სახელმწიფო გადატრიალების  მცდელობიდან  3 კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ  ევროკავშირის არც ერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ის, რაც მოხდა, დემოკრატია კი არა, დანაშაულია

    თუ ევროკავშირს მართლა სურს საქართველოს განვითარება, რაღა მაინცდამაინც ლგბტ პროპაგანდაზე ხარჯავს მილიონებს, ამ თანხით სოციალურად დაუცველთა სწავლა-განათლება დააფინანსოს!

    პაველ ჰეჩინსკი: „ამერიკული „ფარა“ საქართველოში ისე მუშაობს, როგორც რუსული კანონი“

    რუსთაველის გამზირის გადაკეტვა-გახსნის ეპოპეა უკვე მომაბეზრებელია. ქუჩაში მდგომი ადამიანები  უკვე რაღაცის გაპროტესტების გამო კი არ კეტავენ ქვეყნის მთავარ გამზირს, არამედ ნერვების მოშლას ცდილობენ სამართალდამცველებისთვის, ჯიბრში უდგანან მათ, ცდილობენ, შეურაცხყონ,  გააბითურონ და  ახალ გამკაცრებულ კანონს არაფრად დაგიდევენ, რადგან ერთი კვირით ციხეში წასვლა პრობლემა არავისთვისაა, მით უმეტეს ამ ხელისუფლების პირობებში – დღევანდელი ციხე ხომ რადიკალურად განსხვავდება ნაციონალების პერიოდის ციხისგან, როცა გლდანის საპყრობილეში,  ერთი კვირის კი არა, ერთი დღის გატარებაც კი მიწიერ ჯოჯოხეთთან იყო გათანაბრებული.

    რუსთაველის  გამზირის გადაკეტვის მოსურნეებმა კარგად იციან, რომ, თუ გზის გადაკეტვის გამო მეორედ დაიჭერენ, უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება და შეგვიძლია, სანაძლეოს ჩამოვიდეთ, რომ ის ცნობილი თუ „ცნობადი“ სახეები, რომლებიც ახლა ციხეში ამაყად მიდიან ერთი კვირით დასასვენებლად, გათავისუფლების შემდეგ ანალოგიურ საქციელს აღარ ჩაიდენენ, რადგან  „რეალური სროკი“ არავის სურს. უბრალოდ, მათ  მოვალეობა მოიხადეს, მერე  სათქმელი რომ ჰქონდეთ: „მე ციხეში ვიჯექი, ძმაო“ და ისევ რიგით „ობივატელს“ წააქეზებენ, ზუსტად ისე, როგორც ორიოდე დღის წინათ აქეზებდა ყოფილი სახალხო დამცველი  ნინო ლომჯარია ტროტუარიდან დემონსტრანტებს: არიქა, გზა გადაკეტეთო, თვითონ კი ფეხს არ იცვლიდა, კანონს არ არღვევდა. ასეა, პოლიტიკოსების გარდა, განსაკუთრებით არასამთავრობოების ლიდერები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის,  წყლიდან მშრალი რომ ამოვიდნენ… ზუსტად ისე, როგორც წინა წლებში, როცა ერთ-ერთმა არასამთავრობომ, რომელსაც 18 მილიონ ლარზე მეტი გრანტი ჰქონდა მიღებული, თავისი ოფისის წინ მის გამო დაკავებულ პიროვნებას ადვოკატის დაქირავებაზე უარი უთხრა, ფული არ გვაქვსო. საქმე ის არის, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს უკვე მიხვდა, ნაწილი  – გაცნობიერების პროცესშია, მაგრამ არიან ისეთები, რომლებსაც, უბრალოდ, არ ესმით  ან არ სურთ,  გაიგონ, რაც ხდება და იმის გამო, რომ კონკრეტულმა პირებმა გრანტები მიიღონ, თავს სწირავენ. ამას წინათ, ერთი ქალი ტიროდა, სოფლიდან წამოვიდა ჩემი შვილი, სახლში  4 არასრულწლოვანი დატოვა,  ახლა დააკავეს და რა გვეშველებაო… აი, 4 შვილს შინ რომ დატოვებ, ნანუკა ჟორჟოლიანის დარიგებულ ლობიანს დახარბდები და კანონს დაარღვევ, ჭკუასთან  მწყრალად უნდა იყო.

