არსებობს მოსაზრება, რომ ევროპა და ამერიკა რუსეთთან ომისთვის ემზადებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ომში რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩართონ. ამაზე მიუთითებს ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ ბოლო ერთ თვეში 4 ვიზიტი თურქეთში, აქაოდა, თურქეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორიაო, რაც ტყუილია. თუ ასეთი მნიშვნელოვანია ევროპისთვის თურქეთი, 25 წელია, კანდიდატის სტატუსი აქვს და ევროკავშირში რატომ არ იღებენ?..
„ევროპა რუსეთთან ომისთვის ემზადება. ამისთვის განწყობებს კი ბრიუსელსა და ვაშინგტონში პოლიტიკოსები და მასმედია ქმნიან“,- ეს განცხადება უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს ეკუთვნის.
„უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ იარაღის გამოყენების აკრძალვა რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად“,- ეს კი ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა და ახლა თავად განსაჯეთ, ემზადებიან თუ არა ამერიკა და ევროპა რუსეთზე შეტევისთვის… აღსანიშნავია, რომ საქართველოშიც ცდილობენ ამერიკის როლისა და მნიშვნელობის გაზარდას. ცალკე ოპოზიცია და ცალკე კონგრესმენები თუ სენატორები თითოეულ ცენტს გვამადლიან და ამბობენ, რომ აშშ-ის გარეშე გაგვიჭირდება, რადგან თურმე ამერიკა არა მხოლოდ უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია, არამედ ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორიც ყოფილა. არადა, ბოლო წლებია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პრობლემა გვაქვს… მოდი, ციფრებს გადავხედოთ, ციფრები ხომ არასდროს ტყუიან.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში 1,594 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა და ამერიკა ამ ინვესტორი ქვეყნების საუკეთესო ოთხეულშია. სწორედ ამას ამბობს ოპოზიცა. არადა, ოთხეულში ყოფნა, იცით, რას ნიშნავს? ამერიკის წილი 153, 5 მლნ დოლარია, ანუ ინვესტიციების 9.6%, რაც, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილო რიცხვია იმიტომ, რომ ამერიკის მასშტაბთან შედარებით ეს თანხა სათვალავში ჩასაგდები არ არის. ეჭვი გვაქვს, შტატები ამაზე მეტს უკვე დახარჯავდა იმისთვის, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ გასამართი აქციები დაეფინანსებინა და ნანულა დეიდას ცხელ-ცხელი ხაჭაპურები დაერიგებინა… ისევ ციფრებს მივყვეთ.
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6.563 მლრდ დოლარი შეადგინა და ამერიკა ამ შემთხვევაშიც ოთხეულშია, უფრო ზუსტად, მეოთხე ადგილზე. აშშ-ზე საგარეო ვაჭრობის ბრუნვის 7,3%, ანუ 479.1 მლნ დოლარი მოდის, რომელიც ასევე ძალიან ცოტაა. გაითვალისწინეთ, რომ შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წლევანდელი მონაცემები 7 პროცენტით არის მომატებული. ოპოზიციაც და ამერიკელი დიპლომატებიც გვაყვედრიან, რომ თურმე ამერიკა უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა, მაგრამ ვაი, რომ ეს მესამე ადგილი საერთო იმპორტის მხოლოდ 9,3% ით უჭირავს და, სულ რაღაც, 445 მილიონი დოლარია, მაშინ, როცა მთლიანი იმპორტი 4 8 მლრდ-ს აჭარბებს.
ხომ გახსოვთ, მიშაც და ამერიკელებიც ერთ ხმაში რომ გვეუბნებოდნენ: ოღონდ რამე გააკეთეთ, ამერიკის ძვირი ბაზარი აქ არის და ამოისუნთქებთო. ჰოდა, ახლა უშუალოდ ქართული პროდუქციის ექსპორტის წილში ამერიკას 3, 9% აქვს და უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მერვე ადგილზეა (პირველ ადგილზეა რუსეთი 88%-ით, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა არ შეიძლება). ტურიზმზეც ვთქვათ: მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამერიკიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით გაიზარდა და 11 554 ადამიანი შეადგინა. ეს დაახლოებით ორჯერ იმაზე ნაკლებია, რუსეთიდან ერთ კვირაში რომ ჩამოდის.
როგორც უნდა ეცადონ ამერიკელები, თავი ისე მოგვაჩვენონ, თითქოს ჩვენზე ფიქრით არ სძინავთ, ამ საქმიდან არაფერი გამოდის. სიტყვების რახარუხი, მესამე და მეოთხე ადგილებზე ყოფნა რაღაც მიმართულებებით არ ნიშნავს, რომ ისინი მართლაც ჩვენზე ზრუნავენ. საერთო წილში 10%-იც რომ ვერ გექნება, მაგრამ ბოლო ხმაზე გაჰკივი, – მთავარი პარტნიორი ვარ და მაღიარეო, როგორ გაღიარო ამ 10-%-იანი ნიშნულით? ეს ყველაფერი კარგად იციან როგორც ამერიკელებმა, ისე ქართველებმა; ოპოზიცია კი რომ ხმას არ იღებს, გასაგებია, მაგრამ ხელისუფლება რატომ არ აფარებს ამ ციფრებსა და მონაცემებს სახეზე იმ სენატორებსა თუ კონგრესმენებს, რომლებიც დიდის ამბით გვიმტკიცებენ, ჩვენ გარეშე დაიღუპებითო? ბოლო პერიოდში რამდენიმეჯერ ახსენეს 6 მილიარდი, რომელიც თურმე აშშ-მა საქართველოს დემოკრატიისთვის გაიმეტა. ახლა ვხვდებით, რომ ამ ფულის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 90%, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯიბეშია. ისინი კი როგორ დემოკრატიასაც გვთავაზობენ, უკვე ვნახეთ და ახლაც ვხედავთ, რასაც აკეთებენ. სწორედ ამ არხის გადაკეტვის საშიშროება რომ იგრძნეს, ამიტომ ყვირიან ბოლო ხმაზე. ამ გავლენის სფეროს დაკარგვის შიში აქვს დასავლეთს და ამიტომ იმუქრება სანქციებით… თვითონაც იცის, რომ ამ სანქციებით ვერაფერს დაგვაკლებს, რადგან უვიზო მიმოსვლა არც აქამდე გვქონია და უახლოეს პერსპექტივაშიც არ გვექნება; ქართული პროდუქცია არასდროს ყოფილა დამოკიდებული ამერიკულ ბაზარზე და, რაც მთავარია, არც ამერიკიდან შემოგვაქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტები. ყველაზე დიდი ოდენობით რაც შემოდის, დამტვრეული მანქანებია, რომლებსაც სიხარულით გვატანენ, ოღონდ კი ქვეყანა დავუცალოთ ჯართისაგან.
