ეფშტეინის სკანდალი ბოლო პერიოდის ყველაზე ხმაურიანი საქმეა. ადამიანს უჩნდება სურვილი, გაიგოს, რა არის ეს. ტელევიზიით ნახავ, გაზეთში წაიკითხავ თუ ინტერნეტით შეეცდები ამ საკითხში გარკვევას, თავზე დაგეყრება ზღვა მასალა, დეტალების გროვა, იმდენი, რომ იკარგები. არსს ვერ იგებ, ეპიზოდების სიმრავლეში მთელი ქრება. ვერაფრით გაიგებ, რა არის ეს.
„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ე.წ. ეფშტეინის ფაილებიდან სამ მილიონზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა, მათ შორის ორი ათასი ვიდეო და 180 ათასი ფოტო”, – ვკითხულობთ ამ საქმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში. რა ვქნათ ახლა ჩვენ – სამი მილიონი გვერდი წავიკითხოთ, ორი ათასი ვიდეომასალა ვნახოთ თუ ასოთხმოცი ათასი ფოტო დავათვალიეროთ? განზოგადებული ანალიზი არ ჩანს. ყველაფერია – მართალი, ჭორი, გამოგონილი, ცილისწამება, დასმენა… ერთი სიტყვით, ყველაფერი, დაწყებული ჯეფრი ედვარდ ეფშტეინის (Jeffrey Epstein) ბიოგრაფიით და დამთავრებული ტრამპის, სტარმერის, მაკრონის, კლინტონის, პრინც ენდრიუს, მასკის, ბილ გეიტსისა და სხვათა სახელებით, მაგრამ არ არის განზოგადებული ანალიზი, როგორ და რანაირად იქცა შესაძლებლად ასეთი საოცარი დანაშაულის რეალიზაცია, რა როლს ასრულებს ამაში ის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-ეკონომიკური ფორმაცია, რომელშიც ეს პროცესები მიმდინარეობს, და რა მასშტაბისაა როლი იმ იდეოლოგიისა, რომელიც დემოკრატიით, ლიბერალიზმით, თავისუფლებითა და ადამიანის უფლებებით გაუთავებლად მანიპულირებს.
ამგვარი ანალიზის გარეშე გავრცელება იმ ინფორმაციისა, რომელიც ნიაღვარივით მოედინება, უაზრო, უსარგებლო და თვითმიზნურია. ბურჟუაზიულ მედიას მხოლოდ საკბილო აინტერესებს – სკანდალი, ჭორი, მაღალი თანამდებობის პირების მაკომპრომეტებელი მასალები, ანუ ყველაფერი ის, რაც კარგად იყიდება. ამას ბუმერანგის ეფექტს დავარქმევდი – საზოგადოება იმას იმკის, რასაც თესავს. ხალხს ჭორისა და სკანდალის ნაცვლად ფილოსოფია და ღრმა სოციოლოგიური ანალიზი რომ აინტერესებდეს, მედიასაშუალებები წელში გაწყდებოდნენ და ამგვარი მასალების მოძიება-გავრცელებით იქნებოდნენ დაკავებულნი, მაგრამ უმრავლესობა რაკი სენსაციაზეა დაგეშილი, მედიასაშუალებებიც ბუმერანგის სახით მასვე უბრუნებს, რასაც საზოგადოება უკვეთავს, მოითხოვს და, აქედან გამომდინარე, იმსახურებს კიდეც.
