აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ნატო-ს სტანდარტებზე გადადის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ნატო-ს დელეგაციასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანის არმია რეფორმების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ბაქოსა და ნატო-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობას.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალურმა ბაქომ გასული საუკუნის დასაწყისში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თავის მთავარ მიზანს, ისტორიული მიწების დაბრუნებას მიაღწია.
პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საუბარი ასევე შეეხო აზერბაიჯანის მჭიდრო, მეგობრულ კავშირებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას ალიანსთან და აღინიშნა, რომ ქვეყანა 1994 წლიდან აქტიურად მონაწილეობს ალიანსის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის ფარგლებში.
ბაქოში მყოფ დელეგაციაში შედიოდნენ თურქეთის, საბერძნეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, სლოვენიის, შვედეთის, ჩეხეთის, პორტუგალიისა და ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლები ნატო-ში, ასევე აშშ-ისა და საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეები ალიანსში.







