სასაცილოც აღარ არის ის, რომ საქართველოში ლიმონი სამხრეთ აფრიკიდან შემოგვაქვს

    სახელმწიფო არ ცდილობს, სოფლის მეურნეობა სხვა რელსებზე გადაიყვანოს. მისთვის ეს სფერო „ზედმეტი ხარჯია“, მაგრამ ეზოში, საკუთარ ეზოში, მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანა დაგვიშალა ვინმემ? ხის დარგვა აკრძალეს და არ ვიცით?

    34

    „სამი ცალი ლარად… კარგი, მოდი, ოთხი წაიღე, კარგი, ხუთი იყოს…“ – ამ ფრაზას ზამთარში ხშირად გაიგონებთ, როცა გამყიდველები კლიენტს ლიმონს სთავაზობენ, ქართულ ლიმონს, გემრიელს, არომატულს, წვნიანს. ახლა კი  კილოგრამი ლიმონის ფასი 10 ლარია და ვაი, რომ ქართული ლიმონის შოვნა ძალიან ძნელია. სანამ ახალი მოსავალი შემოვა, ბაზარზე ლიმონის ფასი ისევ აიწევს და მოთხოვნის გათვალისწინებით კიდევ არაერთ რეკორდს მოვხსნით. რა რეკორდს? – უცხოეთიდან ლიმონის შემოტანის რეკორდს.

    ლიმონი იმ 10 პროდუქტს შორის არის, რომელთა ფასმაც წელს საქართველოში რეკორდულად მოიმატა. საშუალოდ ერთი კილოგრამი ლიმონის შეძენა ქართველ იმპორტიორებს 70 ცენტი უჯდებათ (ეს გადასახადების გარეშე), ანუ  ლიმონი დაახლოებით 1,90 ლარი ღირს და… დახლზე მოხვედრილი ციტრუსი 10 ლარად ფასობს. არანორმალური და არარეალური ფასნამატი ცალკე თემაა, მაგრამ ამაზე უფრო დიდი სატკივარი ის არის, რომ საწყის ექვს თვეში ლიმონის რეკორდული რაოდენობა შემოვიტანეთ და ეს მაშინ, როცა  მალე ლიმონი საქართველოს წალეკავს და აქედან ყველა მის გატანას დაიწყებს  ძალიან დაბალ  ფასად.

    „ვთქვათ, კილოგრამში შედის 5 ცალი ლიმონი. გამოდის, რომ ახლა 1 ცალის ფასი 2 ლარია,  სეზონზე კი 20 თეთრად, ანუ ათჯერ ნაკლებად ვყიდულობთ. რაღა სეზონზე, ახლაც მომწოდებლები სწორედ ამ ფასში გვაწვდიან, რადგან რეალურად, სეზონზეც და ახლაც ლიმონი მოგებას მაინც ტოვებს, მაგრამ ქართველი მეწარმეები ათმაგს იღებენ. ექვს თვეში 2 ათასი ტონა ლიმონი შემოვიტანეთ, ანუ სამი მაცივარი, რომელთაგან თითოეულის მოცულობა ათასი ტონა იქნება, ეს ქართულ ბაზარს დააკმაყოფილებს. ერთი მაცივრის მშენებლობა საშუალოდ 1,5 მილიონი ევრო ჯდება და ამ თანხას, ერთ თუ არა, ორ სეზონზე მარტივად ამოიღებს მისი მფლობელი, მაგრამ აშენება არავის სურს და არ სურს სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების მიუხედავადაც კი. მიზეზი მარტივია:  “ჩვენ მივეჩვიეთ ყველაფრის შემოტანას, ეს უფრო მარტივია: იყიდე, გაყიდე. რატომ უნდა იწვალო, რატომ უნდა ინერვიულო, რატომ უნდა დაასაქმო ხალხი? აგერ არის თურქეთი, სამხრეთი აფრიკა (?!), ეგვიპტე და იქიდან ვეზიდებით ლიმონს“, – გვეუბნება ამ სფეროს ექსპერტი.

