უჩვეულოდ თბილი ამინდებია – აგერ ზამთარმა მოგვიკაკუნა კარზე და გარეთ გაზაფხულივით თბილა, ბალახიც მწვანეა და… ახლა საქართველოში აქტიურად საუბრობენ გლობალურ დათბობაზე – თოვლი მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში მოვიდა და ისიც აქა-იქ. არადა, ამ დროს, თუნდაც შარშან, კარგად ბარდნიდა ზოგიერთ რეგიონში.
ამინდმა ყველაზე მეტად ის ადამიანები აზარალა, რომლებსაც გათვლა მწვანილზე ჰქონდათ. არ ღირს ქინძი და ოხრახუში იმის მეხუთედიც კი, რამდენიც შარშან ანალოგიურ პერიოდში ღირდა; ძალიან იაფია სალათის ფოთოლი, ძვირად მხოლოდ რეჰანი და ტარხუნა ფასობს. ისე, იცოდით, რომ ტარხუნა საქართველოში, ძირითადად, ისრაელიდან შემოდის, რომელიც ცნობილია, როგორც ქიმიური მინარევების ერთ-ერთი დიდი მომხმარებელი? ფასი არ აქვს არც ხურმას – ზამთრის ხილს, რომელიც, ყინვა რომ დაარტყამს, მაშინ არის გემრიელი და ღირებული. ხურმა ახლა ხეებზეა შერჩენილი, არ კრეფენ, ბაზარში ლარად იბარებენ და ლარი კი მკრეფავს უნდა. მოკლედ, აქაურ ფერმერებს ძალიან აურია ამინდმა გეგმები და ახლა ამბობენ, გრძელი ზამთარი იქნება, ცივი და სუსხიანი, ამიტომ თივას ოქროს ფასი დაედებაო, მაგრამ არც ეს უნდა იყოს სიმართლე – აქამდე თივას გვარიანად ზოგავენ, ისევ მინდორში დაჰყავთ საქონელი საძოვრად და თივასაც ცოტას აჭმევენ, შოულობს საკვებს ცხვარი და ძროხა.
იმას გეუბნებოდით, ამინდმა ფერმერებს გეგმები და გათვლები აურია-მეთქი, მაგრამ არა მათ, ვისაც გვიანი ზაფხულის ხილზე ჰქონდა გათვლა. აგერ, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ქართული ქლიავის ექსპორტი 15%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე 5,513 მლნ დოლარის ღირებულების (ჯამში 6 958 ტონა) ქლიავი გავიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში სულ რაღაც 3 913 ტონა გავიტანეთ, მაგრამ ფასი იყო მომატებული და ქართველმა ფერმერებმა 6, 376 მილიონი დოლარით იხეირეს. შარშან ერთი კილოგრამი ქლიავი 79 ცენტი ღირდა, წელს – 1.63 დოლარი. ყველაზე საინტერესო, იცით, რა არის? შარშან ჩვენი ქლიავი მხოლოდ რუსეთში გავიდა, წელს კი გამოგვიცხადეს, კიდევ ორი ქვეყანა გამოჩნდა, რომლებსაც ინტერესი გაუჩნდა ქართული ქლიავისადმიო და ყიჟინა დასცეს, მხოლოდ რუსეთზე აღარ ვართ დამოკიდებულნიო. რა თქმა უნდა, კარგია, როცა რამდენიმე ქვეყანასთან გაქვს ურთიერთობა და მხოლოდ ერთზე არ ხარ ჩამოკიდებული, მაგრამ… ათასჯერ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებთ: ეს ყველაფერი თვალში ნაცრის შეყრას ჰგავს და ეგებ ამის კეთებას თავი დავანებოთ.
