დღეს თუ ქათმის გადამუშავებული სკორეთი გამოვკვებავთ ძროხებს, შემდგომ გადაუმუშავებელს მივაჩვევთ, ასე ჩავიძირებით სკორეს მორევში

    სრული კრახი სოფლის მეურნეობის სფეროში - ნელ-ნელა ყველაფრის შემოტანაზე გადავდივართ

    ვინ იფიქრებდა,  საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს რამე თუ გადაფარავდა, მაგრამ ნურას უკაცრავად – გაირკვა, რომ საქართველოში პოლიტიკაზე მეტად ჯანმრთელობაზე ფიქრობენ და ეს მარტივად დადასტურდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ კომპანიას მეწველი ძროხები მოუკვდა, ბრალი მეორე კომპანიას დასდო, აქაოდა, ის სკინტლი, რომელიც მომყიდა, საკვებად უვარგისი გამოდგა და ძროხები ამიტომ დაიხოცნენო.  ქათმის სკორეს საკვებად გამოყენება ცოტა უცნაური ჩანს და, ვისაც ძროხასთან შეხება ჰქონია, ეცოდინება, რომ ქათმის ახალ სკორეს ძროხა არათუ არ შეჭამს, ახლოსაც არ გაეკარება, მაგრამ…

    ერთ-ერთმა ბიზნესმენმა თევზის წარმოება დაიწყო და მალე მიხვდა, რომ შიგნეულსა და თავს ვერაფერს უხერხებდა. ისინი უნდა გაენადგურებინა შესაბამისი ფორმითა და სტანდარტების დაცვით, რაც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, მაგრამ მასთან სხვა ბიზნესმენი მივიდა და განუცხადა, რომ თევზის თავსა და შიგნეულს იყიდდა, მართალია სიმბოლურ ფასად, მაგრამ ამ პრობლემას მოუგვარებდა.  ბიზნესმენმა, რომელიც თევზს აწარმოებდა,  მერე შეიტყო, რომ თევზის თავსა და შიგნეულს ამუშავებდნენ – ახმობდნენ, ფქვავდნენ და საბოლოო ჯამში, კატის საკვების ფორმას აძლევდნენ, ანუ ისეთს, ზოომაღაზიებში რომ  იყიდება. ჰოდა, ქათმის სკორეს გადამუშავებაც შეიძლება და შესაბამისი დანამატების შემდეგ  მას  სასუქად გამოიყენებენ (გააჩნიაა, რას დაამატებ), აგრეთვე საკვებად და ის შეიძლება აჭამო თევზებს, ღორებს… საქონელსაც. ამიტომ გვჯერა, რომ საუბარი სწორედ გადამუშავებულ ქათმის სკორეზეა (სკინტლზე) და არა „ნედლზე“.  კიდევ გავიმეორებთ: გამორიცხულია, ნედლ სკორეს ძროხა გაეკაროს…

    კომპანია, რომელსაც ცუდი სკორეს მიწოდებაში ადანაშაულებენ, აწარმოებს კვერცხსა და ქათმის ხორცს. შესაბამისად, როგორც ყველა, ასევე ეს კომპანიაც  ქათამს სპეციალური საკვებით ზრდის და ეს „სპეციალური საკვები“  შეიცავს როგორც ქიმიურ დანამატებს, ისე სოიოსა თუ პალმის ზეთს, ანუ იმას, რაც ჯანმრთელობისთვის დიდად სასარგებლო არ არის. შესაბამისად, სასარგებლო არც ის ხორცი და კვერცხი უნდა იყოს, მაგრამ რაღაც არ გვსმენია, ვინმეს პრეტენზია გამოეთქვა და აურზაური ამტყდარიყო.

