ყველაზე კარგად სწორედ დასავლეთმა იცის, რომ  ოპოზიციას ამ შემადგენლობით პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ… სხვა ოპოზიცია რომ არ არსებობს?!

    ე.წ. რუსული კანონი, კანონი ოჯახური ღირებულებებისა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ… ოპოზიციას საქართველოში ასეთი „კარგი“ საფუძველი იმისთვის, რომ არჩევნები მოეგო და ხელისუფლება შეეცვალა, 12 წლის განმავლობაში არ ჰქონია. ასე  ფიქრობდა თვითონ  ოპოზიცია და ამაში იყო დარწმუნებული დასავლეთი. სწორედ ამიტომ  დასავლეთმა უპრეცედენტო რაოდენობის ფული დახარჯა ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში, უზარმაზარი თანხები გაიღო არასამთავრობო სექტორისთვის,  ძალიან დიდი ფული დაიხარჯა იმისთვის, რომ  3 111 უბანზე  უცხოელ დამკვირვებლებს ევლოთ… ყველაფრის მიუხედავად,  დასავლეთმა „მიიღო“ დამარცხებული ოპოზიცია და, რაც მთავარია, სრული უპერსპექტივობა სამომავლოდ.  ყველაზე კარგად სწორედ დასავლეთმა იცის, რომ ამ შემადგენლობით ოპოზიციას პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ… სხვა ოპოზიცია რომ არ არსებობს?!

     რა აღარ მოიფიქრეს: პარტიები დაანაწევრეს, ცალ-ცალკე გაუშვეს, აგერ, ნაციონალები და მელია-გვარამია ცალკე გავიდნენ, შედეგად, ზუსტად იმდენი აიღეს ერთობლივად, რამდენსაც  ადრე იღებდნენ, ანუ არაფერი მოემატათ. უზარმაზარი სახსრები დახარჯა მამუკა ხაზარაძემ, დიდძალი  ფული ჰქონდა გიორგი გახარიასაც, მაგრამ შედეგი ნულია. ნული იმიტომ, რომ ხელისუფლება არ შეიცვალა და ახლა, თვითმმართველობის არჩევნების წინ რა უნდა უთხრას ოპოზიციამ ხალხს? მათდა საუბედუროდ (ბოლოს ასე გამოვიდა), გასულ არჩევნებზე  წალენჯიხის მერი ოპოზიციონერი გახდა და ბევრმა დადო პირობა, რომ წალენჯიხას თითით საჩვენებელ მუნიციპალიტეტად აქცევდა. საბოლოოდ კი, რაც იქ გაკეთდა, მხოლოდ ბიუჯეტის ფულით და არც „კოკა-კოლას“ შეფ თემურ ჭყონიას აუშენებია „მაკდონალდსი“ წალენჯიხაში და არც მამუკა ხაზარაძე გადასულა  იქ საცხოვრებლად.  საერთოდ, წალენჯიხელთა ცხოვრებაში ისეთი არაფერი მომხდარა, რაც სხვაგან არ ხდება, ამიტომ დაპირება, რომ, თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ფუჭია. აგერ კიდევ არაერთი საერთაშორისო დამკვირვებელი „გამოტყვრა“, რომელმაც აღიარა, რომ არჩევნები ნორმალურ გარემოში ჩატარდა.

    „საარჩევნო პროცესი შესაბამისობაში იყო ევროკავშირის სტანდარტებთან. საბოლოოდ ვადასტურებ, რომ არჩევნები საქართველოში ისე ჩატარდა, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში ტარდება ხოლმე“, –  განცხადა უცხოელმა დამკვირვებელმა  ფანი ლაჩკომ.

    ოპოზიციის მხარდამჭერთაგან არც იმის სჯერა ვინმეს, რომ ბარიერგადალახული პარტიები პარლამენტში არ შევლენ. ოპოზიციის მხარდამჭერები სოციალურ ქსელში წერენ: „ვინც პარლამენტში შევიდეს“-ო და ათსართულიან გინებას უთვლიან. არადა, შევლენ კი არა, შესასვლელთან ორკუპლეტიან ლექსსაც იტყვიან, რადგან ასე იქცეოდნენ ყოველთვის და არც ახლა გადაუხვევენ ნაცადი გზიდან. წყალში ჩაეყარათ ფიქრი კოალიციურ მთავრობაზე და ტყუილად არ დაასახელებინეს პრეზიდენტს ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა, აქაოდა, პრემიერობა ყველას გვინდაო და… ამ ამბავმაც ჩაილურის წყალი დალია, პრემიერობა კი არა, ბევრს  დეპუტატობაც  არ შერჩა ხელთ, რადგან ხმების დაგეგმილი პროცენტები ვერ აიღეს.

