ამერიკის (ხელახალი) აღმოჩენა

    244

    ქართველი პოლიტიკოსები ხშირად იმეორებენ აზრს, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის ოჯახს – ევროპას. ეს ზმნა (დაუბრუნდეს) მისი სემანტიკური მნიშვნელობით იმას გვეუბნება, რომ ოდესღაც ჩვენ ევროპული ოჯახის წევრი ვყოფილვართ, შემდეგ ამ ოჯახის წევრობა დაგვიკარგავს და ახლა კვლავ უნდა დავბრუნდეთ იმ ერთობაში. არადა, საქართველოს ისტორიის არც ერთ მონაკვეთზე არ აღუნიშნავთ ჩვენი წევრობა ევროპულ ოჯახში. კი ბატონო, გვქონია პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სავაჭრო ურთიერთობები საბერძნეთთან, რომის იმპერიასა და ბიზანტიასთან, მათი მხრიდან ყოფილა გავლენები, ყოფილა დაპყრობის სურვილიც და შემოსევებიც, მაგრამ ოჯახის წევრობა არ ყოფილა. მეტიც, ეს ”ევროპული ოჯახის” ცნებაც ერთგვარი პირობითობაა და, პრაქტიკულად, იგი არასოდეს გასცილებია კონტინენტურ გაგებას. ვერც რომის იმპერია და ვერც ბიზანტია ვერ ჩაითვლება ევროპულ ოჯახად, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ერთიც და მეორეც ძალადობაზე იყო აგებული.   

    ევროპას (შიგნით, ერთმანეთთან) გაცილებით მეტი უომია, ვიდრე თანაცხოვრების პერიოდები ჰქონია. მაშ, საქართველო როგორ იქნებოდა იმ ”ოჯახის” წევრი, რომელსაც არ უარსებია? ევროპით ჩვენი დაინტერესება და გარკვეული ურთიერთობები (მაგალითად, ჯვაროსნულ ომში მონაწილეობა) ოჯახის წევრობას არ ნიშნავს, არც ქრისტიანობა არ ნიშნავს ევროპული ოჯახის წევრობას, რადგან ეს ორი ცნება (ევროპა და ქრისტიანობა) არ ემთხვევა ერთმანეთს. ევროპულ  ოჯახად ყველაზე მეტად შეიძლება  დღევანდელი ევროკავშირი ჩაითვალოს, რომლის წევრობის მხოლოდ კანდიდატი ვართ, ანუ ამ ოჯახის წევრი, შესაძლებელია,  მხოლოდ მომავალში (თეორიულად) გავხდეთ, მაგრამ ეს ვერ იქნება დაბრუნება იქ, სადაც აქამდე არ ვყოფილვართ. ასე რომ, ოდესღაც ევროპული ოჯახის წევრობა არა მხოლოდ გაზვიადებული და გადაჭარბებულია, თავიდან ბოლომდე გამოგონილი, შეთხზული ამბავია. ჩვენი ევროპელობა არასოდეს გასცილებია სურვილს, რომელიც ისტორიის ამა თუ იმ მონაკვეთში მეტ-ნაკლები ძალით იფეთქებდა ხოლმე, მაგრამ რიგ ფაქტორთა გამო კვლავ ჩაქრებოდა. სულხან-საბას ფრანგული ვოიაჟები და მენშევიკური მთავრობის პროდასავლური ვნებები, რომლებსაც  ქართული ეროვნული განძის გატაცებასა და ევროპაში მათ გაქცევაზე მეტი წარმატება არ მოჰყოლია, არც არის ანგარიშში ჩასაგდები, ვინაიდან ჩვენს ყოფიერებასა თუ ცნობიერებაში მსგავსი პროდასავლური გაელვებები  ევროპული ოჯახის წევრობას არამც და არამც არ ნიშნავდა…

    საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალი ძალით იფეთქა ჩვენმა დასავლურმა აღტყინებამ. ეს, ერთი მხრივ, იმით იყო განპირობებული, რომ ევროპული კულტურა მართლაც ძლიერად იყო შემოჭრილი ჩვენს ეროვნულ ცნობიერებაში. ძველი კოლხეთისა და საბერძნეთის ურთიერთობას, რომისა და ბიზანტიის იმპერიების გავლენას, ემატებოდა საბჭოთა პერიოდის ევროპეიზმი, რომელიც, როგორი საკვირველიც უნდა ჩანდეს, ორ სისტემას შორის ჩამოფარებულ ე.წ. რკინის ფარდაში ადვილად აღწევდა. დასავლეთის პუბლიკას არავინ უშლიდა ხელს, რომ ქართული კინო თუ თეატრალური შედევრები ენახა, ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლების შემოქმედებით დამტკბარიყო და ქართულ ხელოვნებას, ქართულ მწერლობასა თუ ფილოსოფიას ისევე ზიარებოდა, როგორც ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი ეზიარებოდა, რომელსაც, აგრეთვე, ჰქონდა საშუალება, დასავლური მწერლობის საუკეთესო ნიმუშების მაღალპროფესიულ თარგმანებს გაცნობოდა ლიტერატურულ ჟურნალებში, კინოთეატრებში კი ყოველდღიურად ენახა საუკეთესო ამერიკული თუ ევროპული ფილმები და ა.შ. იმდენად გამჭვირვალე იყო ის ”რკინის ფარდა”, რომ ორივე მიმართულებით ყველაფერი ჩანდა. მეორე მხრივ კი, საბჭოთა კავშირის დაშლის სცენარი, რომელიც დასავლეთში  დაიწერა და რომელშიც  საბჭოთა დისიდენტებსა და ე.წ. ეროვნულ მოძრაობებთან ერთად საბჭოთა ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი, პირველ რიგში, დასავლეთისთვის კარის ფართოდ გახსნას გულისხმობდა.

