12 დეკემბერს ბომბივით გასკდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის დედაქალაქში გამართულ ფორუმს დესწრო, რომელშიც რეგიონის ლიდერები მონაწილეობდნენ, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა.
საქართველოში არსებობს ორი მხარე, რომლებიც ამ ინფორმაციას ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავებულად აფასებენ.
ე.წ. ოპოზიცია (დასავლეთის აგენტურა) საკითხს ამგვარად აფასებს:
„კობახიძემ აშხაბადში საკუთარი ადგილი იპოვა, მაგრამ ქართველი ხალხი არ ირჩევს აშხაბადს – მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიან პოლიტიკურ ერთობაში ინტეგრირების ნაცვლად, ეს რეჟიმი დიქტატორებთან, ტერორისტებთან და ტერორიზმის სპონსორებთან ერთად საუბრობს “მშვიდობაზე”, რომელსაც, პირველ რიგში, სწორედ ავტოკრატები მტრობენ და ანადგურებენ. მშვიდობა არ არის და არ ყოფილა ანტიქართული რეჟიმის მიზანი. კობახიძემ შეაჩერა სვლა ევროკავშირისკენ, რომელიც მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტია, სამაგიეროდ ესწრება ე. წ. სამშვიდობო კონფერენციას რუსეთის, ირანისა და პაკისტანის ლიდერებსა და სხვა ავტოკრატებთან ერთად, რომელთა რიგებში დგას მშვიდობის უდიდესი მტერი, ქართველთმოძულე და ოკუპანტი პუტინი. „ჰეზბოლას“ პანაშვიდების შემდეგ კობახიძემ საბოლოოდ იპოვა საკუთარი ადგილი აშხაბადის კონფერენციაზე, მაგრამ ეს მხოლოდ კობახიძის ადგილია და არა ქართველი ერის, აქ კობახიძის მომავალია და არა ქრისტიანი, ევროპელი, თავისუფალი ქართველი ერისა, რომელმაც ამ ავტოკრატიულ ბინდს საუკუნეების წინათ ამჯობინა ბერძნულ-რომაული ცივილიზაცია. კობახიძე ცდილობს, აშხაბადის ღირებულებათა ღერძით ჩაანაცვლოს ევროპული და ატლანტიკური ინტეგრაციის ღერძი. ეს ფორმატი შემოგვთავაზოს საპირწონედ იმისა, რასაც თავად სპობს და ანგრევს. ფაქტია: მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიან პოლიტიკურ ერთობაში ინტეგრირების ნაცვლად ეს რეჟიმი დიქტატორებთან, ტერორისტებსა და ტერორიზმის სპონსორებთან ერთად საუბრობს “მშვიდობაზე”, რომელსაც, პირველ რიგში, სწორედ ავტოკრატები მტრობენ და ანადგურებენ”.
მმართველი პარტია კი სრულიად საწინააღმდეგო ტექსტებით ცდილობს საზოგადოებაში ოპოზიციური განწყობის განეიტრალებას:
„აშხაბადის ღონისძიებებს პუტინისა და კობახიძის ერთ სივრცეში ყოფნის კონტექსტში თუ შევხედავთ, ეს არა მხოლოდ ოპოზიციური შიზოფრენიის, არამედ ქვეყნის უმრავლესობის დაკვეთის პრიზმაშიც უნდა გავაკეთოთ იმ პერსპექტივების თვალსაზრისით, რომელიც რუსეთთან დიალოგის დაწყებას მოითხოვს. მაშინ საერთო სურათი ხდება უფრო პრაგმატული და ნაკლებად ემოციური, ხოლო უმრავლესობის ეს დაკვეთა კონტაქტების დაფუძნების აუცილებლობაზე არა ღალატად, არამედ საგარეო პოლიტიკის მომწიფების ნიშნად უნდა ჩავთვალოთ. აქ ლოგიკა მარტივი და ცხოვრებისეულია: რუსეთი ჩვენი საზღვრებიდან არსად გაქრება – გეოგრაფია არ იცვლება; დიალოგის უსასრულობამდე კონსერვაცია ნიშნავს საკუთარი ინტერესების დაცვის ინსტრუმენტებზე უარის თქმას. საზოგადოება დაიღალა „რუსულ თემაზე” ყვირილის პოლიტიკით და ითხოვს კომუნიკაციის არხების აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების განუხრელი დაცვის ფარგლებში. ბოლო წლებში საზოგადოების უმრავლესობამ მკაფიოდ დაინახა, რით მთავრდება „ულტიმატუმების დიპლომატია“ – თვალწინ გვაქვს იმ ქვეყნების ბედი, რომლებიც სხვისი ომების არენად იქცნენ.
