ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი ამტკიცებს: „ათასობით თუ ათიათასობით წლის წინათ ადამიანებს სჭირდებოდათ ე.წ. სიბრძნის კბილები, რომელთა დახმარებითაც ისინი გაცილებით უფრო მყარ საკვებს ღეჭავდნენ, ვიდრე დღეს. მაშინ ჩვენი ყბები გაცილებით ფართო იყო და მათში სიბრძნის კბილები მარტივად თავსდებოდა. დროთა განმავლობაში ადამიანის ყბები დაპატარავდა, რის გამოც სიბრძნის კბილების სწორი ამოჭრისა და განვითარებისთვის შედარებით პატარა ადგილი დარჩა”.
დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ სიბრძნის კბილი რუდიმენტია, რაც ნიშნავს, რომ მას დაკარგული აქვს პირვანდელი ფუნქცია და წარმოადგენს ისტორიულ ნარჩენს (გადმონაშთს), რომელიც დროთა განმავლობაში საბოლოოდ გაქრება.
ეს სტომატოლოგიური შესავალი, ალბათ, გაგიკვირდათ, მაგრამ იმასაც მიხვდებოდით, რომ ამ ორი სიტყვიდან (სიბრძნის კბილი) ჩემთვის მსაზღვრელი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე საზღვრული, ანუ სიბრძნე მაინტერესებს და არა კბილი. უბედურება ის არის, რომ სიბრძნისგან, რომელიც დავკარგეთ, კბილი შემოგვრჩა, ხშირ შემთხვევაში უვარგისი და პრობლემის შემქმნელი, რომელსაც ამ მხატვრულ მსაზღვრელს (სიბრძნის) არ ვაშორებთ და ლამის ვირწმუნოთ, რომ მათი ამოსვლის შემდეგ ადამიანი მართლაც ბრძენდება. სამწუხაროდ, არც ადამიანს და არც მთლიანად კაცობრიობას დაბრძენების არაფერი ეტყობათ, უფრო პირიქით – გამოლენჩებისა და გამოთაყვანების გზაზე დგას ორივე. ე.წ. სიბრძნის კბილს სიბრძნესთან სახელის გარდა არაფერი აკავშირებს, მაგრამ მრავალი პრობლემა ახლავს: „რეტენირებული სიბრძნის კბილები არაერთი პრობლემის სათავეა. მეზობლად მდებარე მეორე დიდ ძირითად კბილზე ზეწოლა ხშირად მის დაზიანებას იწვევს, ასეთ დროს იზრდება ინფექციის განვითარების რისკიც. ხოლო თუ კბილების თანწყობა დაირღვა, ორთოდონტიული დახმარება აუცილებელია”.
სიბრძნის კბილთან დაკავშირებული პრობლემები ამით არ ამოიწურება, მაგრამ ამ მიმართულებით უფრო შორს აღარ წავალ, რადგან ეს სტატია, სტომატოლოგიაზე კი არა, სიბრძნის დეფიციტზე იწერება…
შეუძლებელია, დღევანდელ მსოფლიოს უყურებდე და შიში არ გიპყრობდეს – შიში ადამიანური და საკაცობრიო უგუნურების წინაშე. სულ რაღაც ოთხმოცი წლისწინანდელ ადამიანურ და საკაცობრიო უგუნურებას 70 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გაკვეთილი მიღებულია? დასკვნა გაკეთებულია? – არანაირი და არავითარი! ერთ საუკუნეში, სულ რაღაც, ოცწლიანი ინტერვალით ორი მსოფლიო ომის გამჩაღებელმა და გადამტანმა კაცობრიობამ საუკუნეც კი ვერ გაუძლო მშვიდობას, კვლავ გლობალური ომისკენ მიაქანებს პლანეტას. აქვს ამნაირ კაცობრიობას სიბრძნის კბილი? უფრო ზუსტად, სიბრძნის კბილი კი აქვს, მაგრამ სიბრძნე სადაა, ან რაში ავლენს მის არსებობას?! გლობალური მნიშვნელობის მქონე, მაგრამ უმარტივესი