ფასების მარეგულირებელი სპეციალური სამთავრობო კომისია მუშაობას განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ დაპირებისამებრ დასკვნა აპრილში უნდა გასაჯაროვდეს. კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ მანამდე რომელიმე სფეროს წარმომადგენლები ინამუსებენ და პროდუქტებზე ფასებს შეამცირებენ. აგერ, პირველი მერცხალიც გამოჩნდა – კვერცხის მწარმოებელთა ასოციაციამ გამოაცხადა, რომ არ ელოდებიან დასკვნას, შემხვედრ ნაბიჯს ახლავე დგამენ და კვერცხს 5 თეთრით აიაფებენ. რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა მისასალმებელი უნდა იყოს… მაგრამ არ არის მისასალმებელი, მეტიც – უსინდისოდ ცდილობთ ჩვენს მოტყუებას, ბატონებო, და არც გრცხვენიათ. მარტივად დაგიმტკიცებთ, რომ თქვენ მიერ მოყვანილი სტატისტიკა ტყუილზეა აგებული და კვერცხი არათუ გაიაფებული, არამედ გაძვირებულია.
დავიწყოთ იმით, რომ კვერცხის მწარმოებელთა ასოციაციამ წინასაახალწლოდ გამოგვიცხადა, ახალი წლის შემდეგ კვერცხის ფასი 2 თეთრით მოიმატებსო და მოიმატა კიდეც, ახლა კი ვითომ 5 თეთრი დააკლეს, რეალურად, ფასი მხოლოდ 3 თეთრით შემცირდა, იმიტომ, რომ მანამდე 2 თეთრი უკვე მომატებული ჰქონდათ, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ახლა გეტყვით, რა ღირს კვერცხი ჩვენს რეგიონში და ეს არის ოფიციალური კვლევის შედეგად დადგენილი ფასები: აზერბაიჯანში – 4,10 ლარი, რუსეთში – 4,70 ლარი, თურქეთში – 5,70 ლარი, სომხეთში – 6,10 ლარი. რაც შეეხება საქართველოს, აქ კვერცხის ფასი, ოფიციალური კვლევის მიხედვით, 6,50 ლარია, მაგრამ ესეც არ არის ყველაფერი. ევროკავშირის ქვეყნებში და, საერთოდ, ლამის ყველგან კვერცხის ფასი 12-ცალიან შეფუთვაზე ითვლება. ახლა დაძაბეთ გონება და გაიხსენეთ, სად ნახეთ საქართველოში 12-ცალიანი შეფუთვა? ვერსად ნახავდით, რადგან აქ კვერცხი 10-ცალიან შეფუთვაშია და ფასიც ასე ითვლება. ამ ფასს რომ დააკლდება 30-50 თეთრი, მაინც ყველაზე ძვირი გამოდის რეგიონში და ეს მაშინ, როცა მოსახლეობის ერთ სულზე კვერცხის წარმოებით სომხეთსაც ვუსწრებთ და აზერბაიჯანსაც. რა გამოდის? ან იქაური კანონმდებლობით არის განსაზღვრული მარჟა ფასნამატზე, ან იქაური ბიზნესმენები უფრო ნამუსიანად იქცევიან და საკუთარ ხალხს არ წირავენ. თანაც კვერცხი ის პროდუქტია, იოლად რომ გამოდიან ისეთი ოჯახები, რომლებსაც დიდი შემოსავალი არ აქვს, ელემენტარულად, 10 კვერცხით, სამი თუ არა, ორი კაცის დანაყრება ნამდვილად შეიძლება…