ჩვენ გვსურს სტაბილურობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური წინსვლა და არა ლოზუნგები, ამიტომ ადრე თუ გვიან რუსეთთანაც უნდა ამოქმედებულიყო ფორმულა: „ამ ეტაპზე, სანამ ოკუპაცია გრძელდება, მეგობრები არ ვართ, მაგრამ საუბარი არსებული სტატუს-ქვოს შესაცვლელად აუცილებელია“.
ასეთი მიდგომა ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანში აღიქმება, როგორც გონივრული მინიმუმი და არა იდეოლოგიური კაპიტულაცია. აშხაბადში არ ყოფილა დემონსტრაციული კომუნიკაცია, არ ყოფილა ქართული პოზიციის დამამცირებელი გამოვლინებები, არ ყოფილა ისტერიკული – „ერთ დარბაზში ვერ ვიდგებით“ ტიპის ჟესტები. საქართველო კონფლიქტს არ ეძებს, მაგრამ რუკიდანაც არ ქრება. პატარა სახელმწიფოსთვის ეს გადარჩენის სტრატეგიაა და არა სისუსტე. აშხაბადის ფორუმი და მისი ძირითადი თემა – ნეიტრალიტეტი, ნდობის აღდგენა, გადარჩენა ძლიერ ძალთა ცენტრებს შორის, ძალიან ზუსტად ერგება ქართველი საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნას.
ჩვენს დეკლარირებულ პოზიციაში ინტუიციურად იგრძნობა, რომ სჯობს, იყო პატარა, მაგრამ სუბიექტი, ვიდრე დიდი ინსტრუმენტი სხვის ხელში; სჯობს ყველასთან საუბრის რეჟიმი, ვიდრე სხვისი ინტერესებისთვის ომი.
ეს იყო ორი ქვეყნის ლიდერის ერთ პლატფორმაზე მოხვედრის პირველი შემთხვევა და ლოგიკური, ღირსეული და აუცილებელიც იყო ის, რომ ამ ეტაპზე არ ყოფილა დემონსტრაციული ხელის ჩამორთმევა, არ ყოფილა მოუმზადებელი და ამ ფორმატის ფარგლებში უადგილო განცხადებები დათბობაზე. ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კარი ოდნავ გაიღო, მაგრამ დამცირებისა თუ მკვეთრი ჟესტების გარეშე. ასე იქცევიან არა რევოლუციონერები და საკუთარი ქვეყნის უსამშობლო მტრები, არამედ სახელმწიფოს მენეჯერები. აშხაბადი არ იყო დიალოგის დაწყების ტრიგერი, მაგრამ იყო ასეთი დიალოგის დაწყების შესაძლებლობა. სწორედ ამას თვლის საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი აუცილებელ, დროულ და ერთადერთ გონივრულ გზად არა რუსეთის მიმართ სიყვარულის გამო, არამედ სახელმწიფოს თვითგადარჩენის ინსტინქტით“.
ეს ორი საკმაოდ ვრცელი ამონარიდი მხარეთა ოფიციალური პოზიცია არ არის, მაგრამ ტენდენციებს ზედმიწევნით გამოხატავს. ასეთია დაპირისპირებული ორი მხარის თვითგამოხატვა. პირველ (დასავლეთის აგენტურის) შემთხვევაში გვაქვს ზღვარგადასული აგრესია; საღი აზრის, ლოგიკისა და რაციონალური განსჯის სრული უარყოფა; ბრძოლის იარაღად ყველაფრის მკადრებლობისა და თავხედური შეტევის გამოყენება; მეორე (მთავრობის) შემთხვევაში – მოკრძალებული პოზა, თავის მართლების რეჟიმში ყოფნა და სათქმელის ზედმეტად შერბილების მცდელობა.
რას ნიშნავს პირველი და რას ნიშნავს მეორე, რით აიხსნება პირველების გადამეტებული აგრესია და მეორეთა ზედმეტი მოკრძალება და თავის დადრეკა?
პირველი ნიშნავს იმას, რომ აგენტურამ და მათმა პატრონებმა დასავლეთში იციან, რომ მათ მხარეს არც ლოგიკაა და არც რაციონალური განსჯა. ისინი დამარცხებულნი არიან, მაგრამ რას შეუძლია მათი ამ გარდაუვალი კრახის თავიდან არიდება? აგრესიას, ძალადობასა და სახელმწიფო გადატრიალებას! მათ ბრძოლის ეს ფორმა აირჩიეს, ისინი ამ გზას დაადგნენ და უკან არ იხევენ.