    სასაცილოც აღარ არის ის, რომ საქართველოში ლიმონი სამხრეთ აფრიკიდან შემოგვაქვს, ჰო, ციტრუსი, რომელიც დასავლეთ საქართველოში იოლად  ხარობს. ზღვისპირა ზოლში კი ლიმონის ხეები ეზოებში ბევრს სილამაზისთვის აქვს დარგული, მაგრამ… მოვლა-პატრონობა გვეზარება. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ადგილობრივი წარმოება შეჩერებულია და არავინ რისკავს რამეს შექმნას, არარეალური ხელფასებია. ჰო, ხელფასი, რომლის გადახდაც არავის სურს, თითქოს ბაზარზე ტენდენციად არის დამკვიდრებული, რომ საქართველოს მოქალაქეს შესაბამისი ჯამაგირი არ უნდა ჰქონდეს, რომ იმავე გლეხის შრომა არ უნდა დაფასდეს. აგერ, სოციალურ ქსელში ვიღაცამ დაწერა, დიდი რაოდენობით ღორის ხორცს 7 ლარად ვიყიდი და შემეხმიანეთო. ჩადეს ამ სტატუსის ავტორი მიწაში: რა 7 ლარი, ბაზარზე 15 ლარი ღირსო. ამ დროს კი რამდენიმემ დაწერა: ფული ძალიან მჭირდება. მზად ვარ, გავყიდოო, და გაყიდეს კიდეც. ანუ, სხვის გაჭირვებაზე ბიზნესის კეთება არასდროს გვეშლებოდა და არც ახლა გვეშლება. ახლა არ იყო პანდემია, პირბადეებზე მილიონები რომ აკეთა ხალხმა და 5 თეთრიანი პირბადე 2-3 ლარად  ისე გაყიდეს, არც კი გაწითლებულან?!

    სამწუხაროდ, მხოლოდ ლიმონზე არ გვჭირს ეს უბედურება. ამ ზაფხულს საქართველოში 4 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების  ნაყინი შემოვიტანეთ. მთავარი მომწოდებელი ისევ თურქეთი იყო და იცით,  რა არის საინტერესო?  15-20 წლის წინათ თურქული პროდუქცია ცუდთან, უხარისხოსთან ასოცირდებოდა. ახლა კი ეს ქვეყანა ლამის მთელ ევროპაში იქცეს წამყვან მოთამაშედ სხვადასხვა სფეროში. ანუ, მათ მოინდომეს, ისწავლეს, იმუშავეს, შედეგი მიიღეს. ჩვენ კი… რისი კეთებაც შეგვეძლო, ისიც კი დაგვავიწყდა. გურჯაანის თუ სენაკის ნაყინი, საქართველოში კი არა,  საბჭოთა კავშირში იყო განთქმული და ახლა? ახლაც კეთდება, ახლაც გამოდის და მართალია, ისეთი გემო აღარ აქვს, როგორიც ადრე, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ არის. ის ხალხი, რომელიც იმ უგემრიელეს ნაყინს აკეთებდა, ისევ ცოცხალია, მაგრამ.. აღარავის სჭირდება. სამაგიეროდ, აქვეა თურქეთი, საიდანაც ნაყინი შემოგვაქვს და გადასარევად ვყიდით, ვჭამთ და ჩვენი არცთუ მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს თურქეთის ეკონომიკის განვითარებაში. ბოლოს და ბოლოს, ნაყინი მაინც არ არის მძიმე მრეწველობა, არ სჭირდება მილიარდიანი დანადგარები, არ არის ეს მანქანის ნაწილის ან ძრავის წარმოება, ეს არის რძისა და შაქრისგან შექმნილი პროდუქტი, რომელსაც… თავი ვერ დავადგით. უფრო სწორად, რაზეც თავი გვქონდა დადგმული, ისიც კი მოვჭერით და მოვაშთეთ.

