ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვრის, გუსტავ კლიმტის, ერთ შედევრს „კოცნა” ჰქვია, რომელზეც უფსკრულის პირას მდგარი მამაკაცი ქალს ლოყაზე კოცნის. ამ ნამუშევარში სამი რამ იქცევს ყურადღებას: უფსკრული, კოცნა, კოცნის მიმართულება (ლოყა).
როგორც ირკვევა, კოცნას ათასწლეულების ისტორია აქვს და, ამასთანავე, ზოგადსაკაცობრიო მოვლენაც ყოფილა. მიუხედავად ამისა, კოცნა სხვადასხვანაირი არსებობს, დაწყებული დედის კოცნით ჩვილისთვის და დამთვრებული იუდას ამბორით; დაწყებული „უგულო ხვევნა-კოცნით” და დამთავრებული საოცარი მხატვრული სახით: „მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა” (რუსთაველი). ბარემ ესეც გავიხსენოთ: „და არსად, მთელ ქვეყანაზე, არ ჰკოცნიან ისე ვნებით, ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით” (გალაკტიონი). შექსპირის განმარტებით, „კოცნა სიყვარულისთვის დასმული ბეჭედია”. გი დე მოპასანის აზრით, „კანონიერი კოცნა ვერასოდეს შეედრება მოპარულს!”… შევჩერდეთ, თორემ, თუ გაგვიტყუა, ეს რომანტიკული თემა შორს წაგვიყვანს.
კოცნის თემა ტარიფების აწევაზე ტრამპის ერთმა ნათქვამმა მოიტანა: „გეუბნებით, რომ ამ ქვეყნებიდან მირეკავენ, უკანალზე მკოცნიან. შეთანხმების მიღწევის სურვილით კვდებიან. ბატონო, გთხოვთ, გთხოვთ, შეთანხმება გავაფორმოთ. ბატონო, ყველაფერს გავაკეთებთ“. ასე წარმოუდგენია ტრამპს კოცნის დანიშნულება, მისამართი თუ ტერიტორია. არა, ალბათ, სხვანაირადაც წარმოუდგენია, მაგრამ, რაკი ამბობს, ეტყობა, ასეც წარმოუდგენია. კოცნის ამგვარ დანიშნულებას იგი არათუ არ გამორიცხავს, პირიქით – ხშირად მიმართავს, უკაცრავად, იმეორებს. მაგალითად, 2020 წელს მან თქვა: „ჯო ბაიდენი კარგი ვიცეპრეზიდენტი მხოლოდ იმიტომ იყო, რომ იცოდა, როგორ ეკოცნა პრეზიდენტ ბარაკ ობამას უკანალზე“. 2023 წელს კი მან ასე შეაფასა მაკრონის ვიზიტი ჩინეთში: „საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმყოფებოდა ჩინეთში, ხვდებოდა სი ძინპინს და მას უკანალს უკოცნიდა”.
მართალი გითხრათ, ვერ გავიხსენე, მსოფლიო ლიტერატურაში სადმე არის თუ არა გამოყენებული კოცნის ეს ყოვლად არაესთეტიკური და არაჰიგიენური ფორმა. ერთადერთი, რაც გამახსენდა, კოკო შანელის ნათქვამია შეკითხვის პასუხად, – სხეულის რომელ ნაწილზე უნდა ვიპკუროთ სუნამო? გამოცდილმა ქალბატონმა ასე უპასუხა: „ყველგან, სადაც გსურთ, რომ გაკოცონ!” თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ შანელის ეს ნათქვამი რეკლამის შემცველია, გარდა ამისა, ახლოსაც ვერ მივა იმ ვულგარიზმთან, რომელიც კოცნის მიმართ ტრამპის ხსენებულ დამოკიდებულებაში ჩანს.
მაშ, რით ავხსნათ ტრამპის ეს ტრადიციადქცეული დამოკიდებულება, დანიშნულება თუ მიმართულება კოცნისა? იქნებ მე არასწორ ანალოგიას მივმართე, როდესაც ადამიანური ურთიერთობების სფეროში ვცდილობდი შეკითხვაზე პასუხის მოძებნას. იქნებ იმთავითვე პოლიტიკის მიმართულებით უნდა წავსულვიყავი და შექსპირის, რუსთაველის, გალაკტიონისა და სხვა გენიოსთა ნათქვამებში არ მეძებნა ტრამპის ამ უხეში ნათქვამის ფსიქოლოგიური თუ ფილოსოფიური საფუძვლები.
