რადიო „თავისუფლებამ” გაავრცელა ინფორმაცია: „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრ გივი მიქანაძის თქმით, უმაღლესი საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება.
„რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები. ე.წ. გარდამავალ პერიოდში შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო – საბჭო – და დაინიშნებიან რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.”
„თავისუფლება”, აგრეთვე, ავრცელებს ინფორმაციას:„უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ პირველად „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული წლის 17 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ მოქმედი განათლების სისტემა ვერ უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს და რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს „ამბიციური მიზანი“, სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ იმავენაირი განათლება, როგორსაც უცხოეთში იღებენ. „ქართული ოცნების“ მთავრობა გეგმავს საუნივერსიტეტო განათლების რეფორმას, რომელიც მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“.
ეს არის ის ამბავი, რომელსაც დიდი ხმაური მოჰყვა.
„ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები და ლექტორები აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. სტუდენტების ერთ-ერთი მოთხოვნაა თსუ-ს რექტორ ჯაბა სამუშიასთან საჯარო შეხვედრის გამართვა. როგორც შეკრებილები აცხადებენ, მათ სურთ რექტორთან შეხვედრა პირდაპირ ეთერში და არა დახურულ კარს მიღმა, რადგან, მათი თქმით, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება ყველას ეხება და საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რა ელოდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს. სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტზე ძალადობა ხდება. გივი მიქანაძემ ისე გადაწყვიტა გაერთიანება, რომ არც რექტორებმა და არც სტუდენტებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ახალი რეფორმით უნივერსიტეტებისთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შელახვას ცდილობენ. სტუდენტები განაგრძობენ ბრძოლას და პროტესტს. სახელმწიფოს ეშინია სტუდენტების გამოსვლისა და პროტესტის. საჭიროა გარეთ გამოსვლა, დავანახოთ, რამდენი ვართ და უარს იტყვიან გადაწყვეტილებაზე. ერთადერთი მოქმედება, რომელიც ბრძოლას მიზნამდე მიიყვანს, არის გარეთ გამოსვლა და პროტესტი – ავტონომია უნივერსიტეტს!”,- აცხადებენ სტუდენტები.
„პარალელურად აქცია იმართება ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში. როგორც თსუ-ს სტუდენტები აცხადებენ, ისინი მსვლელობით მივლენ ტექნიკურ უნივერსიტეტთან და შეუერთდებიან პროტესტის მონაწილეებს”.
ეს ყველაფერი არ არის. დუღს ოპოზიციური მედია. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო მეტად მოახერხებს ვითარების დაძაბვას. ეს გასაგებია. აქ სხვა მოლოდინი ვერც იარსებებდა. დასავლეთის აგენტურა ჩასაფრებულია, სად რას გამოჰკრას კბილი, როგორ და რა გზით მიიყვანოს ქვეყანა დესტაბილიზაციამდე. არჩევნების გაყალბების თემამ, რომელსაც 2024 წლის ოქტომბრიდან დღემდე ატრიალებენ, ის შედეგი ვერ გამოიღო, რასაც გეგმავდნენ და მოელოდნენ, ამიტომ გაფაციცებული დაეძებენ ახალ თემას, ახალ მაპროვოცირებელს, ახალ იმპულსს მასობრივი არეულობისთვის. და, აი, საიდანღაც ჩნდება ორი დიდი უნივერსიტეტის გაერთიანების თემა, რომელსაც, რა თქმა უნდა, პროვოკატორებმა იმავე წამს ჩაავლეს ხელი. საკითხი, რომელიც ათიათასობით სტუდენტს შეეხება, ისეთი დეტონატორია ათასი ჯურის პროვოკატორის ხელში, უკეთესს ვერც ინატრებდნენ.
რა ხდება? ვინ და რატომ წამოიწყო ეს ამბავი იმ დროს, როდესაც ქვეყნის არევისა და ქაოსში გადაჩეხვის სხვა მცდელობა ჯერ არ დამთავრებულა, როდესაც დასავლეთის აგენტურა და პროვოკატორები არ დამცხრალან და გააფთრებული ყველა ღონეს ხმარობენ დესტაბილიზაციის არსებული კერის გასაძლიერებლად? აქ კი, თითქოს ვიღაცამ საჩუქარი გამოუგზავნათ, ერთბაშად დესტაბილიზაციის ახალი კერა ჩნდება, რომელმაც შესაძლებელია სერიოზული სახე მიიღოს, რადგან, როგორც ისტორიულად ცნობილია, სტუდენტები ადვილად ფეთქებადი სოციალური ჯგუფია – მაღალი ემოციური მუხტით და დაბალი სოციალური პასუხისმგებლობით. ახალგაზრდულ ტემპერამენტსა და ჯერ დაუღვინებელ ცნობიერებაშია საძებნი ამის საფუძველი, ამიტომაც იყო, რომ ყველა დროის ყველა პროვოკატორი გათვლას სწორედ ახალგაზრდულ სოციალურ ჯგუფებსა და სტუდენტებზე აკეთებდა.