დააკვირდით ფრაგმენტებს სკანდალური ინფორმაციებიდან, რომლებიც ამ საქმეზე ქვეყნდება:
* „ბრალდების ერთი ნაწილი ეხება 2001-დან 2005 წლამდე პერიოდს, რომელშიც ფიგურირებენ 14-დან 17 წლამდე ასაკის გოგონები, და მოიცავს ბრალდებებს შეთქმულების, სექსტრეფიკინგისა და არასრულწლოვნის შეცდენის რამდენიმე ეპიზოდში. ახალ მასალებში გამოჩნდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელიც”;
* „სიენენის“ ინფორმაციით, ჯეფრი ეფშტეინის ერთ-ერთმა მსხვერპლმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს განუცხადა, რომ მისმა დიდი ხნის თანამოაზრე გისლეინ მაქსველმა ერთხელ წვეულებაზე დონალდ ტრამპს „წარუდგინა“ მისი თავი და მიანიშნა, რომ ის „ხელმისაწვდომი“ იყო. დაზარალებულის თქმით, მაქსველმა ის ნიუ იორკში წვეულებაზე მიიყვანა, როდესაც დაახლოებით 22 წლის იყო. ჩანაწერების თანახმად, მაქსველი ძალიან აღფრთოვანებული ჩანდა იმით, რომ მსხვერპლი ბევრ შესანიშნავ მამაკაცს შეხვდებოდა“;
* „სიენენის“ ინფორმაციით, იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ჯეფრი ეფშტეინთან დაკავშირებული ახალგამოქვეყნებული ფაილები ასევე მოიცავს გამოძიების ფედერალური ბიუროს ფორმას, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ქალის საჩივარი, რომელმაც დონალდ ტრამპი გაუპატიურებაში დაადანაშაულა, როცა ქალი 13 წლის იყო”;
* „ახალ მასალებში ასევე ფიგურირებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, რომელიც ჯეფრი ეფშტეინის მეგობართან, გისლეინ მაქსველთან, ერთად ჩანს კერძო თვითმფრინავში”;
* „იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, მილიარდერ ილონ მასკს ჯეფრი ეფშტეინთან ელექტრონული მიმოწერა ჰქონდა, რათა კარიბის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე ეშტეინის ვიზიტები დაეგეგმა”;
* „როგორც მედია წერს, კუნძული სენტ ჯეიმსი გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების მიმართ ათწლეულების განმავლობაში ძალადობის ეპიცენტრი იყო, თუმცა 30 იანვარს გამოქვეყნებული კომუნიკაციებიდან ირკვევა, რომ მასკმა 2012 და 2013 წლებში სცადა მოგზაურობების კოორდინაცია – ერთ მომენტში ეფშტეინს ჰკითხა, კუნძულზე რომელ დღეს ან ღამეს იქნებოდა „ყველაზე ველური წვეულება“;
* „ახალ მასალებში ასევე ჩანს ბრიტანეთის მეფე ჩარლზის ძმა ენდრიუ, რომელიც უცნობ ქალთან ერთად არის გადაღებული. ბრალდების თანახმად, ფინანსისტი ჯეფრი ეფშტეინი არასრულწლოვნებს ეძებდა და ასობით დოლარს იხდიდა სექსუალური აქტებისთვის როგორც ნიუ იორკში, თავის სახლში, ასევე ფლორიდაში მდებარე საკუთარ მამულში”.
ამ მასალების გაცნობისას საზოგადოების დიდ ნაწილს მხოლოდ იმის შესახებ უჩნდება შეკითხვები, მართლა მონაწილეობდნენ თუ არა ეს ცნობილი ადამიანები ამ სასტიკ დანაშაულში. ასეთი ცნობისმოყვარეობაც გასაგებია, მაგრამ განა ამ მოვლენის გამომწვევი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორები უფრო საინტერესო არ არის, ვიდრე ამ პატივსაცემი გვამების მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი?!
თავისუფლების ვულგარული გაგება; უფლებათა და თავისუფლებათა საკითხის წამოწევა ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების დიალექტიკური ერთიანობისგან მოწყვეტით; ზნეობის, როგორც ადამიანის ადამიანურობის განმაპირობებელი ფაქტორის იგნორირება და მის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცხადება პროგრესის საზომად და მაჩვენებლად; გარყვნილების (პიროვნული და სოციალური დეგრადაციის) წარმოჩენა, ერთი მხრივ, პიროვნული თავისუფლების, მეორე მხრივ კი, საზოგადოებრივი წინსვლისა და განვითარების ინდიკატორად, რა გზასაც დასავლეთი მეოცე საუკუნიდან დაადგა, მომაკვდინებელი შეცდომა იყო, რომლის უკან გლობალური დანაშაული იმალებოდა. ამ მიმართულებით გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო ე.წ. „სექსუალური რევოლუცია“, რომელსაც სექსუალური გათავისუფლების პერიოდის სახელითაც მოიხსენიებენ. ეს იყო 1960-70-იან წლებში ამერიკასა და ევროპაში მიმდინარე პროცესები, რომლებმაც სექსუალობასთან დაკავშირებული ტრადიციული ნორმები და ხედვები ძირფესვიანად შეცვალა და ამასთან დაკავშირებული ზნეობრივი ნორმები თავდაყირა დააყენა, ვინაიდან ძირითადი იდეა, რომელსაც სექსუალური გათავისუფლების მოძრაობა ატარებდა, ვითომ ტრადიციული მორალისგან, რელიგიისა და სახელმწიფოსგან დათრგუნული ადამიანური გრძნობებისა და ვნებების განთავისუფლება იყო, რადგან სექსუალური რევოლუციის მომხრეებს მიაჩნდათ, რომ სახელმწიფო ამ გზით საზოგადოებაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობდა. სწორედ ამიტომ სექსუალური რევოლუცია დააფუძნეს იმ იდეაზე, რომ ეს იყო სოციალური თავისუფლებისკენ მიმართული პოლიტიკური აქტი. ამ მოძრაობამ მიზნად დაისახა საზოგადოებრივი მენტალიტეტის შეცვლა საზოგადოდ სექსუალური ცხოვრების მიმართ.
