ვერდიქტი: სახელმწიფო გადატრიალება!

    107
    კონგრესმენი მაიკ ტერნერი და სენატორი ჯინ შაჰინი

    დაპყრობილ ქვეყნებში დამპყრობელი ქვეყნის მაღალჩინოსნების ჩასვლას ყოველთვის ორმაგი განწყობილებებით ეგებებიან. სტანდარტულად ეს განწყობილებები ასეთია:

    1. დამპყრობელთა პოლიტიკის გამტარებელი ჯგუფების (მათ შორის ხელისუფლების) მხარდაჭერა და კმაყოფილება;

    2. ფართო მასების უკმაყოფილება.

    ამ ჯერზე ეს სტანდარტი დაირღვა.

    საქართველოში ჩამობრძანებულ სენატორ ჯი შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს სტანდარტული კოლონიური განწყობილებებისგან რამდენადმე განსხვავებული სურათი დახვდათ. განსხვავება იყო ის, რომ ამერიკელებმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლების კეთილგანწყობა ვერ იგრძნეს. საქართველოს ხელისუფლება ხალხის იმ დიდი ნაწილის გვერდით აღმოჩნდა, რომელიც დამპყრობელთა მიმართ უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოთქვამს.

    პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამერიკელ სტუმრებთან შეხვედრის შემდეგ ასეთი განცხადება გააკეთა: „საინტერესო შეხვედრა მქონდა აშშ-ის სენატორ ჯინ  შაჰინსა  და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან, სადაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები განვიხილეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები და ხელი შევუწყოთ მეტ განვითარებას, კეთილდღეობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ”.

    პრემიერმინისტრის ამ საჯარო განცხადებაში ეჭვი რატომ უნდა შევიტანოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ორი მხარის შეხვედრის შეფასებები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გამოდგა. აი, საკმაოდ ვრცელი ამონარიდი შეხვედრის შემდეგ სენატორ ჯინ შაჰინის კომენტარიდან: “დაახლოებით თვრამეტი თვის წინ, როდესაც აქ ვიმყოფებოდი, საქართველოს მთავრობას ზუსტად იმ პერიოდში შემოჰქონდა რუსული კანონი. გამოვხატე ჩემი, ასევე, ორპარტიული (ორპალატიანი) წუხილი ამ კანონის გამო, რომ მისი მიღება გამოიწვევდა ანგარიშვალდებულებას, რომლსაც ჩვენს ურთიერთობაზე გავლენა ექნებოდა. სამწუხაროდ, ამას ვხედავთ ახლა, რაც მთავრობის ძალისხმევის შედეგია და მინდა, გითხრათ, რომ მიჭირს გაგება. ქვეყანაში, სადაც ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, და ქვეყანაში, სადაც ყველგან გამოხატავენ შეშფოთებას რუსეთის განზრახვასთან დაკავშირებით თქვენი ქვეყნის მიმართ – შემოჭრა, ოკუპაცია, გაფართოება, მთავრობა იღებს კანონს, რომელიც ესადაგება რუსეთის ქმედებებს, რაც მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოა. არ მესმის ეს, რადგან ის, რასაც ჩვენ ვისმენთ საქართველოს მოქალაქეებთან საუბრებში, ეწინააღმდეგება ამას. ჩვენ განვუმარტეთ ჩვენი წუხილი საქართველოს ხელისუფლებას, მივუთითეთ, რომ ამას ექნება ურთიერთობებზე გავლენა, რომ აუცილებლად დადგება შედეგები. ზუსტად ეს ხდება ახლა”.

    დამეთანხმებით, რომ სენატორის ეს ნათქვამი ძირფესვიანად განსხვავებულია იმისგან, რაც პრემიერმინისტრმა გვითხრა, თუმცა უკვე სხვა კონტექსტში, პრემიერმინისტრის განცხადებებშიც სრულიად განსხვავებული ინტონაციები ისმოდა. ეს მოჰყვა იმ ფაქტზე საუბარს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ სტუმრებთან შეხვედრაზე უარი თქვა. სენატორმა ჯინ შაჰინმა ამ ფაქტს იმედგამაცრუებელი უწოდა: ჩვენ მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა, რომლზეც მან უარი განაცხადა. ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ ვნახეთ და მოვისმინეთ, ვიცით, რომ ივანიშვილი არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე” .