მაგალითი ავიღოთ: დასავლეთი რუსეთს თავს ესხმის; ცდილობს, იგი ნატოს ალყაში მოაქციოს და მას დაშლით (მოსპობით) ემუქრება. ამ დროს იგივე დასავლეთი მთელი ხმით გაჰყვირის, რომ რუსეთი ევროპას დაიპყრობს. ერთი უწყინარი შეკითხვა აბათილებს ამ სისულელეს: რითვის სჭირდება რუსეთს დაპყრობილი ევროპა და ევროპული სახელმწიფოები? მიზანი რა არის? რამე სიმდიდრე აქვთ ისეთი, რომელიც რუსეთს არ გააჩნია თუ რა? მთელი ევროპა რუსეთზე იყო და იქნება ჩამოკიდებული ენერგომატარებლების თუ სხვა ბუნებრივი წიაღისეულის თვალსაზრისით. რაში უნდა გამოიყენოს რუსეთმა დაპყრობილი ევროპა, უნდა არჩინოს? დააპუროს? გაათბოს? დაიცვას? ამისთვის ხომ არ დაიპყრობს? დაპყრობას რამე მიზანი ხომ უნდა ჰქონდეს? დაპყრობის შემდეგ რა უნდა უქნას დაპყრობილ პოლონეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას? აზრი ხომ უნდა დაატანონ ნათქვამს, ნამოქმედარს? სხვათა შორის, შიშსაც სჭირდება აზრის დატანება. უადგილო და უსაფუძვლო შიშიც სიბრძნის ნაკლებობის შედეგი და ნიშანია. იქ უნდა გეშინოდეს, სადაც საფრთხე არსებობს და არა იქ, საიდანაც იგი არ გემუქრება. დღევანდელი კაცობრიობის დიდი ნაწილი ინფორმაციას, დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს, რადგან ბინძური რეკლამებისგან, გაბრუებული თავით კი არა, სიბრძნის კბილით აზროვნებს.
რატომ ებრძვის დასავლეთი აღმოსავლეთს? რატომ უპირისპირდება აშშ რუსეთსა და ჩინეთს? უფრო სწორი ხომ ის იქნება, რომ ამ სამმა ზესახელმწიფომ ერთმანეთთან მოილაპარაკონ, როგორ ჩამოაყალიბონ მსოფლიო წესრიგი; როგორ აქციონ პლანეტა უსაფრთხო; როგორ გადაიყვანონ სახელმწიფოები ურთიერდაპირისპირების რეჟიმიდან ურთიერთხელსაყრელი დამოკიდებულებების რეჟიმში? ვინმე ხედავს ამგვარ მიდგომებს? ნაცვლად ამისა, გვაქვს ჩასაფრება, დაპირისპირება, მუქარა, შანტაჟი, ომი. სიბრძნის კბილით აზროვნება არ ჰქვია ამას?!
რატომ ვითარდება მსოფლიო უსამართლობის გზით? რატომ ვერ ახერხებს კაცობრიობა სოციალური სამართლიანობის პრინციპით საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზებას? რატომ არსებობენ გვერდიგვერდ მდიდრები და ღარიბები, მილიარდერები და ღატაკები? იმის გამო ხომ არა, რომ ადამიანი (კაცობრიობა) ვერც ზნეობრივ სრულყოფილებამდე მივიდა და ვერც სიბრძნეს ეზიარა?! სიბრძნის კბილი? სიბრძნის კბილი, რა თქმა უნდა, ადგილზეა.
დავანებოთ თავი მსოფლიოსა და კაცობრიობას. არც ქართული „სიბრძნის კბილია” ნაკლებად სავალალო მდგომარეობაში.
საქართველოში ხომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს ბედნიერებას საბჭოთა კავშირის დაშლაში ხედავდნენ და ხალხს ამისკენ მოუწოდებდნენ? მას შემდეგ, რაც მათ ნახეს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ საქართველოს დაშლაც გამოიწვია, ერთი მათგანი მაინც თუ გამოვიდა მონანიებით – რასაც ვქადაგებდი, შეცდომა აღმოჩნდაო. არა!
