Home რუბრიკები საზოგადოება ამ კალაძეს ცხვრები ხომ არ ვგონივართ, ბატონო ბიძინა, შარშან ერთს რომ ამბობდა...

ამ კალაძეს ცხვრები ხომ არ ვგონივართ, ბატონო ბიძინა, შარშან ერთს რომ ამბობდა და წელს მეორეს გვეუბნება?

584

არც ის გაგიკვირდეთ, ხალხმა თქვენი ნაქები კვირიკაშვილის გინება რომ დაიწყო

მოგესალმებით, ბატონო ბიძინა. გასულ კვირას იმდენი რამ მოხდა, აღარც კი ვიცი, საიდან დავიწყო. თანაც ვეჭვობ, რაღაცები არ გეცოდინებათ, ახალი ხე გაუყენეთ შეკვეთილის გზას და იმის მოგზაურობით იქნებოდით დაკავებული.

ტიტის შემდეგ მაგნოლია და კიდევ ცხრა ხე უნდა გადარგოს ბატონმა ბიძინამო, _ ამბობენ და, თქმა რად მინდა, ჩემი თვალით ვნახე გადაკეტილი გზა და ბორბლებზე შემდგარი მაგნოლია. რომ გითხრა, ხალხს მოსწონს და ერთი სული აქვს, შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი როდის გაიხსნება-მეთქი, მოგატყუებ. შიმშილის პრობლემა აქვს ხალხს, პური უნდა და არა მაგნოლია.

ისიც არ გეცოდინება, ბოლო დღეებში თბილისში იმაზე მეტი რომ ისროლეს, ვიდრე ახალ წელს. თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, გორში _ ბიზნესმენის ძმა და ესეც აშინებს ხალხს, შიმშილთან ერთად. კრიმინალური შემთხვევების მატებამ დააფიქრა ყველა, მაგრამ კავშირში მგონია ეს ყველაფერი ერთმანეთთან _ შიმშილი ზრდის ხოლმე, საზოგადოდ, კრიმინალს.

აი, ნაციონალების დაშლაზე მეც ბევრი ვიხალისე და ჩემმა ცხვრებმაც. სააკაშვილი პოლიტიკური ჯართიაო, უგულავამ რომ თქვა, და რომ დააყოლა,_ დიქტატორიაო, რაღაცნაირად გამიხარდა. გივი თარგამაძემ ისიც თქვა, მიშა მთლიანად შეიცვალა, სხვანაირი გახდა, ასეთ მიშას არ ვიცნობდიო. არადა, მე ხომ ვიცი, რომ არ შეცვლილა, უბრალოდ, მიშას შესაძლებლობა აღარ ჰქონდა, დიქტატორული თვისებები ხალხზე გამოევლინა და პარტიის წევრებს მიადგა, ანუ პარტიის წევრებმა და მისმა გარემოცვამ იგრძნო ის, რასაც ხალხი ცხრა წელი გრძნობდა და არ მოეწონათ. ურმის ბორბალი რომ გადაუვლის კამეჩის ფუნას (დიდია კამეჩის ფუნა ძროხისაზე) და გაყოფს, ზუსტად ასე გაიყვნენ ნაციონალები და ახლა, რაც უნდა იძახონ, უკეთესები ვართო, ერთი კამეჩისგან არიანმოზელილებიყველა. ერთი ეგაა, გამოცდილებიდან გამომდინარე, ვშიშობ, ვინმე არ გადმოვიდეს იქიდან თქვენს ბანაკში და ხელგაშლილმა არ მიიღოთ, გვაქვს მაგის პრაქტიკა და ეგეც ძალიან აბრაზებს ხალხს.

ნიკა გვარამიას თავში რომ ჩაარტყეს, კი გეცოდინება. გრეჩიხიჩმა გაიმეტა და მიპარვით თავი გაუტეხა. მერე თქვა თავდამსხმელმა, მათი სუფრიდან ჩემი ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზა გავიგონე და ამიტომ ჩავარტყიო. ხომ საინტერესოა? კაცს თურმე ოჯახი შეუგინეს და იმის ერთი ადგილი არ ჰქონდა, პირდაპირ მისულიყო და პასუხი მოეთხოვა, უკნიდან მიეპარა სიბნელეში, ქურდულად… მაგრამ ხომ გაგიგონიათ, ვაშლი ვაშლის ხისგან შორს არ ეცემაო და მე არ გამკვირვებია…

შესაძლოა, ვინმემ, უბრალოდ, გაატარა ერთი ამბავი, მაგრამ ჩემმა ცხვრებმა კი ბღავილი ატეხეს, _ ვაი, ვის დღეში ვართო. მოსამართლეებმა გასული წელი შეაფასეს, ერთმანეთს დითირამბები უძღვნეს და მერე, ყველაფერი რომ მორჩა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა კახაბერ სოფრომაძემ განაცხადა, ხარვეზები გვქონდა, მოსამართლეების რაოდენობა ცოტაა და ამიტომ მოქალაქეები ბოლომდე დასაბუთებულ და სრულყოფილ განაჩენს ვერ იღებდნენო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ეღიარებინოს, მოსამართლეები სრულყოფილ და დასაბუთებულ განაჩენებს ვერ ადგენენო, პირველად შევიტყვე და, თუ რომელიმე მოსამართლეს სხვა რესტორანში მიეპარა ვინმე და სრულყოფილად და დასაბუთებულად დაამხო თავზე ღვინის გრაფინი, არ გაგიკვირდეთ. არც ის გაგიკვირდეთ, ხალხმა თქვენი ნაქები კვირიკაშვილის გინება რომ დაიწყო. მთავრობის სხდომაზე პრემიერმა იმ ღამის კლუბებზე გააკეთა აქცენტი, მეც რომ არ შემიშვეს ჩემი კომბლით ამას წინათ, _ აქაოდა, ქართველი ხარ და თანაც, კომბლითო. კომბლებით არიან გამოსაყრელი იქიდან ის უცხოელები, ქართველი კაცის დანახვა რომ არ უნდათ და ქალებს ეპატიჟებიან მხოლოდ. მაგრამ ამაზე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე კი არ უნდა ილაპარაკოს და მერე ქართველობა ამტკიცოს, არამედ მშვიდად და წყნარად უნდა გასცეს დავალება და შესაბამისმა უწყებებმა შეასრულონ.

