ზოგიერთი პრობლემისა და მოქმედი საარჩევნო კანონის შესახებ

    29

    საქართველოში პრობლემებს რა გამოლევს, სფერო არ არის ძირფესვიან გადახალისებას  არ საჭიროებდეს. ყველას ჩამოთვლას არ შევუდგები, იმდენია, თანაც ერთიმეორეზე მნიშვნელოვანი, რომ რიგითობასაც ვერ მივუსადაგებ და უთუოდ რაღაც გამომრჩება კიდეც. ზოგიერთი პრობლემის მოგვარებას, მისი მნიშვნელობის მიუხედავად,  დიდი დრო არ სჭირდება, შეიძლება ითქვას, ხელისუფლების კეთილი ნებაც ეყოფა, ხოლო ზოგიერთისთვის რამდენიმე წელიც არ იქნება საკმარისი, მაგრამ არის კიდევ  ორი, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელთა  მოგვარება-გამოსწორებას ვერაფრით დააჩქარებ და ყველანაირი ხელშეწყობის პირობებშიც კი ათეულობით წელი, თაობები ესაჭიროება. და რაოდენ სავალალოა, რომ ხელშეწყობის ნაცვლად, სამწუხაროდ, ხელშეშლა უფროა თვალში საცემი.

    ესაა დემოგრაფიული და განათლების პრობლემები.  მართალია, პრობლემები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და მათი  გამოსწორება პარალელურ რეჟიმში უნდა წარიმართოს, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება, პირველ რიგში,  ერის გამრავლებას უნდა დაეთმოს – შობადობის გაზრდასა და ქართული ოჯახების ქართულ მიწებზე (განსაკუთრებით სოფლად) დამაგრებას, რისთვისაც სახელმწიფომ არ უნდა დაიშუროს არაფერი – აუცილებელია არა მიზერული დახმარება (თვიდან თვემდე რომ როგორმე თავი გაიტანოს ოჯახმა), არამედ ისეთი (დაწყებული ახალი ოჯახის შექმნისა და პირველივე ბავშვის გაჩენიდან დღიდან), რომ შეყვარებულ გოგო–ბიჭებს  ერთი სული ჰქონდეთ  ადრიანად დაქორწინებისა და მრავალშვილიანი ოჯახების შექმნისა.

    დემოგრაფიულ პრობლემას თითქმის ყველა  სახელმწიფო დიდ ყურადღებას უთმობს – პატარა 9-მილიონიანი ავსტრიაც,145-მილიონიანი რუსეთიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, 1.4-მილიარდიანი ჩინეთიც, რომელმაც პირველივე წელს (2022–ში), როგორც კი სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა,  განგაშის ზარებს შემოჰკრა. არადა, იმ წელს 10 მილიონამდე(!) ბავშვი დაბადებულა ჩინეთში. ჩვენთან კი უფრო ადრიდან –   2020 წლიდან სიკვდილიანობა შობადობას აღემატება, თანაც –  მნიშვნელოვნად, რასაც მეორე, არანაკლებ საგანგაშო მოვლენა ემატება – შრომისუნარიანი ასაკის გოგო–ბიჭების ყოველწლიური ემიგრაცია უცხოეთში (მოსახლეობის საყოველთაო აღწერების ერთმანეთთან შედარებით დასტურდება, რომ 30 წელიწადში 1.8 მილიონით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც  ქვეყნიდან გასული 1.8 მილიონის ბუნებრივ მატებასაც თუ დავუმატებთ, საერთო ჯამში, 2 მილიონ ადამიანზე მეტს მივიღებთ,  საქართველოსთვის დიდწილად  უკვე დაკარგულ შვილებს! შობადობა დაბალი, სიკვდილიანობა მაღალი, ახალგაზრდების გადინება სისტემატური და… რჩება საქართველო შემცირებული და დაბერებული ხალხის იმედად.