საქართველოს მომავალს ნატოსა და ევროკავშირის წევრობაში ვინც ხედავდა, ხომ ნახა, რომ ერთიც და მეორეც დასავლური გეოპოლიტიკური ბლეფი აღმოჩნდა. მათ შორის არის ვინმე, ვინც გულწრფელად აღიარა, შეცდომა დავუშვიო? ასეთი ადამიანი არ იძებნება საქართველოს უახლეს ისტორიაში. ნეტავ, აქამდე არ ამოსვლიათ სიბრძნის კბილი?
ერთი კონკრეტული მაგალითიც განვიხილოთ: რუსეთის მიერ აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ბაზებია განლაგებული. წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: რუსეთი გვთავაზობს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გაიწვევს, ანუ ამ ორ რეგიონს კვლავ საქართველოს შემადგენლობაში აღიარებს იმ პირობით, თუ მისი სამხედრო ბაზები ადგილზე დარჩება. რა ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდება ქართველი ხალხი – ან ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოში ოფიციალურად განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზები, ან დაკარგული ტერიტორიები და რუსეთის ბაზებისგან თავისუფალი დანარჩენი საქართველო. რას ფიქრობთ, როგორ უპასუხებს ამ შემოთავაზებას საქართველოს ხელისუფლება? მიიღებს თუ არ მიიღებს მას? თუ მიიღებს, ამას დასავლეთთან შეუთანხმებლად გაბედავს? დასავლეთი მოგვცემს ამის უფლებას? ამ საკითხზე დღეს რეფერენდუმი რომ ჩავატაროთ, საით გადაიხრება ქართველთა უმრავლესობა? არ გამოვრიცხავ, რომ ერთმა ნაწილმა აფხაზეთისა და ცხინვალის დაკარგვას მოაწეროს ხელი, ოღონდ რუსეთის სამხედრო ბაზები არ იხილოს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. იქნებიან საწინააღმდეგოდ განწყობილნიც, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ გამთლიანებასთან ერთად რუსეთის სამხედრო ბაზების შენარჩუნებასაც უყოყმანოდ მოაწერენ ხელს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებათა შორის რომელი იქნება ბრძნული აზროვნების შედეგი და რომელი – სიბრძნის კბილით აზროვნების შედეგი? შევძლებთ ამაში გარკვევას?!
დასასრულ, ვითარება დაიძაბა ამიერკავკასიაში. აზერბაიჯანი და სომხეთი ანტირუსულ თამაშს იწყებენ (დააწყებინეს). ამ ფონზე საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი, ანტირუსულ (რუსოფობიურ) პოლიტიკაზე საბოლოო უარის თქმით რეგიონში რუსეთის ნომერ პირველ მოკავშირედ ჩამოყალიბდეს, დასავლეთის დამანგრეველი გავლენებისგანაც განთავისუფლდეს და განვითარების ისტორიულ გზას დაუბრუნდეს. წინდახედულება, გამჭრიახობა და სიბრძნე დასჭირდება ესოდენ რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილების მიღებას. ამ საკითხზე ფიქრის დროს პესიმიზმი მიპყრობს, რადგან ვიცი, რომ არც ჩვენი ხელისუფლებაა თავისუფალი მსოფლიო სენისგან, რომელსაც ასე ჩამოვაყალიბებდი: სიბრძნე დაიკარგა. მის ნაცვლად უსარგებლო რუდიმენტი შეგვრჩა ცინიკური სახელწოდებით – სიბრძნის კბილი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიბრძნესთან. სიტყვათა ამ წყობაში მსაზღვრელი მხოლოდ გარეგნული (მხატვრულ-მეტაფორული) გააზრებაა იმისა, რომ იგი გვიან ანუ სიბრძნის ასაკში ამოსდით ადამიანებს. მეტი არაფერი, აბსოლუტურად არაფერი, სიბრძნის კბილით აზროვნება შეუძლებელია.
ვალერი კვარაცხელია