მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას ზეიმობს. „ქართული ოცნების“ იოლი გამარჯვება ეჭვს არ იწვევდა და ორი ოპოზიციური პარტიის დაპირება, ხელისუფლებას დიდ ქალაქებს გამოვგლეჯთო, სასაცილოდ ჩანდა. რომელ გამოგლეჯვაზეა საუბარი, როცა 20%-იც სანატრელი გაუხდათ და აგერ, გახარიას პარტიას „გირჩმა“ აჯობა…
არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველო კიდევ ერთხელ გადაურჩა რევოლუციასა და ხელისუფლების დამხობას. სახელმწიფო გადატრიალება რომ მომხდარიყო, ისეთ საქართველოს, როგორზეც ვოცნებობთ, ჩვენ და ჩვენი შვილები კი არა, შვილიშვილებიც ვერ მოესწრებოდნენ. სწორედ ეს არის დასავლეთის მთავარი მიზანი, ერთ წრეზე გვატრიალოს, გვანუგეშოს, იმედი მოგვცეს და მერე ისევ იგივე გააკეთოს. დიახ, დასავლეთს არაფერში სჭირდება ძლიერი, ერთიანი და, რაც მთავარია, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც ბევრ რამეზე ექნება პრეტენზია და სათქმელსაც ხმამაღლა იტყვის…
სააკაშვილის რეჟიმის გენპროკურორ მურთაზ ზოდელავას მიერ პრეზიდენტის სასახლის გასაღების აქციის მონაწილეებისთვის გადაბარების შესახებგანცხადებისა და განვითარებული მოვლენების შემდეგ, ზოგიერთი იმედოვნებდა, რომ ერთი ვინმე მაინც გამოჩნდებოდა იმ ადამიანებიდან, რომლებიც ევროპული ტრიბუნებიდან აქეზებენ ოპოზიციას, და იტყოდა, რომ ასე არ შეიძლებოდა, რომ ეს იყო კრიმინალი, მაგრამ არავინ არ თუ ვერ თქვა ის, რისი მცდელობაც იყო 4 ოქტომბერს საქართველოში და არავინ დაარქვა ამ მოვლენებს ნამდვილი სახელი.
„საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“, – ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა ერთობლივად გააკეთეს. ამ ქალბატონებმა არაფერი თქვეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, სამართალდამცველების დაშავებაზე, იმაზე, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი ნივთიერება და იარაღი იპოვეს… მათ მხოლოდ ის დაინახეს, რომ „თვითმმართველობის არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“.
„ქართული ოცნების’’ ლიდერები არ არიან ქართველები, ისინი პუტინის მოსამსახურე რუსები არიან“, – ეს განცხადება კი ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგმანტას პავილიონისს ეკუთვნის. მისი გერმანელი კოლეგის, მიხაილ როთის, არ იყოს, მმართველი გუნდის ლიდერებს ქართველობას რომ უწუნებდა, ეს პავილიონისიც კარგი როთი ყოფილა… კაცი, რომელიც ყველანაირად ცდილობს, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, რადგან ეჭვი აქვს, გრძელი ენის გამო, შესაძლოა, რუსეთმა ლიეტუვას თავში წამოარტყას, ახლა ამტკიცებს, რომ თურმე „მონობა ტეხავს“. არადა, სწორედ მონობას ითხოვს დასავლეთი და ეს ყველაზე კარგად მაშინ გამოჩნდა, როცა გერმანიის ელჩი მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა და კანონში ცვლილების შეტანა მოითხოვა; კი არ სთხოვა, მოითხოვა. ჟიგმანტასსაც სწორედ ის უნდა, რომ საქართველომ მისი და მისნაირების დაკრულზე იცეკვოს.