    რუსთაველის გამზირის ბერიკებს ახალი გმირი ჰყავთ – გოგო, რომელმაც საპატრულო პოლიციის მანქანაზე გაიარ-გამოიარა. ეს გოგო ბედნიერი სახით კი დახტოდა, მაგრამ ახლა, როცა  ისეთი მუხლი  წაუყენეს, რომელიც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, საეჭვოა, საკანშიც ისეთივე ამაყი და ბედნიერი იყოს, როგორც პოლიციის ავტომობილზე გადავლისას. ის ზუსტად ისე გააბრიყვეს, როგორც თავის დროზე ლაზარე გრიგორიადისი … ისე, სად არის ეს ბიჭი, იცის ვინმემ? გააქრეს, მიმალეს თუ თვითონ გაქრა და მიიმალა, მორიგ შარში რომ არ გაჰყოს თავი?! მან ხომ ყველაზე კარგად იცოდა, რომ  კრიმინალური ქმედება ჩაადენინეს და არანაირი გმირი არ იყო.

    მიმდინარე პროცესებს მშვიდად ადევნებს თვალს დასავლეთი. ევროკავშირი დაუფარავად ამბობს, რომ დეკემბერში გადაწყდება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი.    შეჩერებაზე უკვე შეთანხმდნენ, ახლა ის არის შესათანხმებელი,  ეს კონკრეტულ პირთა წრესა და ჯგუფს შეეხება თუ საქართველოს მთელ მოსახლეობას. ევროკავშირი აბსურდის თეატრად რომ იქცა, იმ განცხადებამაც ცხადყო, რომელიც გასულ კვირას გავრცელდა და რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმაც დაადასტურა.

    აკაცუკების ახალი გმირი – გოგო, რომელმაც საპატრულო პოლიციის მანქანაზე გაიარ-გამოიარა და რომელსაც ამის გამო 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    „უცხოური გავლენის შესახებ კანონი გულდასმით წავიკითხეთ. ის ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგია, წერტილ-მძიმეც კი ემთხვევა, მაგრამ ის არ არის კარგი საქართველოსთვის.  ამერიკული „ფარა“ საქართველოში,  როგორც რუსული კანონი, ისე მუშაობს“, – ეს არის ევროკავშირის პოზიცია და ახლა, რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ ისინი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები არიან, ცხადია, ყველაფერი სხვაგვარადაა. მეტიც, ამერიკულ საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა პროექტი „ფარას“ გამკაცრების შესახებ და, დიდი ალბათობით, ამერიკელები ამ კანონს უფრო გაამკაცრებენ  თავიანთ ქვეყანაში უცხოურ გავლენებთან საბრძოლველად. სასაცილო კი ის არის, რომ ამ კანონის წინამორბედი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა და შემდეგ დასავლელი სტრატეგიული მეგობრების  წნეხის გამო უკან გაიხმო, გაცილებით  რბილი და ლოიალური იყო, ვიდრე „ფარა“. უბრალოდ, ევროპელებმა  იციან, რომ ამერიკელებმა ეს კანონი სწორედ უცხოური გავლენებისგან თავის დასაცავად შეიმუშავეს და, ანალოგიურს საქართველოშიც რომ იყენებენ, ხელს არ აძლევთ. არ სურთ, ერმა და ბერმა იცოდეს, რა თანხას იხდიან აქაური არასამთავრობოებისთვის და, რაც მთავარია, რისთვის და როგორ იხარჯება. გახსოვთ, ალბათ, აწ უკვე მივიწყებულმა და გაჩერებულმა „მთავარმა არხმა“ ბოლო 5-მილიონიანი გრანტი რომ ჩაიჯიბა  ლგბტ პროპაგანდის საწარმოებლად,  მერე  კი თავს იმართლებდნენ, ჩვენ დამოუკიდებელი ტელევიზია ვართ, დამოუკიდებელი პოლიტიკით და ჩვენს საშინაო საქმეებში ნუ ერევითო… თუ ევროკავშირს მართლა  სურს, ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარდეს, რაღა მაინცდამაინც ლგბტ პროპაგანდაზე ხარჯავს მილიონებს, ამ თანხით თუნდაც სოციალურად დაუცველთა სწავლა-განათლება დააფინანსოს!  მაგრამ არა, სწორედ გარყვნილების პროპაგანდა  უნდა დაფინანსდეს იმისთვის, რომ ჩვენი იდენტობა წაიშალოს…

