
რა ხდება ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებაში? შეკითხვის ასე დასმა უკვე ნიშნავს იმას, რომ რაღაც გაუგებარი, გაურკვეველი, მიუღებელი, არანორმალური, აბსურდული, სულელური ხდება, მაგრამ კონკრეტულად რა?
ევროპაში, მაღალი ჩინებით დაწყებული და ჟურნალისტებით დამთავრებული, ყველა საქართველოს ხელისუფლებას ებრძვის, ყველა სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს და ყველას დასავლური აგენტურის მოყვანა სურს. ეს იციან საქართველოს ხელისუფლებაში, ამას აღიარებენ და ომახიანი სიტყვებითაც გამოდიან. ამის შემდეგ დამწკრივდებიან პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი და ხან ერთ ღონისძიებას ესწრებიან და ხან – მეორეს.
ეს მექანიზმია გაუგებარი. იქ, სადაც შენი არ ესმით და არც სურთ, ესმოდეთ; იქ, სადაც შენ ვერავის ვერაფერს შეაგნებინებ და ვერაფერში დაარწმუნებ იმიტომ, რომ საამისო შინაგანი მზადყოფნა არ არსებობს; იქ, სადაც სძულხარ და ეზიზღები, რისთვის მიდიხარ?! იქაურმა გრიგოლიებმა, კვესიტაძეებმა და ჟიჟილაშვილებმა რომ შეურაცხგყონ?! რისთვის არის ეს საჭირო? რა შედეგი მოაქვს? ხომ გითხრეს, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში თქვენი წევრობის საკითხს არ განვიხილავთო?! თქვენც ხომ უთხარით, რაკი ასეა, 2028 წლამდე თქვენკენ ჩვენც არ გამოვიხედავთო, ხომ იყო ასე? მიუხედავად ამ დათქმისა, შეთანხმებისა თუ გარიგებისა, ხომ გლანძღავენ, ხომ გეძახიან უკანონოებს, ოლიგარქებს, დიქტატორებს და ათას უბედურებას? ხომ იღებენ ათასგვარ რეზოლუციებსა და დირექტივებს, რომლებშიც ღიად, დაუნდობლად და ვერაგულად გებრძვიან? ხომ აქვთ თქვენთვის ომი გამოცხადებული? ხომ აქვთ ცეცხლი გახსნილი? ჰოდა, რას დარბიხართ მაგ ევროპაში-მეთქი, გეკითხებით, რადგან მიმძიმს თქვენი საცოდაობის ყურება, როდესაც მაგ უბინძურეს არსებებთან სერიოზულად კამათობთ. იქიდან დაბრუნებულნი გვეტრაბახებით, ისინი კამათში დავამარცხეთო. კამათში მათი დამარცხება შეუძლებელია, რადგან ისინი კი არ კამათობენ, ტალახს ისვრიან, იფურთხებიან და სიბინძურით წუწაობენ. შეურაცხყოფა მაზოხისტურ სიამოვნებას თუ განიჭებთ, ამისთვის აქაური გიჟები არ გყავთ? რა საჭიროა იქაურ გიჟებთანაც ამ დუელსა და ხმალაობაში შესვლა? გგონიათ, რომ ეს რამეს (ღირსებას, რეიტინგს, პოპულარობას, ავტორიტეტს) გმატებთ? ასე თუ გგონიათ, იმაზე უარესად ყოფილა საქმე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, ხოლო ასე თუ არ გგონიათ და მაინც ასე იქცევით, სწორედ ეს არის ის, რასაც გაუგებრობა, აბსურდი, სისულელე და მარაზმი დავარქვი.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების 2026 წლის ანგარიშს ეხმაურება და მას მეტწილად ტენდენციურს უწოდებს. საგარეო უწყების განცხადებით, დოკუმენტი შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებსა და მცდარ შეფასებებს, რომლებიც ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას: „მიუღებელია ევროკომისიის ანგარიშის მცდელობა, სახელმწიფოს მიტაცებად წარმოაჩინოს ხალხის მიერ დიდი უპირატესობით არჩეული ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფოს მართვა, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა სახელმწიფოსა და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. შემაშფოთებელია, რომ ანგარიში შერჩევითი ანალიზის საფუძველზე ხელს უწყობს სამართლებრივი საკითხების პოლიტიზების მცდელობებს, რომელიც ძირს უთხრის სამართლის უზენაესობის პრინციპს და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის ღია მცდელობას წარმოადგენს”.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ტონი თანდათანობით მკაცრდება: „სხვადასხვა აქტორების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ ქართველი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საპასუხო განცხადებების მტრულ რიტორიკად შეფასება გამოხატვის თავისუფლების პრინციპზე თავდასხმაა, რომელიც ემსახურება ნდობის შერყევას და აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის საფუძვლებს“.
