უცნაური მოვლენაა ამერიკული დემოკრატია, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ეწინააღმდეგება და უარყოფს საკუთარ თავს. ეს მრავალ ასპექტში ვლინდება, მაგრამ ამჯერად ერთი გამოვყოთ. რა სახე მიიღო და რა შინაარსი შეიძინა ამერიკულმა მრავალპარტიულობამ? ამერიკული მრავალპარტიულობა ორპარტიულობად (სინამდვილეში ერთპარტიულობად) აქციეს, რომელიც ისევე, როგორც მთლიანად ამერიკული დემოკრატიული სისტემა, იმთავითვე ფასადური დემოკრატიის ერთ-ერთ კონკრეტულ გამოხატულებად ჩამოყალიბდა.
ამერიკაში დღეს მოქმედი ორი საპარლამენტო პარტია (დემოკრატები და რესპუბლიკელები) სინამდვილეში ერთი დიდი ბურჟუაზიული პარტიის ორი ფრაქციაა, რომლებიც ერთ ღმერთს – კაპიტალისტურ-იმპერიალისტურ სისტემასა და ამ სისტემაში გაბატონებულ კლანს ემსახურებიან. ისინი მონაცვლეობით მოდიან ხლისუფლებაში, რათა შექმნან განსხვავებულ იდეოლოგიათა მძაფრი პოლიტიკური პაექრობის სურათი, მაგრამ იხატება ამისგან სრულიად განსხვავებული რეალობა – ვითომ განსხვავება იმისა, რაც სინამდვილეში ერთია და ერთიანია, ანუ იწყება მოჩვენებითი (ფარისევლური) დემოკრატია, როგორც საკუთრი ხალხის მოსატყუებლად, ისე გარე სამყაროსთვის თვალის ასახვევად. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ საბჭოთა კავშირში ერთი (კომუნისტური) პარტიის ნაცვლად ჩამოეყალიბებინათ ორი (ვთქვათ, კომუნისტური და სოციალისტური) პარტია, რომლებიც ერთმანეთის მონაცვლეობით მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ იღვაწებდნენ იმ იდეოლოგიის ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში იყო გაბატონებული. ამით რეალურად არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ შეიქმნებოდა მრავალპარტიული პოლიტიკური ცხოვრების მოჩვენებითობა ზუსტად ისე, როგორც აშშ-ში ჩამოყალიბდა. საბჭოთა პოლიტიკურ სისტემას დასავლეთში სიმახინჯეს უწოდებდნენ, მაგრამ სინამდვილეში სიმახინჯე თვითონ შექმნეს, რადგან საბჭოთა პოლიტიკური სისტემა იყო ის, რაც იყო, ამერიკული პოლიტიკური სისტემა კი თვალთმაქცური და ფარისევლური, მატყუარა სისტემაა, რომელიც ერთია, მაგრამ თავს მეორედ წარმოაჩენს.
