ან სწორად ვერ ითვლიან, ან გვატყუებენ

    როცა მოსახლეობის მესამედი შიმშილის ზღვარზეა, როგორ შეიძლება შემოსავლების მატებასა თუ ეკონომიკურ წინსვლაზე საუბარი?

    გემახსოვრებათ, ალბათ, ჩვენი ეკონომიკის ზრდით ევროპა რომ გავაოცეთ, ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას რომ გადავასწარით, ხოლო ისინი, ვისაც ევროკავშირში გაწევრების იმედი აქვს,  უკან მოვიტოვეთ. რა თქმა უნდა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო აღიარება კარგია;  ისიც კარგია, რომ გესმის, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ შემდეგ, ციფრებს რომ ჩაუღრმავდები, ხვდები, რომ რაღაც ისე ვერ არის, სადღაც გატყუებენ, მაგრამ სად, ცოტა ძნელი გასარკვევია, რადგან ამისთვის კონკრეტული მიმართულებით არის საჭირო განათლება, რომლის მიღებაც  მარტივი არ არის, თუმცა,  შევეცდებით, „რიგით მოკვდავთა ენაზე“  ავხსნათ, რა გვიჩენს კითხვებს.

    საქსტატის  მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ერთ ადამიანზე საშუალო თვიური შემოსავლები 13,2%-ით გაიზარდა და 590 ლარი შეადგინა. საქსტატი იმასაც გვეუბნება, რომ ერთ ადამიანზე საშუალო თვიური ხარჯები 8,2%-ით გაიზარდა და 540 ლარს გაუტოლდა, ანუ სხვაობა მიღებულ შემოსავალსა და ხარჯებს შორის  50 ლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს თვეში 50 ლარის დაზოგვა და შენახვა შეუძლიათ. ეს, რა თქმა უნდა, ოფიციალურად, მაგრამ მოდი, თვლა განვაგრძოთ.

    საქსტატი გვეუბნება, რომ 2024 წელს საქართველოში ოჯახების შემოსავალი 10,1%-ით გაიზარდა და 1896 ლარი შეადგინა (საუბარია ოთხსულიან ოჯახზე), ხოლო ხარჯების ზრდა 5,2%-ანი იყო და გამოვიდა, რომ ოჯახი თვეში 1736 ლარს ხარჯავს. იცით, აქვე რა გვაინტერესებს? როცა ოთხსულიან ოჯახზეა საუბარი, იგულისხმება, რომ მამა, დედა და ორი ბავშვი და თუ ერთი ადამიანის გაზრდილი შემოსავალი 590 ლარს შეადგენს, გამოდის, ოჯახის შემოსავალი 1180 ლარია და არა 1896… ამ რიცხვს რომ მივუახლოვდეთ, ოჯახის მესამე წევრიც უნდა მუშაობდეს და… სამივე რომ მუშაობდეს და საქსტატის მიერ დათვლილ 590 ლარს იღებდეს, ოჯახის თვიურ ხარჯს, იმავე საქსტატის მიერ დათვლილს, ანუ 1896 ლარს მაინც ვერ უახლოვდება. რა გამოდის?   ან სწორად ვერ ითვლიან, ან გვატყუებენ. მოდი, ვთქვათ, რომ ვერ ითვლიან, თორემ ჩვენს მოტყუებას როგორ იკადრებენ?!

    სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, ერთ მცირე ექსპერიმენტს შემოგთავაზებთ: ოფიციალურად 10 პარლამენტარის ხელფასი  თვეში  80 ათასი ლარია. ბაღის 10 თანამშრომელი თვეში იღებს 5 ათას ლარს და,  საშუალო მაჩვენებელი რომ გამოვიყვანოთ,   ეს 20 მოქალაქე თვეში 4250 ლარს იღებს. ეს იქნება ფურცელზე, რეალურად კი ამ თანხის ლამის მეათედს იღებს ბაღის თანამშრომელი და ორჯერ მეტს – პარლამენტარი. აი, ასეთ მარტივ მაგალითებში გვგონია  ძაღლის თავი დამარხული, მაგრამ ახლა ძაღლსაც შევეშვათ და თავსაც, ისევ იმ ოფიციალურ ციფრებს მივხედოთ, რომლებსაც  ასე ამაყად არ აფრიალებენ, როგორც ეკონომიკური ზრდის პროცენტულ მაჩვენებლებს.

    2024 წლის მონაცემებით, საქართველოში პენსიას 864,3 ათასი ადამიანი იღებდა, სოციალურ დახმარებას – 185,4 ათასი. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ საქართველოში პენსიონერთა საერთო რაოდენობის 70,8%-ზე მეტს ქალები შეადგენენ.  ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ პენსიონერთა მესამედი თბილისში ცხოვრობს. საქართველოს დედაქალაქი კვლავ რჩება „თავკომბალად“.  ეს იმას ნიშნავს, რომ სოფლები კვლავ ცარიელია და იქ დაბრუნება არავის სურს, რაც ცალკე სოფლის მეურნეობას ურტყამს.