ახლა ცალკეული გამონათქვამებიც ვნახოთ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს: „სამწუხაროდ, ვხედავთ ევროკომისიის ძალიან უმწიფარ საერთაშორისო პოლიტიკას, მათ შორის კანდიდატი ქვეყნების მიმართ და არა მხოლოდ საქართველოს მიმართ. სანამ ევროკომისია ამ უმწიფარ პოლიტიკას არ შეცვლის, რთულია, წარმოვიდგინოთ, რომ მათი მხრიდან რამე კონსტრუქციული ნაბიჯები იქნება გადადგმული. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ევროკავშირთან დიალოგის მაგიდასთან ვსხედვართ და ველოდებით, ამ მაგიდასთან ევროკავშირის წარმომადგენლები როდის დასხდებიან. ვხედავთ, რომ ისინი ამ მაგიდის გარშემო ტრიალებენ და დიალოგის ნაცვლად კონფრონტაციულ გზას ირჩევენ. ეს არის ევროპული ღირებულებების ნგრევა და ევროპის ცივილიზაციური უფსკრულისკენ წაყვანა. ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, მიმართ ევროკომისიის გამოცხადებული მთავარი ტაქტიკა როდესაც არის კონფრონტაცია, ესკალაცია და არა დიალოგი, ეს არანაირად არ არის ევროპული ღირებულება. ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, ცივილიზებულად და ევროპულად მოვიქცეთ. სამწუხაროდ, იქიდან საბჭოთა მეთოდებს ვხედავთ, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ევროკომისიის ხელმძღვანელობაში პოსტსაბჭოთა ლიდერებს ვხედავთ, რომლებიც მართალია, საბჭოთა კავშირიდან გამოვიდნენ, მაგრამ ვერ ამოიღეს საბჭოთა ქცევები. ბევრ საბჭოთას გაემიჯნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ის მეთოდები წამოიღეს, რომლებიც საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი იყო პატარა ქვეყნების მიმართ. ახლა ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ ვუყურებთ საბჭოთა მეთოდებს – კონფრონტაციას, ესკალაციას, ზეწოლას, იძულებას, ნაცვლად დიალოგისა“.
ზემოთ სიტყვები – „მარაზმი” და „აბსურდი” ვახსენე. ერთი სიტყვაც უნდა დავამატო – „აჯაფსანდალი”. ამ გემრიელი კერძის სახელი იმის სინონიმად გამოიყენება, რაშიც ბევრი რამეა ჩაყრილი. რა შუაშია საბჭოთა კავშირის ანალოგია? ის სახელმწიფო სულ სხვა პრინციპზე იყო აგებული და ის პრინციპები სხვაგვარ მიდგომებს მოითხოვდა. ევროკავშირისა და ევროკომისიის დღევანდელი მიდგომები თუ მიუღებელია, ამ მიუღებლობას უნდა უპასუხო ადეკვატურად. ადეკვატური პასუხია ის, რომ, ვინც ზურგს გაქცევს – ზურგი აქციო, ვინც უსამართლოდ გექცევა – უთხრა, რომ უსამართლობას არ შეეგუები და ურთიერთობა გაწყვიტო. ერთი მხრივ ვხედავთ, რომ ვითარება სწორად არის შეფასებული, მაგრამ სწორი დასკვნა არ ჩანს. პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ერთ შემთხვევაში გვეუბნება: „ყველაფერი, რაც ამ ანგარიშშია მოცემული, რეალობას არ შეესაბამება. ამაში სრულიად დარწმუნებულები ვართ. ჩვენ დავინახეთ, რომ ევროკომისია კანდიდატის სტატუსის საკითხს საქართველოსა და ქართული საზოგადოების დასაშანტაჟებლად იყენებდა, რაც უსამართლო იყო“. მეორე შემთხვევაში კი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი: „საქართველო კვლავ ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ოღონდ ღირსეულად”.
რა არის ეს? რომელ ღირსებაზე შეიძლება საუბარი იქ, სადაც ამდენჯერ შეურაცხგყოფენ?!
ბევრი რომ არ გავაგრძელო, აშკარაა პოლიტიკური დაბნეულობა, რომელიც შალვა პაპუაშვილის ერთ წინადადებაში სრული სისავსით აისახა: „ჩვენ ვრჩებით ევროპულად, ევროკომისია არაევროპულად იქცევა “. ესე იგი, ქართველები ევროპელებს ვეუბნებით: თქვენ აღარ ხართ ის, რაც უნდა იყოთ, სამაგიეროდ, ჩვენ ვართ ის, რაც თქვენ უნდა იყოთ. ამ წინადადებას თუ გავამარტივებთ, იგი ასეთ სახეს მიიღებს – ჩვენ ვართ თქვენ!
ვალერი კვარაცხელია