    დასავლეთი ნიაღვარივით მოასკდა ყოფილ საბჭოეთს, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოსაც. ყველა ერთბაშად დაიძრა ნატოსა  და ევროკავშირის მიმართულებით, თუმცა ეს პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური მარათონი ჯერჯერობით მხოლოდ ბალტიისპირეთის სამმა რესპუბლიკამ დაძლია. დასავლეთი ერთი ხელით გვიხმობს თავისკენ, მაგრამ მეორე ხელით გვაკავებს და გვამუხრუჭებს. რომ არა დასავლეთის ეს ხელოვნური მუხრუჭი, რომელსაც ობიექტური წანამძღვრები გააჩნია (ერთი მხრივ, რუსეთის წინაშე დასავლეთის შიში და რიდი; მეორე მხრივ კი, ჩვენ გამო პასუხისმგებლობის აღების სურვილის არ არსებობა), ჩვენ დიდი ხნის მიღებული უნდა ვიყოთ დასავლეთის ამ ორ უმთავრეს სტრუქტურაში – ნატოსა და ევროკავშირში. დააკვირდით, რა გამოდის? ჩვენ ეგზისტენციური ხასიათის რისკს ვწევთ დასავლეთისკენ სწრაფვაში, მაგრამ დასავლეთი ჩვენი მიღების საკითხში, არათუ რისკს არ სწევს, კალკულატორით ხელში სამარცხვინო ანგარიშს იწყებს იმის გასარკვევად, მათი ოჯახისთვის მომგებიანი იქნება ჩვენი წევრობა თუ ზარალიანი. დასავლეთი ამას პირველად არ აკეთებს. მეოცე საუკუნის დასაწყისში მისთვის მთლიანად სულმიყიდულ (მენშევიკურ) მთავრობას, რომელიც საბჭოთა (ბოლშევიკურმა) მთავრობამ ქვეყნიდან გააძევა, დასავლეთმა არათუ სამხედრო დახმარების ხელი არ გამოუწოდა, საერთოდ ფეხზე დაიკიდა და გარდაუვალი მარცხისთვის გაწირა.

    ახლა დასავლეთმა ზუსტად (სარკისებური ეფექტით) გაიმეორა  საუკუნის წინანდელი სამარცხვინო ქცევა და ჩვენი ქვეყნისთის ასე კრიტიკულ ისტორიულ მომენტში ერთხელ კიდევ გვაქცია ზურგი. ამას გულისტკივილით როდი ვამბობ (ჯანდაბას იქით გზა ჰქონია გარყვნილსა და უსამართლო დასავლეთს), ფაქტს აღვნიშნავ მხოლოდ; ფაქტს იმის შესახებ, თუ რა უმნიშვნელო ვართ ევროპისა და, საერთოდ, დასავლეთისთვის. გეოპოლიტიკური და ტერიტორიული მნიშვნელობა, ალბათ, გვაქვს კიდეც, მაგრამ, როგორც ხალხსა და როგორც სახელმწიფოს, დასავლეთის თვალში ჩალის ფასიც არ გვადევს. ჩვენი ბედი მათთვის მხოლოდ იმდენად ნიშნავს რაღაცას, რამდენადაც ნავთობისა და გაზსადენის გამტარი ტერიტორია ვართ და რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობის არენას და მისთვის ე.წ. მეორე ფრონტის გასახსნელ ხელსაყრელ გეოგრაფიულ წერტილს წარმოვადგენთ. სხვა ღირებულებას ისინი ჩვენში ვერ ხედავენ, რადგან, მათდა სამწუხაროდ, ნაკლებად ესმით ან სულაც არ ესმით ის, რითაც ჩვენ თავი მოგვაქვს – აღმოსავლური რენესანსის უჭკნობი შედევრის ”ვეფხისტყაოსნის” ჰუმანიზმი და მაღალი იდეალები, პეტრე იბერის (ფსევდო დიონისე არეოპაგელის) არეოპაგიტული თხზულებები, ”ვეფხვისა და მოყმის ბალადაში” გაცხადებული ტოლერანტობის მიუწვდომელი სიმაღლე, ქართული პოლიფონია და მრავალი სხვა სასწაული, რომლებიც ქართველი კაცის გონსა და ხელებს შეუქმნია.

