დამბლა

    საქართველოში თითქმის ყველა მოლაპარაკე თავი (ტელეპერსონაჟი ანუ ადამიანი, რომლის  პროფესიადაც იქცა ტელეეთერში ყოფნა) ჟამიდან ჟამამდე ბრძნული სახით და ინტონაციით წარმოთქვამს წინადადებას: ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა ერთ აზრზე ვიყოთ! საიდან მოდის ეს პოზიცია? ალბათ, იმ  ცნობილი გამონათქვამიდან, „კამათში იბადება ჭეშმარიტება”, რომელიც სოკრატეს მიეწერება. ამ ნათქვამის არსი  არის ის, რომ აზრთა სიმრავლე წარმოშობს კამათს, პოლემიკას, ომელსაც აზრთა შეჯერებისა და შეჭიდების გზით მივყავართ ჭეშმარიტებამდე, .. ჭეშმარიტებასთან (ერთადერთ სწორ აზრთან) მისვლა გვინდა, მაგრამ მაინც ვამბობთ:  ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა ერთ აზრზე ვიყოთ! აბსურდია, ხომ?!

    დამოკიდებულება (ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა ერთ აზრზე ვიყოთ!) საბჭოთა ეპოქის ერთგვარი რუდიმენტიც არის, სადაც ერთი გაბატონებული იდეოლოგია სხვაგვარად აზროვნებისთვის არეალს არ ტოვებდა. ეს ოდესღაც შეშინებული ცნობიერება დღემდე გვკარნახობს: ჭეშმარიტებამდე მისვლას განსხვავებულ აზრთა ქაოსში ყოფნა სჯობს, რაც აბსურდია. ერთ აზრზე დგომა იმ შემთხვევაში კი არ არის საშიში, ყველა ერთად თუ ვეზიარებით ჭეშმარიტებას, არამედ იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა ერთად დავგმობთ ჭეშმარიტებას და ვირწმუნებთ აბსურდს. თუკი ასეთი ვითარება (ჭეშმარიტებისთვის კოლექტიური ზურგის შექცევა) დგება ერის ისტორიაში, ეს უაღრესად საგანგაშოა, ამიტომ რომელიმე მოლაპარაკე თავი ისევ თუ გადაწყვეტს ერის დამოძღვრას, მან ის კი არ უნდა თქვას, ღმერთმა დაგვიფაროს ერთ აზრზე ყოფნისგანო, მან უნდა თქვას, ღმერთმა დაგვიფაროს ჭეშმარიტებისთვის ზურგის შექცევისა და სისულელეში გაერთიანებისგანო.

    ეს შედარებით ვრცელი შესავალი იმის სათქმელად დამჭირდა, რომ საქართველოში (ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში) გვაქვს აბსურდში გაერთიანებისკენ დაუოკებელი ლტოლვა და მიდრეკილება ანუ გვაქვს რომელიმე მცდარი აზრის კოლექტიური აკვიატებისა და ამ აზრში ჩარჩენის (ჩაკეტვის) დიდი პრაქტიკა. საამისო მაგალითი ბევრია, მაგრამ გამოვყოფ რამდენიმეს.

    * ქართული ენის სტატუსი:

    ენის დაცვის (გადარჩენის) საბაბით გამართული ბატალიები 1978 წლის 14 აპრილს და ბოლო 47 წლის მანძილზე მილიონჯერ გამეორებული წინადადება, – ენას გვართმევდნენ, არის მტკნარი სიცრუე. არასოდეს არც ერთ ეტაპზე საქართველოში ქართული ენა ისე არ ყოფილა მოვლილი და დაცული, როგორც საბჭოთა პერიოდში. ამის უპირველესი დასტურია, ის მაღალკვალიფიციური და ავტორიტეტული სამეცნიერო დაწესებულებები, რომელთა ზრუნვის საგანსაც ქართული ენა წარმოადგენდა – მეცნიერებათა აკადემია, ქართული უნივერსიტეტი, უმაღლესი სასწავლებლები, მწერალთა კავშირი, საქართველოს ტელევიზია და რადიო, ქართული პრესა, ქართული კინო და თეატრი, სხვა ათასი კერა, რომლებშიც ენის კულტი სუფევდა. ენას სულს უბერავდნენ და ეთაყვანებოდნენ. ენას გვართმევდნენ იმ წლებში, როდესაც კონსტანტინე გამსახურდია „ლირიულ ინტერმეცცოს” („მთვარის მოტაცება”) წერდა?! ენას გვართმევდნენ იმ წლებში, როდესაც ირაკლი აბაშიძის  „ხმა კატამონთან” („ო, ენავ ჩემო!”) დაიწერა?! საბჭოთა ეპოქის ქართველ პოეტს ვერც გაიხსენებ, რომელიც დედა ენას არ მოჰფერებია. მათ ვინმე ხელს უშლიდა ამაში? საქართველოს ტელევიზიასა და რადიოს ვინმე ხელს უშლიდა, რომ ლიტერატურული რედაქციები ჰქონოდა და ქართული ენის სიწმინდისა და პოპულარიზაციის საქმეში უდიდესი წვლილი შეეტანა?! ჰკითხეთ დღემდე ცოცხალ იმ დროის ღვაწლმოსილ ადამიანებს (ჟურნალისტებს, მწერლებს, რედაქტორებს, რეჟისორებს, მსახიობებს),  საქართველოს მედიასაშუალებათა მუდმივი ყურადღების პრიორიტეტულ მიმართულებათა შორის რომელ ადგილზე იდგა ქართული ენის მოვლაპატრონობის საკითხი და გიპასუხებენ, რომ პირველ, არა, უპირველეს ადგილზე. რა ენას გვართმევდნენ და რა ენა გადაარჩინეთ? როგორ არ გრცხვენიათ,შევარდნაძის მიერ გადმოგდებულ ანკესზე ნახევარი საუკუნე რომ ფართხალებთ და არ იღლებით? კონსტიტუციიდან სახელმწიფო ენის სტატუსის შესახებ მუხლს, ქართული ენის წინააღმდეგ ბრძოლის გამო კი არა, იმიტომ იღებდნენ, რომ საბჭოთა კონსტიტუცია (არც რესპუბლიკების და არც საკავშირო დონეზე) ამ ნორმას არ ცნობდა. ეს მუხლი მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაში ეწერა. ამას თავისი ისტორია აქვს, რომლის შესახებაც ბევრჯერ დამიწერია და მისაუბრია. დღეს ამას აღარ შევეხები. მთავარი  არის ის, რომ საბჭოთა რესპუბლიკების ყველა კონსტიტუცია ერთი სტანდარტით უნდა ჩამოყალიბებულიყო და ეს სტანდარტი სახელმწიფო ენის სტატუსს არ ითვალისწინებდა, ისევე, როგორც დღევანდელ სახელმწიფოთა უმრავლესობის კონსტიტუციები არ ცნობენ ენის ამგვარ სტატუსს. შევარდნაძემ ეს საკითხი ადრევე შეათანხმა ბრეჟნევთან და აუხსნა მას, რომ წინამორბედ კონსტიტუციაში რაკი ეს მუხლი ჩაწერილი იყო, ახლა მის ამოღებას ქართველი ხალხი ვერ გაიგებსო. ქართველი ხალხი რასაც ვერ გაიგებდა, ბრეჟნევმა სწრაფად გაიგო და უთხრა, რომ ეწეროს, ვის რას უშლისო. სულ ეს იყო. შევარდნაძემ ეს ამბავი სათავისოდ გამოიყენა. დარაზმა სტუდენტობა და დადგა სპექტაკლი. შემდეგ გამოვიდა მათ წინაშე და საზეიმოდრამატული ხმით ამცნო, რომ მისი გადაწყვეტილებით (ბრეჟნევი არ უხსენებია) კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი რჩებოდა.