    მედალს მეორე მხარეც აქვს – როცა ორი წლის წინათ ერთ-ერთმა თურქმა ბიზნესმენმა ლაბორატორიის (ქართული ლაბორატორიის) დასკვნა მაჩვენა, რომელშიც გარკვევით ეწერა, რომ თურქეთიდან შემოტანილ კიტრსა და პომიდორში უფრო ნაკლები პესტიციდები იყო, ვიდრე ქართულში, ვერაფერი ვუთხარი. შარშან  უკვე ირანელმა ბიზნესმენმა გვაჩვენა დასკვნა, რომლის მიხედვით ირანიდან შემოტანილ საზამთროში სამჯერ (!) ნაკლები შხამ-ქიმიკატი იყო, ვიდრე ქართულში. ეს ყველაფერი მარტივად აგვიხსნეს: ჩვენ ვიცით, რა დოზა უნდა გამოვიყენოთ, თქვენ კი – არაო. მართლებიც არიან, ისინი ყველაფერს წვეთოვანი სისტემით რწყავენ, ზუსტად იციან, რომელი ნივთიერება  რამდენი უნდა მისცენ, ჩვენ კი დაახლოებით ვაკეთებთ და,  კარგი შედეგი რომ გვქონდეს, ყოველთვის ვცდილობთ, მეტი მივცეთ. მივიღეთ ის, რომ ვერაფერიც ვერ მივიღეთ – სოფლის მეურნეობის სფეროში სრული კრახი გვაქვს და ნელ-ნელა  ყველაფრის შემოტანაზე გადავდივართ. ანუ, ადგილობრივი წარმოება ყოველწლიურად კვდება, სულ უფრო ცოტა პროდუქტი მოგვყავს და ამაზე არავინ ფიქრობს. პრინციპში, შეიძლება ვინმე ფიქრობს, მაგრამ გამოსავალს ვერავინ პოულობს და არც სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას აპირებს.

    ცალკე პრობლემაა რძის ფასი. დიდი მწარმოებლები პატარებს, უბრალოდ, გუდავენ და ფასს კატასტროფულად აგდებენ. ერთი ლიტრი რძის ჩაბარება, საუკეთესო შემთხვევაში, 1, 80 ლარი ღირს – ეს ზამთარში, თორემ ზაფხულში 1,70-ზე მეტს არავინ იხდის. ჰოდა, მერე ამ რძეს ჩვენ 5 ლარზე მეტად ვყიდულობთ და არც კონტროლი ჩანს, ეს ყველაფერი რომ დაარეგულიროს. ამ დროს  შემოტანილი რძე გაცილებით იაფი (ორი ლარით) ღირს და არც ამაზე სვამს ვინმე კითხვას. როგორ შეიძლება, ბელარუსიდან და რუსეთიდან შემოტანილი რძე, ტრანსპორტირების და განბაჟების შემდეგ, ადგილობრივზე ორი ლარით იაფი ღირდეს?!

    რადგან ბელარუსზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ, სულ რაღაც ერთი კვირის წინათ  ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს ცეცხლი შეუნთო და თანამდებობებიც დაატოვებინა. მიზეზი კი ის იყო, რომ მოწეული კარტოფილი სწორად არ შეინახეს, რის გამოც მისი დიდი ნაწილი გაფუჭდა. ლუკაშენკომ  გათავისუფლებულებს იქვე აუხსნა, რომ იმიტომ კი არ უშვებდა, რომ კარტოფილი გაფუჭდა, არამედ იმიტომ, რომ ადამიანების შრომის დაფასება არ იცოდნენ, იმ ხალხს არ სცემდნენ პატივს, რომელმაც ეს მოსავალი მოიწია. ახლა  გაიხსენეთ, საქართველოში რამდენი მინისტრი და როდის მოხსნეს იმის გამო, რომ ადამიანების შრომა არ დააფასა და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყო ხელისუფლების პირველი პირი. ასეთი რამ არასდროს მომხდარა და იცით, რატომ? არავინ ფიქრობს ხალხის შრომაზე. ხათუნა კალმახელიძეს თავი რომ მოჰქონდა, ციხეებში კვება გავაუმჯობესეთო, სწორედ არასწორად შენახული და დამპალი კარტოფილით კვებავდნენ მსჯავრდადებულებს. ჰოდა, ეძახეთ ახლა ლუკაშენკოს დიქტატორი, მაგრამ გაითვალისწინეთ:  ბელარუსული ხარისხიანი პროდუქტი, საქართველოში რომ ჩამოდის, ტრანსპორტირება-განბაჟების შემდეგ ქართულზე იაფი ღირს.