აქედან მხოლოდ ნაბიჯიღა რჩებოდა პორნოინდუსტრიის ჩამოყალიბებამდე, მის ლაგალიზებამდე და საბაზრო პროდუქციის ამ სრულიად ახალი სახეობის წარმოებამდე, რომელიც ადამიანს კი არ ათავისუფლებდა (როგორც ამას ფუთავდნენ) ტაბუდადებული თემებისგან, არამედ ადამიანში თრგუნავდა და კლავდა ზნეობას, რომლის გარეშეც ადამიანი აღარ არის ადამიანი. საუკუნეთა და ათასწლეულთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ტიპი ადამიანისა, რომელმაც ცხოვრება დაყო გამოსაჩენ და დაფარულ ეპიზოდებად (მხარეებად), რომლებზეც შემდგომში არამხოლოდ ეთიკური, არამედ ესთეტიკური ღირებულებებიც ჩამოყალიბდა, ასე ერთი გასროლით მოკლეს. ტრადიციული ადამიანებისთვის მისაღებია კოლექტიური საუზმე, სადილი ან ვახშამი, მაგრამ ისინი კოლექტიურად არ სარგებლობენ საპირფარეშოთი. ტრადიციული ადამიანისთვის მისაღებია სიყვარულთან, ქორწინებასთან, ოჯახის შექმნასთან დაკავშირებული რიტუალების საზოგადოების თანდასწრებით შესრულება, მაგრამ სექსი ინტიმური, განცალკევებული ეპიზოდია ცხოვრებისა, რომელიც სხვათაგან დაფარულია. ცხოვრების დაფარული მხარეების გაშიშვლება ზნეობასთან და ზნეობრივ ადამიანთან უსასტიკესი ბრძოლის გამოცხადებაა.
პორნოინდუსტრიის ჩამოყალიბების შემდეგ ზნეობრივი ადამიანის ტიპის მკვლელობის მიმართულებით ახალი ნაბიჯების გადადგმაც შესაძლებელი იყო და გადაიდგა კიდეც:
* მედიცინა და მეცნიერება გაემიჯნა და დაუპირისპირდა როგორც ქრისტიანულ ეკლესიას, ასევე მთლიანად რელიგიას. სექსოლოგმა ჰარი ბენჯამინმა თავის სამედიცინო ნარკვევში „ტრანსსექსუალობის ფენომენი” დაასაბუთა ჰორმონალური და ქირურგიული ჩარევის გზით ბიოლოგიური სქესის შეცვლის შესაძლებლობა;
* სექსუალური რევოლუციისგან მომდინარე ტალღამ გავლენა იქონია საკანონმდებლო სისტემაზეც, რომლიდანაც ზნეობის რღვევის ფორსირებულმა პროცესმა საგანმანათლებლო სისტემაშიც შეაღწია;
* სექსუალურ რევოლუციის ფარგლებში სექსუალური განათლების პროგრამების განვითარებისთვის უზარმაზარი თანხები გამოიყო;
* 1966 წელს SIECUS-მა (Sexuality Information and Education Council of the United States) მიიღო დაფინანსება მასწავლებლებისთვის სატრენინგო მასალის შესაქმნელად;
* პრეზიდენტმა ნიქსონმა ხელი მოაწერა საგრანტო პროგრამას, რომელიც ექსკლუზიურად მოხმარდებოდა სექსუალურ განათლებას. სწორედ ამ გადაწყვეტილების შედეგად 1969-76 წლებში იმ თინეიჯერების რაოდენობა, რომლებიც კონტრაცეფციაზე იღებდა ინფორმაციას, 600 პროცენტით გაიზარდა;
* 1971 წელს ნიქსონმა ყველა საჯარო დაწყებითი და საშუალო სკოლისთვის სავალდებულოდ აქცია სექსუალური განათლების სავალდებულო პროგრამის შემოღება;
* პრეზიდენტმა კარტერმა 1978 წელს შეასწორა ნიქსონის საგრანტო პროგრამის პირობები და უპირატესობა პროგრამის იმ ნაწილს მიანიჭა, რომელიც დაუქორწინებელ თინეიჯერებს ეხებოდა;
ამ ფაქტებს მე ხომ არ ვთხზავ, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია წიგნებში, პერიოდიკაში, ინტერნეტში. ეს იყო მიწისძვრის ენერგია, რომელიც თავს დაატყდა დასავლეთს, მაგრამ იგი შეიფუთა პროგრესისკენ სწრაფვით, თავისუფლებით, ადამიანთა უფლებების დაცვით… შემდეგი ნაბიჯი იყო აღვირახსნილი ლგბტ პროპაგანდა, რომელიც დასავლეთის კოლექტიურ იდეოლოგიად ჩამოყალიბდა.
