უცენზურობის სამოთხე

    სერბეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ლიდერები - ვუჩიჩი, ფიცო და ორბანი

    უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა მწარედ იხუმრა: „ნაპოლეონმა და ჰიტლერმა ვერ შეძლეს რუსეთის დამარცხება, მაგრამ კაია კალასი შეძლებს”.  ძლიერი სარკაზმია ევროპის მიმართ. იმ დროს ვერ დაამარცხეთ რუსეთი,  გონიერებითა და მხედართმთავრული ნიჭით გამორჩეული ნაპოლეონი რომ გყავდათ;  ვერც იმ დროს, როდესაც სისასტიკითა და სისხლისმსმელობით გამორჩეული ჰიტლერი  გყავდათ და ახლა, კაია კალასის (მას დახასიათება არ სჭირდება, ისედაც ნათელია, რომ ინდაურისტვინა ქალია) დროს,  აპირებთ რევანშის აღებასო.

    ბევრს წვალობს უნგრეთის პრემიერმინისტრი, ევროკავშირის შეშლილი ლიდერები გონს რომ მოიყვანოს, მაგრამ ეს არ არის მარტივი საქმე. ორბანის ეს ნათქვამი, როგორც უკვე ვთქვი, სარკაზმით არის გაჯერებული. სარკაზმი ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვით ნიშნავს ვგლეჯ ხორცს. გადატანითი მნიშვნელობით კი ეს ისეთი დაცინვაა, რომ ხორცის მოგლეჯვასავით მტკივნეულია. სარკაზმით იმ დროს ალაპარაკდებიან ხოლმე, როდესაც არც შეგონებას, არც დამოძღვრას, არც კამათს შედეგი აღარ მოაქვს. როდესაც გონება ისეა დაბინდული, რომ აზრს, გასაგებად და განვითარებისთვის  საჭირო ნოყიერი ნიადაგის ნაცვლად, გაქვავებული და გაყამირებული უგუნურება ეგებება.

    ვიქტორ ორბანი კიდევ ორ მტკივნეულ საკითხს შეეხო;  არა მხოლოდ შეეხო, არამედ სცადა,  ევროპულ უგუნურებას წინ აღდგომოდა და შეეკავებინა. იგი აცხადებს: ევროკავშირის მიერ შეთანხმებული უკრაინის დაფინანსების გეგმა დაკარგული ფულია. ამ გეგმაში უნგრეთი არ მონაწილეობს, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ცუდი გადაწყვეტილებაა. ყველა დანარჩენი, ჩეხებისა და სლოვაკების გარდა,  ფიქრობს, ეს კარგი გადაწყვეტილება იყო. ჩემი აზრით კი, ეს უკიდურესად ცუდი გადაწყვეტილებაა, რომელიც ევროპას ომთან აახლოებს. ეს სესხს ჰგავს, რომლის დაბრუნებასაც უკრაინელები ვერასდროს შეძლებენ. ასე რომ, ეს დაკარგული ფულია. ისინი, ვინც ამ სესხის უკან დგანან, იღებენ პასუხისმგებლობას ამის ფინანსურ შედეგებზე. სამმა ქვეყანამ გადაწყვიტა, არ ყოფილიყო ამის მონაწილე.  ეს არის ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი. ასე რომ, ჩვენ უდანაშაულოები ვართ .

    ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დასაფინანსებლად ერთობლივ სესხზე შეთანხმდნენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას ინფორმაციით, უკრაინის ფინანსურად მხარდასაჭერად 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია.

    ორბანი ევროპულ სახელმწიფოებს რუსეთის ძარცვისა და ამ ნაძარცვით უკრაინული ფაშიზმის დაფინანსების მცდელობასაც არ შეუერთდა: „გაყინული რუსული აქტივების გამოყენების იდეა სისულელეა. ომში ორი ქვეყანაა. ომში ევროკავშირი არ არის, ეს რუსეთი და უკრაინაა. ევროკავშირს სურს, რომ ერთ მეომარ მხარეს ფული წაართვას და მეორე მხარეს გადასცეს. ეს ომში ჩართვას ნიშნავს. ბელგიის პრემიერმინისტრი მართალია, ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ. რუსული აქტივების გამოყენების საკითხი მკვდარია. მე მშვიდობისთვის ვმუშაობ.  ჩვენ ნაბიჯები მშვიდობისკენ უნდა გადავდგათ და არა ომისკენ.