მეორე კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობა აცნობიერებს ისტორიული შემობრუნების აუცილებლობას, მაგრამ ამისთვის შინაგანად მზად არ არის; არც სურს, რომ საქმე ასე შემოტრიალდეს; ჯერ კიდევ ელოლიავება იმედს, რომ დასავლეთი პოზიციებს არ დათმობს, რუსეთზე გაიმარჯვებს და ერთპოლუსიანი მსოფლიო კვლავაც რეალურ ვითარებად მოგვევლინება, მაგრამ იმ შემთხვევისთვის, რომელსაც „ვაითუ ასე არ მოხდეს” ჰქვია, შემობრუნების საფუძველს ქმნის, ოღონდ სურს, რომ ამას ვერ მიუხვდნენ და ყველაფერმა მაქსიმალურად რბილად ჩაიაროს. ეს რომ ასე არ იყოს, რა საჭიროა ასეთი განცხადების კეთება: „არ ყოფილა დემონსტრაციული ხელის ჩამორთმევა, არ ყოფილა მოუმზადებელი და ამ ფორმატის ფარგლებში უადგილო განცხადებები დათბობაზე”. რა უსუსური თავის მართლებაა ის, რომ „არ ყოფილა დემონსტრაციული ხელის ჩამორთმევა და უადგილო განცხადებები დათბობაზე”. ხელის ჩამორთმევა, დემონსტრაციულობა კი არა, მიღებული, ტრადიციული ფორმაა შეხვედრისა და მისალმებისა. ვისი გერიდებათ, რომ განაცხადოთ, რუსეთთან პირდაპირ დიალოგს ვიწყებთ, რადგან არაფერში გვჭირდება ისეთი თაღლითი და მატყუარა შუამავლები, როგორებიც არიან დასავლეთის წარმომადგენლები, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში ხელს უშლიან საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში წარმატების მიღწევას, რადგან სურთ, რომ საქართველო მუდმივად დარჩეს რუსეთის გამაღიზიანებელ ფაქტორად? მათ სურთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღდგეს და ამ საქმეში დამნაშავედ რუსეთი გამოიყურებოდეს. განა ეს ასე არ არის? განა ეს საეჭვოა? დასავლეთმა ხომ ოცდათხუთმეტი წელიწადი გვატყუა? ნატოსა და ევროკავშირის კარი ღიააო, იძახა, მაგრამ იმ ღია კარში ცერბერივით ჩადგა და ცოცხალი თავით შიგნით არ შეგვიშვა, ახლა კი გამოგვიცხადა, ნატოს გაფართოება გადავიფიქრეთ და ჩვენი იმედი ნუ გექნებათო. ეს თავის დროზე რომ ეთქვათ, საქართველოს ხელისუფლების გამოთაყვანებული თაობები ნატოს მირაჟის ტყვეობაში არ ჰყოლოდათ და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის თავისუფალი არჩევანის საშუალება მიეცათ, 2008 წლის აგვისტოში არც ხალხი დაგვეხოცებოდა და არც რუსეთი დადგებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობის წინაშე, ისევე, როგორც უკრაინა არ გადაივსებოდა სასაფლაოებით და მის ტერიტორიულ მთლიანობასაც არაფერი დაემუქრებოდა. რისთვის ჩაიდინეს ეს, რისთვის? რუსეთის დასასუსტებლად და მის დასაშლელად, მაგრამ ვინ მიიყვანეს დაშლამდე – ევროკავშირი და ნატო, ხომ?! უზნეო პოლიტიკას მისი მწარმოებელი მიჰყავს კატასტროფამდე. დასავლეთმა მის მიერ წარმოებული უზნეო პოლიტიკის შედეგი ბევრჯერ იწვნია, მაგრამ აქედან სწორი დასკვნა ვერასდროს გამოიტანა. „მესამე რაიხის” კრახი არც ისე დიდი ხნის წინათ იყო. დიდი სამამულო ომს მონაწილეთაგან ჯერ კიდევ არიან ცოცხლები, მაგრამ ევროპამ ისე დაივიწყა ყველაფერი, რომ იმ საშინელი მოვლენებიდან, ოთხმოცი წელიწადი კი არა, თითქოს რვაასი წელიწადი იყოს გასული. სამოცდაათი