2015 წელს ამერიკის უზენაესი სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ორმოცდაათივე შტატში ერთნაირი სქესის პირებს შორის ქორწინება ლეგალურად ცნო, თეთრი სახლი გეი მოძრაობის უმთავრესი სიმბოლოს, ცისარტყელას, ფერებით განათდა.
2016 წელს ეიფელის კოშკი ცისარტყელის ფერებში განათდა. ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის ხელისუფლებამ მიიღო. საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობის ლგბტ ფერებით განათება აშშ-ის ქალაქ ორლანდოს გეი-კლუბზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მიმართ პატივისცემის ნიშნად გადაწყდა.
შეიძლება ვინმემ იკითხოს – რა კავშირშია ეს ყველაფერი ეფშტეინის საშინელ დანაშაულთან? პირდაპირ კავშირშია! მოგებაზე ორიენტირებული კლასობრივი სისტემა შობს გარყვნილებას; გარყვნილება შობს ორგანიზებულ დანაშაულს; ორგანიზებული დანაშაული შობს ეფშტეინის მსგავს ანომალიას.
დანაშაული, სამწუხაროდ, ყველგან ხდება, მათ შორის – სოციალისტურ საზოგადოებაშიც, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე სხვა მოვლენასთან გვაქვს. როდესაც გარყვნილების მორევში, სექსუალურ ტრეფიკინგსა და პედოფილიაში ერთად ცურავენ პრეზიდენტები, პრემიერმინისტრები, მილიარდერთა კასტა და ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ეს ანარეკლია შეშლილი, ანომალიური, დანაშაულებრივი სისტემისა, რომელიც აღსასრულისკენ მიექანება, მაგრამ, სანამ საკუთარ უბედურებაში საბოლოოდ ჩაიძირება, ჯერ კარგად უნდა გამოძღეს, გამოთვრეს და გაილეშოს ბავშვების სისხლით; უნდა დატკბეს მათი ტკივილით, მათი ცრემლებით; ნარკოტიკული თრობა უნდა მიიღოს მათი უკანასკნელი იმედის გაცრუებით, რომ ვიღაც შეიცოდებთ, ვიღაცას გული მოულბება, ვიღაც ღვთისნიერი გამოჩნდება. კაპიტალიზმს ამგვარი სენტიმენტებისთვის არ სცალია. იგი ჰქმნის ინდუსტრიას, რომელშიც მდიდრებს ყველაფრის უფლება აქვთ, ღარიბებს კი მხოლოდ მათი მომსახურების უფლება რჩებათ. კაპიტალიზმი ქმნის ინდუსტრიას, რომელშიც ყველაფერი იყიდება, მათ შორის ბავშვების სხეული სექსუალური მომსახურებისთვის, ბავშვების ხორცი დელიკატესური კერძებისთვის და მათივე სისხლი ეგზოტიკური სასმელების მოსამზადებლად…
ჯეფრი ეფშტეინი მეორე დაპატიმრების შემდეგ, 2019 წლის 10 აგვისტოს, საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნა იყო თვითმკვლელობა, მაგრამ ამას საზოგადოება უნდობლობით შეხვდა. დღემდე არავინ იცის, ეფშტეინმა თავი ჩამოიხრჩო თუ ჩამოახრჩვეს, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. დღემდე არავის ჩამოუხრჩვია შიგნიდან გამომპალი სისტემა, რომელიც ყარს ძალმომრეობით, უსამართლობით, სიცრუით, გარყვნილებით, ომებით, სისხლითა და ფარისევლობით…
ეფშტეინმა დასავლეთი (მთელ მსოფლიოსთან ერთად) იმ სარკეში ჩაახედა, რომელშიც დემოკრატიას ამოფარებული კაპიტალისტური საშინელება მთელი სიგრძე-სიგანით გამოჩნდა.
ვალერი კვარაცხელია







