სასიხარულო ინფორმაცია გვამცნო სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას სრულად შემოგთავაზებთ, რადგან არც ისე დიდია.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ვაშლის წარმოება და ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად გაიზარდა ექსპორტიც; 2025 წელს აღირიცხა რეკორდული მაჩვენებელი – 14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 20,6 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი, რასაც ახლავს საშუალო საექსპორტო ფასის ზრდაც. შედეგი განპირობებულია წარმოების ზრდით, შენახვა-გადამუშავების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, რამაც უზრუნველყო ხარისხი და უწყვეტი მიწოდება. ქართული ვაშლისთვის განსაკუთრებით პერსპექტიულ ბაზრებად განიხილება ახლო აღმოსავლეთი (საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები), ჩრდილოეთ აფრიკა (ეგვიპტე), ინდოეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები, რაც ექსპორტის დივერსიფიკაციის რეალურ შესაძლებლობას ქმნის. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კოორდინირებული მოქმედება – ტექნოლოგიების განვითარება, ხარისხის სტანდარტების დაცვა და ახალი ბაზრების ათვისება ქმნის მყარ საფუძველს ქართული ვაშლის საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული პოზიციონირებისთვის.“
შემდეგ სამინისტრო დეტალურად გვიხსნის, რატომ სჯობს აქცენტის გაკეთება ამ ქვეყნებზე: „საუდის არაბეთი და გაერთიანებული არაბული საამიროები მაღალი იმპორტდამოკიდებულების მქონე ბაზრებია, ადგილობრივი წარმოება შეზღუდულია, მოთხოვნა სტაბილურად მაღალია ხარისხიან, ვიზუალურად მიმზიდველ ვაშლზე. საქართველოს ამ ბაზარზე აქვს გეოგრაფიული უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით…“ „ეგვიპტე – მოსახლეობის მოცულობის და სეზონური დეფიციტის გამო, წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ იმპორტიორ ქვეყანას, სადაც მოთხოვნა, ძირითადად, საშუალო ფასის სეგმენტზეა კონცენტრირებული…“ „ინდოეთი – ერთ-ერთი სწრაფად მზარდი იმპორტიორი ბაზარია, განსაკუთრებით შემოდგომისა და ზამთრის თვეებში, თუმცა მკაცრი მოთხოვნებია ხარისხობრივი და ფიტოსანიტარული მიმართულებით…“ „უზბეკეთი და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები – ქვეყნის ცნობადობა მაღალია, სადაც მოთხოვნა იზრდება მოსახლეობის ზრდის ფონზე…“
„გეოგრაფიული უპირატესობა“, „მოსახლეობის მოცულობა“, „ქვეყნის ცნობადობა“- როცა ამ სიტყვებს ოფიციალურ რელიზში წერ და არ ახსენებ რუსეთს, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. რუსეთის მოსახლეობა 30 მილიონით მაინც მეტია ეგვიპტის მოსახლეობაზე. „ცნობადობას“ რაც შეეხება, ვინ დაადგინა, რომ უზბეკეთსა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში საქართველოს უფრო მეტად იცნობენ, ვიდრე რუსეთში? და მესამე – გეოგრაფიული უპირატესობა… ანუ რუსეთთან ეს უპირატესობა არ გვაქვს? როგორ შეიძლება, გეოგრაფიული უპირატესობა გქონდეს მეზობელთან?!
იმის მიუხედავად, რომ რუსეთი საქართველოსთვის ექსპორტის უდიდესი ბაზარია, არც კი ვახსენებთ და ვეძებთ სხვა ქვეყნებს, რათა იქ გავასაღოთ პროდუქცია. ამ მხრივ რუსეთის უპირატესობა ისე დიდია, რომ სამინისტრომ არც კი გვამცნო, რომელ ქვეყანაში რამდენი ვაშლი გავყიდეთ და მიღებულ 14 მილიონში რამდენია რუსეთისა და აზიური ქვეყნების წილი. არც ის გვითხრეს, სად რა ფასად გაიყიდა ქართული ვაშლი, მხოლოდ საშუალო ფასი გვითხრეს – 0,68 ცენტი. ეს დღევანდელი კურსით 1,82 ლარი გამოდის. იქნებ ვინმემ აგვიხსნას, აქაურ ბაზარზე ვაშლის ფასი 4 ლარიდან რატომ იწყება? ვაშლს უცხოელებს ვაძლევთ იმის ნახევარ ფასზე ნაკლებად, რამდენადაც საქართველოში იყიდება? ხომ არ აჯობებდა, ჯერ ჩვენს მოსახლეობაზე გვეზრუნა და აქ გაგვეყიდა თუნდაც 2 ლარად და მერე ექსპორტზე გვეფიქრა? თანაც, ქართული ვაშლის ექსპორტის პარალელურად, რატომ იზრდება ვაშლის იმპორტი და რატომ შემოგვაქვს ეს ხილი სხვა ქვეყნებიდან დიდი ოდენობით? ეს არის კითხვები, რომლებზეც სტანდარტული პასუხია – ბაზარი თავისუფალია და არ ვერევით. ამ მიდგომამ სადამდე მიგვიყვანა, კი ვნახეთ. კომისია შეიქმნა და ცდილობს, „თავისუფალი ბაზრის“ ფასები დაარეგულიროს და ადამიანური გახადოს.
