რამდენიმე დღის წინათ ერთი კარგი კაცის გასვენებაში ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსანი შემხვდა და მკითხა, ხომ არ იცი, ნატურალური რძის პროდუქტები, მაგალითად, ნამდვილი ყველი, სად შეიძლება ვიყიდოო. ჰო, ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსანს უდგას ნატურალური ყველის შეძენის პრობლემა და წარმოგიდგენიათ, რიგითი მოქალაქეები რა დღეში არიან?! მწარე რეალობაა, რომ დღეს საქართველოში რძის პროდუქტების 90% ნატურალური არ არის; უფრო ზუსტად, დედაქალაქში (სადაც ქვეყნის მოსახლეობის ლამის მესამედი ცხოვრობს) ეს მაჩვენებელი 90%-ზე მეტია, რეგიონებში – 83%-მდე, ანუ ნატურალური პროდუქტები იქაც ჭირს. ადგილობრივი წარმოება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, ეს იმის მიუხედავად, რომ ფერმერები ნემსის ყუნწში ძვრებიან და არცთუ მომგებიან საქმეს თავს აკლავენ. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, აგიხსნით, რატომ არის რთული მერძეული ფერმიდან მოგების მიღება.
დავიწყოთ იმით, რომ, რძის დამამზადებელ ფერმაში ჯიშიანი საქონელი უნდა გყავდეთ – ჰოლშტეინი, შვიცი, ჯერსი… სხვა შემთხვევაში საქმის დაწყებას აზრი არ აქვს. ყველაზე მეტ რძეს ჰოლშტეინი იწველება (წლიურად, საშუალოდ – 10-12 ტონას). ვიღაც იტყვის, რომ ეს ძალიან დიდი რაოდენობაა და შესაბამისად – მშვენიერი ბიზნესიც, მაგრამ… ჰოლშტეინს სჭირდება კვება, მკურნალობა, მუდმივი მეთვალყურეობა და მოვლა. ამ ჯიშის ძროხამ, სულ ცოტა, 30 ლიტრი რომ მოიწველოს, დღეში 8-12 კგ მარცვლეული სჭირდება (სიმინდი, ქერი, სოიო, ხორბალი, მზესუმზირის შროტი), ამას გარდა – თივა და, ყველაფერი რომ დაიანგარიშოთ, 300-400 ლიტრ რძეს თუ იღებთ დღეში, ნიშნავს, რომ წაგებაზე მუშაობთ. ანუ მოგება რომ დაგრჩეთ, დღეში ნახევარი ტონა რძე მაინც უნდა აწარმოოთ, რაც არც ისე ცოტაა. ახლა, ვიღაც იტყვის, აბა, გლეხი როგორ ხეირობსო, მაგრამ გვერწმუნეთ, გლეხი არ ხეირობს, ის თავს და ოჯახს არჩენს, თორემ არ აქვს ის, რასაც ბიზნესი ჰქვია.