    2024 წელს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 390.8 ათასი (!) შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 128.6 ათასი. აქ ოჯახებზეა საუბარი და არა ერთეულ ადამიანზე და ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება, როცა ლამის 400 ათასი ოჯახი ითხოვს სოციალურ დახმარებას, ანუ ამ ოჯახებმა ყველაზე უკეთ იციან  თავიანთი  ჯიბის ამბავი და ხვდებიან, რომ არსებობისთვის სახელმწიფოს მხარში დგომა სჭირდებათ. თითო ოჯახი 4 სულზე რომ ვიანგარიშოთ (არადა, სოციალურ დახმარებას ხშირად მრავალშვილიანი ოჯახები ითხოვენ), გამოვა, რომ 1 563 000  ადამიანს სჭირდება დახმარება და ეს კი  მოსახლეობის მესამედია. ჰოდა, სწორედ ვამტკიცებთ, რომ, როცა მოსახლეობის მესამედი შიმშილის ზღვარზეა, როგორ შეიძლება, შემოსავლების მატებასა თუ ეკონომიკურ წინსვლაზე ვისაუბროთ?!  როცა სოციალური პაკეტის მიღების მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება,  ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, ოჯახებს რაღაც დააკლდათ, რაღაც ისე აღარ არის, როგორც შარშან იყო, სოციალური დამხარების მიმღებთა ბაზაში კი მხოლოდ იმიტომ აღარ არიან, რომ 16 წელს მიაღწიეს (კანონის მიხედვით, არასრულწლოვან ბავშვებზე დახმარება 200 ლარია და ის მაშინვე წყდება, როცა ბავშვი 16 წლის ხდება)? გვინდა, აი ეს პროცესი  აგვისხნას ვინმემ მარტივად, გასაგებ ენაზე, თორემ საერთაშორისო ეკონომიკური ტერმინებითა და ფრაზებით გაჯერებული ფურცლები არაერთხელ ვნახეთ და, მისი დამწერის გარდა, მათ თავსა და ბოლოს, ალბათ, ვერავინ გაუგებს.

    მწარე რეალობა ის არის, რომ ქუჩაში სულ უფრო ხშირად ვხვდებით სანაგვე ურნაში გადაყუდებულ ადამიანებს. რაც დრო გადის, მათი რაოდენობა  იზრდება. როგორ შეიძლება, ასეთი მუდმივი ზრდის პირობებში იზრდებოდეს ქვეყნიდან წასვლა-გაქცევის მსურველთა რაოდენობაც, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ცდილობენ,  პურის ფული საზღვარგარეთ  იშოვონ და ხვდებიან, რომ აქაური ხელფასით არათუ დანაზოგის გაკეთებას და სამომაავლოდ რაიმეს შექმნას, არამედ ელემენტარულად სრულყოფილ კვებას ვერ მოახერხებენ.

    ყოველწლიურად რომ იზრდება პენსია, იცით, ეს როგორ და რა პრინციპით ყოფილა? საქართველოში პენსიები იზრდება წლიური ინდექსაციის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლის 1 იანვრიდან. ანუ, პენსია ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს ეკონომიკური ფატქორებიდან გამოდინარე. ეს თურმე იმას ნიშნავს, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის – ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით. გაიგეთ დეტალურად რამე? საქმეც ის არის, რომ გასაგებად არ ხსნიან, მაგრამ იმას კი გვეუბნებიან, რომ 70 წლს გადაცილებული ადამიანი უფრო მეტს იღებს და ეს იმიტომ, რომ… უფრო მეტი წამალი სჭირდება.  დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გვესმის, რომ პენსიონერებს ღირსეული პენსია უნდა ჰქონდეთ. ახალგაზრდებს არ ახსოვთ, თორემ ჩვენი ბებია-ბაბუები  7-ლარიან პენსიასაც იღებდნენ და მაშინაც კი, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ისე საერთაშორისო პარტნიორები გვიმტკიცებდნენ, რომ ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა გვქონდა, წინ მივდიოდით და ტაშსაც გვიკრავდნენ. ჰოდა, იმხანად იმ საერთაშორისო პარტნიორებმა იცოდნენ, რომ  საქართველოში პენსია 5 დოლარიც არ იყო და მაინც გვაჯერებდნენ, ყველაფერი რიგზეა, წინსვლა გაქვთო. ახლა კი, როცა ყველაფერს სისხლის თუ ოქროს ფასი აქვს, პენსია საარსებოდ საკმარისი არ არის, მაგრამ ახლაც გვეუბნებიან, – რიგით ქვეყნებს კი არა, გერმანიასა და საფრანგეთსაც კი უსწრებთ ეკონომიკური ზრდითო. კარგია, თუ ვუსწრებთ, მაგრამ თუნდაც საპენსიო ანაზღაურებით ამ ქვეყნებს როდის მივუახლოვდებით, გვეტყვის ვინმე? თუ ვუსწრებთ (თან  ლამის ყოველწლიურად), რატომ არის,  რომ საქართველოდან გარბიან იმავე გერმანიასა და საფრანგეთში ბედის საძებნელად და პირიქით არ ხდება? ეს მაინც ხომ მარტივი დასათვლელი თუ დასანახია?!

    ვეჭვობთ, მომავალი წლის 1 იანვრიდანაც მოიმატებს პენსია და ვიღაცას გაუხარდება კიდეც, მაგრამ რეალური სურათი, სავარაუდოდ, ისევ არ შეიცვლება. მეტიც, შარშანდელთან შედარებით ისევ გაიზრდება სოციალური დახმარების მიღების მსურველთა რაოდენობა, ისევ გაიზრდება ქვეყნიდან წასული ადამიანების რიცხვი და ისევ ავაფრიალებთ ფურცლებს, რომლებზეც დაწერილი იქნება შესაშური ეკონომიკური ზრდა. ერთი ეგაა, ეს ზრდა მოსახლეობაზე ისევ არ აისახება, უმრავლესობა ისევ ვერაფერს იგრძნობს.

     რეალური სურათი რომ შევქმნათ, რამდენია საქართველოში თუნდაც საშუალო ანაზღაურება, ხელფასები იმ ადამიანების შემოსავლების გამოკლებით დავთვალოთ, რომელთა ჯამაგირი თვეში 5 ათას ლარს აღემატება. აი, მერე დავინახავთ, რეალობასთან მიახლოებულ სურათს და აღარ ვიტყვით, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი თურმე 2 ათას ლარს აჭარბებს.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                          

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here