    რაც შეეხება განათლებას, რომელიც სკოლამდელი  ასაკიდან – საბავშვო ბაღიდან იწყება, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება უშუალოდ აღმზრდელს, მასწავლებელს და, რაღა თქმა უნდა, იმას, თუ რას, რა პროგრამით ასწავლიან ისინი სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში, ვინ აკონტროლებს და ვინ არჩევს პროფესორ–მასწავლებელთა კადრებს. 30 წელია, სულ რეფორმებში ვართ, მაგრამ, როცა ამ რეფორმებს რეალურად დასავლეთი გვიტარებს (ისევე, როგორც ყველა სხვა სფეროში!) მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, როცა  18 წელიწადში 11 განათლების მინისტრი შეიცვლება და ბოლო, ანუ ამჟამინდელი მინისტრი ამილახვარიც საქართველოს უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად ყოვლად უვარგის, შეუფერებელ და სახელგატეხილ ხუბუას დაგვინიშნავს, იქ შეუძლებელია რამე გამოსწორდეს! ბოლო 20 წელია (განსაკუთრებით და აშკარად),დასავლეთს თვალი არ მოუშორებია ჩვენთვის, – აქაოდა, სადმე ფეხი არ გადაუბრუნდეს ახლახან დამოუკიდებლობამიღებულ ამ თვალისჩინივით გასაფრთხილებელ უძველეს ქართველ ერს და ხელი დროზე შევაშველოთ, ღმერთი არ გაუწყრეს და შემთხვევით არასწორი  მიმართულებით  გადაიხაროსო. არადა, მართლა დახმარება რომ ნდომოდა უძლიერეს და უმდიდრეს 330-მილიონიან შეერთებულ შტატებს, მაშინ  ჩვენს ბედს  ძაღლიც არ დაჰყეფდა. ბევრ ჩვენგანს კი მაინც დასავლეთისკენ აქვს მიპყრობილი მზერა და, 30 წელიწადია, „ევროპა–ევროპასა“ და „ნატო–ნატოს“ ძახილს ვერ შევეშვით!  

    სხვის იმედად მყოფებს როგორ არ უნდა გვახსოვდეს დიდი ნიკო ნიკოლაძის ლამის 100 წლის წინანდელი  შეგონება: „ჯერ არსად, არც ერთ ქვეყანაში მაგალითი არ უნახავს კაცს, რომ რომელიმე ხალხი  ან საზოგადოება ამაღლებულიყოს სხვისი დახმარებით, თუ არა საკუთარი შრომით და ჯანით. ჩვენს საზოგადოებაში ყველა დარწმუნებულია, რომ შველა ჩვენ ერთ მშვენიერ დილას ჩამოგვიფრინდება ისე, რომ  თვითონ ხელის განძრევაც არ დაგვჭირდება… უცხოეთი კი ჩვენს თვალში რაღაც უზენაეს ქმნილებად იხატებოდა. უცოდინრობაა ჩვენი მომრევი და არა მრავალრიცხოვანი მომხდური.  ერთმანეთს შევესიეთ და შევაკვდით, ერთმანეთი მიწასთან გავასწორეთ, მტერ–მეზობელი კი შორიდან თვალყურს გვადევნებს და ლოცულობს: წამკიდებელი წაკიდე, ორივეს თავი წაწყვიტეო“! 

    ამ სავალალო მდგომარეობას ყველანი ვხედავთ და ვხვდებით იმასაც, რომ ქართველი ერის გადაშენება კარსაა მომდგარი, რომ სასწრაფოდაა მისაღები რადიკალური ზომები, მაგრამ სხვას მიჩერებულები, სხვის იმედზე მყოფნი, ვინც პირში გვიცინის,  პარტნიორ–მეგობარს გვიწოდებს, ზურგს უკან კი სამარეს გვითხრის, ვისაც ჩვენი მიწა–წყალი აინტერესებს მხოლოდ და არა განათლებულ–გამრავლებულ–გაძლიერებული საქართველო –მათ ჭკუაზე ჩატარებული რეფორმებით ვერასოდეს ვერ მოვაგვარებთ არათუ ამ ორ უმნიშვნელოვანეს პრობლემას, არამედ – ვერც ერთ სხვასაც. ჩვენი უკუსვლა გაგრძელდება და „ავადსახსენებელი საბჭოთა პერიოდი“, როდესაც კიდეც ვმრავლდებოდით და ვნათლდებოდით, როდესაც არც მოსახლეობის მესამედი იყო ასეთ გაღატაკებულ დღეში ჩავარდნილი, როგორც ახლაა და არც ვალების გამო ქართულ მიწებს – ტყეებს, წიაღისეულს, წყალს, სტრატეგიულ ობიექტებს  გვიყიდდა ხელისუფლება, უნებურად გაგახსენდება და მოგენატრება კაცს. მიუხედავად ღვთისშობლის კურთხეული ადგილისა – შავი ზღვისა და წალკოტი მთა–ბარისა, იმ დრომდე, სანამ შეერთებული შტატების ელჩი (ნაწილობრივ, ევროკავშირისაც) „მაყურებლად“ გვეყოლება თბილისში და ის იქნება ყველაფრის – საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ერთპიროვნული გამტარებელი (აბა, განმსაზღვრელი ოკეანის გაღმაა), არავითარი არჩევნები და ხელისუფლების ცვლა შედეგს არ გამოიღებს – ამერიკა საკუთარ მოსახლეობას უყალბებს არჩევნებს, თანაც არნახულად (უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით – კარგადაც დანახულად მთელი მსოფლიოს მიერ იმ დოკუმენტური ვიდეოკადრების წყალობით, სადაც გადამალული ჩანთებიდან ამოღებულ  ბიულეტენებს როგორ ატარებენ დამთვლელ მანქანაში ფარულად და  სამ–სამჯერ; თითო ჩადებაზე 3 000 ბიულეტენს ითვლიდა მანქანა).ჰოდა, ამის შემდეგ ჩვენ ან ვინმე სხვას  მოგვერიდებიან?! უკრაინას თუ უნიშნავს  მთავრობის შემადგენლობას ამერიკა (ამის დამადასტურებელი სატელეფონო საუბრის  ჩანაწერი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდისა უკრაინაში ამერიკის ელჩ ჯეფრი პაიეტთან  მთელ მსოფლიოს აქვს მოსმენილი), ჩვენ თავისუფლად მოქმედების საშუალებას მოგვცემს?!

