პურის ქართველი მწარმოებლები ორიოდე კვირის წინათ ამბობდნენ, უახლოეს მომავალში პურის გაძვირება არ იგეგმება, რადგან შავ ზღვაზე უსაფრთხო გარემო არ არის და რუსეთს ექსპორტის სერიოზული პრობლემა აქვს, საქართველოში კი ხორბალი და ფქვილი რუსეთიდან სახმელეთო გზით უსაფრთხოდ შემოდის, ამიტომ იაფად ვყიდულობთ და ეს ძალიან კარგიაო. აბა, რა უფლება გვქონდა, მათთვის არ დაგვეჯერებინა, მაგრამ, როგორც წესი, ახლაც მოგვატყუეს და თანაც ძალიან მწარედ…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის აგვისტოში გაძვირდა შემდეგი პროდუქტები: თევზეული (18,1 პროცენტით); ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,8 პროცენტით); ზეთი და ცხიმი (7,8 პროცენტით); პური და პურპროდუქტები (7,1 პროცენტით), ბოსტნეული და ბაღჩეული (5,5 პროცენტით), ყავა, ჩაი და კაკაო (5,4 პროცენტით), რძე, ყველი და კვერცხი (2,9 პროცენტით), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1,9 პროცენტით), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0,6 პროცენტით). სამაგიეროდ ფასი შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-6,1 პროცენტით), მაგრამ ხილი და ყურძენი სწორედ ახლა შემოდის და გაიაფებაც სეზონურია. სამწუხაროდ, ჩვენთან პურსა და ხორცს სეზონი არ აქვს და ამას შემთხვევით არ ვამბობთ – გაზაფხულზე მთაში გასასუქებლად გარეკილი საქონლის ჩამოყვანა უკვე დაიწყო და, შესაბამისად, ხორცი უნდა გაიაფებულიყო, მაგრამ პირიქით მოხდა – გაძვირდა და, ადგილობრივ წარმოებას კონკურენციას შემოტანილი გაყინული ხორცი რომ უწევს, ეგ ცალკე პრობლემაა. ისე, გაყინული ხორცი აქამდე ნატურალურზე ლამის ორჯერ იაფი ღირდა, ახლა კი მხოლოდ 2-3 ლარით ჩამორჩება. ვაი, რომ მოსახლეობა ამ ყველაფერს შეეგუა და მშვიდად ყიდულობს. ისე, ერთმა მცოდნე კაცმა თქვა: დიდი ხანია, ხორცი ფუფუნების საგნად იქცა, ვინც ვერ ყიდულობდა, მას ფასების ცვლილება არ აინტერესებს და ვინც ყიდულობდა, მისთვის 2-3 ლარით გაძვირება პრობლემა არ არისო. რატომღაც ის გვახსენდება, „ერთმა კაცმა“ რომ თქვა, პოლიტიკაში „შუა უნდა გაიკრიფოსო“ და მგონი, იმ „პოლიტიკურ შუა“-ს მოსახლეობის „შუა“ ნაწილი, ანუ საშუალო ფენაც მიაყოლა – ნელ-ნელა ყალიბდება მდიდრებისა და ღატაკების ფენები, საშუალო კლასი კი, უბრალოდ, აღარ იარსებებს. არადა, სპეციალისტები ამბობენ, საბჭოთა კავშირი იმით იყო ძლიერი, რომ საშუალო ფენა ჰყავდა უმრავლესობაშიო. არ უნდა იყოს ეს მოსაზრება სიმართლისგან შორს.
საინტერესოა, რომ ფასები შემცირდა ფეხსაცმელსა და ტანსაცმელზე (შესაბამისად, 2,4 და 2,5%-ით), მაგრამ აქაც საინტერესო ამბავია – ფასები შემოტანილ, ანუ იმპორტირებულ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელზე შემცირდა და არა ადგილობბრივ ნაწარმზე. ანუ, უცხოელმა მწარმოებლებმა იციან, რომ ახლა ბაღები, სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები იწყებენ მუშაობას, შესაბამისად, მშობლები ათ პირ ტყავს (ცხრა უკვე გამძვრალი აქვთ) გაიძრობენ და ბავშვებს ახალი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით შემოსავენ. ქართველმა მწარმოებლებმა ერთბაშად გამდიდრება გადაწყვიტეს (გვეხერხება ეს ქართველებს, ერთ დღეში რომ მილიონის შოვნა გვინდა და მერე, რომ არ გამოდის, გვიკვირს, რატომ არ გვიმართლებსო), უცხოელებმა კი პირიქით – ფასები შეამცირეს და აქცენტი რაოდენობაზე გააკეთეს. ვინ დარჩება მოგებული, ადვილი მისახვედრია. რაც შეეხება ხარისხს, ვიღაცამ შეიძლება თქვას, აქაური ნაწარმი უფრო ხარისხიანიაო, მაგრამ ეს „უფრო ხარისხიანი“ არც ისე შესამჩნევია (თუ არის, საერთოდ) და, სამწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობა ფასს უფრო დიდ ყურადღებას აქცევს, ვიდრე ხარისხს და ეს ცალკე უბედურებაა.