    ასე ჩაფლავდა ევროპული სისულელე და სიბინძურე, რომელიც მიზნად რუსეთის ძარცვის ხარჯზე ომის გაგრძელებას ისახავდა. ორბანი, ევროპული სახელმწიფოების რამდენიმე ლიდერთან ერთად მშვიდობის სადარაჯოზე დადგა, ვინაიდან უკრაინაში ომის გაგრძელება   არა მხოლოდ ევროპას, არამედ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს.

    ერთი წუთით დავანებოთ თავი ევროპას და საქართველოში გადმოვინაცვლოთ. ორბანის ამ პოზიციაზე   სოციალურ ქსელებში გამართულ „დისკუსიას” გადავავლოთ თვალი. აქ დაუჯერებელ,  გამაოგნებელ უვიცობას შეეფეთებით, რომელმაც შეუძლებელია,   არ შეგძრათ (კომენტარების ავტორებს მხოლოდ სახელებით წარმოვადგენ. სტილი, რა თქმა უნდა, დაცულია):

    „Giorgi

    გაზაფხულზე არჩევნების მერე მოგიწევს გადმოსახლება ასადის მეზობლად მოსკოვში პიჟონო

    Nick

    რავა ყველა ერთნაირი რეგვენი ხართ, ოკუპანტის გამპრავებლები)))

    Gela

    კიდევ კარგად ვერ გაგჟუჟეს უნგრელები კომუნისტებმა რომ ასეთი რუსეთუმე სირი გიზით სათავეში.

    ლილი

    მაშინ მთელი ევროპა, საბჭოთა კავშირი და ამერიკა იბრძოდა მათ წინააღმდეგ, ეხლა ყველა იბრძვის პუტინის წინააღმდეგ

    ზურა

    მასე როფიქრობ მიტოხარ ორბან ჩობანი

    ხათუნა

    დაგმარხეთ რუსეთში ყველა რუსეთუმე! ეგ რუსეთი იყო ნარჩევი ბიჭები რომ ჩაგვიწყვიტა ბევრჯერ და საკუთარი სახლებიდან გამოგვყარა! მოსისხლე მტრის სიყვარული არ არის ნორმალური

    შორენა

    ისე ორბან ბიძია მეორე მსოფლიო ომი უკრაინამ მოუგო გერმანიას. ეს ბავშვმაც კი იცის

    Mzia

    მაშინ სტალინი იყო სათავეში შე სულელო, ნეტა არ ყოფილიყო, დღეს რუსეთის კვალიც არ იქნებოდა.

    Ramazi

    შენც კიდევ განწირული იქნები რუსეთისგან. ვერ შეასრულებ პუტინის დავალებას (უცენზურო სიტყვა – რედ.) ყველაფერს

    Ele

    ჭაობის გომბეშო

    Lado

    ეს რა (უცენზურო სიტყვა – რედ) მაგარი ორბანი. 14 რესპუბლიკა ეხმარებოდა რუსეთს ომი გაიმარჯვა. ეხლა რუსეთი მარტო ვერ მოუგებს ჩინელი კორეა აფრიკა ეხმარება რუსეთს ძალა არ გაქვს. თუ უკრაინას ტექნიკა,  იარაღი არ აქვს, თუ ექნება ყველაფერი მოსკოვს აიღებდა უკრაინა. ორბან შენ (უცენზურო სიტყვა – რედ.) ხარ”.