    ცხადია, ზემოთ ნახსენებ მოსაგვარებელ პრობლემებთან ერთად სახელმწიფოში  ზოგჯერ ჩნდება სასწრაფოდ მოსაგვარებელიც, რომელთა გადავადება არ შეიძლება, რადგან დაყოვნებამ გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება გამოიღოს.

    სწორედ ასეთი პერიოდი გვიდგას დღეს საქართველოში – ეს პრობლემაა აშშ–ევროკავშირიდან წამოსული დაუფარავი მუქარა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არცნობის შესახებ, თუკი შედეგები არ აღმოჩნდება მათთვის მისაღები, ანუ გასაგებად თუ ვიტყვით, თუ არ მოხერხდება მათი მფარველობის ქვეშ მყოფი და მათ მიერ დაფინანსებული გაერთიანებული რადიკალური პარტიების გამარჯვება – ჯამური უმრავლესობით მოსვლა პარლამენტში.  ასეთ შემთხვევაში არჩევნების დასრულებისთანავე, წინასწარი მონაცემების გასაჯაროებისთანავე კარგს არაფერს არ უნდა ველოდოთ – კანონიერი ხელისუფლებების დამხობა–გადატრიალებებში ჭიპი აქვს მოჭრილი ამერიკას და ძალიან იშვიათია,  წარმატებას რომ ვერ მიაღწიოს (ლუკაშენკო–პუტინისა და მადუროს მსგავსი ლიდერები ძალიან ცოტაა მსოფლიოში). ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ მასების, ხალხის იმედზე ყოფნა და სასწრაფო რადიკალური ზომების არმიღება, პირველ რიგში, საფუძვლიანი წმენდის არჩატარება ძალოვან სტრუქტურებში, დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის – ადვილი შესაძლებელია როგორც სამოქალაქო ომის გაჩაღება, ისევე „ნაცების“ გამარჯვების შემთხვევაში  რეპრესიები, დაუნდობელი ანგარიშსწორება!  ზოგიერთს  ხელისუფლება–მთავრობიდან უსათუოდ მიეცემა ხელშეუხებლობის გარანტია ამერიკის მხრიდან, მაგრამ უმეტესობას ნაცების მსახვრალი რევანშისტული ხელი ძალიან მტკივნეულად მოხვდება, ამას ხომ თავადაც არ მალავენ. ახალს არაფერს ვიტყვი, თუ გავიმეორებ, რომ ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას სრულებითაც არ სჭირდება ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა, ამ დროს მთავარია არა ხალხის რაოდენობა, არამედ ძალოვანი სტრუქტურების მხარდაჭერა (ჯარი, პოლიცია, გვარდია, სპეცსამსახურები და სხვა მსგავსი უწყებები ანუ ვისაც კი ხელი მიუწვდება იარაღზე).  სააკაშვილის რეჟიმის დროს დანაშაულის ჩამდენმა ბევრმა პირმა ამ სტრუქტურებიდან უცხოეთში გაქცევით უშველა თავს, თავად   „ქართულ ოცნებას“ კი საფუძვლიანი წმენდა არც კი ჩაუტარებია (რა მიზეზით, ამას მნიშვნელობა არ აქვს). დღეს პირისპირ  დავრჩით დასავლეთის მხრიდან წაქეზებული, საბრძოლველად შემართული გაერთიანებული ნაცების, მეხუთე კოლონისა (ე.წ. არასამთავრობოების) და ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე მათი მომხრეების წინაშე და ამას ემატება ქვეყნის გარედან მუქარა, რომელზეც ცალკე უნდა შევჩერდე.