ექსპერტები გვიმტკიცებენ, ეს ყველაფერი საერთო ინფლაციის შედეგია, თორემ რეალურად ფასების მატებას ხალხი ვერ გრძნობსო, მაგრამ, იცით, რა გვაინტერესებს: პური 1,80 რომ ღირდა და 1,90 ღირს, ამას ვერ გრძნობენ? არა, არიან ისეთები, ათი თეთრით კი არა, ათი ლარით რომ გააძვირო პური, შესაძლოა, ვერც კი გაიგონ, სანამ ვინმე არ ეტყვის, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ არ გაძვირებულა?! და კითხვა, რომელზეც ოფიციალურ პასუხს არასდროს არავინ სცემს – დაასახელეთ პროდუქტი, რომელიც გაძვირების შემდეგ ისე გაიაფდა, რომ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა? არ ხდება ასეთი რამ საქართველოში და ისიც გემახსოვრებათ, პურის გაძვირების გამო პრემიერმა თავის დროზე კომისია რომ შექმნა, იმ კომისიამ შედეგი 8 თვის შემდეგ დაწერა, რომ… გაძვირება შეგნებულად არ მომხდარა და ეს ბაზარზე მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია, მაგრამ, კონკრეტულად რომელმა მოვლენებმა, არავინ გვითხრა. ჰო, იმ 8 თვეში, სანამ კვლევა მიდიოდა, პურის ფასმა კიდევ მოიმატა, მაგრამ მთავრობა ხელებს შლიდა, კომისია უკვე შექმნილიაო და დაველოდოთო. დაველოდეთ და… პასუხიც მივიღეთ.
ქართულ ბიზნესს ერთი უცნაურობა სჭირს – გააძვირებენ პროდუქტს სოლიდურად, მაგალითად, 100%-ით და, როცა ატყდება ხმაური, მომატებულ ფასს ჩამოაკლებენ 20 ან 30%-ს და პრესკონფერენციასაც „მოარტყამენ“ ხოლმე, გავიგეთ ხალხის ხმა, პროდუქტი გავაიაფეთო. ამას ყველა ტაშს უკრავს, ის კი აღარავის ახსოვს, რომ რეალურად პროდუქტი 20 და 30%-ით კი არ გაიაფდა, არამედ 70 ან 80%-ით გაძვირდა. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ყურადღებას არავინ აქცევს და ვაღიაროთ, არც სახელმწიფოა ასეთ ამბებში ისე ჩართული, კონკრეტულ ბიზნესმენს ყური რომ აუწიოს და უთხრას, მოსახლეობას რატომ ატყუებო…
მოდი, უფრო მარტივი კითხვა დავსვათ – დაასახელებთ ორგანოს, დაწესებულებას, კონკრეტულ პირს, რომელიც საქართველოში ფასების კონტროლზეა პასუხისმგებელი? ახლა, ვიღაცამ შეიძლება თქვას, ეს კონკურენციის სააგენტოს ფუნქციააო, მაგრამ რატომღაც გვრჩება შთაბეჭდილება, რომ სააგენტოს თანამშრომლებს ბოლომდე თვითონაც არ აქვთ გაცნობიერებული, რის უფლება აქვთ და რის – არა. გინახავთ, სააგენტოს თანამშრომელი რომელიმე მაღაზიაში შესულიყოს, რამე ეკითხოს, საყვედური ეთქვას, დოკუმენტაცია მოეთხოვოს, პასუხისმგებელ პირთან შეხვედრის სურვილი გამოეთქვას… არა, მსგავსი არაფერი ხდება და დასმულ კითხვაზე პასუხიც მარტივია – ასეთი სამსახური საქართველოში არ გვაქვს. ეს ჩვენზე კარგად იციან ბიზნესმენებმა და ამიტომ აძლევენ თავს ბევრი რამის უფლებას, ამიტომ არის ამ სფეროში ანარქია. ალბათ, გამოჩნდება ვინმე, ვინც გვეტყვის, ანარქია წესრიგის დედააო, მაგრამ ქართულ რეალობაში ასე არ არის და ანარქიას აქ ისე იყენებენ, როგორც თვითონ აძლევთ ხელს.
ბარემ ისიც ვთქვათ, რაც ადრეც არაერთხელ დავწერეთ. ადგილზე გაზრდილი ღორების პრობლემა სულ უფრო აქტუალურია – 7-8-კილოგრამიანი გოჭის ფასმა 250-280 ლარის ფარგლებში დაიწყო თამაში, ანუ ერთი კილოგრამი 35 ლარი გამოდის და ეს მაშინ, როცა შარშან ეს პროდუქტი, ოღონდ საახალწლოდ, 25 ლარი ღირდა. გვერწმუნეთ, მატება არ დასრულდება, სანამ ადგილზე არ დავიწყებთ იმდენი რამის წარმოებას, რომ, სურთ თუ არა, ბიზნესმენები აქაური პროდუქტით დაინტერესდნენ და აქაური პროდუქტის ფასებით დაარეგულირონ შემოტანილის ფასი. სხვაგვარად, ყოველდღიურად თუ ყოველთვიურად გვექნება ფასის მომატება ყველა პროდუქტზე. მსოფლიო სასურსათო კრიზისის წინაშე რომ დგას, ყველასთვის ცნობილია, მაგრამ საქართველოში ეს ყველაფერი თითქოს არ ადარდებთ და მხოლოდ იმის თქმა, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, საქმეს არ შველის. გამოსავალი სახელმწიფოს სწორ სტრატეგიასა და მოსახლეობის მონდომებაშია, მაგრამ უახლოეს მომავალში ფასების რეგულირებაში სახელმწიფო აღარ ჩაერევა (ისეთ მარცხი განიცადა და ისეთი სილა გააწნეს) და არც ჩვენ გვეტყობა რამე ისეთი, შარშანდელზე ან შარშანწინდელზე უფრო მეტი მოვინდომოთ და საკუთარი ხელით შევქმნათ თუნდაც ჩვენთვის და ჩვენი ოჯახისთვის საკმარისი თუ არა, საკმარისის ნახევარი პროდუქტი.
ლევან გაბაშვილი