პროცესის მიმდინარეობა უკვე თამამად გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ბიზნესმენები, ფასის შემცირებაზე კი არა, იმაზე ფიქრობენ, როგორ მოატყუონ კომისიის წევრები და მოსახლეობა, შექმნან ფონი, ვითომ პროდუქტი იაფდება, სინამდვილეში კი, ან რაოდენობაში მოიტყუონ, ან ახალი წლის შემდეგ გაზრდილი ფასი შეამცირონ და რეალურად იგივე დატოვონ, რაც გასული წლის ბოლოს იყოს. ვიმედოვნებთ, რომ კომისია ამას ყურადღებას მიაქცევს და თუნდაც კვერცხის ფასის შემცირების მაგალითზე მიხვდება, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს; ბიზნესმენები კი, უბრალოდ, ცრუობენ. სამწუხაროდ, მხოლოდ კვერცხი არ არის პრობლემა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, იანვარში ქლიავი 98%-ით გაძვირებულა და, სეზონს თუ გავითვალისწინებთ, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ საქმე ის არის, რომ მსოფლიო ბაზარზე ქლიავის ფასმა მხოლოდ 33%-ით მოიმატა, ჩვენთან კი ფასი ლამის გაორმაგდა, რაც ისევ იმაზე მიუთითებს, რომ ბიზნესმენებს არც აინტერესებთ, ფასების რეგულირებაზე თუ მუშაობს ვინმე. ადგნენ და მოუმატეს; იმავე მოგებაზე მუშაობენ და, როცა რამეს ეტყვი, მაშინვე ბაზრის თავისუფლებასა და ბიზნესის ხელშეუხებლობაზე იწყებენ ლაპარაკს. ამ ლაპარაკში კი იკარგება მომხმარებლის ინტერესი, იმ ადამიანების, რომლებიც პროდუქტებს ყიდულობენ, და ვაი, რომ ყველა ერთად თუ ცალ-ცალკე შევეჩვიეთ ამ ყველაფერს, არ ვაპროტესტებთ გაძვირებას, არ ვამბობთ, რომ ეს უსამართლობაა, არ გვიკვირს ფასების მატება პრაქტიკულად ყოველკვირეულად. უბრალოდ, ვნახავთ ფასს და მერე მეზობლებთან თუ მეგობრებთან ვიოხებთ გულს, ნახე, ფასმა როგორ მოიმატაო. ვიღაც იტყვის უკვდავ ფრაზას: რას აკეთებს ეს მთავრობა? ფასების მომატებასთან მთავრობა, ერთი შეხედვით, არაფერ შუაშია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან, სხვა რამეს თავი რომ დავანებოთ, სწორედ რეგიონის ქვეყნების მთავრობები ახერხებენ, პროდუქტებზე ადამიანური ფასები რომ იყოს, და არც იმაზე იხევენ უკან, ფასების რეგულირებაში „ქირურგიულად“ ჩაერიონ. ოდესმე გსმენიათ, სომხეთში, რუსეთში, თურქეთში ან აზერბაიჯანში ბიზნესმენებს ერთობლივად გამოეხატოთ პროტესტი, მთავრობამ წნეხში მოგვაქცია და გვიშველეთო? არა, რადგან იქ იციან, როგორ არ უნდა გადავიდნენ ზღვარს და როგორ უნდა გაითვალისწინონ მომხმარებლის ინტერესი. ჩვენთან კი, ზღვარს გადასვლა კი არა, ზღვარი საერთოდ აღარ არსებობს, წაშლილია და განმკითხავიც არავინაა. მეტი რაღა უნდა ქნან ბიზნესმენებმა საკუთარი სახის სრულად წარმოსაჩენად – როცა მთელი ქვეყანა ფასების შემცირების მოლოდინშია, როცა სპეციალურ კომისიაში პრემიერი და მთავრობის წევრები შედიან, ფასები შემცირების ნაცვლად ისევ მაღლა მიდის?! ქუჩაში ხომ არ გამოვლენ და დედის გინებას ხომ არ დაგვიწყეებენ?! აკეთებენ იმას, რასაც წლების განმავლობაში მიეჩვივნენ, დაუსჯელობის სინდრომი კი ისე აქვთ გამჯდარი, არაფერს დაგიდევენ.

