ჩემს ბავშვობაში ერთი ამერიკული კომედიური კინო გადიოდა, “ცხელი თავები” ერქვა. ეს ფილმი მახსენდება ხოლმე ქართველი ე.წ. მოლიბერასტო ელიტის წარმომადგენელთა “ორიგინალური” გამოხდომების ტელევიზორით მოსმენისა თუ სოციალურ ქსელებში წაკითხვისას. ხსენებული ფილმის პერსონაჟები ისეთ სისულელეებს სჩადიან და ლაპარაკობენ, რომ მასზე უფრო დიდი რეგვნობა ბავშვობაში წარმოუდგენლად მეჩვენებოდა… ახლა აღარ მეჩვენება…
ამ საშობაოდ იმდენი რეგვნული გამოხდომა ვნახე და მოვისმინე, “ცხელი თავები” ნამდვილად “ბრძენ თავებად” მოჩანან.
საინტერესოა, რომ მთავარი საკრიტიკო-საქილიკო თემა ქართული “ლიბერასტული” ელიტისა რატომღაც რელიგია, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და უარეს შემთხვევაში პირადად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.
მოდი, პირველივე საილუსტრაციო ფრაზად ყველაზე უფრო წარმოუდგენლად რეგვნული მაგალითი მოვიყვანოთ და თან ეს ფრაზა იმის ახსნის საშუალებასაც მოგვცემს, თუ რატომ დავარქვი წინამდებარე პუბლიკაციას არა “ცხელი თავები”, არამედ “ცხელი კვახები”.
გიგი თევზაძე:
“დღევანდელ სქართველოში 7 იანვარს შობის დღესასწაულის აღნიშვნა _ ეს არის ოკუპანტების მხარდაჭერა”
ეს სწორედ იმ ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორია, რომელ უნივერსიტეტსაც ახლო წარსულში “ოცდამეერთესაუკუნურად” მეტად არასერიოზული სახელი _ “ილიაუნი” უწოდეს.
ჩვეულებრივ, ყოველდღიურ მეტყველებაში ვინ რომელი უნივერსიტეტის სახელს როგორ შეამოკლებს, მისი საქმეა, მაგრამ ასეთი “მოფერებითი მეტსახელის” უმაღლესი სასწავლებლის ოფიციალურ დასახელებად ქცევა, მართლაც, ძალიან არასერიოზული ქმედებაა.
შეიძლება ვინმემ იფიქროს, _ ჯანდაბას, მთავარია, ქართული საქმე აკეთონ და იმ “თავის” უნივერსიტეტს, რაც უნდათ, ის დაუძახონო. აკი, აგერ, კიდეც იქაჩება ბატონი ნარექტორალი “პატრიოტობაზე” და მართლმადიდებლური შობის დღესასწაულის აღნიშვნას იმ მოტივით აპროტესტებს, რომ თურმე რუსი ოკუპანტებიც იმავე რწმენის არიან და იმავე დღეს აღნიშნავენ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.
განსაკუთრებით “საპატიოა” ასეთი ლოგიკა ფილოსოფიის პროფესორისთვის, აბა, რა!
წარმომიდგენია, რა ზუსტი და ნათელი წარმოდგენა ექნებათ ასეთი “პროფესორის” სტუდენტებს დედუქციასა და ინდუქციაზე…
გამოვტყდები და ნარექტორალის ამ ფრაზამ მეც ძალიან დამაფიქრა, ამიტომ დღეიდან ოფიციალურად ვაცხადებ, რომ არავითარ შემთხვევაში აღარ მივიღებ ოკუპანტური შობის მოლოცვებს არავისგან!
ამიერიდან მხოლოდ და მხოლოდ ძირძველი ქართული დღესასწაულების მილოცვას მივიღებ, ისეთის, მაგალითად, როგორიც არის “ჰელოუინი”, და მივიღებ მას მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ეროვნული მოღვაწისგან, როგორიც სანტა–კლაუსია!
აჰა, მივედით კიდეც იქამდე, თუ რატომ ვუწოდე ამ პუბლიკაციას “ცხელი კვახები”. განა შეიძლება, ეს ფრაზა, რომელიც უკვე მოვიყვანე მაგალითად, და ის ფრაზები, რომლებსაც აწი შემოგთავაზებთ, ან “ცხელი”, ან “ცივი”, ან, საზოგადოდ, რამენაირი “თავის” პროდუქტი იყოს?!
არა, მათ რაღაც სხვა აბიათ თავის ნაცვლად. აკი, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ცდილობენ კიდეც, თავიანთ “განსხვავებულობას” ხაზი გაუსვან, ყველა მანკიერი თვისების “ქართულ ფენომენად” გასაღება კი მათი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა.
ჰოდა, ამ “ქართველებისგან განსხვავებულ ქართველებს”, ამ ზებუნებრივ და ჩვენგან განსხვავებულ ადამიანებს თავის ნაცვლად რაღაც სხვა რომ აბიათ, ეს აშკარაა.