    რა არის ეს? ეს არ არის აზრის გამოთქმა. ეს არის პოპულიზმის უბადრუკი მცდელობა. რუსოფობიით თავის მოწონება ჯერ კიდევ ე.წ. ეროვნულმა მოძრაობამ დანერგა, რისი უსაზიზღრესი რეციდივიც ხშირად გვხვდება საზოგადოებაში, პოლიტიკურ ლექსიკაში, საინფორმაციო საშუალებათა  ენაში. რატომ ებრძვიან ეს ადამიანები ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნგრეთის ლიდერს – პრემიერმინისტრ ორბანს? რატომ ჰგონია ვიღაცა შორენას, რომ გერმანელებს ომი უკრაინელებმა მოუგეს? რა განცხადებაა ეს? რატომ ასწავლის ორბანს ისტორიას ვიღაცა Mzia? რატომ ლანძღავს მას ვიღაცა Ele? რატომ აგინებს ვიღაცა Lado? საერთოდ, რა საჭიროა და საიდან მოდის ის აგრესია, რომელსაც კლავიატურის ეს ჭიაღუები წლების განმავლობაში ანთხევენ, თანაც 24 -საათიან რეჟიმში? დაქირავებულებზე (ტროლებსა და ბოტებს რომ უწოდებენ) არ მაქვს ლაპარაკი. ისინი, მართალია, ბინძურს, მაგრამ მაინც თავიანთ საქმეს აკეთებენ. ამ საცოდავ არსებებს, უფრო სწორად, ამ არარაობებს, რომლებსაც განათლება არ მიუღიათ, წერა-კითხვა არ უსწავლიათ (მათ მიერ ნაჯღაბნ ტექსტებს ეტყობა), პოლიტიკამდე არ მისულან კი არა, დედა ენის საფეხურსაც რომ არ გასცილებიან, რატომ უჩნდებათ ერის სახელით ლაპარაკის სურვილი?!  ან ასე მაღალი მატერიები თუ აწუხებთ და აინტერესებთ, რატომ არ უნდათ, რომ აზრის გამოთქმა, ლანძღვა-გინების გარეშე, კულტურულად სცადონ?!  ალბათ, ეჩვენებათ, რომ ლანძღვა-გინებით უფრო მკვიდრდებიან საჯარო სივრცეში, ასე უფრო მარტივად და ჩქარა მოიხდიან „მამულიშვილურ მოვალეობას” ერის, ქვეყნისა და ისტორიის წინაშე. ამ ეპოქას, ძირითადად, ასე მარტივი,  პრიმიტიული ცნობიერების მქონე ადამიანების (მასის) აღზრდა (გამონაკლისებზე არ  ვსაუბრობ) შეეძლო. ესაა დღევანდელი ქართველის ზოგადი სახე – ამბიციური პრიმიტივი, საშინლად გაუნათლებელი, წარმოუდგენლად უპასუხისმგებლო, გულისამრევად უზრდელი, შემზარავად თავხედი, სოციუმის მიმართ უკიდურესი სიძულვილით გაჟღენთილი არამზადა, საკუთარ თავზე შეყვარებული ნული, სრულიად უპერსპექტივო არარაობა.