    საბოლოოდ გაიშიფრა დასავლეთი. ქართველი ხალხის სუსტ პროტესტს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობის, რელიგიური რწმენისა და ისტორიულ ღირებულებათა გადასარჩენად მძლავრი სადამსჯელო მექანიზმები, სანქციების პაკეტი და სახელმწიფო გადატრიალებისთვის მზადება მოაყოლა, ანუ იმდენად უსამართლოდ მოიქცა, რომ ქართველი ხალხის გაოგნება გამოიწვია. ამ ბინძურ ჩანაფიქრში, შესაძლებელია, გამარჯვებასაც მიაღწიოს, რადგან ძალთა თანაფარდობა კოლოსალურად დისპროპორციულია. მას შესწევს ძალა და გააჩნია ის არსენალი, რომ სახელმწიფო გადატრიალებაც მოაწყოს, თავშიც ჩაგვარტყას, დაგვჩაგროს და დაგვთრგუნოს, მაგრამ მას აღარასოდეს ექნება ძალა, ისევ ისე მიგვიზიდოს, როგორც აქამდე გვიზიდავდა; ისეთივე აღტაცება და სიყვარული გამოიწვიოს, როგორც აქამდე ახერხებდა;  ჩაგრულისა და ტანჯულის ისეთივე მეოხი გამოჩნდეს, როგორიც აქამდე ჩანდა. მორჩა მითი დასავლეთისა, მითი დემოკრატიისა, მითი ადამიანის უფლებათა დამცველისა! დამსხვრეული და განადგურებულია ამერიკული საერთაშორისო ტყუილი. ეს ცუდიც არის და კარგიც.  ცუდია იმდენად, რამდენადაც მას იმედგაცრუება ახლავს, კარგი კი იმით არის, რომ ქართველი ხალხი თავისუფლდება ცრუ ხიბლისგან,ფსევდოსიკეთისა და გამოგონილი ჰუმანიზმისგან.მოხდა სასწაული და ჩვენ ხელახლა აღმოვაჩინეთ ამერიკა – სულმოკლე, სიბნელით მოცული, მატყუარა, გარყვნილი, სისხლიანი, ბოროტი, სატანის მსახური…

    თითქმის საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც კონსტანტინე გამსახურდიამ თავისი ერთ-ერთი პუბლიცისტური შედევრი შექმნა სათაურით  ”ევროპული რეაქცია და ამერიკული კანიბალიზმი”. მასში ამერიკული პოლიტიკისთვის გამოტანილი განაჩენივით ისმის ს შემდეგი სიტყვები: ”ჩვენ ყოველდღე ვათვალიერებდით გაზეთებს, ვკითხულობდით ამერიკელი ჰაერის მეგობრების მიერ კორეაში ჩადენილი ამაზრზენი მხეცობის ამბებს. ვათვალიერებდით გასრესილი ბალღების, ქალებისა და მოხუცების ცხედრებს, დანგრეული სოფლებისა და ქალაქების სამწუხარო ფოტოსურათებს და თავს ვეკითხებოდით ხანდახან: ხომ არ მოსულა ისეთი დრო, როცა კაცობრიობამ დასწყევლოს ფლორენციელი ვარსკვლავთმრიცხველი და გეოგრაფი პაოლო ტოსკანელი და მამაცი მეზღვაური ქრისტეფორე კოლუმბი?!”

    გასაგებია ხომ, რატომ და რისთვის? – ამერიკის აღმოჩენისთვის! აღმოჩენისთვის იმ სახელმწიფოსი, რომლის მსგავსი ტკივილი კაცობრიობისთვის იშვიათად თუ მიუყენებია რომელიმე სხვა სახელმწიფოს.

    უდიდესი მწერლის ეს ნაშრომი იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკული პოლიტიკის არსი საქართველოში დიდი ხნის წინათ ესმოდათ ქართული ელიტის წარმომადგენლებს, გამოჩენილ მწერლებსა და მოაზროვნეებს. დღეს კი ის ფაქტი, რომ დემოკრატიის ნიღაბაფარებული ეს სახელმწიფო სინამდვილეში უსამართლობისა და ძალმომრეობის მსოფლიო მექაა, ფართო საზოგადოებისთვისაც გაცხადდა. სამწუხაროდ, 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩვენ გაცილებით მეტი სიმწვავით ვიგრძნობთ და გაცილებით მეტი სიცხადით ვიხილავთ შემზარავ სახეს თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ყალბი ლოზუნგებით მოქმედი მონსტრისა და საერთაშორისო თაღლითისა.

    თითქმის საუკუნის წინათ  გვაფრთხილებდა ქართველი ერის დიდი შვილი იოსებ სტალინი: ”დასავლეთი მისი იმპერიალისტური კაციჭამიებით სიბნელისა და მონობის კერად იქცა”.  სამწუხაროდ, ჩვენ იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, ნებისმიერი ამერიკელი და ევროპელი ვიგინდარისა უფრო რომ სჯერა, ვიდრე დასავლური ფაშიზმის დამმარცხებელი ზეკაცისა.

    ვალერი კვარაცხლია

                                                                  

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here