არის თუ არა მართებული ორი უზარმაზარი უნივერსიტეტის გაერთიანება წმინდა საგანმანათლებლო ან სამეცნიერო თვალსაზრისით ან კარგად არის თუ არა აწონილ-დაწონილი ყველა დადებითი და უარყოფითი შედეგი ამ გადაწყვეტილებისა, ამაზე მეტად მე მაინტერესებს, რატომ და როგორ მოხდა ამ საკითხის გააქტიურება ახლა, როდესაც საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზედგას. ოცდათხუთმეტწლიანი საგარეო კურსი, ორიენტაცია, სწრაფვა, სვლა თავზე ჩამოგვემხო. ამერიკელებმა ზურგი გვაქციეს, რაც შეეხება ევროპელებს, მათ არამხოლოდ ზურგი გვაქციეს, არამედ იდეოლოგიური ომი გამოგვიცხადეს, რომელშიც ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ერთად მათი დიპლომატიური კორპუსი და მედიასაშუალებები ჩაერთვნენ. საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს ორი ფრონტიდან გახსნილ ცეცხლთან უწევთ გამკვლავება: გარედან – ევროპა და მისი სტრუქტურები, შიგნიდან – კოლექტიური დასავლეთის აგენტურა და მათი მომხრეები. ამ ვითარებაში, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება დასავლეთის საპირწონე დამაბალანსებელ ძალას ეძებდეს, რუსეთთან პირდაპირ დიალოგს იწყებდეს და სრულიად ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საკუთარი ადგილის პოვნის მიმართულებით იღვწოდეს, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების უადგილო გადაწყვეტილებას იღებს, რითაც ცეცხლზე ნავთს ასხამს და სახიფათო მასშტაბის პოლიტიკურ ხანძარს აჩენს.
რა არის ეს? რა დგას ან რა იმალება ამის უკან – შეგნებული პროვოკაცია თუ გაუთვლელი ნაბიჯი შეუფერებელ დროსა და ვითარებაში?
წმინდა ორგანიზაციული თვალსაზრისით, სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო თვალსაწიერიდან იქნებ ყველაფერი სწორად არის გათვლილი ან პირიქით – ამ კუთხითაც დიდი შეცდომაა ეს გადაწყვეტილება? არ ვიცი და არც შევდივარ ამ განხილვაში, თუმცა, როგორც მოქალაქეს, მაღელვებს ეს საკითხი, ხოლო, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღზრდილს, შემდგომ კი ლექტორსა და პროფესორს, ემოციური დამოკიდებულებაც მიჩნდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორც ვთქვი, არ შევდივარ ამ განხილვაში, მე სხვა რამ მაინტერესებს: რატომ მაინცდამაინც ახლა, ამ სრულიად შეუფერებელ დროსა და ვითარებაში? ამ სტატიაში ვერ შევძლებ ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებს ვუპასუხო, რადგან საამისო ინფორმაცია არ გამაჩნია, მაგრამ, მეორე მხრივ, ისე უდროო და არალოგიკურია მოცემულ ეტაპზე ამ საკითხის წამოწევა, რომ, როგორც ახლა მიღებულია თქმა, გონივრული ეჭვი მიჩნდება: ღალატთან ხომ არ გვაქვს საქმე? იმედი მაქვს, რომ ეს ამბავი უახლოეს მომავალში გაირკვევა. საქმე ღალატს თუ ეხება, ის, ვისაც ღალატობენ, მიხვდება ამას და, სანამ სიტუაცია დამძიმდება, შეაჩერებს უგუნურ პროცესს. თუ ეს ასე არ მოხდება, გამოდის, რომ გადაწყვეტილება უმაღლეს დონეზეა მიღებული. ასეთ შემთხვევაში ეჭვის დონეზეც არ შემიძლია ვივარაუდო, თუ რა პერსპექტივაზეა ეს ამბავი გათვლილი. მხოლოდ ის შემიძლია, რომ გენიალურ მოაზროვნეებს დავესესხო.
უილიამ შექსპირი: „ყველა უგუნურებას თავისი ლოგიკა აქვს!”
იოჰან ვოლფგანგ გოეთე: „სადაც უგუნურება სანიმუშოა, იქ გონება უგუნურებაა!”
ტელეგადაცემებს („სპეციალური გამოშვება”), რომელიც პლატფორმა „საქართველოს ტალღაზე” მიმყავს, სანთლის ანთებითა და პირჯვრის გადაწერით ვამთავრებ. ეს სტატიაც ასე უნდა დავასრულო:
ღმერთო, გვიხსენ კოლექტიური სიგიჟისგან!
ვალერი კვარაცხელია







