სიკეთისა და ბოროტების  კომპასები

    ღია წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო მესამეს

     ბოდიში უნდა იყოს ამ ბარათის პირველი სიტყვა. ბოდიში იმ სულსწრაფობისთვის, რომელსაც ვიჩენ, მაგრამ თქვენი ინტრონიზაციის  წუთებიდანვე უკვე მაწუხებდა სურვილი,  საჯაროდ მეთქვა ის, რაც მტკივა და მეიმედება, რისიც მეშინია და რა შიშის ძლევასაც ვცდილობ…

     თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, თქვენზე ოცი წლით ადრე მოვევლინე ქვეყანას და ამ „უპირატესობამაც” შემაგულიანა თქვენთან სასაუბროდ. ამას ემატება ის მოკრძალება, რომლიდანაც თქვენი დიდბუნებოვნება გამოსჭვივის:

     „ჩემს გამორჩევას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლითა და სასოებით… მძიმეა მწყემსმთავრობის ჯვარი და პასუხისმგებლობა. შეუძლებელია უფლის განგებულებისა და განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება, თუ რატომ ინება ღმერთმა ასეთი მადლის ბოძება. ვაცნობიერებ, ერთი მხრივ, ამ მოწოდების სიდიადეს, პატივს და, მეორე მხრივ, ჩემს ადამიანურ სიმწირესა და უძლურებას. გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ერის მომავლისთვის, რათა სიყვარულითა და მშვიდობით ვადიდოთ უფალი და ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ”.

    მძიმეა ჯვარი, რომლის ზიდვაც გერგოთ, მაგრამ უფრო მძიმეა ხვედრი ჩვენი სამშობლოსი იმ პერიოდისთვის, როდესაც ღმერთმა თქვენი აღსაყდრება ინება. თქვენ უმაღლესი საეკლესიო იერარქი ბრძანდებით და იმედის თვალით მთელი ქვეყანა შემოგყურებთ. ეს ამბავი შემთხვევითი არ არის. სამ ნაწილად დაშლილ-დანაწევრებულ საქართველოს ამ აბურდულ-დაბურდულ მსოფლიოში გზის გაგნება უჭირს და გაშლილ ოკეანეში უკომპასოდ მოდრეიფე გემს დამსგავსებია. უგუნურებით გამორჩეულ ამ ეპოქაში საით უნდა იყოს თქვენი ლოცვა მიმართული  თუ არა გონების გახსნისკენ?!  სახარებაში წერია: „ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე დააშენა თავისი სახლი. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ვერ დასცეს, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. და ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე ააშენა თავისი სახლი. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს და დასცეს; და დიდი იყო დაცემა მისი” (მათე).

    თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, მეოთხე ათეული წელიწადია, ქვიშაზე ვაგებთ სასახლეს, ქვიშაზე ვაფუძნებთ იმედებს, ქვიშა კი ქარს მიაქვს, წყალს მიაქვს და ვერ მოვიკიდეთ მასზე ფეხი, ვერ შევიგრძენით სიმყარე. ახლავე გავშიფრავ მინიშნებით ნათქვამს: დასავლეთმა მართლმადიდებელ რუსეთთან სამტროდ განგვაწყო იმთავითვე. ამასვე ემსახურებოდა ნატოსა და ევროკავშირის წევრობის მითი. დასავლეთის სპეცსამსახურებმა  მათ მიერვე დაპყრობილ რუსეთს გორბაჩოვისა და ელცინის ხელით მრავალი ანტირუსული და ანტიქართული საქმე აკეთებინა, რომლებიც ორ მართლმადიდებელ ხალხს შორის სიძულვილის გაღვივებას ემსახურებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში რუსოფობიის „ბაბილონის გოდოლის” შენებაც დაიწყეს. პროვოკაციულ ნაგებობას, იმედია, ჩვენთანაც იგივე ბედი ეწვევა, რაც მესოპოტამიაში, მაგრამ თუ გვინდა, რომ ენის არევისა და ხალხის დაფანტვისგან ღმერთმა გვიხსნას, ჩვენც მოგვიწევს ხელის განძრევა. მართლმადიდებელი სულის გაღვიძება უმთავრესია, მაგრამ ეს მართლმადიდებლობის ჭეშმარიტ ცენტრთან, მოსკოვთან, წლობით ნაგროვები უარყოფითი დამოკიდებულების დიამეტრული შემობრუნების გარეშე წარმოუდგენელია.

