დამოუკიდებლობის დღე დამოუკიდებლობის წინააღმდეგ

    ქვეყანას მთავარი (ისტორიული) დღესასწაული აუცილებლად უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს დღე და მისი შინაარსი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. საქართველომ ორჯერ „მოიპოვა” დამოუკიდებლობა  –  1918 წლის 26 მაისს და 1991 წლის 9 აპრილს. სამწუხაროდ, ჟარგონით თუ ვიტყვით, ორივე „ტრუხა” გამოდგა, ანუ  არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში  დეკლარირებული ვითარება რეალურ შინაარსს არ შეესაბამებოდა.

    მოკლედ ვიტყვი: პირველიც და მეორეც ჩვენი ქვეყნის დასავლეთისთვის ჩაბარება აღმოჩნდა, რის გამოც დამოუკიდებლობის ცნების გეოგრაფია დავავიწროვეთ და იგი მხოლოდ რუსეთამდე დავიყვანეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნულ თავისუფლებას, ზოგადად, დამოუკიდებლობაში კი არა, მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობაში ვხედავთ და განვიხილავთ. ამგვარმა მიდგომამ დასავლეთთან ურთიერთობაში საპირისპირო (მახინჯი) ტენდენცია ჩამოაყალიბა: დასავლეთისგან დამოუკიდებლობას კი არ ველტვით, პირიქით, რაც უფრო მეტად ვართ დამოკიდებული დასავლეთზე, მით მეტი განცდა გვიჩნდება დამოუკიდებლობისა. ეს პარადოქსი მთელი სისავსით გამოიხატა იმ აბსურდში, ვიღაც მედასავლეთემ რომ ჩამოაყალიბა: „დასავლეთი თუ გვიბრძანებს, ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ!“

    ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი ამგვარი პოზიციის საფუძველი ისტორიაშია საძებნი. მიუხედავად იმისა, რომ მეფე ერეკლეს მიერ გადადგმული გეოპოლიტიკურად ზუსტი ნაბიჯის შედეგად საქართველო გადარჩა („ამ ღირსსახსოვარ დღიდან საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დაცხრა ომისა და ბრძოლისაგან”,  – ილია ჭავჭავაძე), დასავლეთმა მოახერხა რუსოფობიის გაღვივება საზოგადოების ერთ ნაწილში, რომლის წარმომადგენელ პოლიტიკურ ძალას მუდმივად უკაფავს გზას ხელისუფლებისკენ.

    ასე იყო გასული საუკუნის დასაწყისში.

    1920 წლის 14 იანვარს გაიმართა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომა, რომელსაც რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავრობის თავმჯდომარე  ნოე ჟორდანიამ სხდომას მიმართა სიტყვით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მისი საგარეო-პოლიტიკური ხედვა და ორიენტაცია: “ბატონებო! გვაქვს საფუძველი სიამაყისა. მოხდა იშვიათი ამბავი. მთელმა ევროპამ, განურჩევლათ პარტიისა და კლასისა, ერთხმა გვითხრა: კეთილი იყოს შენი დაბადება, კეთილი იყოს შენი მობრძანება! და ჩვენ გვმართებს, ეს ერთსულოვანი კურთხევა გავამართლოთ საქმით – გავხდეთ ნამდვილი ევროპიელი. და ამას გავამართლებთ, თუ ჩვენ შემდეგშიაც ვაწარმოებთ იმ პოლიტიკას, რომელსაც ვაწარმოებდით დღემდე; თუ ჩვენ არ გადავსცდებით იმ გზას, რომელზედაც ვიდოდით დღევანდლამდის. დასავლეთი და აღმოსავლეთი – აი ეს კითხვაა  ჩვენ წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია.  ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს და,  თუ ბოლშევიკები აღმოსავლეთს ებღაუჭებიან, ეს იმიტომ, რომ დასავლეთმა მათ უარი უთხრა კავშირზე და ცნობაზე. როგორც ხედავთ, საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარენ. ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ, რუსეთის კი აზიისაკენ.  ვიცი,  მტრები აყვირდებიან – იმპერიალისტებს ემხრობითო.  ამიტომ აქ გადაჭრით უნდა ვსთქვა: მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს,  ჩვენ მუდამ ვირჩევდით დასავლეთს”.