    სიტყვიერად ადრეც გვსმენია, ხოლო ამა წლის დასაწყისში ვიდეოთიც ვიხილეთ (სახეც არ დაუფარავთ!)  უკრაინაში, „ქართული ლეგიონის“ რიგებში მებრძოლი ქართველების გაუგონარი მუქარა:„სულ მალე ტანკებით შემოვალთ და გადაგივლით ყველას“ („ოცნების“ ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერებსო)! ეს ის მებრძოლები არიან, რომლებსაც ბრძოლის ველზე დაღუპვის  შემთხვევაში საქართველოში ჩამოსვენებულებს სამხედრო პატივით კრძალავდა სახელმწიფო, ზუსტად ისევე, როგორც საქართველოსთვის თავდადებულ გმირებს. ეს ხომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში არ ჯდება და, რუსეთსაც თავისუფლად შეეძლო ასეთი სახის დაკრძალვები იმის დასამტკიცებლად გამოეყენებინა, რომ ეს მებრძოლები საქართველოს ხელისუფლების ნებართვით ომობდნენ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ მან ეს, საბედნიეროდ, არ გააკეთა. ახლახან ქართველმა მებრძოლებმა ხომ საქართველოს დროშაც ააფრიალეს პროვოკაციულად რუსეთის ტერიტორიაზე(!), კურსკის მიდამოებში გამარჯვების ნიშნად (მათ სწორედ ეს აქვთ დავალებული, რათა  ამის მხილველმა და გაღიზიანებულმა რუსეთმა საქართველოზეც იყაროს ჯავრი).

    საქართველოს „მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, „საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ავტომატურად კარგავს მოქალაქეობას, თუკი საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე იბრძვის სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ან მსახურობს სპეცსამსახურებში, და უნდა იქნას დაკავებული საქართველოში შემოსვლის მცდელობისას“.  ვინმეს გსმენიათ ამგვარი დაკავებების შესახებ? არადა, თურმე უკვე საკმაოდ ყოფილან თავისუფლად შემოსულნი. და, მათ კი არ აკავებენ (კანონის შესაბამისად), არამედ მხოლოდ დაკითხვაზე იბარებენ იმის თაობაზე,  რა ინფორმაციას ფლობენ ისინი უკრაინაში დაგეგმილი (უკრაინაში?) ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის შესახებ. დემოკრატიულ შვეიცარიაში ასეთ, სხვის ომში  მებრძოლებს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ; საფრანგეთში – 75 000 ევრო ჯარიმა და 5–წლიანი პატიმრობა, სლოვაკეთში – 8–წლიანი! ჩვენთან? ჩვენთან კი პოტენციურად ძალიან საშიშ, გადატრიალების მოსაწყობად შემოგზავნილ ამ ვაიქართველებს – აბსოლუტურად არაფერი.   როგორ გგონიათ, ამერიკულმა BlackRock-მა, რომელიც უკვე დაეუფლა უკრაინის სასოფლო–სამეურნეო მიწების ნახევარს (გაცემული სესხების  სანაცვლოდ), ზელენსკისგან ტყუილად გამოისყიდა „ქართული ლეგიონი“ და ტყუილად წვრთნიდა მას პოლონეთის საზღვართან?! თითქოსდა, უცნაურია არა? კიდევ რა წვრთნები უნდა სჭირდებოდეს  წლების განმავლობაში ომის ქარცეცხლში გამოწრთობილ მეომარს? არც არაფერი. ნამდვილად ასეა, მაგრამ, თუ ცოტა ჩავუღრმავდებით და უკრაინიდან წამოსულ ქართველების მუქარასაც გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ ამ ლეგიონს (500–დან 1000 კაცამდე) საქართველოში გადმოსასროლად და კანონიერი ხელისულების დასამხობად ამზადებენ და ამ მიზნის წარმატებით განსახორციელებლად მათ აუცილებლად ესაჭიროებათ სპეციალური მომზადება – თუ რომელი  ობიექტები და სახელმწიფო დაწესებულებები, აეროპორტები, ტელევიზიები და ა.შ., უნდა იქნას  პირველ რიგში აღებული, ვინ (სახელმწიფო მოხელეებიდან) – დაპატიმრებული და ვინ – ადგილზე ლიკვიდირებული. ეჭვი მეპარება, პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებული ეს ხალხი მაღალ  პროფესიულ დონეზე დაეკითხათ, – სად იბრძოდნენ ისინი წლების განმავლობაში, თორემ 8 (თუ 10) მებრძოლიდან რამდენიმე  მაინც იქნებოდა პოლონეთის საზღვართან გაწვრთნილი და მათ მაინც დააპატიმრებდნენ.