ცნობისთვის: კომისია დასკვნის გამოქვეყნებას აპრილში აპირებს და უკვე გამოგვიცხადეს, რომ აპრილში ფასები აუცილებლად შემცირდება, მაგრამ არა ისე, რომ გაოცებისგან პირი დავაღოთ. სხვა საკითხია, რამდენ ხანს შენარჩუნდება შემცირებული ფასები და რამდენ ხანს გაუძლებენ „თავისუფალ ბაზარზე“ მოთამაშე ბიზნესმენები ცდუნებას, კვლავ არ დაიწყონ მოსახლეობის ყვლეფა, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ…
არ იქნება ურიგო, თუ ეს კომისია (მისი შემადგენლობის გათვალისწინებით) იმაზე თუ იმსჯელებს, რომ რუსულ ბაზარზე მეტი აქცენტი გაკეთდეს და ეს იქნება პირდაპირი ბერკეტი და შესაძლებლობა, რათა ფასები მართლა შემცირდეს. არაფერს ვამბობთ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ხარისხია ისეთი, რომ ირანული, თურქული და სხვა აზიური ნაწარმი ახლოსაც ვერ მივა. ვერ ნახავთ ხორცის ისეთ რუსულ პროდუქტს, რომელსაც აწერია, რომ შეიძლება ხორცს შეიცავდეს; ვერ ნახავთ პალმის ზეთით გაჯერებულ პროდუქტებსა და რძის პროდუქტებს, რომლებშიც რძის შემცველობა ნულის ტოლია. ამის მიუხედავად, არავინ ცდილობს, ახსენოს რუსული ბაზარი; არავინ ცდილობს, აქცენტი სწორედ იმ მიმართულებაზე გაკეთდეს, რაც ლავირების შესაძლებლობას მოგვცემს როგორც ფასების, ისე ხარისხის მხრივ. რატომ? იმიტომ, რომ ამის ხმამაღლა გაცხადებისთანავე ოპოზიცია, არასამთავრობოები და „დასავლელი პარტნიორები“ მყისვე აყვირდებიან, რუსეთისკენ მივდივართო. მერე რა, რომ იქაური ბაზრის ათვისება და ურთიერთობის გაღრმავება მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება. მთავარი ხომ ეს არ არის, მთავარი დასავლეთის ინტერესებია, რომლებსაც თითქოს არ ვითვალისწინებთ, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ამ საკითხს ხელისუფლება ბოლომდე არ „იკიდებს“. არადა, როდის თქვეს, გაბზარულს გატეხილი ჯობიაო. იქნებ სჯობს, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა, როგორ გვინდა და რატომ გვინდა?!
აქ მხოლოდ ვაშლზე არ არის ლაპარაკი. რეალურად ჭარბი პროდუქტების უდიდეს ნაწილს სწორედ რუსეთში ვყიდით და, ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ: წლების წინათ ევროკავშირის ქვეყნების წაქეზებით ლამის ნახევარ საქართველოში ლურჯი მოცვის ბაღები რომ გაშენდა, ამ მოცვის მოსავლის 90%-ზე მეტი რუსულ ბაზარზე მიდის, ანუ ევროპელებს არ ეგონათ, რომ ასეთი შედეგი გვექნებოდა, რომ ჩვენი მოცვი სხვას კონკურენციას გაუწევდა და ისეთი ფასი შესთავაზეს მწარმოებლებს, გაყიდვას აზრი არ ჰქონდა. სამაგიეროდ რუსეთის ფასი აღმოჩნდა მისაღები ყველასთვის და „გეოგრაფიული უპირატესობაც“ ამ შემთხვევაში ჩვენ მხარეს იყო.
ძნელია ვარაუდი, რა მოხდება ხვალ, მაგრამ იქით მივდივართ, რომ ან ევროპას უნდა დავემონოთ, ან სანქციები არ აგვცდება. ამ სანქციების დიდ ნაწილს კი არა პიროვნებებს, არამედ ქვეყანას დაუწესებენ. არც ის გამორიცხოთ, რომ ქართულ პროდუქციას ისედაც მწირ ევროპულ ბაზარს საერთოდ ჩაუკეტავენ. აი, მერე რას გავაკეთებთ? გასაგებია, რომ ჩინეთთან, მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ ბაზართან, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩინელები ხელგაშლილი დაგვხვდებიან. თანაც ჩინეთს ის უფრო აინტერესებს, სად რა გაყიდოს და არა ის, საიდან რა იყიდოს, ამიტომ საქართველოსთვის რეალურად მხოლოდ რუსული ბაზარი რჩება, ჩვენ კი ისე ვიქცევით, თითქოს არც არსებობდეს და თითქოს ამ ბაზრით არ უდგას სული ათიათასობით ქართველ ფერმერს.
ამიტომ ვამბობთ, რომ არ იქნება ცუდი, თუ მოქმედი სპეციალური კომისია მხოლოდ ფასების რეგულირებით არ დაკავდება და იმასაც დაადგენს, რომელი ქვეყნიდან სჯობს საქონლის შემოტანა. სხვაგვარად ეს კომისია იქნება ვიღაცების თვალის ასახვევად. მერე, როგორც ეს მედიკამენტებზე მოხდა ( და ახლა ხელახლა მიუბრუნდნენ), ნაბიჯ-ნაბიჯ კვლავ დაიწყება ფასების აწევა. არა გვგონია, პრემიერსა და მისი კაბინეტის წევრებს მუდმივად ეცალოთ იმისთვის, რომ ახალი კომისია შექმნან და კვლავ დაიწყონ ფასებზე მსჯელობა. ფასებს არა მხოლოდ სადისტრიბუციო კომპანიებისა თუ ქსელური მარკეტების მფლობელთა კეთილსინდისიერება განსაზღვრავს, არამედ ისიც, ვინ არის მომწოდებელი და რა ღირს ესა თუ ის პროდუქტი ადგილზე.
ლევან გაბაშვილი