    ლიმონი, ნაყინი და… მწვანილი. ამ მიმართულებებით რეკორდებს ვხსნით და, რომ დაფიქრდეთ,  სიმწრით გაგეცინებათ, 15 მილიონი დოლარის მწვანილს რომ შემოიტან ქვეყანაში, რომლის მხოლოდ ორი რეგიონი იყო საკმარისი არათუ საქართველოს დასაკმაყოფილებლად, არამედ სხვა რესპუბლიკებში გასატანადაც. ქვემო ქართლი და იმერეთი ამ პრობლემას აგვარებდნენ, მაგრამ ახლა ასე აღარ არის – გავზარმაცდით და იმავე თურქეთიდან თუ აზერბაიჯანიდან შემოტანილი მწვანილის შეძენა გვირჩევნია, ერთ კუთხეში იყიდი, მეორეში – გაყიდი;  სოფლის ეზოებშიც კი ეზარებათ ერთი მუჭა თესლის მიმობნევა, საკუთარი მწვანილი  რომ ჰქონდეთ. როცა ბავშვობაში სოფელში ჩავდიოდით, ბაბუა ქათამს თავს წააცლიდა, ბებია თან იმას პუტავდა, თან აფუებულ ცომს თონეში აკრავდა; იქვე, ბოსტანში კიტრი და პომიდორი ჰქონდა და კრეფდა, ზედ იმავე ბოსტანში მოყვანილ მწვანილს აჭრიდა,  ნატურალურ ყველსაც დადებდა სუფრაზე, სახლის მჟავესაც და ეს ყველაფერი მარტივად, მაგრამ ძალიან, ძალიან ლამაზად და, რაც მთავარია, ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ახლა რომ ვუფიქრდებით, სწორედ ამას ერქვა მეფური სუფრა. ნასადილევს ეზოს ხილს შემატებდნენ მაგიდას, სხვა გემო და ხალისი ჰქონდა ყველაფერს. ახლა კი… ახლა მაღაზიაში ნაყიდი „ძარღვიანი“ პომიდორი, უხეში მწვანილი, მწარე კიტრი, რძის ფხვნილისგან დამზადებული ყველი, პალმის ზეთში გაჯერებული პური, პრემიქსზე გაზრდილი ქათამი…  და ჩათვალე, სუფრას კი არა, ქიმიურ ლაბორატორიას უზიხარ და ჭამ, ოღონდ არ იცი, რას ჭამ, იმიტომ, რომ გემო არაფრის აქვს. დესერტად ისევ ბაზარში ნაყიდი ხილი გვაქვს, რომელსაც კანზე რაღაც  დაასხეს იმიტომ, რომ „ტავარნი ვიდი“ არ დაკარგოს, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც მივირთმევთ, იმიტომ, რომ სხვა გზა  არ გვაქვს, უფრო სწორად, სხვა პროდუქტი არ გვაქვს. შარშანდელი თოვლივით გაქრა თავსაფრიანი ბებიაც, ნატურალური პროდუქტიც, ხილიც და  გამოდის, რომ მეზობლებს მივჩერებივართ ხელებში, ეგებ რამე მოიყვანოს და მოგვცეს.

    მალე შეიძლება იქამდეც მივიდეთ, რომ პურის გამოცხობა დაგვეზაროს და გამომცხვარი პურის შემოტანა დავიწყოთ (გარკვეული ხარისხისა და სახეობის პური მართლა შემოგვაქვს). ვინ აკეთებს ამას? მარტივია ვინმესკენ ხელის გაშვერა, მაგრამ არა, ბატონებო, არა, ამას ჩვენ საკუთარი ხელით ვაკეთებთ. გასაგებია, რომ სახელმწიფო არ ცდილობს, სოფლის მეურნეობა სხვა რელსებზე გადაიყვანოს და მისთვის  ეს სფერო „ზედმეტი ხარჯია“, მაგრამ ეზოში, საკუთარ ეზოში,  მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანა დაგვიშალა ვინმემ? ხის დარგვა აკრძალეს და არ ვიცით? ქართული ფილმი რომ არის „ნერგები“, 90 წელს მიტანებული კაცი ხეჭეჭურს რომ ეძებს, 15 წლის შემდეგ ნაყოფს მოისხამსო და უცხოელებს სასაცილოდ არ ჰყოფნით, მაგ დღეში ვართ სწორედ –  წინ არ ვიხედებით და ერთი დღით ვცხოვრობთ, მთავარია, ერთი დღით გავიძღოთ სტომაქი და  მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება ხვალ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რეგიონში კი არა, ალბათ, მსოფლიოში ყველა ქვეყანამ გაგვისწრო. ისინი მიხვდნენ, რომ საკვები პროდუქტი  უმთავრესია. ახლა ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს ხელისუფლებამაც კარგად იცის და ოპოზიციამაც, მაგრამ წინასაარჩევნოდ არც ერთი არ ამბობს იმას, რომ სოფლის მეურნეობას სხვანაირად უნდა მივხედოთ, რომ ყველაფერი ჩვენი უნდა გვქონდეს და ამ სფეროს „ამოქოქვით“ არა მხოლოდ ეკონომიკას წავწევთ წინ, არამედ მოსახლეობაც დასაქმდება და, რაც მთავარია, ნატურალურ პროდუქტს მივიღებთ, აღარ ვიქნებით ონკოლოგიურ დაავადებებში პირველ ადგილზე, ზუსტად ისე, როგორც  „ავადსახსენებელი კომუნისტების“ დროს არ ვიყავით, რადგან მაშინ ხარისხს უდიდესი ყურადღება ექცეოდა.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                                

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here