მოგეხსენებათ, „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების გამო, ამერიკამ და ევროპამ, საქართველოს გარკვეული დახმარება შეუჩერა, ახლა კი იმუქრებიან, რომ სწორედ ამ კანონის გამო 26 ოქტომბერს ყველაფერს გააკეთებენ მოქმედი ხელისუფლების შესაცვლელად. ჰოდა, მაშინ, როცა ამერიკა გვიმტკიცებს, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არაფერში გვჭირდება, მათ კი ჰაერივით ესაჭიროებათ FARA (უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (ინგლ. Foreign Agents Registration Act, FARA)- აშშ-ში მიღებული კანონი, რომელიც მოითხოვს, რომ „უცხოეთის აგენტებმა“ (პიროვნებებმა ან ორგანიზაციებმა, რომლებიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნების მთავრობების ინტერესების ლობირებასა და ადვოკატირებაში) გაიარონ რეგისტრაცია აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტში და გაასაჯაროონ კავშირები, ქმედებები და ფინანსური კომპენსაცია. სწორედ FARA-ს წყალობით გამოიჭირეს ამერიკელი სენატორი აგენტობაში…
ნიუ-ჯერსელი სენატორი რობერტ მენენდესი აგენტობაში ამხილეს. მან განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას აპირებს. პოლიტიკური შედეგების გარდა, მისთვის წაყენებული ბრალდების მე-14 და მე-15 პუნქტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: აღნიშნული პუნქტებით მენენდესს ეგვიპტის მთავრობის სასარგებლოდ მუშაობაში ადანაშაულებენ და ამისთვის იყენებდა… აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობას. სულო ცოდვილო და… საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტის გაგონებაზე მაიკლ როთი გაგვახსენდა, კაცი, რომელიც გათხოვდა და ახლა გვებრძვის: პატივს რატომ არ მცემთ?! მერე რა, რომ ჩემი მეორე ნახევარიც მამაკაციაო. ჰო, როთი ოფიციალურად გვმტრობს და ამას არც მალავს, მაგრამ ისევ მენენდესს დავუბრუნდეთ.
მენენდესს ოფიციალურად ბრალი 2023 წელს წაუყენეს – მას ქრთამის აღებას ედავებოდნენ, ხოლო მიმდინარე წლის მარტში პროკურორებმა კიდევ ერთი ბრალდება დაუმატეს, რომლის მიხედვითაც სენატორი პოლიტიკური საქმიანობის შესრულებისას ამერიკაში ეგვიპტის ოფიციალური პირების აგენტად მოქმედებდა. საინტერესოა, რომ მენენდესამდე არც ერთი ამერიკელი სენატორისთვის არ წაუყენებიათ ბრალი ან გაუსამართლებიათ შესაბამისი კანონის მიხედვით, რომელიც უცხოურ აგენტებად საჯარო მოხელეების მოქმედებას კრძალავს.
„ჩემთვის ეს საქციელი უფრო ამაზრზენია, რადგან ეს ის ადამიანია, რომელმაც ფიცი დადო; ეს არის ადამიანი, რომელსაც აშშ-ის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ემოქმედა, როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს. ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალაუფლებაზე წარმოუდგენელი წვდომა ჰქონდა და ჩვენ მას ვანდობდით აშშ-ის ინტერესების გამომხატველი გადაწყვეტილებების მიღებას, ამის ნაცვლად, ის უცხოური მთავრობის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა“, – განაცხადა ყოფილმა პროკურორმა ბარბარა მაქკუადმა.
ახლა კი ყველაზე საინტერესო – კანონი, რომლითაც მენენდესი გაასამართლეს, „კრძალავს იმ საჯარო მოხელეების უცხოური სუბიქტების აგენტებად მოქმედებას, რომლებიც უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) შესაბამისად უნდა დარეგისტრირდნენ, ან ლობისტის, რომელიც 1995 წლის ლობირების გასაჯაროების აქტის შესაბამისად უნდა დარეგისტრირდეს უცხოური სუბიექტის წარმომადგენლობიდან გამომდინარე“.