უფრო შორს წავიდა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელმაც განაცხადა, ჩემი გული ჩაგრულ ხალხს ეკუთვნისო, ის კი არ უხსენებია, რომ რამდენიმე დღის წინათ მოლდოვაში გამართულ არჩევნებში წაგების შიშით ორი მთავარი ოპოზიციური პარტია უბრალოდ ჩახსნა, მათი ლიდერები დააკავა და, ამის მიუხედავად, რეიტინგით მესამე და მეოთხე ოპოზიციურმა პარტიებმა ლამის დაამარცხეს. ეს ის სანდუა, რომელიც პრეზიდენტი მას შემდეგ გახდა, რაც მოლდოვაში არჩევნები წააგო და დასავლეთმა „უშველა“ – ემიგრანტების ხმები აახლა ბებერი კონტინენტის სხვადასხვა ქვეყნიდან. ჰოდა, ახლა სანდუ ჩვენ გვესაუბრება დემოკრატიაზე, და გვესაუბრება მაშინ, როცა საქართველოს ეკონომიკა მისი ქვეყნის ეკონომიკას 11 მილიარდით უსწრებს, თანაც მოლდოვა, ევროპისკენ მავალი ქვეყანა, კვლავ დსთ-ის შემადგენლობაში რჩება. ისე, საიდან დაასკვნეს ევროპელებმა და თვითონ სანდუმ, რომ მოლდოველებს ევროპული მომავალი სურთ, როცა გამოკითხვაში ამ პროცესს მხარი მოსახლეობის 45%-მა დაუჭირა, 55% კი წინააღმდეგი წავიდა?! თუმცა…
იცით, რა არის საინტერესო: რას ნიშნავს, ხელისუფლება რომ გვეუბნება, ევროპა გვებრძვის, მათი განცხადებები მტრულია, მაგრამ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებითო? აგერ, სანდუს განცხადების შემდეგაც თქვეს, მოლდოვასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვართო და „გაუღიმეს“, პავილიონისსაც ასე მოექცნენ, ლიეტუვასთანაც ანალოგიური დამოკიდებულება გვაქვსო…
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა რეზო ძოძუაშვილმა მწვრთნელობას რომ მიჰყო ხელი, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხდა, ფეხბურთი სექსი არ არის, თამაშის შემდეგ ორივე მხარე კმაყოფილი ვერ იქნებაო. მეგობრობაც სწორედ სექსივითაა, ორივე მხარეს უნდა სიამოვნებდეს ურთიერთობა და საჭირო არ არის ლიეტუვის ან მოლდოვის, ან, საერთოდ, რომელიმე სახელმწიფოს წარმომადგენლის თავხედური განცხადებები მოვითმინოთ.
მხოლოდ აქ, საქართველოში, გაკეთებული განცხადებები, რომ ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ქედს არავის მოვუხრით, საკმარისი არ არის. რატომ ვართ „ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“ უკრაინასთან, როცა ჯერ იმ ჰექსოგენის კვალი მივიდა უკრაინამდე და ახლა აღმოჩენილი იარაღის კვალიც უკრაინაში მიდის? მასხარა ზელენსკი დღემდე გვაკრიტიკებს და ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ჩვენთვის იცლის, მაღალი ტრიბუნებიდან გვლანძღავს, ელჩიც კი გაიწვია საქართველოდან, ამ დროს კი იარაღის საპოხ-საზეთი მასალების 60%-ზე მეტს რუსეთიდან ყიდულობს. რატომ უნდა ვისმინოთ მისგან შეურაცხმყოფელი განცხადებები, როცა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად გამოგზავნა და ისე ჩანს, ყველაფრით (მათ შორის იარაღითაც) დახმარებასაც დაჰპირდა. იმედი ჰქონდა, მიშას დაბრუნების შემდეგ საქართველში მეორე ფრონტი გაიხსნებოდა და მთელი ქვეყანა რუსეთს შეაკვდებოდა…
დასავლელ „მეგობრებსა“ და „სტრატეგიულ პარტნიორებს“ ისე უნდა მოვექცეთ, როგორც თვითონ გვექცევიან. ბალტიისპირეთის ქვეყნებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები სანქცირებული ჰყავთ, ჩვენ კი ყველას ვუმტკიცებთ, რომ დიდსულოვნები ვართ და ცალმხრივი მეგობრობა გვაკავშირებს. იქ კიდევ დიდხანს იბატონებენ ე.წ. ლიბერალები და გამორიცხულია, განცხადებების ტონი თუ რიტორიკა შეიცვალოს. ისიც ხომ ცხადია, რომ ამერიკის პრეზიდენტს (რომლის დიდი იმედიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას), საქართველოსთვის, უბრალოდ, არ სცალია და აგერ, ნოემბერში ერთი წელი გადის, რაც პრეზიდენტია ტრამპი, და ერთხელაც არ ვუხსენებივართ. ასე შეიძლება მეორე, მესამე და მეოთხე წელიც გავიდეს, ამერიკელი კონგრესმენებისა თუ სენატორების ნაწილმა მიწასთან გაგვასწოროს, ტრამპს კი არ გავახსენდეთ; ზუსტად ისე არ გავახსენდეთ, როგორც აფრიკის რომელიმე ქვეყანა არ ახსენდება. დღეს ამერიკელებისა და ევროპელებისთვის ვართ სახელმწიფო, რომელსაც ნებისმიერ მომენტში ხელის ერთი მოსმით გასრესენ, სანქციებით ერთ თვეში დაახრჩობენ და ნერვიც არ აუტოკდებათ, ამიტომ არის საჭირო, ყველას ვაგრძნობინოთ, რომ ცალმხრივი მეგობრობა და მოთმენა დასრულდა. თვითონ როგორც გვექცევიან, ჩვენც ისე უნდა მოვექცეთ!
ლევან გაბაშვილი