ამ საკითხს, რომლის შესახებაც ბევრი დამიწერია და მისაუბრია, დღეს მხოლოდ იმის გამო მივუბრუნდი, რომ ამ თვალსაზრისით აშშ-ში ახლა რაღაც იცვლება. რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები ბურჟუაზიული იდეოლოგიის სამსახურში დგომის ნაცვლად (უფრო სწორად პარალელურად) ახალ იდეოლოგიურ პლატფორმებს პოულობენ. დემოკრატიული პარტია თუ რჩება იმად, რაც იყო – სატანისტური იდეოლოგიით მსოფლიო ჰეგემონიზმისთვის მებრძოლ პოლიტიკურ ორგანიზაციად, რესპუბლიკური პარტია ამ ნაწილში გაემიჯნა ძველ პარტნიორს და მსოფლიო ჰეგემონიზმის ნაცვლად ძლიერი, სუვერენული და საკუთარ თავზე ორიენტირებული ზესახელმწიფოს იდეისკენ გადაიხარა. მოხდა ის, რომ ცრუ ორპარტიული (სინამდვილეში ერთპარტიული) სისტემის ნაცვლად აშშ-ში ბოლოს მაინც ყალიბდება ორპარტიული სისტემა, არა როგორც დემოკრატიული ფარსი, არამედ, როგორც პოლიტიკური რეალობა. ამ ახალ რეალობაში საკუთარ თავზე ორიენტირებული ზესახელმწიფოს იდეის წარმომადგენლად თუ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი გვევლინება, წარსულში ჩარჩენილობის, ფარისევლური დემოკრატიისა და მსოფლიოზე ძალადობის სიმბოლოებად და წარმომადგენლებად ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი რჩებიან. ამ ახალ რეალობას ერთი უცნაური ფაქტიც დაემატა. მხედველობაში მაქვს აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, რობერტ (უმცროსი) კენედის, სრულიად არაორდინალური საქციელი. მან მოხსნა საკუთარი კანდიდატურა (როგორც თვითონ აცხადებს, შეაჩერა კანდიდატობა) და მხარი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპს დაუჭირა. რობერტ კენედიმ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მოტივით ახსნა: ”მე ამას ვაკეთებ იმისთვის, რომ დავიცვა სიტყვის თავისუფლება, ვიხსნა ბავშვები ჩვენს ქვეყანაში და ხელი შევუწყო უკრაინაში ომის შეჩერებას”. ამ სიტყვებს კენედიმ დაამატა შემდეგი: ”ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დაიწყებს მოლაპარაკებას უკრაინის კრიზისის გადასაჭრელად. კამალა ჰარისი კი პირიქით, ომის გაგრძელებას უჭერს მხარს.” თავის მხრივ, კენედიმ განაცხადა: ”აშშ-ის ხელში უკრაინა წარმოადგენს ინსტრუმენტს იმ გეოპოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც ამერიკამ წამოიწყო. მე არ მივიჩნევ საუკეთესო გადაწყვეტილებად რუსეთის მიერ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მოხდა მისი პროვოცირება.”
უკრაინის კრიზისთან რობერტ კენედის დამოკიდებულება აშშ-ში გაბატონებულ აზრთან შედარებით მართლაც რევოლუციურია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მის ამ ქცევასა და გადაწყვეტილებებში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პასაჟები იკვეთება. მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ რობერტ კენედი თავისი ოჯახით დაკავშირებულია, მეტიც, ფესვებით არის მიბმული დემოკრატიულ პარტიასთან. მხოლოდ ის რად ღირს, რომ მისი ბიძა ჯონ კენედი აშშ-ის პრეზიდენტი იყო (1961-1963 წ.წ.) დემოკრატიული პარტიიდან, ხოლო მამამისი რობერტ კენედი – პრეზიდენტობის კანდიდატი (1968 წ.) ასევე დემოკრეტიული პარტიიდან. ეს კაცი, ეს პიროვნება (თვითონაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი) დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს, მათ შორის პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტობის კანდიდატ ჰარისს აკრიტიკებს და მხარდაჭერას რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს უცხადებს. განა ეს არ ნიშნავს იმას, რითაც ეს სტატია დავიწყე, რომ აშშ-ში მართლა იწყება იდეათა დაპირისპირება, ნაცვლად დემოკრატიული ფასადის შენარჩუნების სამარცხვინო ტრადიციისა და ფსევდოდემოკრატიული მარაზმისა? ერთი იდეოლოგიის სამსახურში მდგომი ორი საპარლამენტო პარტიიდან ერთი უკვე იწყებს საკუთარი იდეოლოგიის მშენებლობას და ამ იდეოლოგიის გამარჯვებისთვის ბრძოლას. ეს აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში პროგრესული მოვლენაა და სწორედ ამის დასტურია ის ნაბიჯი, რომელიც კენედიმ გადადგა. მისი ეს ნაბიჯი არის პარტიული ინტერესისთვის მტკიცე უარის თქმა იდეის გამო, იდეის სასარგებლოდ. სხვა საკითხია ის, რომ ამ შემთხვევაში ორი პოლიტიკური იდეა კი არ უპირისპირდება ერთმანეთს, რომლებსაც შეუძლია ერთმანეთთან თავსებადი იყოს და ერთ საზოგადოებასა და ერთ პოლიტიკურ სივრცეში არსებობდეს, არამედ შეუთავსებელი იდეები, რომლებიც ერთმანეთთან ანტაგონისტურ დამოკიდებულებაშია, ვინაიდან იდეა, რომელსაც რესპუბლიკელი ტრამპი განასახიერებს და ახლა დემოკრატიული წიაღიდან მომავალი კენედიც შეუერთდა, პოლიტიკური იდეაა, ხოლო ის იდეა, რომელსაც დემოკრატიული პარტია და მათი წარმომადგენლები განასახიერებენ, საერთოდ არ არის პოლიტიკური იდეა, იგი პოლიტიკით შენიღბული ბოროტება და სატანიზმია, რომელიც თუ არ დამარცხდა, მსოფლიოს გლობალურ ომამდე მიიყვანს.