    ისე, საინტერესო, იცით, რა არის? მერამდენე არჩევნებია, ეგზიტპოლების დამთვლელი ორგანიზაციები ოპოზიციას, უბრალოდ, „აყირავებენ“ და 15-20%-იან ცდომილებას „მარტივად“ სვამენ ხოლმე. ამის მიუხედავად, ოპოზიცია მაინც მათ უკვეთს გამოკითხვას და… ესეც დასავლეთის მოთხოვნაა, სწორედ იმ ორგანიზაციებმა უნდა აკეთონ ფული. ის, რომ  ფულის ინტერესი  აქვს დასავლეთს, არც ეს არის ახალი ამბავი.  კარლ ბილდტი ხომ გახსოვთ, შვედეთის ყოფილი პრემიერი? ჰოდა, ეს ბილდტი ახლა გამოჩნდა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გულისტკივილი გამოთქვა. მისი კარგად გვესმის – ნაციონალების ზეობის პერიოდში ბილდტის კომპანიამ საქართველოს ბიუჯეტიდან  60 მილიონ(!) დოლარზე მეტი მიიღო იმისთვის, რომ ამ ორგანიზაციას საქართველოს იმჟამინდელი მთავრობის პიარი ეწარმოებინა და ახლა ბილდტს მსუყე ლუკმა გაუვარდა ხელიდან.

    დასავლელებს უზარმაზარი თანხა დაუჯდათ 26 ოქტომბრის არჩევნები და ისინი ყოველდღიურად რწმუნდებიან, რომ 12 წლის განმავლობაში საქართველოს ოპოზიციასა თუ არასამთავრობო სექტორში ფულს ტყუილად „ასხამენ“. ეს იმის ბრალია, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს ისეთი ფონის შექმნას, თითქოს მთელი საქართველო მათ მხარეს არის და საბოლოოდ ათასგვარ გამამართლებელ საბაბს იგონებს, რატომ არ გამოვიდა ესა თუ ის საქმე. ახლო სამეზობლოზე რომ იგიჟებს თავს ოპოზიცია, ურთიერთობას უკეთესად დავალაგებთო, აგერ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიულოცეს მოქმედ ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვება, ოპოზიცია კი ორივეს… დიქტატორს ეძახის.

    ჰორიზონტიდან გაქრა საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, რომელიც მანამდე ენად იყო გაკრეფილი და საქართველოს  საშინაო საქმეებში ისე ერეოდა, ხელისუფლებისგან რამდენიმეჯერ შენიშვნაც მიიღო, მაგრამ არჩევნების შედეგის გამოცხადების შემდეგ ჰერჩინსკი საჯარო სივრციდან, უბრალოდ, დაიკარგა და,  სავარაუდოდ, იმაზე ფიქრობს, რამდენი ქვეყნის ლიდერი დაგმობს მომხდარს. შესაძლოა, არც არავინ  დაგმოს, რადგან გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ დასავლეთისთვის საქართველო ნათელი მაგალითი იქნება იმისა,  რისი მიღწევა შეიძლება, თუ ადამიანებამდე სწორად მიიტან ინფორმაციას, ევროპა-ამერიკა კი იმას იფიქრებს, სხვა სახელმწიფოებიც არ გაგვექცნენო. სხვაში  მოლდოვა იგულისხმება, სადაც რეფერენდუმის შედეგებმა  ევროპული მისწრაფები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, როცა 50%-იანი ბარიერი მხოლოდ მას შემდეგ იქნა გადალახული, როცა ხმების დათვლაში სამთავრობო სტრუქტურები ჩაერივნენ.