ამერიკელმა პროკურორებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. ისინი თვლიან, რომ აშშ-ის მთავრობამ უნდა განაგრძოს FARA-ს გამოყენება, როგორც ინსტრუმენტის, იმ მიზნით, რომ „უცხოური გავლენის აგენტები გამოავლინოს, ანუ ის აგენტები, რომლებიც თავიანთი გეგმის განხორციელებას მარიონეტების გამოყენებით ცდილობენ“. ამერიკული სამართალდამცავი უწყება კატეგორიულია, როცა საქმე FARA-ს ეხება და, ამასთანავე, იგივე ამერიკელები ჩვენ გვეუბნებიან, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიგვეღო „კანონი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, რეალურად FARA-სგან არ განსხვავდება და, რაც მთავარია, ამ კანონმა „უცხოური გავლენის აგენტები უნდა გამოავლინოს, ანუ ის აგენტები, რომლებიც თავიანთი გეგმის განხორციელებას მარიონეტების გამოყენებით ცდილობენ“. მარიონეტები კი ქართული არასამთავრობოები არიან პოლიტიკურ ოპოზიციასთან ერთად და ეს მწარე რეალობაა. რეალობაა ის, რომ ამ არასამთავრობოებმა და პოლიტიკოსებმა ყველაზე კარგად იციან, რომ მართლაც მარიონეტები არიან, მაგრამ არ ანაღვლებთ, ისე აქვთ შეტოპილი და ისე ხიბლავთ ძალაუფლების ხელში ჩაგდების პერსპექტივა, რომ მზად არიან ყველაფრისთვის, აბსოლუტურად ყველაფრისთვის და აკი, ყველაფერზე მიდიან კიდეც.
ცალკე საუბრის თემაა ის, რომ ბაიდენის მთავრობა, დიდი ხანია, რუს აგენტებს დასდევს და იმუქრება, რომ მათ მალე გამოააშკარავებს, მაგრამ ნურას უკაცრავად – სენატორი ეგვიპტის სასარგებლოდ ჯაშუშობდა, აი, რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე აგენტები კი ვერ იპოვეს. ორი ვარიანტია – ან რუსებზე მომუშავე აგენტურა მეტისმეტად კარგად მუშაობს, ან რუსებს აგენტურა, უბრალოდ, არ ჰყავთ, რადგან არ სჭირდებათ. ორივე შემთხვევაში ამერიკაა წაგებული და ეს ამერიკელებმა კარგად იციან.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს ესპანეთის პარლამენტიც დღე-დღეზე მიიღებს. ამ კანონის აუცილებლობაზე უკვე ყველა საუბრობს და აღარავინ მალავს, რომ მისი მიღება სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთავარი ის არის, რომ ამ რეალობის პირობებშიც კი ამერიკა და ევროპა კონკრეტულად საქართველოს, ანუ ერთადერთ ქვეყანას უკრძალავენ ამ კანონის მიღებას და ეუბნებიან, რომ ეს რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და, ამასთანავე, ანალოგიური კანონებით თვითონ არათუ რიგით აგენტებს აკავებენ, არამედ აგერ, ისტორიაში პირველად, სენატორი დააკავეს. მანამდე იყო „ვაშინგტონ პოსტის“ ამერიკელი ჟურნალისტი, რომელმაც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სამხრეთ კორეის ხელისუფლებას 37 ათას დოლარად მიჰყიდა. ჰოდა, „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი 37 ათასზე რომ დახურდავდა, ხომ წარმოგიდგენიათ, აქაური არასამთავრობოები და პოლიტიკოსები როგორ თანხებზე არიან თანახმა?!