სხვათა შორის, შარშან, “გაზპრომთან” ხელშეკრულება რომ დაგვიმთავრდა, ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე ოპოზიციამ ერთი ამბავი ატეხა, _ კაბალურ პირობებს თანხმდებიანო. მაშინ ძველი პირობებით დავრჩით და იმჟამინდელ-ამჟამინელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ამაყად განაცხადა, _ იდიოტები ხომ არ გგონივართ, იმ ხელშეკრულებით წლიურად 160 მილიონით ვზარალდებოდითო. არადა, სწორედ მაშინ თქვეს ექსპერტებმა, რომ ადრე თუ გვიან იმ პირობებზე მოგვიწევს გადასვლა, რომელსაც “გაზპრომი” გვთავაზობს, რადგან თანამედროვე მსოფლიოში სწორედ ეს პრაქტიკაა მიღებულიო. კალაძის იმჟამინდელმა ომახიანმა განცხადებამ “გაზპრომის” შეფები, რბილად რომ ვთქვათ, გააბრაზა და ახლა სწორედ ის, მინუს 160-მილიონიანი ხელშეკრულება, გააფორმეს, კალაძე კი გვიმტკიცებს, ძალიან მაგარიაო. გვესმის, რომ სხვა გზა არ იყო, გვესმის, რომ მსოფლიოში ეს პრაქტიკაა მიღებული, მაგრამ ამ კალაძეს ცხვრები ხომ არ ვგონივართ, ბატონო ბიძინა, შარშან ერთს რომ ამბობდა და წელს მეორეს გვეუბნება? ხომ შეიძლება, კაცურად თქვას, _ ასეთი წესია, შარშან ანგარიში გაგვიწიეს რუსებმა, წელს კი ვეღარ მოახერხებენო, მაგრამ მაგას ერთი ადგილი უნდაის ადგილი, გრეჩიხიჩს რომ არ აქვს, შეურაცხმყოფელს პასუხი პირდაპირ მოსთხოვოს.

იმის თქმა მინდოდა, გასული წელი ყველაზე მაგარი რომ უნდა ყოფილიყო და ლამის შიმშილით რომ დავიხოცეთ. კი მეტყვით, მთავრობაში აღარ ვარო, მაგრამ პირობა თქვენ დადეთ, ბატონო ბიძინა, და, პირობას ვინც დებს, პასუხისმგებელიც ის არის. არა, გარკვეული ნაწილისთვის მაგარიც იყო და უმაგრესიც: 34 მილიონზე მეტი პრემია დარიგებულა 22 სახელმწიფო დაწესებულებაში, მაგრამ მათ რა ქნან, არც სამსახური რომ არ აქვთ, არც შემოსავალი და დილიდან საღამომდე პურს ნამცეცობით ჭამენ, შიმშილით რომ არ დაიხოცონ და მეორე დღეს საკვები რომ ჰქონდეთ? და კიდევ, იცით, რა მიანტერესებს: ნახევარ მილიარდზე მეტი მოგება დარჩენიათ ბანკებს შარშან და არ შეიძლება, ბანკების შეფებს სთხოვოთ (ან მოსთხოვოთ), რომ თითომ თითო წელს დაახლოებით 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს რეგიონში, მინიქარხანა ააშენოს, 100-მდე კაცი დაასაქმოს? ასი დასაქმებული კაცი 100 კმაყოფილი ოჯახია, ბატონო ბიძინა. თანაც, ამ ბიზნესს კი არ წაართმევთ, იმისი იქნება, დარჩება, მოგებას ნახავსთორემ ერთ დიდ ბანკად იქცა ქვეყანა და 3,5-მილიონიან სახელმწიფოში ოთხასი მილიონი ონლაინსესხი რომ არის გაცემული, გაჭირვების გამოა, თორემ არავის მოსწონს ვალი, ასე მგონია.

და მთავარი _ ქვემო ქართლის გუბერნატორმა რუსთავში პირველ დაბადებულ ბავშვს შობას საჩუქრები მიუტანა. ძალიან კარგია ეს, ყურადღება არავის აწყენს, მაგრამ იქვე ისიც თქვეს, შობას რუსთავში ხუთი ახალშობილი გაჩნდაო. ასი ათას ადამიანზე მეტი ცხოვრობს რუსთავში, ვაძოვებ ხოლმე მე მანდ ჩემს ცხვარს და მაგიტომ ვიცი. ასი ათასზე დღეში ხუთი ახალშობილი, იცით, რამდენი გამოდის? თვლას როგორ გასწავლით და, 20 ათას მოსახლეზე ერთი ბავშვია მხოლოდ… ჩემი ჭკუით, ამას განადგურების გზა ჰქვია და, თქვენ თუ სხვა სახელი იცით, მომწერეთ…

კეთილგანწყობით,

კომბლე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here