კი! მეც ერთი პერიოდი, ლამის დავეთანხმე იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემი ეს ვარაუდი გავუზიარე, და მათ დაუფიქრებლად მიპასუხეს, რა შეიძლება ებათ მათ თავის ნაცვლად… უბრალოდ, უხამსობას მოვერიდე და ხმამაღლა აღარ მითქვამს.
და აი, როგორც იქნა, აღმოვაჩინე! რაშიც ძალიან დამეხმარა სწორედ ბატონი ნარექტორალის ზემოხსენებული ფრაზა და ის, რომ ოკუპანტების დღესასწაულმა _ ქრისტეშობამ ჩვენი ძირძველი ქართული დღესასწაული ჰელოუინი გამახსენა.
აბა, ახლა თქვენც გაიხსენეთ: რა არის იმ დღესასწაულის ყველაზე მთავარი ატრიბუტი, რომელსაც ასე “არაოკუპანტურად” ეთაყვანებიან, ეფოფინებიან და თავს ევლებიან ბატონი გიგი თევზაძე და მისნაირი “პატრიოტები”. რაღა თქმა უნდა, _ კვახი(!), თანაც არა უბრალოდ კვახი, არამედ ამ კვახში დანთებული ცეცხლი. აქვე გავიხსენოთ, რომ კვახს მეორენაირად გოგრა ჰქვია, ხოლო ქართველები “თავის” ნაცვლად ხშირად ვიყენებთ ხოლმე გამოთქმას “გოგრა” და ყველაფერს ნათელი მოეფინება. დიახ, “ცხელი კვახები” _ აი, ის ადგილი, სადაც შეიძლება დაიბადოს ისეთი ბრძნული აზრები, როგორიც აქვთ გიგი თევზაძეს, ნინია კაკაბაძეს, რატი ამაღლობელს, ლაშა ბუღაძესა და კიდევ სხვა არაერთ მათნაირ “თავანთებულ”, უფრო ზუსტად კი _ კვახანთებულ ადამიანებს!
“ცეცხლოვანი კვახის” გარდა, განა სხვაგან, ნორმალურ თავში ან ცივ გონებაში, მომწიფდებოდა ისეთი “პიეტა”, როგორიც პოეტად წოდებულმა რატი ამაღლობელმა რატომღაც დაბადების დღეზე საქართველოს პატრიარქს მიუძღვნა?
“რატომღაც მიუძღვნა”-მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ მართლაც დღემდე გაურკვეველია, რა შუაში იყო მეტროპოლიტენის სადგურ “დელისთან” მიწისქვეშა გადასასვლელში გულის ინფარქტით გარდაცვლილი უცნობი მამაკაცი პატრიარქთან? გასაგებია, თავიდან ინფორმაცია გავრცელდა, რომ ეს უცნობი ხანში შესული მამაკაცი გაიყინაო, მაგრამ, ჯერ ერთი, ამხელა “საბას” დამფუძნებელ–ლაურეატი კაცი რომ ხარ და ამხელა გამოჩენილი ლირიკოსი, როგორ შეიძლება, ასე ამჩატდე, არ დაელოდო ქუჩაში ადამიანის გარდაცვალების რეალური მიზეზის გარკვევას და “ექსპრეს” წესით ეცე მაინცდამაინც პატრიარქს? ან თუნდაც გაყინულიყო ის ადამიანი, რა შუაშია აქ ილია მეორე?
მართალია, სხვა გამოჩენილმა “მოღვაწემ”, ლაშა ბუღაძემ, მსწრაფლ ითავა “ერის განმანათლებლის” უკვე ჩვეული ამპლუა და იმის სწავლება დაგვიწყო, თუ “როგორ უნდა წავიკითხოთ ლექსი”, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც მისი ნაბჟუტურებიდან გამოვიტანეთ აზრიანი დასკვნა.
ერთი ეგაა, რომ “დიადი დრამატურგი” გვიხატავს, როგორ დამთრგუნველად უმოქმედია ჩვენზე საბჭოთა განათლების სისტემას, რომელმაც, თავის მხრივ, განაპირობა ის, რომ ჩვენ, ქართველმა ხალხმა, ვერ შევძელით, “სწორად წაგვეკითხა” და სათანადოდ დაგვეფასებინა რატი ამაღლობელის ლექსი _ “პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში” საკუთარ დაბადების დღეზე გაყინული “პატრიარქის” შესახებ.
საზოგადოდ, ტერმინი “საბჭოთა” რომ არ არსებობდეს, ვფიქრობ, ძალიან ცუდად ექნებოდათ საქმე “ოცდამეერთე საუკუნის”პოეტ–მწერალ–დრამატურგ–მხატვარ–მუსიკოს და კიდევ სხვა მიმართულების ხელოვანებს. ეს ტერმინი პირდაპირ ხსნაა მათთვის! თუკი ეტყვი, უნიჭო ხარო, იმ წამს მზად აქვთ ფრაზა: “საბჭოთა განათლების სისტემის მსხვერპლი” და მორჩა! მოდი და, ამის შემდეგ გაბედე ხმის ამოღება!