საქმე ის არის, რომ ის ორი ქვეყანა, რომელთა გამოჩენაც ასე გაგვიხარდა, არის გაერთიანებული არაბული საამიროები და სომხეთი. საამიროებში 15, 5 ათასი დოლარის ქლიავი გაიყიდა, სომხეთში – 13,4 ათასი დოლარის, დანარჩენი, 6,347 მილიონი დოლარის, ქლიავი რუსეთმა აითვისა. რა გამოდის? პროდუქციის 99%-ზე მეტი ისევ რუსეთში წავიდა და ამაზე კი არ ვაკეთებთ აქცენტს, არამედ ის გვიხარია, რომ თურმე ორი ქვეყანა გამოჩნდა და რუსეთზე დამოკიდებულნი აღარ ვართ(?!). 99%-ზე მეტი ერთ ქვეყანაში რომ გადის, აბა, ვისზე და რაზე ხარ დამოკიდებული? როდემდე უნდა ვისაუბროთ ჩურჩულით კულუარებში იმის შესახებ, რუსთის ბაზარი რომ არა, საქართველოდან თითქმის არაფერი გაიყიდებოდაო. ახლა არ გვითხრათ, ქართველ ფერმერებს ევროპული ქვეყნები ან ამერიკა ეხვეწება, ჩვენ მოგვყიდეთ პროდუქცია, ისინი კი მაინც რუსეთს ამჯობინებენო. არა, ბატონებო, რეალურად არავის არაფერში სჭირდება ჩვენი პროდუქტი რუსეთის გარდა და, თითო-ოროლა ქვეყანა თუ გამოჩნდება ხოლმე, ისიც იმიტომ, რომ რაღაცას აკვირდებიან, უყურებენ და… ბოლოს მაინც რუსეთისკენ მივდივართ.
ბოლოს და ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ რუსეთთან საუბრის გარეშე არაფერი გამოვა და მსოფლიო პოლიტიკა არ გაკეთდება. ეს აღიარა მას შემდეგ, რაც ამერიკამაც და ევროპამაც რუსეთს არა მხოლოდ სანქციები დაუწესეს, არამედ უახლესი იარაღით მოამარაგეს უკრაინა და, სანამ უკრაინელებს სჯეროდათ (ახლა აღარ სჯერათ), რომ რუსეთს დაამარცხებდნენ და ყველაფერი კარგად იქნებოდა, იბრძოდნენ. ეს ახლაა, კომისარიატის წარმომადგენლეებს რომ გაურბიან, როცა მიხვდნენ, საზარბაზნე ხორცად ჰყავთ გამეტებული და არ სურთ, თავი შესწირონ ევროკავშირის გეგმებსა თუ ამერიკელების ჩანაფიქრს. ჰო,მსოფლიო აღიარებს, რომ რუსეთთან უნდა ისაუბრონ, ჩვენ კი ამის ხმამაღლა თქმას ვერ ვბედავთ. მით უმეტეს, ჩვენ სხვებზე მეტი გვაქვს სათქმელი. ევროპას ვეჩხუბებით (ჰო, ვეჩხუბებით), ამერიკის პირველ პირს ჯერ ჩვენთვის არ სცალია, ოპოზიციის მიერ დაფინანსებული სენატორები და კონგრესმენები კი გვიტევენ, რუსეთს ხმას არ ვცემთ და ვის იმედად ვართ – ჩინელებისა და არაბების? ხომ უნდა იყოს ვიღაც ან ხომ უნდა იყოს რაღაც, რაზეც ურთიერთობების შენებას დავიწყებთ? კარგია, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი რომ გვიჭერს ხოლმე მხარს; რაც უნდა იყოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერია, მაგრამ ორბანმაც ყველას დაანახვა, რომ მისთვის მთავარი უნგრეთია, ევროკავშირის ლიდერებს უხეშად ელაპარაკა, არც ტრამპთან დაუხრია თავი და დაუფარავად ისაუბრა კონკრეტულად უნგრეთის ინტერესებზე. ორბანს საერთოდ არ უნაღვლია ის, რომ მის მოსაზრებებს ევროკავშირში ვიღაც არ ეთანხმება. ორბანი თამამად ესაუბრება რუსებსაც და მერე რა, თუ ერთ დღეს ტრამპს შეხვდა, მეორე დღეს – პუტინს. ამის გამო კრინტი არავის დაუძრავს, ამიტომ ვამბობთ, რომ არ უნდა გავითვალისწინოთ არავინ და არაფერი ჩვენი ქვეყნის ინტერესების გარდა. ხომ დაამტკიცა ევროპამ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი საჭიროა? ხომ ამკაცრებენ ამ კანონს და პარალელურად გვეუბნებიან, თქვენ გააუქმეთ, რადგან არ შეიძლება, ჩვენს საშინაო საქმეებში ვინმე ჩაერიოს, საქართველოს საქმეებში კი უნდა ჩავერიოთო. ანუ, იმის მტკიცებაც აღარ გვიწევს, რომ ევროპა საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებს, ამიტომ თამამად შეიძლება რუსეთთან დიალოგის დაწყება, საელჩოს აღდგენა, დიპლომატიური ურთიერთობის განახლება… საერთოდ, რისთვის გვჭირდება უკრაინასთან ენის მოჩლექით საუბარი, მერე რა, რომ ეს ქვეყანა ომშია?! ჯერ ერთი, ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია და მეორეც, უკრაინას მხოლოდ ის სწყინს, სააკაშვილი რომ ზის ციხეში და მეორე ფრონტი არ გავუხსენით რუსეთს; ფრონტი, რომლის შედეგადაც საქართველო მიწასთან გასწორდებოდა და ეს არც არავის გაახსენდებოდა, რადგან არ ვართ უკრაინასავით დიდი (ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო) და არც ხალხმრავალი. ჩვენი ქვეყანა იქცეოდა პოლიგონად როგორც ევროპისთვის, ისე ამერიკისთვის და აქ მარტივად განათავსებდნენ იმ ნატოს ჯარებს, რომლის კარი ჩვენთვის ყოველთვის დახურული იყო, მაგრამ ახლა ხმამაღლა და გამოთქმით თქვეს, რომ საქართველოს იქ არაფერი ესაქმება და რუსეთისთვის (ჰო, რუსეთისთვის) შეთავაზებულ სამშვიდობო ხელშეკრულებაშიც შეტანილია პუნქტი, რომელიც უახლოეს მომავალში არც ნატოს გაფართოებას ითვალისწინებს და, რომელშიც ერთ-ერთ პირობად წერია, რომ რუსეთის მოსაზღვრე არც ერთი ქვეყანა ნატოში არასოდეს გაწევრდება. გაგიკვირდებათ და, ამაზე ოპოზიცია კრინტს არ ძრავს; არ ამბობენ ნაციონალები, რომ მათი მმართველობის პერიოდში საქართველოსთვის თავსმოხვეული „მაპ-ზე უკეთესი“ ბლეფი იყო და ისევ ,,ნატო, ნატოს’’ გაიძახიან, როგორც მშვიდობის მთავარ გარანტს. ნატოს ბობოლა წარმომადგენლები კი დაუფარავად ამბობენ, საქართველოს (უკრაინასაც) ნატოში არასოდეს მივიღებთო. აღსანიშნავია,რომ ჩვენ დავკარგეთ არაერთი ქართველი ვაჟკაცი დასავლეთის ჩვენთვის არაფრისმომცემ ე.წ. სამშვიდობო მისიებში – ავღანეთში, ერაყსა თუ ცენტრალურ აფრიკაში და არც მათი სიცოცხლისთვის აგებს ვინმე პასუხს.
სწორედ ამიტომ ვამტკიცებთ, რომ არ არის საჭირო კეკლუცობა და თამაში, პირდაპირ, ვინმეს ჩარევის გარეშე, ერთი ერთზე, პირისპირ უნდა დავუჯდეთ რუსეთს სალაპარაკოდ და ვუთხრათ: რა გვინდა, რას ველით, რას დავთმობთ და რას ვერ შევეგუებით ვერასდროს. ეს იქნება მართებული და სამართლიანი ნაბიჯი; რაც მთავარია, ეს იქნება პირველი დიდი ნაბიჯი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ.
ლევან გაბაშვილი