სწორედ ასეთ პირობებსა და მუქარებში ვართ ჩვენ მაშინ, როცა აქეთ ზელენსკი წუწუნებს, მომეხმარეთ, თორემ ვიღუპებიო, და მოწოდება მოწოდებაზე კეთდება, რომ უკვე ომში სხვა ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ. ის „სხვა“ კი არ იქნება არც ამერიკა და არც ევროპის წამყვანი სახელმწიფოები, მეორე ხარისხის ქვეყნებს შეალეწავენ და აგერ, სტოლტენბერგმაც ხომ თქვა, „უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ იარაღის გამოყენების აკრძალვა რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად“-ო. რას ნიშნავს ეს, თუ არა იმას, რომ, მაგალითად, პოლონეთმა რუსეთის მიმართულებით გაისროლოს? და რა მოჰყვება ამას? პოლონეთი ომში ჩაერთვება და ახლა მას დაუწყებს ამერიკა იარაღით მომარაგებას, მას დაუწყებს დახმარებას და… ბოლო პერიოდში პოლონეთის ეკონომიკამ ამოისუნთქა, სასურსათო ბაზრის კონკრეტული მიმართულებით პოლონელები უმსხვილესი მოთამაშეები გახდნენ – მსოფლიოში სოკოს გატანის მხრივ პირველები არიან; ჰო, მსოფლიოში და ეს არ მოსწონთ, პოლონეთიც რომ მართლა დამოუკიდებელი გახდეს და ეკონომიკით გერმანიას გაუტოლდეს, ხომ დაიქცა და განადგურდა დიდი შვიდეულის ფიქრები ნათელ მომავალზე! ამიტომაც არის, ვარჰეი თურქეთში ლამის საცხოვრებლად რომ გადავიდა, თუმცა ბოლო ვიზიტის დროს ერდოღანმა მასთან შესახვედრად „ვერ მოიცალა“ და ვიცე-პრეზიდენტი გაუშვა, რითაც ნათლად მიანიშნა, რომ მისთვის ვარჰეისთან საუბარი საინტერესო აღარ არის. საქართველო დასავლეთისთვის იდეალური სტრატეგიული ტერიტორია რუსეთისთვის შესატევად. საქართველოდან გასროლილი რაკეტები სწრაფად მივა დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ მოქმედი ხელისუფლება ამის კატეგორიული წინააღმდეგია, ის კი, ვინც თანახმა იქნებოდა, ციხეში ზის და კიდევ კარგა ხანს იჯდება. ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლაა და ამაზეც წავა დასავლეთი, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ნახევარ წელზე ნაკლები დარჩა. ეს ვადა კი, პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან ცოტაა. კულუარებში ამბობენ, რომ, თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, არც ერთმა უცხოურმა ორგანიზაციამ შედეგები არ უნდა აღიაროს, ყველამ უნდა დაიწყოს მტკიცება, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ ხალხის ნება სხვა იყო და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით აქციები გაიმართოს. დაახლოებით იგივე სცენარი უნდა გათამაშდეს, როგორიც 2003 წელს გათამაშდა,როცა ერთმა მუჭა ხალხმა დაიწყო არჩევნების შედეგების გაპროტესტება, მათ ყურადღება არავინ მიაქცია, მერე კი ეს ყველაფერი აზვირთდა და „ვარდების რევოლუციით“ დაგვირგვინდა.
არა მხოლოდ ამერიკა, არამედ ევროპაც პირდაპირ მუქარაზე გადმოვიდა. აგერ, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს პირდაპირ მიანიშნეს, სლოვაკეთის პრემიერს ხომ ხედავ, რაც დაემართაო. სლოვაკეთი ევროკავშირის წევრია, მაგრამ ხელს ყველაფერზე ბრმად არ წევს, არ მოსწონს ბევრი რამ და იქაური ხელისუფლება ამის შესახებ ხმამაღლა საუბრობს. ტერიტორიით სლოვაკეთი საქართველოზე პატარაა, მოსახლეობით – მეტი, თანაც ევროკავშირისა და ნატოს წევრია, მაგრამ გაიმეტეს. თუ ქვეყანა დიდ სახელმწიფოებს არ უწევს ანგარიშს, ასე ექცევიან და ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რას გვიზამენ. ამიტომ გვმართებს გონიერება და ახლა, სწორედ დღეს, წყდება საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობის ბედი.
ბესო ბარბაქაძე