„გგონიათ, პურში ფქვილის წილია ყველაზე მეტი?“

    სანამ პურში არსებული ქიმიური ნაერთები კუჭის წვენთან არ დაიწყებს რეაქციაში შესვლას, მანამდე არ ჩაატარებენ ანალიზს და არ გვეტყვიან, რას ვყიდულობთ და რას ვჭამთ?

    გახსოვთ, ალბათ, განგაშის ზარებს რომ შემოვკარით, საქართველოში პურს სწორად არ აცხობენ, ცდილობენ, გარედან დაიბრაწოს, შიგნით კი ნესტიანი დარჩეს, რათა  წონა ზუსტი გამოვიდეს, მყიდველი  კი რას შეჭამს, არ აინტერესებთ! მართალია, ამის გამო პურის არაერთმა მწარმოებელმა გამოთქვა საყვედური, მაგრამ საქმე იმაზე რთულად ყოფილა, ვიდრე წარმოგვედგინა. ცოტა შორიდან დავიწყოთ…

    ალბათ, ყველას უჭამია თონეში ჩაკრული შოთი, რომელსაც საოცარი სურნელიც ჰქონდა და   საოცარი გემოც. ჩვენი ბებიები ცომს მარტივად ზელდნენ – ფქვილი, მარილი, საფუარი და წყალი. სულ ეს იყო შოთის  შემადგენლობა და გემოც შესაბამისი ჰქონდა. თუ დავფიქრდებით, პურს რეალურად მეტი არაფერი სჭირდება, მაგრამ…

    მსოფლიოში ფქვილი და ხორბალი გაიაფდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გაიაფდეს პურიც, მაგრამ ნურას უკაცრავად – საქართველოში პურის გაძვირებისკენ მივდივართ. თავდაპირველად  გვეგონა, რომ ეს ბიზნესმენების ერთგვარი ხრიკი იყო, მაგრამ… პირველი შემთხვევაა, როცა გვინდა,  ეს ყველაფერი ბიზნესმენების მადას დავაბრალოთ. რეალურად შავ დღეში ვართ! როგორც გავარკვიეთ, ხორბალი და ფქვილი კი გაიაფდა, მაგრამ გაძვირდა ის დანამატები, რომლებსაც ფქვილს უკეთებენ იმისთვის, რომ პური გამოცხვეს. როცა პურის მცხობელებს დაკონკრეტება ვთხოვეთ, გაოცებული სახით გვითხრეს: „თქვენ მართლა გგონიათ, რომ პურში ფქვილის წილია ყველაზე მეტი?“

    „ჩვენთან ასეთი კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ ჩატარდა, მაგალითად, რუსეთში. ჰოდა, იმ კვლევის მიხედვით, პურში ფქვილის წილი 20% იყო, დანარჩენი კი – მარილი, წყალი, საფუარი და გარკვეული მინარევები. ვერ გეტყვით, რა იქნება აქ, ანალოგიური კვლევა რომ ჩატარდეს, მაგრამ, ალბათ, რუსეთის დონეზე ვიქნებით. მთელ მსოფლიოში ასეა და ამაზე ხმაურის ატეხვა არ ღირს“, – განგვიცხადა ერთ-ერთმა მცხობელმა.

    ახლავე შეგვიძლია გითხრათ, რომ რუსეთის დონეზე ნამდვილად არ ვიქნებით, ანუ საქართველოში გამომცხვარ  პურში ფქვილის წილი 20%-იც არ იქნება. საქმე ის არის, რომ რუსული პური ხარისხით საუკეთესოთა შორისაა მსოფლიოში და, თუ იქ ასეთ დღეში არიან, ხომ წარმოგიდგენიათ, საქართველოში რა ხდება?! იცით, რა არ გვესმის? სანამ რძე ქათმის სკორედ არ აყროლდა, მანამდე კვლევა არავის ჩაუტარებია და არ უთქვამს, რას ვსვამდით. ჰოდა, სანამ პურში არსებული  ქიმიური ნაერთები კუჭის  წვენთან არ დაიწყებს ქიმიურ რეაქციაში შესვლას, მანამდე არ ჩაატარებენ ანალიზს და არ გვეტყვიან, რას ვყიდულობთ და რას ვჭამთ? თანაც  პური ხომ მოსახლეობის მთავარი საკვებია და… პური ჩვენი არსობისა მხოლოდ ლოცვებში უნდა მოვიხსენიოთ პატივისცემითა და მოწიწებით, თუ  უნდა შევეცადოთ, რომ არ შევეხოთ და ეს მაინც იყოს თამამად საჭმელი? ბავშვს შეიძლება ჩიფსი და ჟელიბონები აუკრძალო, მაგრამ პურის ჭამას როგორ აუკრძალავ? არადა, პურში ფქვილის წილი შეიძლება  20%-იც კი არ იყოს.

    ნამდვილად არ გვაქვს პრეტენზია, რომ საქართველოში ყველაფერი  ნატურალური უნდა იყოს.  გამორიცხულია, ასე მოხდეს.  თუნდაც ბებიების მიერ სიმინდზე გაზრდილი სოფლის ქათამი რომ ავიღოთ, ისიც არ არის ნატურალური, რადგან სიმინდი შხამ-ქიმიკატებითაა მოყვანილი და ქათამს იმით კვებავენ, მაგრამ პური?! ხელს გავიშვერდით სურსათის უვნებლობის სამსახურისკენ, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, მხოლოდ ეს სამსახური  ვერაფერს გახდება. ფქვილისა თუ ხორბლის შემოტანა და პურის წარმოება  დიდი ბიზნესია, რომლის უკანაც სერიოზული ხალხი დგას, ანუ სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს ეს საკითხი და პირველმა პირებმა უნდა თქვან, რომ პურში რაც შეიძლება ნაკლები შხამი იყოს, სხვანაირად არაფერი გამოვა.