სამწუხაროდ, რძე ის პროდუქტია, რომლის სხვა ქვეყნიდან შემოტანაც კი რთული საქმეა – მალე ფუჭდება, ტრანსპორტირებას ვერ იტანს და, ამის მიუხედავად, ცოტა მაინც შემოგვაქვს მეზობელი ქვეყნებიდან, არ გვყოფნის და იმიტომ… ზოგადად, ნედლი რძე ბევრ ქვეყანაშია პრობლემა, მაგრამ არა ისეთი, როგორც ჩვენთან. ცუდია, რომ ამ ყველაფრით სარგებლის ნახვა იმ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქტი შხამია. საუბარია რძის ფხვნილისა და მცენარეული ცხიმისგან დამზადებულ პროდუქტზე. ნორმალური ოდენობის გამოყენებით, რეგულაციების დაცვით არც რძის ფხვნილია მომაკვდინებელი და არც მცენარეული ცხიმი, მაგრამ საქართველოში სხვაგვარად ხდება. მხოლოდ მცენარეული ცხიმისგან ყველისა თუ არაჟნის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მას განუსაზღვრელი რაოდენობით გამოიყენებ, ანუ 20-30-ჯერ მეტს და, თუ გინდა, ნორმა დაიცვა, კარაქი უნდა დაუმატო. კარაქის გამოყენების შემთხვევაში პროდუქცია ნატურალურთან მიახლოებული კი ხდება, მაგრამ ძვირი ჯდება. შედეგად, გახშირდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რადგან ჭარბი მცენარეული ცხიმი სწორედ სისხლძარღვებში ილექება და შემდეგ თრომბის მთავარი წყაროა. კარგი ის არის, რომ, ბოლო რამდენიმე თვეა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სერიოზულად დაიწყო მერძეული ფერმების ზრდა-განვითარებაზე მუშაობა და იმედია, ეს პროცესი შედეგს უკვე გაისად გამოიღებს, მანამდე კი…
საქართველოში რძის ფხვნილის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. თუ აქამდე მთავარი მომწოდებელი ირანი იყო, ახლა იქ განვითარებული მოვლენების გამო ლიდერი ქვეყანაა ბელარუსი... გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ რძის ფხვნილით დამზადებულ პროდუქტებს კარგი გასავალი აქვს და დახლზე ნატურალური პროდუქციით მათი ჩანაცვლება ურთულესი საქმე იქნება და თან არაერთი წელიწადი დასჭირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 20 293 000 დოლარის ღირებულების 7 279 ტონა რძის ფხვნილი შემოვიდა, ეს კი 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (შეგახსენებთ, რომ საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული პროდუქტის იმპორტის მაჩვენებელი ხელმისაწვდომი 2009 წლიდან არის). რაც შეეხება 5 მთავარ მომწოდებელს, საქართველოში რის ფხვნილი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიტანეთ: ბელარუსი – 11 979 000 დოლარის ღირებულების 4 306 ტონა, ირანი – 4 359 000 დოლარის 1 579 ტონა, ნიდერლანდები – 1 330 000 დოლარის 475 ტონა, უკრაინა – 1 241 000 დოლარის 507 ტონა, რუსეთი – 958 100 დოლარის 356 ტონა.
ერთ-ერთი პრობლემა რძის ფასია. დიდი ქარხნები (რომლებიც არც ისე ბევრია საქართველოში) ერთ ლიტრ ნატურალურ რძეში ფერმერებს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში 1,40-1,50 ლარს უხდიან. საქმე ის არის, რომ აღნიშნულ პერიოდში ბევრია ე.წ. მინდვრის რძე, ანუ გლეხებს მინდორში რომ ჰყავთ საქონელი გაშვებული და მათი კვება პრაქტიკულად არაფერი უჯდებათ, იოლად ყიდიან ამ ოდენობას, ქარხნების მანქანებიც სოფელ-სოფელ აგროვებენ რძეს და საბოლოო ჯამში დიდი რაოდენოით აქვთ. ფერმერებისთვის კი ზამთარ-ზაფხულ არაფერი იცვლება, მათ ბაგურ კვებაზე ჰყავთ საქონელი და როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში, თივასა და მარცვლეულს ერთნაირად აჭმევენ, ანუ მინდვრიდან მოაქვთ, სპეციალურ მიქსერში ანაწევრებენ და ურევენ მარცვლეულს. ფერმერებს მინდვრებიც რომ ჰქონდეთ, იქ საქონლის გაშვებას აზრი არ აქვს, რადგან ფიზიკურად ვერ მოახერხებენ იმ ოდენობის საკვების მიღებას, რამდენიც სჭირდებათ. ვიღაც იტყვის, საზღვარგარეთ როგორ ხდება, უზარმაზარ მინდვრებზე რომ არის საქონელი გაშვებულიო. გვერწმუნეთ, ეგ ან რეკლამისთვისაა, ან მინდორზე ის საქონელია, რომელიც არ იწველება. თუ რძის დამზადებაზე მუშაობ, იძულებული ხარ, ძროხები ბაგურ კვებაზე გყავდეს. ზამთარში რძის ფასი ოდნავ იმატებს (ამ პერიოდში გლეხებსაც ძვირი უჯდებათ კვება და 1,50 ლარად ვეღარ ელევიან ნაშრომს), მაგრამ ფასი 2 ლარამდეც არ ადის და 1,80-1,90 ლარს შორის მერყეობს.