პოლიტიკა საზოგადოებრივი ცნობიერების ისეთ ტლანქ ფორმად ჩამოყალიბდა, რომ ამ სფეროში უფრო ადვილია ამგვარი გამონათქვამების ფსიქოლოგიაში წვდომა. აშშ–ის მიმართ მთელ რიგ სახელმწიფოთა დამოკიდებულება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ისეთი არ იყო, როგორსაც ეს ვულგარული გამონათქვამი შეესაბამება? განა ამერიკული პოლიტიკა მთელი მსოფლიოს მიმართ ისეთივე უხეში არ არის, როგორიც ტრამპის ეს ნათქვამია?! მაგრამ განა მსოფლიოს (რამდენიმე სახელმწიფოს გამოკლებით) დამოკიდებულება აშშ-ის მიმართ ამ სახელმწიფოსგან და პირადად ტრამპისგან სწორედ ამ პასუხს არ იმსახურებს?! კი, „ძალა აღმართს ხნავსო”; კი, „გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო”; კი, „დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო” და სხვა ამგვარები, მაგრამ სახელმწიფოებმა რატომ მისცენ ადამიანს იმისი საფუძველი, რომ თქვას: „უკანალზე მკოცნიან!“ სახელმწიფოს მეთაური ხარ თუ რიგითი პოლიტიკოსი, ეს როგორ და რატომ უნდა ათქმევინო ადამიანს? ამჯერად ტრამპის უხეშობასა და უზრდელობას არ ვეხები, ჯერ ეს თემაა განსახილველი. როგორ უნდა მოიქცე ადამიანთან (თუნდაც ტრამპთან) ისე, რომ მან ამგვარად შეაფასოს შენი საქციელი?! ეს ისედაც უზრდელი და თავხედი ქვეყანა იმ მონურმა სულმა ხომ არ გადარია, რომელსაც თითქმის მთელი მსოფლიოსგან გრძნობს? ერთადერთი ლიდერი, რომელსაც დღევანდელ მსოფლიოში ტრამპი მოკრძალებით და ტაქტის დაცვით ესაუბრება, არის ვლადიმერ პუტინი. რატომ? პირველ რიგში, ალბათ, იმიტომ, რომ მასში პიროვნებას ხედავს, ღირსებას გრძნობს, ტოლად და სწორად ან მასზე მაღლა მდგომ ფიგურად განიხილავს. ნებისმიერი დიდი თუ პატარა სახელმწიფოს ლიდერი, რომელიც ღირსებას კარგავს, ნებისმიერი ხალხი, რომელიც თავმოყვარეობის მიღმა რჩება, აღმოჩნდება იმ მდგომარეობაში, რომ ტრამპის ენით ელაპარაკონ. სხვა საკითხია, თვითონ ტრამპის ღირსებაზე როგორ აისახება ასეთი გამონათქვამები. ვფიქრობ, რომ უაღრესად უარყოფითად, მაგრამ მას, სავარაუდოდ, ჩემზე ჭკვიანი მრჩევლები ჰყავს და ისინი შეაფასებენ ამ გამონათქვამების გავლენას მის რეიტინგზე.
ჩვენ კი, აქედან გამომდინარე, რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ? ალბათ, ის, რომ დღევანდელი დასავლეთისგან თავი შორს უნდა გვეჭიროს. მან, მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებული სამყარო დაირქვა, ცივილიზაციას ვინ ჩივის, ყოფითი კულტურაც კი დაკარგა. კოლეგებთან ურთიერთობის წესებს ზურგი აქცია და დიპლომატიური ქცევის კოდექსი გადაწერა; დაანგრია მსოფლიო წესრიგიც, საერთაშორისო სამართალიც და ის ორგანიზაციაც (გაერო), რომლის შექმნასაც მსოფლიო ომის გადატანა დასჭირდა. ასეთ ვითარებაში ძლიერი მოკავშირის ძებნაა საჭირო; საჭირო კი არა, აუცილებელი და გადაუდებელია. ტრამპს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შესახებ ჯერ (როგორც ვიცი) არაფერი უთქვამს, მაგრამ, რამეს თუ იტყვის, დარწმუნებული ვარ, თავაზიანობის ჩარჩოში დარჩება. რატომ? იმიტომ, რომ ლუკაშენკო მარტო არ არის, მას უძლიერესი მოკავშირე ჰყავს და მის მიმართ უხეშად ნათქვამი იმ მოკავშირის მიმართაც უდიერად ნათქვამი გამოვა. ჩვენთვის უაღრესად დასაფიქრებელი ამბავია, ტრამპის ფენომენის გამო კი არა (ტრამპი დღეს არის და ხვალ შეიძლება აღარც იყოს), საერთოდ იმ ახალი გეოპოლიტიკური კონფიგურაციის გამო, რომლის ჩამოყალიბების მოწმეც ვართ. კარგია, ტრამპი საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი თუ იქნება, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გამოდგება იმის საფუძვლად, რომ ჩვენ, როგორც აქამდე ვიქცეოდით, მხოლოდ აშშ-ს ჩამოვეკიდოთ და სხვა მიმართულებით არ გავიხედოთ. გაიგეთ, შეიგნეთ, შეუშვით მაგ თავში, რომ მსოფლიო აღარ არის ერთპოლუსიანი და, შესაბამისად, აშშ აღარ არის ერთპიროვნული მბრძანებელი პლანეტისა. ქუჩაში გამოფენილ აგენტურას ლანძღავთ, არასწორად იქცევითო, მაგრამ საქმით ხომ თქვენც (ყველა, ვინც მხოლოდ აშშ-ის მიმართულებით იყურებით) იმავეს აკეთებთ, რასაც აგენტურა ითხოვს, დასავლეთი თუ გვეტყვის, ქათმებივით ცალ ფეხზე დავდგეთო. წავიდა ის დრო, დამთავრდა ის ეპოქა, მაგრამ, ვინმე თუ ძველებურად ფიქრობს, ვინმეს თუ ძველებურად ცხოვრება სურს, მას მხოლოდ ცალ ფეხზე დგომა არ მოუწევს, ტრამპის ესთეტიკითა და ჰიგიენით მოუწევს იმ რიტუალის შესრულება, რომელსაც კოცნა ჰქვია და რომელსაც, როგორც ირკვევა, ძალიან ფართო დიაპაზონი აქვს, ყოველ შემთხვევაში, ტრამპის თვალსაწიერიდან. მისი შემოთავაზება არ არის მაინც და მაინც სახარბიელო პერსპექტივა იმ შემთხვევაშიც კი, ბატონმა ტრამპმა მის მიერ მითითებულ ადგილზე კოცნის წინ თუნდაც კოკო შანელის თავბრუდამხვევი სურნელების მქონე სუნამო იპკუროს.
ვალერი კვარაცხელია