთს უკვე დაწყებული ჰქონდა ჯარების გაყვანა კიევის ტერიტორიიდან. წინააღმდეგობრივი აზროვნება გლეჯს და ანადგურებს ჩვენს ქვეყანას და ანგრევს მსოფლიოს”.

მოცულობით, შესაძლებელია, ცოტა დიდია, მაგრამ შინაარსის თვალსაზრისით განა საზეპირო არ არის ის, რაც რობერტ კენედიმ ამ ერთ გამოსვლაში ჩამოაყალიბა? ამ ნათქვამს თუ ჩავწვდებით, აღმოვაჩენთ, რომ საქმე ისე არ არის, როგორც თავიდან ზვიად გამსახურდია და “ეროვნული მოძრაობის” წარმომადგენლები გვიმტკიცებდნენ, შემდეგ ედუარდ შევარდნაძე და მისი “მოქალაქეთა კავშირი” გვიჩიჩინებდა, მოგვიანებით “მოქალაქეთა კავშირიდან” წამოჩიტული მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური (ნაცისტური) მოძრაობა” გვარწმუნებდა, დღეს კი “ეროვნული მოძრაობისა” და “ნაცისტური მოძრაობის” ნამსხვრევები გვახვევენ თავს.

შესაძლებელია, დაგღალეთ კიდეც, მაგრამ აქვე მინდა კიდევ ერთი “საზეპირო” შემოგთავაზოთ, რომლის ავტორი ბუნდესტაგის დეპუტატი სევიმ დაგდელენი გახლავთ. აი, რა განაცხადა ამ ქალბატონმა პლენარულ სხდომაზე:

“საქმე ნატოს როდესაც ეხება, მის შესახებ სამი მითი ვრცელდება: პირველი მითი შეეხება იმას, რომ ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, მაგრამ განა ნატო არ არღვევდა საერთაშორისო კანონმდებლობას, როდესაც იუგოსლავიის წინააღმდეგ ომს აწარმოებდა, როდესაც ბომბავდა მშვიდობიან მოსახლეობას, ტელევიზიებს, ჩინეთის საელჩოს, განა ნატო ოცი წლის განმავლობაში არ აწარმოებდა ომს ავღანეთში, სადაც კლავდა მშვიდობიან მოსახლეობას და საშინელ სამხედრო დანაშაულებს სჩადიოდა? ამას ჰქვია თავდაცვა?!

მეორე მითი ნატოს შესახებ ისაა, რომ იგი დემოკრატიისა და სამართლის ალიანსია. ეს ისტორიულად ჩამოყალიბებული აშკარა სიცრუეა. საკმარისია, გავიხსენოთ ნატოს წევრი პორტუგალია, სალაზარის ფაშისტური რეჟიმი და მისი სასტიკი ომები აფრიკაში.  ბრაუნის უნივერსიტეტის ანალიზის თანახმად, ბოლო წლებში ამერიკისა და მისი მოკავშირეების უკანონო ომებს ოთხ-ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ნუთუ ასე გამოიყურება საერთაშორისო სამართლის ერთგულება?!

ნატოსთან დაკავშირებული მესამე მითი ისაა, რომ იგი ადამიანის უფლებებს იცავს და ეს იმის მიუხედავად, რომ გუანტანამოს საპყრობილეში აგრძელებენ პატიმრების წამებას, ხოლო ჟურნალისტ ჯულიან ასანჟს 175 წლით პატიმრობა ემუქრება ამერიკის სახელით ნატოს მიერ ჩადენილი დანაშაულების გასაჯაროებისთვის.

სიმართლე მარტივია: ნატოს წევრები მონაწილეობდნენ ალიანსის ომებში, რომლებიც საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ იყო მიმართული. ნატოს წევრი ყოველი სახელმწიფო კარგავს მის დემოკრატიულ სუვერენიტეტს, ვინაიდან აშშ ყოველთვის რჩება მისი ჰეგემონიური იდეების გამტარებლად. ნატოს წევრი ყოველი სახელმწიფო წირავს საკუთარი მოსახლეობის სოციალურ უსაფრთხოებას მაღალი შეიარაღების მისაღწევად მასიური პოლიტიკის გატარების გამო. დღეს ჩვენს ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი ღარიბია, სამხედრო ბიუჯეტი კი იზრდება და იზრდება. სირცხვილია! დროა, შეწყდეს ეს მკვლელი სამხედრო პაქტი. 78 წელიწადის გასვლის შემდეგ, დროა, რომ ამერიკამ გაიყვანოს თავისი ჯარები გერმანიიდან, მათ შორის, ბირთვული შეიარაღება. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა ნატო!”

ასეთია ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მიერ შემოთავაზებული ეს “საზეპიროები”. იმის შესახებ საუბარი, რასაც მე სამი ათეული წელიწადი შევალიე, ახლა აშშ-სა და გერმანიაში დაიწყეს. ჩემთვის ეს არამხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ წლების მანძილზე ამაოდ არ დავმშვრალვარ, არამედ იმისიც, რომ მსოფლიო ჰეგემონიზმის იდეას, რა იდეოლოგიურ სახვევშიც უნდა შეახვიონ იგი, ეს იქნება სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ბლეფი თუ გარყვნილების კულტი, პერსპექტივა არ აქვს და, როგორც, რობერტ კენედის თქმით, თურმე ჯონ კენედი ამბობდა: “ყველაფერი, რაც ჩვენ ავაშენეთ, ყველაფერი, რისთვისაც ვიმუშავეთ, განადგურდება პირველი ოცდაოთხი საათის განმავლობაში”.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here