    უარესი მდგომარეობაა რუსული პროდუქტების მიმართ. აქ მცხოვრები რუსი მოქალაქეები ამბობენ, რომ რუსეთში ადგილობრივი პროდუქტი უფრო ფასობს და ფიქრობენ, რომ ისინი ხარისხით ბელარუსულს სჯობს. ჩვენთან შემოტანილი რუსული პროდუქტები ქართულზე ორჯერ იაფია და ბავშვობის გემოებსაც აცოცხლებს. ვიღაც იტყვის, საქმე მასშტაბებთან გვაქვსო, მაგრამ რა შუაშია მასშტაბი, როცა მათი პროდუქტები  ჩვენსას ხარისხით, ფასითა და გემოთი ჯობია?! ჩვენ ხომ ყველაფერი საბჭოური ხელის ერთი მოსმით მოვიშორეთ და ჯერ ევროპულზე გადავედით, მერე აზიურს მივეძალეთ (უფრო იაფი ჯდება და იმიტომ), მაგრამ ევროპელებიცა და აზიელებიც იცავენ შხამ-ქიმიკატების დოზებს და ცდილობენ, ისეთი საკვები პროდუქტები შექმნან, რომლებიც  მოქალაქეების ჯანმრთელობას არ ავნებს. ჩინეთში ნამყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ იქ ადგილზე ნაწარმოები პროდუქტი თუ ტექნიკა გაცილებით  ხარისხიანია იმასთან შედარებით, რაც ჩვენთან შემოდის. ანუ, ისინი საკუთარ თავს უფრთხილდებიან. ჩვენ როდის მივალთ იქამდე? როდის მივხვდებით,  ჩვენ თუ არ მოვუარეთ საკუთარ თავსა და ქვეყანას,  ჩვენი მშველელი არავინ არის? რეგიონში კი არა, ლამის მთელ ყოფილ საბჭოეთში ყველაზე უკან ვართ ადგილობრივი წარმოებით,  ადგილობრივი წარმოება კი სოფლის მეურნეობით რომ იწყება, აქამდე თუ არ იცოდით, ახლა გაიგეთ, ბატონებო. არ შეიძლება, ამხელა ტერიტორიები უქმად იყოს და თუნდაც იმავე ქათმის ხორცით მხოლოდ 30%-ით ვაკმაყოფილებდეთ ბაზარს. არ შეიძლება, კვერცხი შემოგვქონდეს, როცა დამტკიცდა, რომ ადგილობრივ წარმოებას ბაზრის სრულად ათვისება შეუძლია;  არ შეიძლება შემოგვქონდეს ხახვი, მწვანილი, საზამთრო, კიტრი და პომიდორი, კომბოსტო და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები, რადგან   საქართველოს  აქვს რესურსი  და… ჩამოთვლილს ვინ ჩივის, ციტრუსები და ვაშლიც კი უკვე იმდენი შემოგვაქვს, რომ ისინი სერიოზულ კონკურენციას უწევენ ადგილობრივ წარმოებას. შემოგვაქვს ყურძენიც (?!) და მერე სიამაყით ვაცხადებთ, რომ საქართველო ვაზის სამშობლოა.

    ამას წინათ მაღაზიებში დიდი რაოდენობით ფრანგული მინერალური წყალი დაგვხვდა და, რომ მოვიკითხეთ, გვითხრეს, რომ შემოტანა დაიწყეს და კარგად იყიდება. ევროპა რომ არ გვიშვებს თავის ბაზარზე და ქართული წყლების დადება არ სურს, ჩვენ რატომ ვუთავისუფლებთ დახლებს? სხვა თუ არაფერი, წყალი მართლა გვაქვს და თანაც იმდენი, ყველა დახლსა და მაღაზიას ავითვისებთ. პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში უპირატესობა სწორედ ადგილობრივ  წარმოებას ენიჭება, ხელისუფლება ღიად თუ ფარულად ცდილობს, აქცენტი  ადგილობრივ პროდუქტზე გააკეთოს.  აგერ დონალდ ტრამპმა იმპორტზე ისეთი ტარიფები დააწესა, მთელი ამერიკა ადგილობრივი ნაწარმის მოხმარებაზე გადავა და ეს ეკონომიკაზე აუცილებლად აისახება, რადგან ადგილობრივი მეწარმეები უფრო მეტ ფულს იშოვნიან, უფრო მეტ სამუშაო ადგილს შექმნიან, უფრო მეტს გადაიხდიან. ჩვენ კი, ოღონდ ვინმემ რამე შემოიტანოს და ჩვენ არ ვიმუშაოთ, ყველა პირობას ვუქმნით და თავზე ხელს ვუსვამთ. არ გამოვა, ბატონებო, ასე! დღეს თუ ქათმის გადამუშავებული სკორეთი გამოვკვებავთ ძროხებს, შემდგომ გადაუმუშავებელს მივაჩვევთ, ასე ჩავიძირებით სკორეს მორევში.

    ლევან გაბაშვილი

    P.S.  ერთმა კაცმა სოციალურ ქსელში დაწერა: იმდენი ქაქი მაქვს ნაჭამი მთელი ცხოვრების განმავლობაში, სკინტლი რას დამაკლებსო და…

    ყველამ თავის გულში რომ ჩაიხედოს, არც ეს იქნება ურიგო!

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here