მერე რა, თუკი “საბჭოელებს” შესანიშნავად გვესმის გურამიშვილი, რუსთაველი, ვაჟა, გალაკტიონი, რაფიელ ერისთავი და სხვა დანარჩენი “გოიმები”?!
რატი სულ სხვაა!
რატის გაგება ლაშას ინსტრუქციების გარეშე მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.
მოდი, ვაღიაროთ, რომ სწორედ ასეა _ ჩვენ ჩვენი “საბჭოთა” გემოვნების გამო გვიჭირს ამ “დიად” ხელოვანთა გაგება და ამიტომ ვთხოვოთ ამაღლობელს და სხვა მსგავს პოეტებს, აწი ლექსს რომ დაწერენ, ქვევით, სქოლიოში მიაწერონ ფრაზა: “ლექსის წაკითხვა-გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ლაშას”.
ისე, ისიც კაი იქნებოდა, ჩვენ _ “საბჭოთა განათლების მსხვერპლთ”, ბუღაძე ამაღლობელის ლექსს რომ განგვიმარტავს, მერე იქნებ ბუღაძის განმარტებაც განგვიმარტოს ვინმემ…
ისე, ისიც საინტერესოა, ამ “ანთებულ კვახებს”, რომლებიც, ფაქტობრივად, ჩემი თაობისანი არიან, “საბჭოთა” თუ არა, მაშ, სხვა რანაირი საშუალო განათლება აქვთ? კარგი, დავუშვათ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ დაიპყრეს “არასაბჭოთა” მწვერვალები, სკოლა ხომ მათაც საბჭოთა გაიარეს?
საბჭოთა წყობა ხომ რელიგიას აქებდა და ადიდებდა, არ გახსოვთ? რელიგიის მლანძღველებს ხომ ვერ დავწამებთ “საბჭოთა აზროვნებას”? აბა, მაშ, ვინ ასწავლიდა ამ “განსწავლულებს” მართლმადიდებლური რელიგიისა და მისი მეთაურის ასე “არასაბჭოურ” ლანძღვას?
ნუ იჭყლეტთ ტვინს! არც ამაზე დაგვზარდებიან ჩვენი “პრადვინუტები” და პირდაპირ გვეუბნებიან: “მადლობა დედაჩემს, რომ ბავშვობიდან მელაპარაკებოდა პატრიარქის მეშჩანობასა და უზნეობაზე!” _ საქვეყნოდ აცხადებს ნინია კაკაბაძე.
აი, როგორი სანიმუშო აღზრდა აქვს ზოგიერთს მიღებული! ახლა ამას და ამნაირებს რატი ამაღლობელის “მიწისქვეშა პიეტის” აღქმა გაუჭირდებათ?
უცნაურია, რომ კაკაბაძეების დედა მხოლოდ ქალიშვილს ესაუბრებოდა თურმე პატრიარქის უზნეობასა და “მეშჩანობაზე”, ვაჟიშვილისთვის სიტყვაც არ უთქვამს მსგავსი. ყოველ შემთხევევაში, ამას ასე ამტკიცებს ნინია კაკაბაძის ძმა _ ირაკლი კაკაბაძე.
საბოლოო ჯამში, ეგ მაინც არ არის ისე საინტერესო, თუ რატომ არჩევდა შვილებს ერთმანეთისგან ასე კაკაბაძეების დედა. დამაფიქრებელი და უცნაური ისაა, რატომ დაემთხვა ასე ზედიზედ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებები, ბრალდებები, “პიეტები” და სხვა სახის ბოდვები ერთმანეთს; რატომ მოუნდათ ამ “ცხელ კვახებს” ასე ერთხმად და უცებ ილია მეორის ლანძღვა–გინება.
ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის დღეები და პატრიარქის დაბადების დღე და აღსაყდრების წლისთავი იყო?
თუ ამ ადამიანების ასეთი ხმაშეწყობილი “გამოცოცხლება” ამ მიმართულებით უბრალო დამთხვევაა?
ალბათ, თქვენც გრძნობთ და ხვდებით, რომ კითხვები რიტორიკულია. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში ისეთი სიტუციაა, ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ისეთი ძალები ბატონობენ, რომ ფაქტია, “ცხელი კვახები” კიდევ კარგა ხანს არ “ჩაქრებიან”.
ბაკურ სვანიძე
რასაც წერს,მართლად წერს…სიმართლეს წერს…
ბაკურ! ზემოთ ჩამოთვლილი ხალხი მედროვე კვახ-ბოროტები არიან. თავს იმკვიდრებენ
არაადამიანური აზროვნებით.
მაგარია ბაკურ! ცხელი კვახები – ეს კიდევ საუკუნის მიგნებაა! ჰკა მაგათ!