    „თქვენ პურზე საუბრობთ და გვესმის, მაგრამ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა ხდება სხვა მიმართულებით, კონკრეტულად –  სწრაფი კვების ობიექტებში. ხაჭაპურს განსხვავებული გემო რომ ჰქონდეს, სპეციალურ მარგარინს უკეთებენ, ანუ ცხიმს, რომლის დაშლა-მონელებაც, ორგანიზმს კი არა, ქიმიურ მჟავას უჭირს. ფუნთუშა ფაფუკი რომ იყოს, სპეციალურ ფხვნილს იყენებენ, თან დიდხანს არ უნდა გაფუჭდეს. აღარაფერს ვამბობ ქსელურ ობიექტებზე, მაგალითად, „მაკდონალდსზე“, რომელშიც პურიც კი გაყინული შედის და, რისგან არის დამზადებული, არავინ იკვლევს. აი, შევიდა ამ ობიექტში ათი ტონა ჰამბურგერის გაყინული  პური, გაკეთდა და გაიყიდა. ვინ არის გამკითხავი? არავინ და არ გამიკვირდება, რომ იმ პურში ფქვილი საერთოდ არ იყოს. ჰო, შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ ჩაატაროს ვინმემ კვლევა და მიხვდება, როგორ შეიძლება, პურ-პროდუქტი 10 წელი იდოს და ობის ნასახიც კი არ გაუჩნდეს. ისე, ამგვარ ობიექტებში გაკეთებული ჰამბურგერი 15 წუთში თუ არ იყიდება, აგდებენ, ანუ შემდეგ მისი მიღება არ შეიძლება, მომწამვლელია. როგორ გგონიათ, დამზადებიდან 15 წუთში პროდუქტის ჭამა რომ არ შეიძლება, მისი ჭამა საერთოდ შეიძლება?!“ – გვითხრა ამ სფეროს ექსპერტმა და იმავეს ამბობს არა მხოლოდ „მაკდონალდსზე“, არამედ სხვა უცხოურ ქსელურ ობიექტებზე.

    აღსანიშნავია, რომ ის ამერიკელები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან (ტურისტული ან საქმიანი ვიზიტით), გაკვირვებულნი არიან  „მაკდონალდსში“ ხალხის სიმრავლით და ამბობენ, რომ შტატებში ამ ობიექტში მხოლოდ ყავის დასალევად თუ შევა ვინმე, მომხმარებელი კი, ძირითადად, გაჭირვებული მოსახლეობაა, ის, ვისაც ფული არ აქვს. ამერიკელი ტურისტები, როცა აქაურ ფასებს შეიტყობენ, გაოცებას ვერ მალავენ,  რადგან აქაური ფასები, ამერიკულთან შედარებით, დაახლოებით 6-ჯერ მეტია. და ვინმეს ამის გამო  სთხოვენ პასუხს? – რა თქმა უნდა, არა, და არც არასდროს მოუთხოვიათ.

     როგორც გვეუბნებიან, უკვე დაფასოებულ ფქვილში ბევრია ის მინარევი,  რომლებიც თითქოს ფქვილის ხარისხს აუმჯობესებს, სინამდვილეში კი ამ ყველაფერს ქიმიისკენ მივყავართ… ბავშვების უმრავლესობას სკოლაში ქიმიის სწავლა დიდად არ ხიბლავს და ახლა ისე გამოდის, რომ გვინდა თუ არა, ქიმია უნდა ვიცოდეთ, რადგან სხვაგვარად ვერ გავიგებთ, პურის გამოსაცხობად, ფქვილს H2О-ს გარდა, კიდევ რა უნდა დავამატოთ.

    ვეჭვობთ,  ადრე თუ გვიან საქართველოში გამომცხვარი პურით ვიღაც მოიწამლება, მერე ატყდება ხმაური, მაგრამ მოსახლეობა კონკრეტული ნაწარმის შეძენას დროებით შეწყვეტს, ზუსტად ისე, როგორც ეს რძის შემთხვევაში მოხდა (თითქოს სხვა კომპანიების რძე შეისწავლა ვინმემ და დაგვიმტკიცა, რომ იქ ქათმის სკორე არ ურევია) და კვლავ ისე განვაგრძობთ  ცხოვრებას, როგორც აქამდე ვცხოვრობდით.

     ნატურალური პროდუქტის დეფიციტი  მთელი მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა. აგერ, ახალი სათბურების პროექტების განხორციელება იწყება. ამ სათბურებს არ სჭირდება მიწა, კიტრის, პომიდვრის თუ მწვანილის ფესვები, წყალში იქნება, წყალშივე შეერევა ის ნივთიერებები, რომლებიც პროდუქტმა  მიწიდან უნდა მიიღოს და, რა თქმა უნდა, ეს იქნება არა ბუნებრივი, არამედ ქიმიური ნაერთი. მთავარია, შხამის ოდენობამ სტანდარტის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და მერე ეს პროდუქტი ჯერ დახლებზე მოხვდება, მერე – ჩვენს მაგიდაზე. გასაგებია, რომ მთელი მსოფლიო ასე ცხოვრობს, მაგრამ… რომ ვთქვათ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებაო, არ გამოვა, რადგან სწორედ ასე გაგრძელდება და მდგომარეობა გაუარესდება.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                 

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here