    ეს პრობლემა არ არის? ვფიქრობ, რომ უსერიოზულესი პრობლემაა. არ ვიცი, პროცენტულად რამდენია ეს მასა, მაგრამ, ცოტა რომ არ არის, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. სოციალურმა ქსელებმა ქართული საზოგადოებრივი ცნობიერება მართლაც ბოლომდე დაანგრია. აქ სიტყვის თავისუფლება ყოფილაო, აქ სასვენი ნიშნების გამოყენებასაც კი არავინ გვთხოვსო, ცენზურას არავინ გვიწესებსო, სიბინძურისა და სიძულვილის ნთხევას არავინ გვიშლისო. ერთი სიტყვით, სამოთხეაო, – დაასკვნა აღვირახსნილმა და უცენზურობამონატრებულმა ნაწილმა საზოგადოებისა. ეს ის ჭუჭყია საზოგადოებისა, რომელსაც გაუგია, რომ სწორედ ამ წუთს გამოყენებული კავშირის („რომ”) წინ სასვენი ნიშანი („მძიმე”) იწერება, მაგრამ გრამატიკის იმ „ფილოსოფიას” ვერ ჩასწვდა, რომლის მიხედვითაც ეს სასვენი ნიშანი მთელ რიგ შემთხვევებში არ იწერება; ეს ის ჭუჭყია, რომელიც ვერც იმ „ფილოსოფიას” ჩასწვდა, რომ ზმნას, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე საუბრობს, გააჩნია პირველი სუბიექტური პირის ნიშანი, რაც იმას ნიშნავს, რომ,  თვითონ თუ უთხრა ან თვითონ თუ უყურა, უნდა თქვას „ვუთხარი” და არა „უთხარი”, „ვუყურე” და არა „უყურე”. ნუ იფიქრებს ვინმე, რომ ეს გრამატიკის ელემენტარული საკითხებია. ეს მშობლიური ენის დანაგვიანება და მისთვის მიყენებული შეურაცხყოფაა, რომელსაც, დიდი აკაკისა არ იყოს, „არც შენდობა უხერხდება”. ამის არცოდნა ის არის, რაც ადამიანს იმად აქცევს, რა უხერხული სიტყვაც ზემოთ გამოვიყენე – „საზოგადოების ჭუჭყი” (ამ შემთხვევაზე არ არის ნათქვამი – „არცოდნა არცოდვაა!”) სხვა სახელით ვერ მოვიხსენიებ იმ არაადამიანებს, რომლებსაც  „მამული, ენა, სარწმუნოების” ერთი ბალავარი ისე შეუბღალავთ, რომ მეორე ადამიანს ვერ აგებინებენ, საკუთარ თავზე ლაპარაკობენ თუ სხვა ადამიანზე. მით უფრო გამაღიზიანებელია, როდესაც ასეთი რეგვნები, ერთი მხრივ, საქვეყნო და სამომავლო იდეებზე „მსჯელობენ”, მეორე მხრივ კი, საერთაშორისო პოლიტიკურ ცხოვრებაში ისე „ბანაობენ”, ზემოთ რომ ვიხილეთ ცოცხალი მაგალითები.

    ცენზურა როგორ არ არის საჭირო?!  თუნდაც ლიტერატურული ან თუნდაც მორალური ცენზურა არ უნდა არსებობდეს? რეგვნებმა და თავხედებმა ჩვენ თვალწინ უნდა გარყვნან სათაყვანებელი ენა და წალეკონ ყველაფერი, რასაც თავიანთი ბინძური დინგით შეეხებიან?

    ვიმედოვნებ, მკითხველი ამ ჩემს გულისტკივილიან ნათქვამს გრამატიკის პრობლემებამდე არ დაიყვანს. ვფიქრობ, გაცილებით უფრო მტკივნეულსა და მნიშვნელოვან თემას შევეხე, ვიდრე გრამატიკა და მისი კანონებია. გრამატიკაში ყველა ერთნაირად ვერ იქნება განსწავლული და ვერც ენის სიწმინდის დაცვას მოსთხოვ ყველას ერთ დონეზე, მაგრამ არის საკითხი, რომელიც ყველას ერთნაირად მოგვეთხოვება. მას კულტურა ჰქვია. ყველა ვერ მიუდგება საქმეს ერთნაირი ცოდნითა და სიღრმით, მაგრამ ერთნაირი კულტურით (თუნდაც კულტურის მინიმუმით) უნდა მივუდგეთ ირგვლივ ყველაფერს – ადამიანით დაწყებული და სამშობლოთი დამთავრებული. ოთხი ათეული წელიწადია, სამშობლო და პატრიოტიზმი რეგვენთა, თავხედთა, უპასუხისმგებლოთა და აღვირახსნილთა ასპარეზად იქცა, რასაც შედეგად დაშლილი და გაუბედურებული ქვეყანა მოჰყვა. ახლა დასავლეთის აგენტურა საქართველოს უკრაინიზაციას ცდილობს, რაშიც სპეციალურად შექმნილი „სამოთხის” (თავისუფლების ვულგარული გაგება) დაქირავებული თუ მოხალისე ბინადარნი მათ ხელს უწყობენ და კომპიუტერებისა თუ ტელეფონების კლავიატურაზე გაუთავებლად აკაკუნებენ და აკაკუნებენ. ხან პუტინს ეკვეთებიან, ხან – ორბანს, ვუჩიჩს ან ფიცოს, მაგრამ მათი წვლილი სამშობლოს ინტერესების დაცვის საქმეში მომავალშიც ისევე არ იქნება, როგორც აქამდე არ ყოფილა.

    ცენზურა კი აუცილებელია!

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                                 

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here