ფერმებიდან წაღებული ნატურალური რძისგან კი ნატურალური პროდუქტი მაინც არ მზადდება. ეს იმიტომ, რომ საკმარისი ოდენობის რძე არ არის. მას ურევენ რძის ფხვნილს და შეფუთვაზე ეს ყველაფერი წერია, მაგრამ ისეთი წვრილი ასოებით, რომ წასაკითხად გამადიდებელი შუშაა საჭირო. 2027 წელიდან ამ მიმართულებით ბევრი რამ შეიცვლება (ყოველ შემთხვევაში, პირადად მინისტრმა განაცხადა ამის შესახებ) და უკვე არა მხოლოდ შეფუთვაზე იქნება მითითებული, რისგან არის პროდუქცია დამზადებული, არამედ იმ მაღაზიის დახლებზეც ეწერება დიდი ასოებით, რომელშიც ეს პროდუქტი განთავსდება.
არ შეიძლება ნატურალური რძე 1,50 ღირდეს, როცა დახლზე უკვე წყალგარეული (მომხმარებლისთვის ანალიზატორი ლაქტოსკანი ძვირი სიამოვნებაა, თორემ, თუ შეამოწმებთ, ნახავთ, რომ, თუ ყველა პროდუქტში არა, მათ 80%-ში წყლის შემცველობა მესამედია) რძის ფასი 6 ლარია. უფრო ცუდი ვითარებაა, როცა საქმე ე.წ. მცენარეულ რძეს ეხება. მაგალითად, ნუშის რძე, რომლის ფასი 10 ლარია, შემდეგი შემადგენლობისაა: ცხიმის წილი – 1,8%, წყალი, შაქარი, სოიოს ცილა, მზესუმზირის ზეთი, მოხალული ნუშის პასტა, კარამელის შაქრის სიროფი, ნატურალური არომატიზატორი, კალციუმი (ტრიკალციუმის ფოსფატი), სტაბილიზატორი (კარაგინანი), მარილი, მჟავიანობის რეგულატორი (კალიუმის ფოსფატის დიპსტიტუცია), ვიტამინები D3, B12, შესაძლოა, შეიცავდეს თხილსა და გლუტეინს, რეკომენდებულია 3 წელზე უფროსი ბავშვებისთვის.
ვინმე ახსნით, რა საერთო აქვს ამ ყველაფერს რძესთან? არადა, დიდი ასოებით აწერია „ნუშის რძე“ და ასე იყიდება ბევრი მარცვლეულის რძე, მაგრამ სინამდვილეში, მასში რძის 1%-იც კი არ არის. თითქმის ყველამ იცის, რომ ეს რძე არ არის, შაქრით, კარამელის სიროფითა და არომატიზატორებით გაჯერებულ პროდუქტს არ შეიძლება რძე ეწეროს. ისიც საყურადღებოა, 3 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებული რომ არ არის. როგორ შეიძლება, რაღაც არ იყოს კარგი 3 წლამდე ბავშვისთვის და კარგი იყოს 4, 5 ან, გნებავთ, 6 წლის ბავშვებისთვის?! საბოლოოდ იქამდე მივდივართ, რომ მწარმოებელი უნდა იყოს ნამუსიანი, მაგრამ ნამუსი და ბიზნესი საქართველოში ბევრისთვის შეუთავსებელი ცნებებია და ამიტომ ვართ ამ დღეში.
ლევან გაბაშვილი