გაზაფხული მოდის და, წესითა და რიგით, სეზონური პროდუქტები მაინც უნდა გაიაფდეს, მაგრამ საქართველოში ყველა მიგვაჩვიეს – რაც ძვირდება, შემდეგ აღარ იაფდება. ასეა წლიდან წლამდე და განმკითხავი არავინაა. ხომ მიგვაჩვიეს იმას,რომ სეზონზეც კი, მაგალითად, კიტრი და პომიდორი ლამის იმავე ფასი ღირს, რაც შუა ზამთარში, და მუშტარიც არ აკლია. რატომ? იმიტომ, რომ ესეც ძვალსა და რბილში გვაქვს გამჯდარი, რაც სეზონურია, ის უნდა მიირთვა და, გვინდა თუ არა, ვყიდულობთ. მერე რა, რომ შარშანდელზე ძვირს ვიხდით, თურმე გაძვირდა ცხოვრება. ბოლო ხუთ წელიწადში კვერცხის ფასი 50%-ით რომ არის მომატებული, ეგეც მხოლოდ ცხოვრების გაძვირების ბრალი იქნება. კვერცხზე მოთხოვნაა და, როცა მოთხოვნაა, ქართველმა ბიზნესმენებმა მოქმედების ფორმულა კარგად იციან. თუ მმართველი გუნდი სერიოზულად არ ჩაერევა ფასების რეგულირებაში, არაფერი გამოვა. ბიზნესმენები ზურგს უკან იცინიან კიდეც, ვიღაცები შემოდიან, დოკუმენტაციას სწავლობენ და ამ დროს წარმოდგენა არ აქვთ, რომ, ორ კვირაში რაც უნდა გაშიფრონ, წლების განმავლობაშია დამუშავებულიც, გაშიფრულიც, ყველა შესაძლო რისკიც გათვლილი, ამიტომ, წლები თუ არა, თვეები მაინც სჭირდება იმას, რომ ეს ყველაფერი სააშაკარაოზე გამოვიდეს და ფინანსურ პოლიციასა თუ სუს-ს მოდავების შესაძლებლობა ჰქონდესო. ის პროფესიონალი ბუღალტრები, რომლებიც საჯარო სამსახურებში იყვნენ, ახლა კერძო სექტორში არიან დასაქმებულნი, რადგან ხელფასში სხვაობა უზარმაზარია და ახალბედებს მარტივად ატყუებენ, იოლად იძვრენენ თავს ფინანსური ლაბირინთებიდან და მათი ხელმძღვანელებიც მშვიდად არიან. ეგ კი არა, უცხოურ ინვოისებსაც კი აყალბებენ, აქაურ კომისიასთან თავი რომ იმართლონ. ამით ზარალობს მხოლოდ მომხმარებელი და მეტი არავინ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი სწორედ იმ ადამიანებამდე დადის, რომლებიც მაღაზიაში შედიან და პროდუქტს ყიდულობენ, ეს ადამიანები არიან ყველაზე დაუცველი.
კომისია საბოლოო დასკვნის გასაჯაროებას აპრილში აპირებს. ეჭვი გვაქვს, აპრილამდე კიდევ გამოჩნდება ვინმე, ვინც ფასს თითქოს დააკლებს, სინამდვილეში კი ძველი ფასები შეგვრჩება ხელში. ზოგიერთის აზრით, ეს ფასდაკლება, ეკონომიკური ზრდის მსგავსად, მხოლოდ ფურცელზე აისახება და მოსახლეობა ვერ იგრძნობს, ამიტომ ვამბობთ, რომ რაღაც საკითხები უფრო ღრმად არის შესასწავლი. თუნდაც ის პრაქტიკაა გასაუქმებელი, ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანის ან ვინმეს დაბლოკვის სანაცვლოდ მფლობელები „კუშს“ რომ ითხოვენ.
ბესო ბარბაქაძე
P.S. ცნობისთვის: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი კახა ბექაური „ორი ნაბიჯის“ 33,33%-იანი წილის მფლობელია და ოფიციალურად დეკლარირებული აქვს, რომ წლის ბოლოს მოგების სახით 4 299 570 ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ „ორ ნაბიჯს“ პრეტენზია ყველაზე იაფი მარკეტების ქსელის სტატუსზე აქვს.
ბ. ბ.