    უკვე დაიწყო მზადება არეულობებისთვის. როგორც წესი, არჩევნების მეორე დღეს პარტიების  უმრავლესობას ფინანსები აღარ  აქვს, რადგან ყველაფერს არჩევნებში დებენ და ახლა აქციების დაფინანსება ათეულათასობით ლარი    დაჯდება. მეტიც, ისეთ აქციებს, როგორიც ოპოზიციას მარტში ჰქონდა, დღეში 300-400 ათასი ლარი სჭირდებოდა, თუმცა, ვისაც არ ახსოვს, ასეთ შემთხვევასაც  შევახსენებთ:  სცენის მომტან და დამდგმელ ხაზარაძეს სიტყვით გამოსვლისას  სახეში ლაზერი რომ მიანათეს,   გაბრაზდა, სცენა აკეცა და შინ წაიღო. ჰოდა, დამარცხებული ოპოზიცია აუცილებლად დაიწყებს იმის გარკვევას, ვინ უფრო მაგარი ბიჭია, და ამ გარკვევაში დროც გავა. მერე პრეზიდენტი შემოუძახებს „ბიჭებს“: არიქა, სამშობლო არ დაღუპოთ და არ გაყიდოთო (ანუ კიდევ ერთხელ არ გაყიდოთო) და საკუთარ მომავალზეც იფიქრებს, რადგან მალე მადამ ზურაბიშვილს საპრეზიდენტო სავარძლიდან გადაჯდომა მოუწევს. ისე, ქალბატონი სალომე ახლა მაინც უნდა მიმხვდარიყო, რომ ოპოზიცია მას  არც ლიდერად  აღიქვამდა, არც სერიოზულად  განიხილავდა და არც მისი ქარტია იყო ისეთი დოკუმენტი, რომელსაც იურიდიული ძალა ექნებოდა. პარლამენტში არშესვლის მუქარა ოპოზიციას შეუძლია დაივიწყოს, რადგან იქ მათი ხილვის სურვილი, სულ ცოტა, 1,1 მილიონზე მეტ ამომრჩეველს არ აქვს,  ამით ვერც ვერავის გააკვირვებენ და არც არავის დასწყდება გული. მათი მხარდამჭერები ისედაც ეუბნებიან, არ შეხვიდეთ პარლამენტშიო, მაგრამ გადახედეთ ოპოზიციური პარტიების სიებს და მიხვდებით, რამდენს წასძლევს სული, იანვრიდან პარლამენტარის 8-ათასიანი პენსია რომ მიიღოს…  არავინ იცის, სადამდე შეუძლია დასავლელებს წასვლა. რადიკალური ნაბიჯების გადადგმამდე,  სავარაუდოდ,  აშშ-ის  სააპრეზიდენტო არჩევნებს დაელოდებიან და დიდია იმის ალბათობა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოსთან ურთიერთობა გადაიტვირთონ და  ისე კატეგორიუად არ მოითხოვონ იმ კანონების უკან გაწვევა, რომელთა გაწვევასაც   ახლა ითხოვენ. მით უმეტეს, რომ ტრამპი ლგბტ თემის წინააღმდეგიც არის და ისეთი პატარა ქვეყნები, როგორიც საქართველოა, დიდად არ აინტერესებს. აი, თუ ასე მოხდება, მერე ნახეთ ოპოზიციის ჭიჭყინი  უფრო იმის ფონზე, რომ ტრამპმა, შესაძლოა, დაპირება მართლა შეასრულოს და უკრაინაში მიმდინარე ომს წერტილი წელსვე დაუსვას. უკრაინა ტყუილად არ გვიხსენებია. იქ მებრძოლი ქართველებიდან რამდენიმემ უკვე გამოთქვა სურვილი,  საქართველოში ჩამოვიდეს და იომოს, რომ მათ სისხლის არ ეშინიათ, რომ მათი ბრალია, ამდენი ხნის განმავლობაში ივანიშვილი ცოცხალი რომ არის. ეს ყველაფერი ერთად დაგროვდება, მერე დასავლეთი ამ „პოლიტიკურ ნაგავს“ გაქექავს და გადაწყვეტილებასაც მიიღებს. სწორედ ამიტომ იყო, არჩევნების დასრულების შემდეგ და მეორე დღეს დასავლეთისგან მართული ოპოზიცია ხმას რომ ვერ იღებდა რეალურ გეგმებზე. მან  არც კი იცის, რას დაავალებენ დასავლელი პატრონები და რისი გაკეთება მოუწევს. ახლა ქართული ოპოზიცია სწორედ დასავლეთის ხელის  აქნევას ელოდება.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                  

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here