    ქართველთა დიდი მოძღვარი და მესაიდუმლე, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დიდი სიფრთხილითა და სიფაქიზით ცდილობდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში ჩატეხილი ხიდებისა და გაწყვეტილი ძაფების აღდგენას. ეს მხოლოდ გარედან დამკვირვებლის პოზიციიდან არ ვიცი. მეც ვიყავი იმ დელეგაციის წევრი, რომელიც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად 2008 წლის დეკემბერში ილია მეორის მეთაურობით მოსკოვში იმყოფებოდა, და ვესწრებოდი იმ შეხვედრებს, რომლებიც უწმინდესმა და უნეტარესმა იქ გამართა. ილია მეორე ჩემი სატელევიზიო გადაცემათა სტუმარიც ყოფილა და მეც ხშირად ვყოფილვარ მისი სტუმარი საპატრიარქოში, სადაც გულახდილად გვისაუბრია. მისთვის ღია წერილითაც მიმიმართავს და ზოგჯერ იქამდეც გავკადნიერებულვარ, რომ მის მიმართ საყვედურიც დამცდენია. მამის ჭეშმარიტი სულგრძელობით, ღვთაებრივი ღიმილითა და დაყვავებით უგრძნობინებია ყოველთვის, რომ წყენა და სხვა მსგავი ადამიანური ვნებები არ იყო მისი სტიქია. შერიგება, მიტევება, დათმენა, ჰუმანიზმი, სიყვარული… ეს იყო მისი ბუნებაც და სამოქმედო არეალიც. ეს ყველაფერი ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, თქვენო უწმინდესობავ, მაგრამ მე თუ ხაზს ვუსვამ, მხოლოდ იმის დასადასტურებლად, რომ ეს მიდგომა უალტერნატივოა.

    ეკლესია, პოლიტიკაში კი არა, სახელმწიფოს ცხოვრებაშიც არ უნდა ჩაერიოსო, ამბობენ, მაგრამ დასავლეთის მიერ შემოჩეჩებული გადაჭარბება მგონია ესეც. ქართული ქრისტიანობა ლამის ქრისტეს ასაკისაა, სახელმწიფოებრიობასაც დიდი ისტორია აქვს ძალიან. აქამდე როდის ყოფილა, რომ ეკლესია საერო და საქვეყნო საქმეებისგან განზე გამდგარიყო?! არც უნდა მოხდეს ასე. იქ, სადაც ეკლესიას უფრო მეტი ეთქმის, სათქმელი ეკლესიამ უნდა თქვას. რუსეთთან დღეს სწორედ ეკლესიას აქვს მეტი მისადგომი. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ რუსული სახელმწიფოს მიერ აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიური აღიარება არ დაუშვა. იგივე გააკეთა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ. აგერ, რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში დიმიტრი ოლისოვმა  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარაქად თქვენს გამორჩევასა და ინტრონიზაციის გამო გამოგზავნილ მოლოცვის ტექსტში სრული ტიტულით მოგიხსენიათ ანუ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად გაღიარათ. ეს ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების საკითხი რუსეთსაც არ მიაჩნია დახურულად, რის გამოც ამ მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობაც არსებობს და პერსპექტივაც. ამ საქმეში, სახელმწიფოსთან ერთად, საეკლესიო სივრცეც დიდია. ეს სივრცე ასათვისებელია, თქვენო უწმინდესობავ. ეს საკითხი, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კი არა, მართლმადიდებელ სამყაროს მთლიანობასაც ეხება.