    ასეთია ენასთან დაკავშირებული ეს სიყალბით სავსე ისტორია. როგორ შეიძლება ერი, ხალხი, ქვეყანა ორმოცდაშვიდი წლის განმავლობაში ასე სამარცხვინო სიყალბით იკვებებოდეს და ერთ მარტივ შეკითხვას ვერ სვამდეს: ქართული ენა საღმრთო სიწმინდედ როცა ჰქონდათ გამოცხადებული, იმ დროს გადასარჩენი იყო და დღეს, როდესაც იგი შეურაცხყოფილი და ფეხქვეშ გათელილია, ვითომ მოვლილი და დაფასებულია? ამ უმარტივესი შეკითხვისთვის პასუხის გასაცემად მეცნიერული კვლევა-ძიება არ დაგჭირდებათ, საკმარისია, ჟურნალისტების აბდაუბდა მოისმინოთ ტელეეკრანებიდან, თანამედროვე მწერლობის ნაცოდვილარს გადაავლოთ თვალი წიგნებში, შეიხედოთ ე.წ. სოციალურ ქსელებში და აღმოაჩენთ, რომ ქართული ენა უმძიმეს მდგომარეობაშია. ეს ეპოქა და ეს თაობა საბჭოთა პერიოდის ქართული ენის პრობლემებზე რომ საუბრობს, ამას რა ჰქვია? რა ჰქვია იმას, რომ 14 აპრილს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე .. ოპოზიციასთან ანუ დასავლეთის აგენტურასთან ერთად ღვრიან ცრემლს საბჭოთავერაგობის გამო”, რომლებიც თურმე ენას გვართმევდნენ? დღემდე ერთი შაბლონებით რომ ცხოვრობთ და სუნთქავთ მაგ აგენტურასთან, ეს არის უბედურება, მაგრამ ხელისუფლება მოდის და მიდის. მე იმას ვდარდობ, რომ არის ხალხის დიდი ნაწილი, რომელიც, ორმოცდაშვიდი წელიწადია, ამაში ვერ გაერკვა. აზროვნების ასეთი გაყინვა და გაქვავება ეროვნული ცნობიერების დამბლადაცემულობაზე არ მეტყველებს?!

    * თვითმფრინავის გამტაცებელი ბიჭები:

    ხალხის დიდი ნაწილი დასავლეთის ფენომენმა, საბჭოთა ინტელიგენციიდან მოყოლებული დღემდე, ისე გააბრიყვა, რომ თვითმფრინავის გამტაცებელ ტერორისტებს გმირებად მოიხსენიებენ. ტერორისტებმა ის არ იკმარეს, რომ მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს, მათ თვითმფრინავში პილოტიც დახვრიტეს და ბორტგამცილებელიც. ამ ცივსისხლიანი მკვლელების შეწყალების თხოვნით სხვადასხვა ინსტანციაში უსირცხვილოდ დარბოდნენ იმჟამინდელი ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომელთა თვალშიც ტერორისტებს გმირების მანტიით მოსავდა დასავლური პოლიტიკური ჰიპნოზით მოწამლული მათი ცნობიერება. ესდასავლური პოლიტიკური ჰიპნოზით მოწამლული ცნობიერება”, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ორმოცდასამი წელიწადი გავიდა, დღემდე ბოგინებს ქართველ საზოგადოებაში. რა ვუწოდოთ, რა დავარქვათ ამ მოვლენას, რით ვიმართლოთ თავი საზოგადოების თუნდაც ერთი ნაწილის ამ ტვინგაყინულობის თუ სინდისგაყინულობის გამო?! დამბლადაცემული ცნობიერება ზუსტად ასახავს ამ ვითარებას.

    * 9 აპრილი:

    –  9 აპრილმა თავისუფლება მოგვიტანა!

    •  9 აპრილმა გაგვაერთიანა!

    ეს ის გამონათქვამებია, ამ დღის შესახებ  წარამარა რომ გვესმის. თავისუფლებას საბჭოთა კავშირის დაშლის სინონიმად თუ აღვიქვამთ, ეს, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობაა, რადგან რეალურად ერთი დღეც არ ვყოფილვართ თავისუფალი. დეკლარირებულ თავისუფლებასა და გაეროს წევრობას თუ ვგულისხმობთ, ეს 9 აპრილის დამსახურება არ არის, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგია, რაც ამერიკული სპეცსამსახურების ნამუშევარი იყო და ყოველგვარი 9 აპრილის გარეშეც  მოხდებოდა. რაც შეეხება 9 აპრილის გამაერთიანებელ შედეგს,  არც ვიცი, ამას რა ვუწოდო. 9 აპრილით დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირებაც, აფხაზეთისა და ცხინვალის ომებიც და საქართველოს სამ ნაწილად დაშლაც. ვინ, სად და რაში ხედავს 9 აპრილის შედეგად გაერთიანებულ საქართველოს?! ამგვარი თემებით სპეკულანტი არამზადები ყოველთვის გამოჩნდებიან, მაგრამ ერს, ხალხს ოცდათექვსმეტი წელიწადი არ უნდა ეყოს იმისთვის, რომ ამ ეროვნული ტრაგედიის არსს ჩასწვდეს და მის ფილოსოფიაში საფუძვლიანად გაერკვეს?!  და თუ არ ჰყოფნის, ესეც დამბლადაცემული ცნობიერებით არ აიხსნება?!