მილიონი მსხვერპლი, რაიხსტაგზე აფრიალებული წითელი დროშა, უსიტყვო კაპიტულაცია და შუაზე გახლეჩილი გერმანია არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ევროპას ერთხელ და სამუდამოდ ეთქვა უარი ფაშისტურ მიდრეკილებებზე, ომის რიტორიკასა და იარაღის ჟღარუნზე. უკრაინაში როგორც კი იყნოსეს ნეოფაშიზმის სურნელი, როგორც კი ნახეს ფაშისტი წინაპრების მიმართ გულისამრევი თაყვანისცემა, გამოცოცხლდა მთელი ევროპა, დაივიწყეს ყოფითი, სულიერი, ზნეობრივი და მრავალი სხვა პრობლემით დამძიმებული საკუთარი მოსახლეობა და გადაეშვნენ ომის ქარცეცხლში, მიაყარეს უკრაინელ ფაშისტებს თანხები, შეიარაღება, იდეოლოგიური მხარდაჭერა და მოახლოებული რევანშისგან ჟრუანტელდავლილები პირდაპირ ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხების ყიჟინას წინასწარ სცემდნენ, გახარებულნი იმით, რომ რუსეთთან სანეტარო ომში მათ ნაცვლად სხვები (მათი პროპაგანდით გაბრიყვებული), უკრაინელები, იხოცებიან, ცეცხლზე ნავთს ასხამენ და სულ უფრო მეტი მსხვერპლის გაღებით ტკბებიან. ტრამპის მოწოდებაც კი არ იღეს ყურად. უფროსი ძმის აღიარებამ, რომ ისინი რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებენ, უკრაინა კი თანდათანობით დაიცლება სისხლისგანაც და დაკარგავს ახალ ტერიტორიებს, მათზე გავლენა ვერ იქონია. ისინი სიყვარულით ეგებებიან და იხუტებენ ახალი დროის ფიურერს, წერას ატანილ კომიკოსს, რომელიც მილიონების ტრაგედიად იქცა, და ყველაფერს აკეთებენ ომის გასაგრძელებლად. ნატოს წევრობის ბლეფს მილიონები შეეწირნენ, მაგრამ ევროპის აზრით ეს არ არის საკმარისი, მეტი მსხვერპლია საჭირო. ტრამპი კი (ნატოს მთავარი სახელმწიფოს პრეზიდენტი) ასეთ განცხადებას აკეთებს: „ნატო შეგიძლიათ დაივიწყოთ, რადგან ეს არის მიზეზი, რომლის გამოც მთელი ამბავი დაიწყო!” აი ამ ინფორმაციას, რომელიც, რა თქმა უნდა, საქართველოშიც გავრცელდა, გაინტერესებთ, როგორი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელებში? ინებეთ (სტილი დაცულია, სახელები და გვარები მოცემულია ინიციალებით):
თ. ქ.
„ამერიკელებმა ეს როგორ აირჩიეს ნეტავ. იქაც კარუსელს ატრიალებდნენ?“
M. M. B.
„ნატო მიზეზია , ნუ გვაშტერებთ!!
მსოფლიოში ახალი რეგულაციებია დასაწერი . რომ არავის მოუნდეს ომის დაწყება“.
A. K.
„ამას ხნოვანებასთან ერთად ჭკუაც დაუკარგია. აწი გვიანაა ვერავინ უშველის“.
A. A,
„რუსეთის აგენტი“.
А.Р.
„ხოდა, ნატოს გამო რომ დაიწყო, იმიტომ უნდა შევიდეს უკრაინა ნატოში. დიდი ფასია გადახდილი“.
N. K.
„ახლა ამის სიგიჟეებს უნდა ვუსმინოთ, ღმერთო რა დავაშავეთ“.
A.Q.
„ამას სულ არ ადარდებს არავის ბედი მხოლოდ საკუთარი ჯიბე“.
N. M.
„ვინ აირჩია ეს ადამიანი ჭკუა ქონდა?“
ეს მხოლოდ წვეთია ზღვაში.
„ფორმულას “ფეისბუქგვერდს თუ ნახავთ, იხილავთ უგუნურების ქართულ ოკეანეს, რომელიც შეგძრავთ და შეგზარავთ შეუვალი სირეგვნით, აზრის არ გაჭაჭანებით, ფსევდოპატრიოტიზმის უკიდეგანო და გულისამრევი მასით… აი ნაყოფი და ნაზავი დასავლური პროპაგანდისა, დახარჯული უზარმაზარი კაპიტალისა და ქართული ეროვნული ცნობიერების შეუმდგარობისა.