    ეს საქართველოს წინაშე მდგარ სერიოზულ საკითხთა შორის უმთავრესი და უპირველესია. ღმერთმა ჩემს აწ განსვენებულ მეგობარ ვახტანგ გოგუაძესთან ერთად ამ საკითხის წინა პლანზე წამოწევაში ერთ-ერთი პირველი ადგილი მარგუნა და შესაბამისი ტრიბუნაც მიბოძა, როგორც ჟურნალისტს, როგორც მწერალს, როგორც მეცნიერს, როგორც პარლამენტის წევრს. სამ ათეულ წელიწადზე მეტი დრო შევალიე ამას. ოცდაათ ტომამდე პუბლიცისტური, მხატვრული და სამეცნიერო ნაშრომი და ათასობით სატელევიზიო გადაცემა ვუძღვენი ამ საქმეს. სულ უვარგისი და გადასაყრელი რომ იყოს ყველაფერი, შრომა ხომ უნდოდა ამას?! ამასობაში ცხოვრებაც გადის, ოთხმოცს ვუკაკუნებ უკვე. არ მგონია სწორი ის აზრი, რომ, რაკი წასვლის დრო ახლოვდება, ფარ-ხმალი უნდა დავყარო და საქვეყნო საქმეებს გავერიდო. პირიქით – ჩემს მეგობარ ფრიდონ ინჯიასთან ერთად საქართველოს უხუცესთა საბჭო ჩამოვაყალიბე და ჩვენი მოკრძალებული წინადადებებით ვაპირებთ, როგორც სახელმწიფო, ისე საეკლესიო ხელისუფლების შეწუხებას. მადლობა უფალს, რომ აზრის გამოთქმა ოფიციალურად არავის ეკრძალება. ისე, გულახდილად გეტყვით, ჩემი ნება რომ იყოს, სატანური აზრების ფრქვევას ჩვენს ქვეყანაში ასე ფართო გასაქანი რომ ეძლევა, კატეგორიულად ავკრძალავდი. ამ ნათქვამს დემოკრატიასთან ბრძოლად ნუ ჩამითვლით. თავისუფლების ფასი მესმის, მაგრამ თავისუფლებით შენიღბულ სატანას ვერ ვეგუებოდი ვერასდროს, მაგრამ ეს იქით იყოს…

    სრული ზნეობრივი კოლაფსი გვაქვს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებში, საინფორმაციო საშუალებებში, პოლიტიკურ წრეებში… ურთულესმა ეპოქამ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა ეროვნული ცნობიერება სერიოზულად დააზიანა. შერყეული ფსიქიკის განკურნება მედიცინის, ხელოვნების, მეცნიერებისა და განათლების კერების საქმეა, მაგრამ ეკლესიის როლი მაინც განუზომელია. სასულიერო პირი ქადაგებაზე მეტად პირადი მაგალითით უნდა ცდილობდეს ერის მოქცევას, სულიერების პრიმატის დამკვიდრებას. აქაც ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ, სანამ სათქმელს ეტყოდეთ მრევლს, აზრის გაგების უნარი უნდა გაუღვივოთ (გნებავთ, ასე ვთქვათ, დაუბრუნოთ). აკი წერია: „მიეცი შენს მსახურს გამგები გული, რათა განსაჯოს შენი ხალხი, რომ განასხვავოს სიკეთე ბოროტებისგან”.  სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი გვაქვს დაკარგული, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ. სერიოზული პრობლემაა ეს. სიკეთესა და ბოროტებას თავიანთი გეოპოლიტიკური კომპასები აქვს. განსხვავებულ მიმართულებებს უჩვენებს მათი ისრები…

    სხვა საკითხებიც არის, რომელთა შესახებაც ჩემს აზრს მოკრძალებით გაგიზიარებდით, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებ, წერილი ჩაფიქრებულზე ვრცელი გამომივიდა ისედაც.

    უდიდესი სიხარული მომგვარა თქვენი გამორჩევის შესახებ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებამ. უფალმა გამოგარჩიათ მძიმე სასულიერო და საერო უღლისთვის, მანვე მოგცეთ ძალა და შეწევნა ღმერთისა და ადამიანების ღირსეული მსახურებისთვის!

    ბოდიშითვე მინდა დავასრულო ბოდიშით დაწყებული წერილი. მიიღეთ ჩემი მადლიერება ამ ბარათის გასაცნობად დროის გამონახვისთვის, შეწუხებისთვის კი  – გულწრფელი ბოდიში.

    რწმენითა და სასოებით,
    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here