    4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების მორიგი უშედეგო მცდელობიდან  3 კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ  ევროკავშირის არც ერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ის, რაც მოხდა, ცუდი იყო და  არ არის დემოკრატია, რომ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მცდელობა დანაშაულია და დაკავებული პირები  პოლიტპატიმრები არ არიან. ამის ნაცვლად  შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი გამოხტა და…

    „ერთი წლის წინათ,  26 ოქტომბერს, ქართველ ხალხს დემოკრატია და ევროპისკენ გზა მოჰპარეს. გვსურს,  კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისკენ ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ. რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს საქართველოს მომავლის იმედის შუქურად მივიჩნევთ და ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ოტოსონმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ევროკავშირისთვის და მისი წევრი თითქმის ყველა სახელმწიფოსთვის ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივი ამბავია.  ევროკავშირი მკაცრად გააკრიტიკა უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა და თქვა, რომ სწორედ ეს კავშირი ცდილობს, უკრაინისა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირებაში სხვა ქვეყნებიც ჩართოს და ამ შემთხვევაში აქცენტი უნგრეთზეც კეთდება. ანუ, ეს არის ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება, ბოლო წლებია, იმეორებს, რომ ევროკავშირის გეგმა  ომში საქართველოს ჩართვაა – ეს ისედაც იცის ყველამ, მაგრამ არავინ იმჩნევს. დასავლეთში იციან, რომ  ხელისუფლება თუ შეიცვლება, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა თვეებისა და წლების კი არა, რამდენიმე დღის საქმე იქნება და ამიტომ ჯიუტად ცდილობენ, როგორმე მოაწყონ სახელმიფო გადატრიალება და არ აქვს მნიშვნელობა, ის მშვიდობიანი იქნება თუ ძალადობრივი.

    ახლა აქტიურად დაიწყო საუბრები, რომ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ოფიციალურად აღიარებენ, თუ მომავალი წლის გაზაფხულზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამბობენ, რომ  ამაზე  საუბარი სამთავრობო გუნდშიც მიმდინარეობს და იცით, ეს რას ნიშნავს? რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ძირითადად, ხელისუფლების გადაბარებით სრულდება. თუ მმართველი გუნდი ამას დათანხმდება, ყველაზე კარგ შემთხვევაში კოალიციურ მთავრობას მიიღებს, რომელზეც დასავლეთი ოცნებობს.  კოალიციური მთავრობის შედეგად შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი რუმინეთში, კოალიციური მთავრობის შედეგად გაკოტრდა საბერძნეთი… როგორ წარმოგიდგენიათ აქ, ჩვენთან, მინისტრთა კაბინეტში „ქართული ოცნების“, „ნაცმოძრაობის“, „ლელოსა“ და გახარიას პარტიის წარმომადგენლების ერთად მუშაობა?! რომელიმე ოპოზიციური პარტიის წევრი ძალოვანი უწყების მინისტრი რომ გახდეს, გადატრიალებაზე იფიქრებს, ეკონომიკური გუნდის მინისტრობის შემთხვევაში კი – გაკოტრებასა და საბოტაჟზე… შედეგად  ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი ჩამოიშლება და ვერავინ გაიგებს,  ვისი პარტიის წევრი ვის კაბინეტშია,  ამიტომ არ შეიძლება, ხელისუფლება აჰყვეს ევროკავშირის მოწოდებებს. იმედია, ხელისუფლება იმოქმედებს ისეთი სულისკვეთებით, როგორი სულისკვეთების განცხადებაც საპარლამენტო არჩევნების ერთი წლის თავზე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა: „ჩვენ დავუპირისპირდებით არა მხოლოდ შიგა რევანშისტულ და დესტრუქციულ ძალებს, არამედ საგარეო გლობალისტურ ძალებსაც, რომელთაც საქართველოსთვის გეოპოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე  შესაწირი „პაიკის“ როლი დიდი ხნის დაწერილი აქვთ“.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                    

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here