სწორედ ეს არის ის ძალა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა ”გლობალური ომის პარტია” უწოდა. უბედურება კი ის არის, რომ ეს აშშ-ში მოქმედი ორი ძალა და ორი მიმართულება არ არის, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან (ასე რომ იყოს, ეს ნორმალური ვითარება იქნებოდა), სამწუხაროდ, ვითარება სრულიად განსხვავებულია. საქმე ისაა, რომ გლობალური ომის პარტია ამერიკული სახელმწიფოებრივი დვრიტაა, სულია, მთლიანად ამერიკული სისტემაა, რომელიც სატანურია. ტრამპი და კენედი ამ სისტემის საპირწონე ძალას კი არ წარმოადგენენ, ჯერჯერობით სისტემასთან მებრძოლი ”დონ კიხოტები” არიან მხოლოდ, რომლებსაც გამარჯვებისთვის აუცილებელი პოლიტიკური ბაზა არ გააჩნიათ. ერთადერთი, რაც მათ აქვთ, საზოგადოებრივი ბაზაა, ხალხის (სოციუმის) ის სერიოზული ნაწილია, რომელიც სატანას ემიჯნება. თავისთავად ეს სერიოზული ბაზაა, მაგრამ, როდესაც მას, ერთი მხრივ, უზარმაზარი კაპიტალი, მეორე მხრივ კი, ორგანიზებული საინფორმაციო სისტემა უპირისპირდება, იმთავითვე მარცხისთვის არის განწირული. ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაშიც კი (რაც მხოლოდ სოციუმის განსაკუთრებული ორგანიზებულობითა და აქტიურობით შეიძლება მოხდეს), უაღრესად ძნელი იქნება ამ ომში გამარჯვება, ვინაიდან სისტემის ორი მონსტრი – კაპიტალი და მედია მის წინააღმდეგ ამხედრდება. გაიხსენეთ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ტრამპი, რომელმაც, როგორც იტყვიან, იმ დროისთვის კბილები გამოაჩინა, როგორ დაბლოკა ამერიკულმა პრესამ.
ილონ მასკიც კი, რომელიც მისი აზროვნების წესით იშვიათი გამონაკლისია, მიუხედავად იმისა, რომ უმდიდრესი კაცია და უზარმაზარი სოციალური ქსელის პატრონიცაა, პრაქტიკულად, უძლურია საერთო დიდი კაპიტალისა და ასევე საერთო დიდი დასავლური მედიის წინაშე.
პავლე დუროვი, რომელიც ყველაზე დაცული ინტერნეტსაკომუნიკაციო სისტემის (”ტელეგრამი”) და უზარმაზარი სოციალური ქსელის (”ვ კონტაკტე”) დამფუძნებელია, 24 აგვისტოს საფრანგეთში დააკავეს და ოცი წლით პატიმრობა ემუქრება. მის მიმართ ინკრიმინირებულ დანაშაულთა სია შთამბეჭდავია: ხელის შეწყობა ტერორიზმისთვის, თაღლითობისთვის, ფულის გათეთრებისთვის, პედოფილური შინაარსის მქონე მასალათა გავრცელებისთვის, ნარკოტიკის გასაღებისთვის. ყველაფერი ეს დუროვს მიეწერება იმის გამო, რომ, გამოძიების ვერსიით, ”ტელეგრამს” იყენებდნენ ის საშიში დამნაშავეები, რომლებიც ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი. ესეც შენი მაღალი დონის დაცულობა და კონფიდენციალურობა!