    * რუსეთთან დამოკიდებულება:

    საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში დღემდე არსებული ფორმა ჩვენთვის ყველაზე საზიანო და რუსეთისთვის ყველაზე სასარგებლოა. იმ ურთიერთობებისგან, რომლებიც ჩვენ დასავლეთის კარნახით რუსეთთან ჩამოვაყალიბეთ, ვერანაირი სარგებელი ვერ ვნახეთ, რუსეთმა კი ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები განათავსა. ამგვარი შედეგების მომტანი პოლიტიკა სწორია? როგორ შეიძლება,  სწორი იყოს ის, რაც გაზიანებს, განგრევს და განადგურებს?! სწორია ის, რომ რუსეთს არ ველაპარაკებით? რა, გავებუტეთ? სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის მრავალი ფორმა არსებობს, სტრატეგიული პარტნიორობით დაწყებული და  საომარი მდგომარეობით დამთავრებული, მაგრამ ამ ჩამონათვალში არ გამიგია, რომ გაბუტვაც იყოს შეტანილი. დავანებოთ თავი ხელისუფლებას, ამ სტატიაში ხალხზე მაქვს ლაპარაკი. როგორ შეიძლებახალხი (თუნდაც მისი ნაწილი) ოცდათხუთმეტი წელიწადი ცხვარივით იზიარებდეს და იმეორებდეს რუსეთთან ისტორიული მტრობისა და დასავლეთის გადამრჩენელი მისიის ამერიკული სპეცსამსახურების ლაბორატორიებში შეთითხნილ ზღაპარს, როდესაც ვიცით, რომ ყველაფერი პირიქითაა?!

    მოლაპარაკე თავების გამონათქვამი (ღმერთმა დაგვიფაროს ყველა ერთ აზრზე ვიყოთ!), სტატიის დასაწყისში რომ ვახსენე, ასეთ შემთხვევაში ნამდვილად სწორია. ტვინის გაყინვა-გაქვავებულობის კონკრეტულ მაგალითებში, ზემოთ რომ ჩამოვთვალე (სხვაც უამრავია), მართლაც ღმერთმა დაგვიფაროს ერთ აზრზე ყოფნა, მაგრამ გამოსავალს თუ მივაგნებთ, ოპტიმალურ გზას დავადგებით და ჭეშმარიტების მიმართულებით ვივლით, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ერთ აზრზე ყოფნა სჯობს. ერთ შეჯერებულ, ჩამოყალიბებულ დასკვნამდე თუ არასდროს არ უნდა მივიდეთ, რა აზრი აქვს განსხვავებული იდიოტობის ფრქვევას და მოსმენას ყველა იმ ჭუჭრუტანიდან, რომლებსაც საზოგადოებასთან მისასვლელი არხი გააჩნია?! ყველა ის ადამიანი, რომლებიც იმ ბითურობას ლაპარაკობენ, რომელსაც ხალხი, წლებია, ისმენს, და ყველა ის არხი, რომლებიც მაგ ბითურობას ავრცელებენ, ერთი წერტილიდან იმართება. მაგ წერტილს დასავლეთის კოორდინირებული სპეცსამსახურები ჰქვია. მათ იციან, რასაც ემსახურებიან, ქართველი ხალხი კი დღემდე ვერ ჩასწვდა იმ საიდუმლოს, საიდან და რა გზებით აღწევს მის სულში სატანა, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს – საზოგადოების ცდუნების გზით აზროვნების გაყინვა და ცნობიერების დამბლის გამოწვევა, აქედან გამომდინარე უმძიმესი შედეგებით.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                 

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here