    ასე რომ, უპირველესად, არსებული კანონი უნდა აამოქმედოს ხელისუფლებამ, თუ არ უნდა, თავში საცემად გაუხდეს საქმე ოქტომბრის არჩევნების წინა თუ მომდევნო პერიოდში ანდა, რაც უფრო მოსალოდნელია, უშუალოდ არჩევნების დღესვე, წინასწარი მონაცემების გამოცხადებისთანავე. აგრეთვე, აუცილებელია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე გამკაცრდეს კონტროლი, გადამოწმდეს და გადახალისდეს მომსახურე პერსონალი. ცხადია, უნდა გაძლიერდეს აეროპორტების (პირველ რიგში, თბილისის), პარლამენტისა  და სხვა საკვანძო შენობების დაცვა, მაგრამ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოექცეს და გაიფილტროს თურქეთიდან (სომხეთ–აზერბაიჯანიდან) ხმელეთით შემოსული  თუ  ბათუმისა და თბილისის აეროპორტებში ჩამოფრენილი მგზავრები, საიდანაც არ უნდა მოფრინავდნენ ისინი.

    რა თქმა უნდა, არც ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები (ჯარი, პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური და სხვ.) არ უნდა დარჩნენ უყურადღებოდ, მაგრამ ადგილობრივები იმდენს ვერ გაბედავენ, რამდენსაც უკრაინიდან შემოსულები. ვერ გაბედავენ, რადგანაც ყველა უწყებაში მიძინებულ მდგომარეობაში მყოფ შინაურ ნაცებს, მათ გვერდით მომუშავე და ნაცებზე ჯერადობით მეტი, კანონის და ხელისუფლების ერთგული  ადამიანები გაანეიტრალებენ. საფრთხე ასმაგად გაიზრდება, თუკი შინაური ნაცების ხელშეწყობით „უკრაინელი“ ნაცები მოახერხებენ საქართველოში შემოღწევას. ამიტომ ახლავეა საჭირო პრევენციული ზომების მიღება – ყველა პოტენციურად საშიშ ძალოვან სტრუქტურაში წმენდა (ფილტრაცია) უნდა ჩატარდეს! ოდნავ წაყრუებას ოდნავ მეტი სიფრთხილის გამოჩენა აჯობებს, რათა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა.

    ასეთ დღეში არ ჩავვარდებოდით, ცილისწამების, დეზინფორმაციის, სამშობლოს ღალატის და რამდენიმე სხვა კანონი რომ გვქონოდა მიღებული. მართალია, უკვე არსებულ  კანონებსაც ვერ იყენებს „ოცნების“ ხელისუფლება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უამრავი, ასობით კანონი გვაქვს მისაღები, ვინაიდან ნორმალურ სახელმწიფოში ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი კანონებით უნდა რეგულირდებოდეს.

    ახლა, მხოლოდ იმ წეს–კანონებზე მოგახსენებთ, რომლებიც უშუალოდ კანონმდებლების მუშაობას და თვით საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტების წესს შეეხება.  წესრიგი, პირველ რიგში,  პარლამენტში უნდა დამყარდეს –  თავიანთი საქმიანობით პარლამენტარები უნდა იყვნენ ხალხისთვის მაგალითის მიმცემნი და არა პირიქით. და, რაღა თქმა უნდა, პარლამენტის შერჩევა–არჩევის წესის სამართლიანობასაც აბსოლუტურად ყველა ამომრჩეველი თანაბრად უნდა გრძნობდეს, რაც, სამწუხაროდ,  მოქმედი კანონით არ ხერხდება.