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დუროვი აზერბაიჯანში (საიდანაც იგი საფრანგეთში ჩაფრინდა) ოფიციალური ვიზიტით მყოფ პუტინთან შეხვედრას ითხოვდა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. არ ვიცი, სწორია თუ არა ეს ინფორმაცია, მაგრამ ის კი ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დუროვის დაპატიმრება პოლიტიკის გვერდის ავლით არ მომხდარა…
პოლიტიკა ყველგან არის, ხოლო იქ, სადაც პოლიტიკაა, გლობალური ომის პარტიაც არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პარტიაც ყველგან არის. დღეს უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ფორმალურად რომელ პარტიაში ირიცხებიან ამერიკელი პოლიტიკოსები, დღეს მთავარი ისაა, უჭერენ თუ არა ისინი მხარს გლობალური ომის პარტიას. გლობალური ომის პარტიის ხსენებაზე ამ პარტიის ”მეხუთე კოლონა” საქართველოში ხითხითს იწყებს და ხელებს ასავსავებს; – არ ვიცით, ეს რას ნიშნავს, – აცხადებენ ისინი. ეს ამერიკული შპარგალკაა. ასე იქცევა ყველა, ვინც ცდილობს, რომ ამერიკული პოლიტიკა უბიწოდ და უმანკოდ წარმოაჩინოს. მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ამ ტერმინის გამოყენებას: ”მე არ ვიცი, რას ნიშნავს ეს გლობალური ომის პარტია”, – უპასუხა მან ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას. იციან, შესანიშნავად იციან, მაგრამ თავს იკატუნებენ, ამგვარ გამონათქვამებს ”შეთქმულების თეორიას” მიაწერენ და მის არსებობას გამორიცხავენ, მაგრამ შუბი ხალთაში არ იმალებაო, – ნათქვამია. სახელმწიფო, რომელმაც ორ საუკუნეში ორმოცდაათ ქვეყანასთან მოასწრო ომი, თავიდან ბოლომდე გლობალური ომის პარტიაა, აბა, რა არის?! ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ომის პარტია აშშ-ში არსებული რომელიმე (ღია ან ფარული) ორგანიზაციაა. გლობალური ომის პარტია მთლიანად ამერიკული სახლმწიფოა, ის სისტემაა, რომელიც მსოფლიოსთან ძალმომრეობის ენაზე საუბრობს და რომლისთვისაც ომი არამხოლოდ მიზნის მიღწევის ოფიციალურ საშუალებად, არამედ შინაგან, ბუნებრივ მდგომარეობად ქცეულა. თავიდან ბოლომდე კორუფციულ საფუძველზე აღმოცენებულ სისტემასა და სახელმწიფოში ომი უკიდურესი საშუალება კი არ არის, რომელსაც, ყველა სხვა საშუალების ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფომ იძულებით რომ მიმართოს, არამედ დიდი ბიზნესია, ვიღაცის გამდიდრების საშუალებაა, ვიღაცისთვის კი არსებობის საშუალებაცაა. აშშ და ომი განუყოფელია. ახალი იდეოლოგიის (ძლიერი, მაგრამ არა მსოფლიო ჰეგემონი აშშ) მქადაგებელი ტრამპიც კი, როგორც კი აირჩიეს პრეზიდენტად, ხან სირიას მიადგა სამხედრო არმადით, ხან ჩრდილოეთ კორეას, ხან ვის დაემუქრა და ხან ვის უქნია თითი. ერთი ადამიანი, ვინც უნდა იყოს იგი, ხელის ერთი დაკვრით, ამერიკულ (გლობალური ომის პარტიის) პრობლემას ვერ გადაჭრის. ეს პლანეტის კიბოა, რომლის მეტასტაზებსაც ხან ევროპაში ვხედავთ, ხან ახლო აღმოსავლეთში, ხან პოსტსაბჭოთა სივრცეში, ხან სად და ხან სად.
