პოლიტიკური ღვარცოფიდან ისტორიულ კანონზომიერებამდე

    2026 წლის 31 აგვისტო – 1 სექტემბერს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გაიმართა თანამშრომლობის შანხაის  ორგანიზაციის (თშო) რიგით 26- სამიტი, რომელსაც ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი თავმჯდომარეობდა. შეხვედრის მთავარი დევიზი იყო ერთად მდგრადი მშვიდობის, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის“. შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზაციის ათი წევრი ქვეყნის ლიდერები, მათ შორი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი.

    სამიტის დასასრულს წევრმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც:

    * მკაცრად დაგმეს აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებები ირანის წინააღმდეგ, ასევე დასავლეთის მიერ დაწესებული ცალმხრივი სანქციები;

    * ყურადღება გაამახვილეს ორგანიზაციის გაფართოებაზე, უსაფრთხოების ახალ არქიტექტურასა და დასავლური სანქციების ფონზე ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე;

    * ხაზი გაუსვეს მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის მხარდაჭერას და დაგმეს ცალმხრივი ეკონომიკური სანქციები, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

    დაამტკიცეს თშო-ს  ანტიტერორისტული სტრუქტურის მოდერნიზაციის გეგმა, რომელიც ამიერიდან უფრო აქტიურად ჩაერთვება კიბერუსაფრთხოებისა და საინფორმაციო ომების აღკვეთაში;

    * მიიღეს ერთობლივი სამოქმედო გეგმა ცენტრალურ აზიაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ავღანეთიდან მომავალი ნარკოტრაფიკისა და ტერორიზმის საფრთხეების შესამცირებლად;

    * ხელი მოაწერეს საგზაო რუკას წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობაში აშშ-ის დოლარის წილის კიდევ უფრო შემცირებისა და ანგარიშსწორების ეროვნულ ვალუტებში (იუანი, რუბლი, რუპია და ა.შ.) გადაყვანის შესახებ;

    * მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას ერთობლივი ფინანსური ინსტიტუტის შექმნის დაჩქარებაზე, რომელიც დააფინანსებს მსხვილ რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს;

    * განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს “ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის” ახალი რკინიგზის მშენებლობის პროგრესს და სატრანზიტო მარშრუტ “ჩრდილოეთი-სამხრეთის” გაფართოებას.

    რუსეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაეროს საქმიანობას დაუთმო:

    „ეჭვგარეშეა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ეკუთვნის და მომავალშიც უნდა ეკუთვნოდეს ცენტრალური როლი მსოფლიო საქმეებში. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გაერომ თავისი იუბილე აღნიშნა: რვა ათწლეულის წინათ ჩვენმა ქვეყნებმა და ხალხებმა დაამარცხეს ნაციზმი და მილიტარიზმი მეორე მსოფლიო ომში. 1939 წელს სწორედ ამ დღეს, 1 სექტემბერს, დაიწყო ეს საშინელი ომი, რომლის მსვლელობისას ნაციზმი და მილიტარიზმი განადგურდა. იმხანად ხალხებმა შეძლეს გაერთიანება, ინტერესთა ბალანსის პოვნა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ფუნდამენტურ წესებზე შეთანხმება. ეს წესები სრული მოცულობით ასახეს გაეროს წესდებაში და მას შემდეგ მსოფლიო ორგანიზაცია გვევლინება დიალოგის, დიპლომატიისა და თანამშრომლობის უნიკალურ პლატფორმად. რა თქმა უნდა, ცხოვრება ერთ ადგილზე არ დგას და, ალბათ, ყოველთვის ყველაფერი როდი მოგვწონს ან გვაკმაყოფილებს გაეროს მუშაობაში. სიმართლე რომ ვთქვათ, ასე იყო ყოველთვის, პრაქტიკულად მისი შექმნის მომენტიდანვე. შემთხვევითი არ არის  და აქ ჩემმა კოლეგებმა დსთ-დან ეს, შესაძლოა,  სხვებზე უკეთ იციან, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ გრომიკოს ხშირად უწოდებდნენ „ბატონ არა“-ს (Mr. No), რადგან ის ხშირად იყენებდა ვეტოს უფლებას ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას, რითაც იცავდა სსრკ-ის ინტერესებს, ხოლო შემდგომ  აფრიკის, ლათინური ამერიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის იმ მრავალი სახელმწიფოს ინტერესებს, რომლებიც იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და კოლონიური ბატონობის წინააღმდეგ. გაეროს პოტენციალი, როგორც ჩანს, დღესაც შორს არის სრულად რეალიზებისგან და მნიშვნელოვანია ძალისხმევის მიმართვა ამ მიმართულებით “.

    თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის სამიტზე პუტინის მიერ ყურადღების გადატანა გაეროს საქმიანობაზე შემთხვევითი არ ყოფილა. გაერო, სამწუხაროდ, ვეღარ ასრულებს იმ ფუნქციას, რომლისთვისაც იგი შეიქმნა. თითქმის ბოლომდე მოშლილია მსოფლიო წესრიგი და ვერ ფუნქციონირებს საერთაშორისო სამართალი. ეს სერიოზული პრობლემაა. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის იურიდიული მექანიზმის მოშლამ საერთაშორისო სამართლის ნაცვლად საერთაშორისო ქაოსი შვა. ქაოსი კი ელვის სისწრაფით გადადის ძალმომრეობაში ძლიერები იმარჯვებენ, სუსტები მარცხდებიან და მსხვერპლად გადაიქცევიან. შემდეგ წრეზე არეალი ფართოვდება. ბევრნი, რომლებიც წინა წრეზე სხვებს (მათზე სუსტებს) ამარცხებდნენ, ახლა თვითონ იქცევიან სუსტებად მათზე ძლიერებთან შედარებით და ა.შ. ქაოსი შობს რეგიონული ომების წინაპირობას, რეგიონული ომი კი გადაიზრდება გლობალური მასშტაბის დაპირისპირებაში. ის, რომ მსოფლიო წესრიგის მოშლა ნიშნავს ქაოსში გადავარდნას, რაც ომის წინაპირობაა, ნაცნობი ფორმულაა, მაგრამ ის, რომ ფორმულა ნაცნობია, ამ რეალობას ვერ ცვლის, მაინც ყველაფერი ამ მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს. ალტერნატივაა საჭირო. უნდა მოიძებნოს მექანიზმი, რომელიც საფუძველგამოცლილ გაეროსა და მის უშიშროების საბჭოს ჩაანაცვლებს. ვინაიდან პუტინი ამ თემაზე შანხაის ორგანიზაციის სამიტზე ალაპარაკდა, იქნებ სწორედ ამ ორგანიზაციის ბაზაზე უნდა ჩამოყალიბდეს მსოფლიო წესრიგის ძველი რუდიმენტების ალტერნატივა. ამ თვალსაზრისის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინიც ამავე თემაზე ალაპარაკდა: „კარგ პრაქტიკად იქცა ისიც, რომ ამჯერად  თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის შეხვედრის დღის წესრიგში შეტანილია გაეროს როლის გაძლიერებისა და მრავალპოლარული სამყაროს ჩამოყალიბების საკითხი”.

    გაეროს როლის გაძლიერება თუ გაეროს როლის ჩანაცვლება?   ასე რადიკალურად საკითხი თითქოს არ დასმულა, მაგრამ, აზრს სტრიქონებსა და აბზაცებს შორის თუ წავიკითხავთ, არც უამისობა ყოფილა. აი, მაგალითად, რა თქვა ბატონმა სი ძინპინმა: კაცობრიობის მომავლისთვის ასეთ გადამწყვეტ გზაჯვარედინზე მყოფმა თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციამ ისტორიული პასუხისმგებლობა გაბედულად უნდა აიღოს საკუთარ თავზე და მსოფლიო პროცესებში წამყვანი როლი შეასრულოს”. განა ეს გაეროს ჩანაცვლებაზე  მინიშნება არ არის?! ჩანაცვლება არა თვითმიზნურად, არამედ მსოფლიოში შექმნილი ვითარების გააზრებითა და პასუხისმგებლობის განცდით. ხომ არ დადგა დრო, პოლიტიკური ბალანსის ცენტრმა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ანუ ნიუ-იორკიდან პეკინში ან მოსკოვში გადმოინაცვლოს? საყურადღებოა, რომ ვლადიმერ პუტინიც და სი ძინპინიც მრავალპოლუსიან მსოფლიოზე ლაპარაკობდნენ, როგორც უკვე შემდგარ და შეუქცევად ფაქტზე. სი ძინპინმა ხაზი გაუსვა უსაფრთხოების საკითხს, თანაც ისე, რომ აშკარად იგულისხმა ის, ვინც ჯერ კიდევ ვერ ელევა ერთპოლუსიან მოფლიოზე ოცნებას: „მნიშვნელოვანია, უსაფრთხოება მუდამ დავაყენოთ უმთავრეს პრიორიტეტად და შევქმნათ საყოველთაო უსაფრთხოების გარემო. საჭიროა ტრადიციული და არატრადიციული უსაფრთხოების საფრთხეებზე კომპლექსური რეაგირება, ბრძოლა ბოროტების სამ ძალასთან – ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების კონტრაბანდასა და სატელეკომუნიკაციო თაღლითობასთან. ამასთანავე, უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა საინფორმაციო, ბიოლოგიური და კოსმოსური უსაფრთხოების სფეროებში და მკაცრად აღვკვეთოთ გარე ძალების მცდელობები, ჩაერიონ ჩვენი სახელმწიფოების საშინაო საქმეებში და ამით დააზიანონ პოლიტიკური უსაფრთხოება და რეგიონული სტაბილურობა”.

    ბიშკეკის სამიტზე უაღრესად მნიშვნელოვანი იყო პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა, რომელზეც ამიერკავკასიასთან რუსეთის დამოკიდებულების წახნაგები და პერსპექტივები გამოიკვეთა. ახლა ამ თემაზე აღარ გადავალ, ვინაიდან სტატიის მოცულობა ამის საშუალებას არ იძლევა. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ გეოპოლიტიკური გადალაგება და გადანაწილება კი არ დამთავრდა, მხოლოდ იწყება. პროცესი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარდა, ანუ დასავლეთის ტოტალური შემოსვლა პოსტსაბჭოთა სივრცეში სამუდამო მოცემულობა არ არის. ეს უმართავი პოლიტიკური სტიქია იყო და არა  ისტორიული კანონზომიერება. ისტორიული კანონზომიერება ხანგრძლივ პერიოდში ყალიბდება, თვისებრივი ხასიათის ცვლილებებიდან მოკლე პერიოდებში კი ყოველთვის სტიქია მძვინვარებს, რომელსაც მოვარდნილი ღვარცოფის ეფექტი ახლავს. ღვარცოფი წალეკავს ყველაფერს, რაც მის არეალში აღმოჩნდება, მაგრამ გადაივლის და წავა… დაცხრება…

    ბიშკეკში გამართულმა შანხაის ორგანიზაციის  სამიტმა გვიჩვენა, რომ პოლიტიკური ღვარცოფის ეტაპი მალე გადაივლის, რადგან ისტორიული კანონზომიერების ეტაპზე გადასვლის ჟამმა მოატანა.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                              

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here