    აი, რა მაქვს მხედველობაში:

    1.დეპუტატებს არ უნდა ჰქონდეთ ხმის მიცემისთვის თავის არიდების უფლება  – ისინი ხალხის არჩეულები და ხალხის სამსახურში არიან, ამიტომაც ყველანი უნდა ცხადდებოდნენ სამსახურში და აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ კენჭისყრაში – ხმის მიცემის პროცედურაც სამსახურია მათი. თავის არიდების ანუ არდასწრების უფლება (არასაპატიო მიზეზით) თავიანთი შეხედულებისამებრ მათ არ უნდა ჰქონდეთ. განა მწარედ არ გაგეღიმება, როცა დეპუტატები არჩევნებში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდებენ ხალხს, თავად კი, როცა მოესურვებათ, მაშინ მონაწილეობენ პარლამენტში(!) გამართულ ხმის მიცემაში, ანუ იგივე არჩევნებში;

    2. კიდევ უფრო უარესი – დეპუტატები სამუშაო საათებში პარლამენტში არ ცხადდებიან ან სხდომათა დარბაზში არ შედიან (ეს იგივე არგამოცხადებაა), ანდა პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად ტოვებენ სხდომათა დარბაზს და ქუჩის აქციებში მონაწილეობენ.  ეს თავაშვებულობა, ამომრჩევლის უპატივცემლობა და დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმაა და არა  ხალხის ნების გამოხატულება. ასეთი დეპუტატები მკაცრად უნდა ისჯებოდნენ კანონის ძალით –  არა მხოლოდ ხელფასის დაკავებითა და სადეპუტატო პენსიის არდანიშვნით, არამედ მანდატის ჩამორთმევითაც;

    3. ყველა კენჭისყრა, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, უნდა იყოს ღია.  ამომრჩეველმა უნდა იცოდეს,  რა პოზიციაზე დგას  მის მიერ დეპუტატად შერჩეული პიროვნება, ვის და რას აძლევს ხმას და როგორ იცავს ან არღვევს იგი წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს;

    4. ამომრჩეველმა ხშირად არ იცის,   რას ჰპირდება,  როგორ პასუხობს ხელისუფლება ევროკავშირს (შესასრულებლად აუცილებელ(!) ხან 12 და  ხანაც 9-პუნქტიან მოთხოვნებზე), რას ვაძლევთ ხმას და ვის ვუჭერთ მხარს გაეროში, რაზე ვიკავებთ თავს და ა.შ. ასეთი თემების (მით უფრო, რომელიმე ეკონომიკურ თუ სამხედრო ბლოკში გაწევრების, მიწების გაყიდვისა და მსგავს საკითხებზე) განხილვა უნდა იყოს საჯარო და დასაწყისიდანვე საზოგადოების ჩართულობით მიმდინარე;

    5. დეპუტატთა აქტიურობის შემყურე საქართველოს ბევრ მოქალაქეს  არ შეიძლება არ დაებადოს აზრი იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტს სრულებითაც არ სჭირდება ამდენი პასიური მუშაკი, ლამის მკვდარი სულების მსგავსი  დეპუტატი. 2003  წელს (შევარდნაძის პერიოდში) პარლამენტის წევრთა რაოდენობა 235–დან 150–მდე შემცირდა. დაახლოებით იმავე პერიოდში ტაივანმა  225–დან 113–მდე გაანახევრა დეპუტატთა რაოდენობა. ცნობისთვის – ტაივანის მოსახლეობა 24 მილიონია. ამის გათვალისწინებით ჩვენ 100 დეპუტატიც გვეყოფა, მაგრამ 120-მდე შემცირებაც კარგი იქნება, პარლამენტი კი უფრო დაემსგავსება მუშა ორგანოს, რომელიც აუცილებლად, ძირითადად, ეკონომისტებისგან, იურისტებისგან, პოლიტოლოგ–პოლიტიკოსებისგან უნდა დაკომპლექტდეს მომავალში და არა  პროფესიონალი მომღერლებისგან, სპორტსმენებისა და მსახიობებისგან;

    6. საარჩევნო ბარიერვერგადალახული პარტიების ხმების გადანაწილების შესახებ.