გლობალური ომის პარტიაა ის, ვინც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს იმ მიზნით, რომ აქედან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის სანუკვარი სურვილი აისრულოს. ყოველი დღე გვაახლოვებს იმ საშინელებასთან, რომელიც ზუსტად ორ თვეში შესაძლებელია რეალობად გვექცეს. ერთადერთი, რამაც ამ კატასტროფისგან შეიძლება გვიხსნას, მმართველი პარტიის, უფრო სწორად კი ბიძინა ივანიშვილის სიმტკიცეა. ყოველგვარი ყოყმანი, ყოველგვარი ე.წ. ტაქტიკური უკანდახევა კატასტროფის მომტანი იქნება. ამერიკელთა პოლიტიკურ ლექსიკონში არ არსებობს სიტყვა ბოდიში, შემეშალა, მეტჯერ აღარ ვიზამ დ ა.შ. მოსადეკი (ირანი), ლუმუმბა (კონგო), მილოშევიჩი (იუგოსლავია), ჰუსეინი (ერაყი), კადაფი (ლიბია), გამსახურდია (საქართველო), რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, ვისთანაც ფიზიკური ანგარიშსწორებით ამერიკელებმა საკუთარი სახე აჩვენეს. იაპონია (ჰიროსიმა და ნაგასაკი), ვიეტნამი, კორეა, ავღანეთი, ერაყი, ლიბია, სირია, ეგვიპტე, იემენი, იუგოსლავია… ეს არასრული სიაა სახელმწიფოებისა, სადაც აშშ-მა დაამტკიცა, რომ იგი სახელმწიფო კი არა, გლობალური ომის პარტიაა.
მეოცე საუკუნეს ზოგჯერ ოქროს საუკუნეს უწოდებენ. არცთუ უსაფუძვლოდ, ამ საუკუნის პირმშოა მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია, კულტურის აღმავლობა და მრავალი სხვა, მაგრამ ეს ხომ მაინც ის საუკუნეა, რომელმაც მსოფლიოს ორი გლობალური ომი, ბოლოს და ბოლოს, ფაშიზმი, ჰოლოკოსტი და საკონცენტრაციო ბანაკები მოუტანა. მეოცე საუკუნეში უდიდესი ბოროტება გადააგორა თითქოს კაცობრიობამ, მაგრამ, სამწუხაროდ, მთავარი მაინც წინ არის. ის, რაც იყო, შესაძლებელია, ბალღური ცელქობა აღმოჩნდეს იმასთან შედარებით, რაც შეიძლება იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ მეოცე საუკუნის გლობალურ ომთან ოცდამეერთე საუკუნის გლობალური ომი მისი მასშტაბებითა და დამანგრეველი ძალით შეუდარებელი იქნება.
დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რა იქნება და როგორ იქნება, მაგრამ, სულაც დაღუპვა რომ ეწეროს კაცობრიობას, ჩვენ რატომ უნდა აღმოვჩნდეთ პირველთა შორის, საბოლოო ხსნის თუ არა, გადავადების თეორიული შანსი მაინც თუ არსებობს?! უკრაინული სიბრიყვის განსაცვიფრებელი მაგალითი აგერ არ გვაქვს, როგორ შეიძლება ნორმალურ ხალხს უკრაინული საშინელების კალკირება და მისი საკუთარ სამშობლოში გადმოტანა სურდეს, თუკი მას სხვისი აგენტურა და ”მეხუთე კოლონა” არ მართავს?!
ჯერჯერობით საქართველოს, საბედნიეროდ, საკუთარი ეროვნული ინტერესების დამცველი მთავრობა ჰყავს. ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ამ რეალობის შეცვლა, ვინაიდან გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყნის დაღუპვა იქნება.
ვალერი კვარაცხელია