    ასე იყო საუკუნის ბოლოსაც:

    გამსახურდიას მთელი დისიდენტური მოღვაწეობა გაჟღენთილი იყო ანტირუსული ისტერიკითა და ე.წ. დასავლური ღირებულებების გაფეტიშებით: “ჩვენ მრავალი იმპერიის შემოტევას გავუძელით, ჩვენი ძმობა და მეგობრობა ვერ დაარღვიეს ვერც რომაელებმა, ვერც ბიზანტიელებმა, ვერც არაბებმა, ვერც თურქებმა, მაგრამ აი,  XIX-XX საუკუნეებში ჩვენ დაგვიპირისპირდა იმპერიათა შორის უვერაგესი და უბოროტესი რუსეთის იმპერია, რომელმაც არნახული უბედურება მოუტანა  ჩვენს ხალხს”.

    გამსახურდიას მიერ მონაჩმახი ეს აბსურდი, რომ რუსეთის იმპერია (საბჭოთა კავშირიც) ყველა იმ დამპყრობელზე დიდი უბედურება იყო, რომელთა თარეშიც საქართველოს განუცდია, იმ იდეოლოგიურ კლიშედ იქცა, რომლისგანაც დღემდე ვერ გავთავისუფლდით.

    გასული საუკუნის 80-იან წლებში ედუარდ შევარდნაძეც იტყვის: „ყველაფერი დალპა!” ეს მძიმე ნათქვამი არც მხოლოდ საბჭოთა კავშირს ეხებოდა და არც მხოლოდ სოციალისტურ სისტემას. ეს რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც შორს არ იდგა რუსოფობიისგან.

    ამგვარ ვითარებებში და ამგვარი სულისკვეთებით ორჯერ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ  არც ერთ ამ ხმამაღალ დეკლარაციას თავისუფლება არ მოჰყოლია. ასე რომ, გვაქვს ორი დამოუკიდებლობის დღე, მაგრამ არ გვაქვს დამოუკიდებლობა.

    * ორჯერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის შედეგად გვაქვს სამ ნაწილად დაშლილი საქართველო;

    * ორჯერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის შედეგად გვყავს ლუკმაპურის საძებნელად საზღვარგარეთ გადახვეწილთა მთელი არმია;

    * ორჯერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის შედეგად გვაქვს გამოცხადებული მტრობა რუსეთთან;

    * ორჯერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის შედეგად გვაქვს დაპირისპირება აშშ-თან და ევროკავშირთან;

    * ორჯერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის შედეგად გვაქვს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სულიერი და ზნეობრივი კოლაფსი;

    * ორჯერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის შედეგად გვაქვს სოციალური უსამართლობის ფართო დიაპაზონი – სოციალურად დაუცველებიდან (ღატაკებიდან) მილიარდერებამდე;

    * ორჯერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის შედეგად გვაქვს აბსურდული ვითარება: ხელისუფლება და დასავლეთის აგენტურა ერთსა და იმავე დღეს აღიარებენ  ეროვნული დამოუკიდებლობის დღედ და ერთმანეთს ეცილებიან ამ დღის საზეიმოდ აღნიშვნაში, ეთაყვანებ ერთსა და იმავე (დასავლურ) ღირებულებებს და აღებული აქვ ერთი და იგივე (დასავლური) ორიენტაცია; ამავე დროს, ერთმანეთს აცხადებენ საქართველოს დაუძინებელ მტრად და მზად არიან ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის.

    26 მაისი როგორ იქნება დამოუკიდებლობის შინაარსის გამომხატველი, თუკი ამ დღის შემოქმედნი (განძიპარია მენშევიკები) არ იყვნენ ამ იდეის გამომხატველნი და  ევროპელებისთვის საქართველოს ჩასაბარებლად იღვწოდნენ?!

    26 მაისი ისეთივე თავსმოხვეული დღეა ჩვენთვის, როგორი თავსმოხვეული და თავსდატეხილი უბედურება 9 აპრილის ტრაგედია იყო.

    არც 26 მაისის და არც 9 აპრილის დამოუკიდებლობა არ იყო ჩვენი მოპოვებული. პირველი რუსეთის იმპერიის, მეორე კი საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ჩაგვივარდა ხელში, ანუ, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ჩვენი „დამოუკიდებლობის” უკან რუსეთთან დასავლეთის ინტერესები და ომები იდგა.

    როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში   ისტორიულ მოკავშირე რუსეთს ვებრძოდით და მის მტრებთან სამარცხვინო გარიგებაში შევდიოდით. საბედნიეროდ, ყოველთვის არ იყო ასე. იყო ერეკლეს ხედვა და სიბრძნე, იყო სტალინის გენიალობა და სიმტკიცე, რომელთა წყალობითაც ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს აღმოვჩნდებოდით ხოლმე.

    ახლა ის ისტორიული ეპოქა მოდის, როდესაც ჩვენ კვლავაც ისტორიის სწორ მხარეს უნდა დავდგეთ, მაგრამ ისე იკვეთება, რომ ვერც მმართველი პარტია და, მით უფრო, დასავლეთის „მეხუთე კოლონა” სრულიად ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველოს ხვალინდელი დღის გარანტად ვერ გამოგვადგება, ვინაიდან ეს ძალები წარსულის ის რუდიმენტებია, რომელთა დრო წავიდა, მაგრამ ინერციით რჩებიან პოლიტიკურ ასპარეზზე. მენშევიკები, საბჭოთა დისიდენტები, დღევანდელი მმართველი პარტია და დასავლეთის ღია აგენტურა ერთნაირი გაშმაგებით იმიტომ ებღაუჭებოდნენ და ებღაუჭებიან 26 მაისის იდეას, რომ ეს დასავლეთის დაკვეთაა.

    26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობას,  ქართველი ხალხი კი არა, დასავლეთი აღნიშნავს.  ეს წინაპირობა წარმოშობს იმ კაზუსს, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებული დღე ნამდვილი დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო მოვლენაა. 26 მაისი დასავლური კოლონიალიზმის სამსახურში დგას!

    ქართულ პოლიტიკურ სცენაზე მდგარი ორივე ძალა გასაშვებია. დღის წესრიგში მხოლოდ თანმიმდევრობის საკითხი დგას: პოლიტიკური სცენიდან პირველი აუცილებლად უნდა წავიდეს დასავლეთის რადიკალური და აგრესიული აგენტურა , რომელიც ფაშიზმის უკურნებელი სენით არის შეპყრობილი და უაღრესად საშიშ ძალას წარმოადგენს. მას უნდა მიჰყვეს დღევანდელი მმართველი პარტიაც  („ქართული ოცნება”), რომელმაც ვითარებას ალღო ვერ აუღო და ცამეტი წლის განმავლობაში რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გამართვა ვერ გაბედა. მმართველი პარტია, რომელსაც დასავლეთში ხან სილას აწნავენ და ხან პანღურით უმასპინძლდებიან, მაგრამ მაინც  გაიძახის, რომ ღირსებით უნდა შევიდეს ევროპაში,  ვერც პოლიტიკური და ვერც ეროვნული ღირსების გარანტი ვერ იქნება. ამ ძალას თვითონ გამოაქვს განაჩენი საკუთარი თავისთვის.

    ჟორდანიას, გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის გზა ერთი და იმავე შეცდომის გაუთავებელი გამეორების გზაა, რომელიც ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. საქართველოში დაწყებულია ხელისმოწერები რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გამართვის მოთხოვნით. მმართველ პარტიასა და მთავრობას საამისო ნება და შინაგანი რესურსი რაკი არ გააჩნია, საზოგადოების ის დიდი უმრავლესობა, რომელიც რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობას მისი თითოეული წევრის ხელისმოწერით დაადასტურებს, თვითონ შობს იმ მაორგანიზებელ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არ მოისურვებს, ცალ ფეხზე დგომით მიიღოს და შეასრულოს დასავლური უსამართლო და უსინდისო დირექტივები. იგი შეეცდება ხელოვნურად გამრუდებული ისტორიის გასწორებას და მამა-პაპათა მიერ წვალებით, შრომითა და ბრძოლით გაკვალული იმ სწორი გზის გაგრძელებას, რომელიც ილია ჭავჭავაძის მიერ ბრწყინვალედ იყო ჩამოყალიბებული ცნობილ ტრიადაში: „მამული, ენა, სარწმუნოება!” ოღონდ არა ისე, სიტყვათა ცარიელი რახარუხით, როგორც „ქართული ოცნების” მესვეურებმა სცადეს, არამედ რეალური, გულწრფელი და პატიოსანი გააზრებით ამ სამ უკვდავ ცნებაში ჩაკირული უკიდეგანო პერსპექტივისა.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                      

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here