ამ ფონზე სულაც არ არის გასაკვირი ის ღრიანცელი, თურქმენეთში ირაკლი კობახიძის ვიზიტს რომ მოჰყვა. ტროლებს, ბოტებსა და რეგვნული კომენტარების დაქირავებულ მჯღაბნელებს არ ვგულისხმობ, გულწრფელ იდიოტებზე მოგახსენებთ, რომლებმაც რატომღაც გადაწყვიტეს, რომ თავიანთი აზროვნების დეფიციტი პატრიოტიზმით გადაფარონ, პატრიოტიზმის ერთადერთ საზომად კი დასავლური ორიენტაცია მიაჩნიათ; იმას კი ვერ ხედავენ, რომ დასავლურმა ორიენტაციამ აღმოსავლური ექსპანსიით წაგვლეკა. მოვლენას მოვლენასთან ვერ აკავშირებენ, შედეგის წინ მიზეზს ვერ ხედავენ და მიზეზის შემდეგ შედეგის აღმოჩენას ვერ ახერხებენ. სამაგიეროდ ხან ნოე ჟორდანიას დროშას დააფრიალებენ ქუჩებში და ხან – სააკაშვილის პარტიულ (ხუთჯვრიან) დროშას, რომელიც მის მიერვე სახელმწიფო დროშად იქნა გამოცხადებული. ჟორდანიას დროშით გავმართეთ სამოქალაქო ომი (1991-92 წწ.); იმავე დროშით ვეკვეთეთ აფხაზეთს (1992 წ.); სააკაშვილის პარტიული დროშით შევიჭერით ცხინვალში (2008 წ.). სააკაშვილის დროშითვე აიკლეს რუსთაველის პროსპექტი ე.წ. აკაცუკებმა (დასავლეთის აგენტურამ) და ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ, რამე უბედურებას თუ გადავეყრებით, იმავე დროშის ფრიალით მოხდება ეს ამბავიც…
ჰო, აშხაბადში გამსკდარი საინფორმაციო ბომბის ექო კარგა ხანს არ ჩაწყნარდება საქართველოში, რადგან, გვინდა თუ არა, გაგრძელება ექნება იმ ამბავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერმინისტრი ერთ დარბაზში ერთდროულად განიხილავენ მშვიდობის საკითხს. მშვიდობა ისევე არ მოვა დასავლეთიდან, როგორც აქამდე არ მოსულა. დასავლური პოლიტიკიდან ორი რამ მოდიოდა ყოველთვის – გარყვნილება და ომი. ჩვენთვის ეს თუ მიუღებელია, სხვა გზას უნდა დავადგეთ და დავადგებით კიდეც. ალტერნატივა არ აქვს იმას, რამაც აშხაბადში ვიდეოკადრის სახით გაიელვა: რუსეთისა და საქართველოს ლიდერები ერთ სივრცეში, ერთ აზრად, ერთ განწყობად, ერთ პოლიტიკურ მიმართულებად, ერთ მუშტად ჩამოყალიბდნენ. რა მნიშვნელობა აქვს იმას, შეხვდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს კულუარებში, იყო თუ არა „ხელის დემონსტრაციული ჩამორთმევა” და ოფიციალური განცხადება „დათბობის შესახებ”, ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი არის ის, რაც საკუთარი თვალით ვიხილეთ. პოლიტიკურმა ნიაღვარმა და წყალდიდობამ საქართველოს ლიდერი თავისი ფეხით მიიყვანა იქ, სადაც რუსეთის ირგვლივ შემოკრებილ სახელმწიფოთა ლიდერები პრეზიდენტ პუტინს ეგებებოდნენ და მის გარშემო ერთიანდებოდნენ. აქ მთავარი ისაა, რასაც „პოლიტიკური ნიაღვარი” ვუწოდე და რაშიც ობიექტური რეალობა და ისტორიის კანონზომიერება ვიგულისხმე. ვერ გაექცევა ვერავინ ამას, რადგან ჯერაც ვერავინ გაქცევია. განგება შვრება ამას, რუსთაველი რომ გვასწავლიდა: „არვის ძალუძს ხორციელსა განგებისა გარდავლენა!”
ასე რომ, აშხაბადის ექო დიდხანს გაჰყვება საქართველოს, იქნებ სამუდამოდაც, ვინაიდან მთავრდება დასავლური ჰეგემონია და იწყება ახალი – უფრო სწორი, უფრო ზნეობრივი, უფრო მშვიდობიანი, უფრო ადამიანური ეპოქა…
ვალერი კვარაცხელია








ბატონო ვალერი, გასაგებია თქვენი ოპტიმიზმი, მაგრამ პოლიტიკური ცვლილება, წესით, ოპოზიციამ, ნორმალურმა ოპოზიციამ, როგორიც, მაგალითად, თქვენ, მიხეილ ჟღენტი და თქვენებრი ადამიანები არიან, უნდა გააკეთოს და არა „ქარი საიდანაც ქროდა“ იქით მოხტუნავემ.