    2016 წლის პარლამენტის არჩევნებში მანდატების მოპოვებისთვის დაწესებული იყო 5%–იანი ბარიერი. 25 პარტიიდან ამ ბარიერის დაძლევა მხოლოდ სამმა მოახერხა („ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“), რომლებმაც, საერთო ჯამში, არჩევნებში მონაწილე დაახლოებით 1 814 000 ამომრჩევლის ხმების 80,79% მიიღეს; პარლამენტში ვერმოხვედრილმა 22 პარტიამ კი – 19,21%, რაც იმას ნიშნავს, რომ  დაახლოებით 350 000(!)ამომრჩევლის ხმა, ფაქტობრივად, პარლამენტს მიღმა დარჩა. არა, დაკარგვით არ დაკარგულა, ამ ხმების  შესაბამისი მანდატები ბარიერგადალახულ სამ პარტიას ემატება მიღებული ხმების პროპორციულად,  თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან,  თანაბრადაც რომ ხდებოდეს მათი გადანაწილება, სამართლიანი მაინც ვერ იქნება. და აი, რატომ:

    ამ 350 000 ამომრჩევლიდან ხომ დასაშვებია (არა მხოლოდ   თეორიულად), რომ აბსოლუტური უმრავლესობა არც „ოცნებას“ უჭერდეს მხარს და არც  „ნაცებს“, მათთან დაპირისპირებულიც კი იყოს და „პატრიოტების“ სიმპათია ჰქონდეს, მისკენ იხრებოდეს?

    რა თქმა უნდა, სავსებით დასაშვებია.  ამჟამად  მოქმედი წეს–კანონით კი,  ეს ხმები ამ ხმების პატრონების დაუკითხავად(!) სულ სხვა, მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალებსაც კი  ეძლევათ, ყოველ შემთხვევაში მათ, ვისთვისაც ამ 350 000 ამომრჩეველს ხმა არ მიუცია.  ჰოდა, ეს ხომ აშკარა უსამართლობაა?! ამიტომ, ამ მხრივ ცვლილება რომ არის შესატანი საარჩევნო კანონმდებლობაში, ამაში, ვფიქრობ, ეჭვის შეტანაც კი არ შეიძლება.

    განვიხილოთ 2020 წლის არჩევნებიც, როდესაც საარჩევნო ბარიერი, პრაქტიკულად, მოხსნილი იყო, პარლამენტში მოსახვედრად საკმარისი იყო მხოლოდ ხმების 1%-ის მიღება.   მონაწილეობდა 50 პარტია, პარლამენტში მოხვდა – 9, რომლებმაც საერთო ჯამში  – 93,85 % აიღეს. 5 %–იანი ბარიერი რომ ყოფილიყო დაწესებული წინა არჩევნების მსგავსად, მაშინ  საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ორი პარტია – „ქართული ოცნება“ და „გრიგოლ ვაშაძე – ძალა ერთობაშია“ – მოხვდებოდა (48,22 %–ითა  და 27,18 %–ით შესაბამისად),  და კიდევ უფრო მეტი ამომრჩეველი, ვიდრე წინა არჩევნებზე, – თითქმის 500 000 (24,60 %) ისევ „თამაშგარე“  მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა (2020 წლის ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი და ერთობ გასაოცარი, მაგრამ მრავლისმეტყველი ფაქტი აუცილებლად უნდა მოვიყვანო. როგორც ზემოთ აღვნიშნე 2020 წლის არჩევნებში „ოცნებამ“ ხმების 48,22 % მიიღო, 2016 წელს კი – 48,67%; „ნაცებმა“ – 27,18% და 27,11%  შესაბამისად. საარჩევნო მანიპულაციებით დღეს ვერავის გააკვირვებ, მით უფრო ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების შემხედვარეს (2020-ში), მაგრამ პროცენტების ასეთი, ლამის მეასედებში დამთხვევა მმართველი და „ოპოზიციური“ პარტიების მონაცემებში, 4-წლიანი(!) ინტერვალით, ყოვლად შეუძლებელია,  შემთხვევითი იყოს.  დანარჩენს აღარ განვაგრძობ, დასკვნები, თანაც შორსმიმავალი – ბევრ რამესთან და ბევრ ვინმესთან დაკავშირებული, ნაირ–ნაირი შეიძლება გაკეთდეს).

    კარს მომდგარი  ოქტომბრის არჩევნები ისევ 5%–იანი ბარიერის პრინციპით ჩატარდება.  სავარაუდოდ, ისევ სამი, მაქსიმუმ, ოთხი პარტია თუ გადალახავს ბარიერს და, დიდი ალბათობით, ბარიერვერგადალახული (20–25 %) ამომრჩევლის – 350–500 ათასის – ხმებს ძველებურად ისინი მიიღებენ,  ვისაც ეს ხმები  აბსოლუტურად არ დაუმსახურებიათ.