არჩევნებამდე ზუსტად თვე დარჩა და ეს ვადა პოლიტიკურად ძალიან ცოტაა. შესაბამისად, ხელისუფლებას უზარმაზარი სამუშაოს შესრულება მოუწევს იმისთვის, რომ არც დასავლეთის პროვოკაციებს აჰყვეს და, რაც მთავარია, ამ პროვოკაციას მოსახლეობა არ წამოეგოს, პარალელურად კი არჩევნები აუცილებლად უნდა მოიგოს, თორემ სხვა მოცემულობაში დასავლეთი საქართველოს, უბრალოდ, გადაყლაპავს. ის ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად დაიწყებს უზარმაზარი თანხების გადმორიცხვას, რათა შექმნას ფონი, თითქოს დახმარება აღდგა, რეალურად კი, არასამთავრობოებისა და ოპოზიციური პარტიების ხარჯზე, „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ გააუქმებენ და ახალ ხელისუფლებას აუცილებლად წააქეზებენ, რათა მეორე ფრონტი გაიხსნას და უკრაინის შემდეგ რუსეთს ზვარაკად საქართველო შესწირონ. სამაგიეროდ, მერე უკვე სალაპარაკო ექნებათ, რომ რუსეთმა მეორე სახელმწიფო არ დაინდო და ეს „მეორე სახელმწიფო“ დასავლეთს ძალიან სჭირდება, რადგან მოსახლეობის უმრავლესობამ უკრაინაზე „ხელი ჩაიქნია“, მიხვდა, რომ იქ მიმდინარე ომი მხოლოდ ამერიკასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანას აძლევთ ხელს, ახალი სახელმწიფოს ომში ჩათრევა კი მათთვის ახლა ნამდვილად შველა იქნება.
არ გეგონოთ, თავიანთი არჩევნების გადამკიდე ამერიკელები საქართველოსთვის ვერ მოიცლიან. აგერ, ტრამპი ახლა უკრაინაში უნდა ჩავიდეს და ვინ იცის, ეგებ იქაც ესროლონ და მერე ყველაფერი მარტივი იქნება – რუსეთს დააბრალებენ. საერთოდ, თუ რამ ცუდი ხდება, ყველაფერს რუსეთს აბრალებენ, მაგრამ აი, მენენდესის ჯაშუშობის დაბრალება არ გამოვიდა, საქმეში ეგვიპტის მთავრობა ყოფილა გარეული და, საერთოდ, ბოლო წლებში ამერიკელებმა ვინც დააკავეს, არც ერთი რუსეთის სასარგებლოდ არ აგენტობდა. ეგებ ეს იმასაც ნიშნავს, რომ რუსეთის დევნა-დატოლებაში შტატებს სხვა ქვეყნები გაეპარა და ეგვიპტის მაგალითი საყურადღებოა, ჩვენ კი…
არასამთავრობოებს პირველი დეკლარაციის შევსება, რომელშიც აღნიშნული იქნება, საიდან, ვისგან და რისთვის იღებენ გრანტებს, მომავალი წლის იანვარში უწევთ. მართალია, ისინი იმუქრებიან, არ შევავსებთ დეკლარაციასო, მაგრამ კარგად იციან, ასეთ შემთხვევაში სოლიდური ჯარიმა დაეკისრებათ და, საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციობა შეჩერდება. ეს იციან ამერიკამაც, ევროპამაც და ამიტომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკვე იანვარში, ნიღაბი არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ ევროპა-ამერიკასაც არ ჩამოეხსნას. შემდეგ უკვე რეალურად შევიტყობთ, რა ხდება, რატომ ხდება და იმასაც შევიტყობთ, წელს ორჯერ დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ვინ იდგა და ვინ ხელმძღვანელობდა. მანამდე კი ამერიკა ისევ ჯაშუშების დევნას განაგრძობს, ევროკავშირი – კორუფციაში ჩაფლული ევროპარლამენტარების დევნით იქნება დაკავებული, საქართველო კი… საქართველო წელს ან მართლა მოიპოვებს დამოუკიდებლობას (დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 3 ათეულ წელზე მეტის გასვლის შემდეგ), ან ზუსტად იმ წრეზე წავალთ, რომელზე სიარულიც 2003 წელს დავიწყეთ და, სანამ ერს გულყრა არ დაემართა, არაფერი გვეშველა.
ბესო ბარბაქაძე
რაც შეეხება უშუალოდ ინდირა განდის პარტიის დაფინანსებას: საარქივო დოკუმენტები ადასტურებენ, რომ ბანკნოტებით სავსე ჩემოდნები რეგულარულად მიჰქონდათ პრემიერ –მინისტრის ყველაზე ერთგული მინისტრისა და შეთავსებით „შავი სალაროს ხაზეინის“ ლალით ნარაიან მიშრას (1922–1975) სახლში. „მიტროხინის არქივიდან“ დასტურდება სულ მცირე ერთი ფაქტი, როდესაც ლეონიდ შებარშინმა 2 მილიონი რუპია პირადად მიუტანა სახლში ლალით ნარაიან მიშრას.