    მე აქ არ განვიხილავ იმას, როგორი მართვის თუ საარჩევნო სისტემაა უკეთესი (ადრეც მისაუბრია): საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო, ორპარტიული (და შუა გაკრეფილი, – ამერიკულის ანალოგიური) პარლამენტი სჯობს,  თუ   სულაც ერთპარტიული, პროპორციული თუ მაჟორიტარული; ამჟამად მე მხოლოდ ერთი რამის დასაბუთებას ვცდილობ და მიმაჩნია სრულიად საფუძვლიანად, ვინაიდან, როდესაც ამომჩევლის ხმების 2025 % (თუნდაც 510 %) არადანიშნულებისამებრ ნაწილდება, ეს ნიშნავს, რომ მოქმედი საარჩევნო კანონი არ არის სრულყოფილი და აუცილებლად საჭიროებს ძირეულ გადასინჯვას,თუნდაც ამ ხმების გადანაწილების გამო მაინც.

    ჩემი წინადადება ასეთია: პარტიებს, რომლებიც ვერ გადალახავენ დაწესებულ საარჩევნო ბარიერს, უფლება უნდა ჰქონდეთ, თავიანთი ხმები თავიანთი შეხედულებისამებრ მიაკუთვნონ  პარლამენტში მოხვედრილ  ნებისმიერ პარტიას. ეს უფრო გამართლებული იქნება, ვიდრე ცესკოს მიერ პროპორციულად განაწილებული, თუმცა მაინც არასაკმარისი – ამომრჩეველს ყოველთვის  ექნება დაუკმაყოფილებლობის განცდა, თუკი იგი  პარლამენტში ვერ იხილავს იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელსაც მისცა    ხმა. 

    ამიტომ  გაცილებით სრულყოფილი იქნება ამ პრობლემის  შემდეგნაირი გადაწყვეტა: მაგალითისთვის განვიხილოთ 2016 წლის არჩევნების შედეგები, როდესაც 22 პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა, საერთო ჯამში კი  ხმების 19,21 %  (პოტენციური 15 მანდატი) მიიღო. ამ პარტიებს, თავიანთი ხმების გასხვისებასთან ერთად, უნდა შეეძლოთ მეორე  ვარიანტითაც სარგებლობა (ან ორივეთი ერთდროულად) – შექმნან საკუთარი გაერთიანება ან გაერთიანებები. ცხადია, ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკური თვალსაზრისის პარტიები ერთ ძალად არ გაერთიანდებიან, მაგრამ ორ ან, მით უფრო,  სამ სხვადასხვა ძალად გაერთიანება სავსებით მოსალოდნელია. ადვილი შესაძლებელია, რომელიმე მათგანის პოლიტიკური პლატფორმა პარლამენტში უკვე გასული პარტიის იდენტურიც კი აღმოჩნდეს, მაგრამ მთავარია, რომ ამ  გაერთიანებებით არდაკარგულ 15 მანდატში ამომრჩევლები თავიანთ 15 დეპუტატს დაინახავენ.

    ამ მარტივი ხერხით ამომრჩევლის არც ერთი ხმა არადანიშნულებისამებრ აღარ წავა და ნებისმიერ ამომრჩეველს ექნება მოტივაცია, მონაწილეობა მიიღოს  არჩევნებში, ამიტომ, თუკი დღეს ამომრჩევლთა  მხოლოდ 50–55% მიდის არჩევნებზე, დარწმუნებული ვარ, ხვალ, ანუ როცა კარდინალურად შეიცვლება ბარიერვერდაძლეულთა ხმების ბედი, საარჩევნო  ყუთებთან 75-80 % გამოცხადდება.

    კარგი იქნება, თუ ა.წ. ოქტომბერში არჩეული პარლამენტი პირველივე   სხდომებზე განიხილავს და  მალევე დანერგავს კიდეც ზემოთ ჩამოთვლილ წინადადებებს, გარდა მე- 6 პუნქტში აღწერილისა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად და საჭიროდ მიმაჩნია,  მაგრამ შესაბამისი კანონი დროულად უნდა იქნას მიღებული, რათა   იგი შეუფერხებლად ამოქმედდეს მომდევნო ან ვადამდელი არჩევნებისთვის.

    იაკობ ლეჟავა

    23 აგვისტო, 2024 წ.

                                                                                        

                                                                                                        

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here