    ახლა, ამ დაძაბულ ვითარებაში და აგერ უკვე კარსმომდგარი არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავლენიან ამერიკელ მაღალჩინოსნებთან  შეხვედრაზე უარის თქმა რასაც ნიშნავს, ალბათ, განმარტებას არ მოითხოვს, მაგრამ მაინც დავაზუსტებ: ეს ქართულამერიკული ურთიერთობების საბოლოოდ გაფუჭებას ნიშნავს. როგორც ჩანს, აქ საქმე გაცილებით უფრო რთულად არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სწორედ ამ მომენტის განმარტებისას გაისმა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის საუბარში ის განსხვავებული ინტონაციები, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ. აი, რა კომენტარი მოაყოლა მან სენატორ შაჰინის განცხადებას ბიძინა ივანიშვილთან არშემდგარი შეხვედრის გამო: ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიზეზები, რაც უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე, ეს, აგრეთვე, დამოკიდებულია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებზეც. თუ დადგება დღის წესრიგში ამის გასაჯაროება, შესაბამისი მხარეები მიიღებენ ამის შესახებ გადაწყვეტილებას“.

    ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნათელია. არავითარი გადატვირთვის პერსპექტივა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არ ჩანს. მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და ჩინოსნების სტუმრობის მიზანი, ალბათ , ამ პერსპექტივის ძიება იყო, ანუ ეს იყო კიდევ ერთი (არჩევნებამდე, ალბათ, საბოლოო) მოსინჯვა ამ პერსპექტივისა; უფრო ზუსტად იმისა, შეძლებდნენ თუ არა საქართველოს მთავრობის დაყოლიებას, რომ ქვეყანა ისეთივე მარიონეტული სულისკვეთების რეჟიმში გადაეყვანათ, როგორც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო. იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ვრცელდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ღრმად პატივცემულმა სტუმრებმა დღევანდელ  ვითარებაში ამგვარი პერსპექტივა ვერ ნახეს.

    ამ ვიზიტზე  სრულიად უსაფუძვლო და აუხსნელი ოპტიმიზმით გაჯერებული ჩანს მამუკა მდინარაძის განცხადება: “იმედი მაქვს, სენატორი შაჰინი ერთადერთი სწორი გზავნილით დაბრუნდება აშშ-ში, რომ საქართველოს აქვს არსებითი პროგრესი, როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ადამიანის უფლებების დაცვისა და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. საქართველო დღეს არის უფრო თანამედროვე, უფრო თავისუფალი და უფრო ევროპული სახელმწიფო და ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება მხარდაჭერა და, ამასთანავე, ობიექტური და სამართლიანი შეფასება ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მზად ვართ განვამტკიცოთ პარტნიორული ურთიერთობები, თანამშრომლობა დასავლეთთან, ჩვენს ნამდვილ მეგობრებთან და იგივე მოლოდინი გვაქვს მათი მხრიდანაც”.

    როგორ წარმოგიდგენიათ, ამერიკაში დაბრუნებული შაჰინისა და ტერნერის პირით თქმა  იმისა, რომ “საქართველოს აქვს არსებითი პროგრესი, როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ადამიანის უფლებების დაცვისა და ეკონომიკური  ზრდის მიმართულებით და მას სჭირდება მხარდაჭერა”?

    მეტი საქმე არ აქვთ ამერიკელებს, რომ საქართველოში დემოკრატიისა და განვითარების მაჩვენებლები ამოწმონ. ეს ხომ აბსურდია?! ისინი ერთადერთ რამეს ამოწმებენ: რამდენად არის ესა თუ ის ქვეყანა და მისი ხელისუფლება აშშ-ის ყურმოჭრილი ყმა. დანარჩენი მათ არ აინტერესებთ. დემოკრატიასაც, ადამიანის უფლებების დაცვასაც და თავისუფლების ხარისხსაც ისინი მათი ამ უნივერსალური საზომით ზომავენ. ამერიკელთა მონობიდან მოდიოდა და დღემდე მოდის ის დამოკიდებულება, რომ სისხლისმსმელ, მწამებელ და გამაუპატიურებელ სააკაშვილს “დემოკრატიის შუქურად” ასაღებდნენ, ფაშისტ ზელენსკის კი “დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის” სიმბოლოდ აცხადებენ. ამ ვითრებაში ეს ჩვენი ძვირფასი სტუმრები იმ გზავნილს ჩაიტანენ აშშ-ში, რომელზეც  ბატონმა მდინარაძემ იოცნება? ეჰ, რა დროს ოცნებაა, ბატონებო?! ამერიკის ეს პოლიტიკური შიკრიკები ერთადერთი გზავნილით დაბრუნდებიან სამშობლოში: საქართველოს მთავრობა რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნას არ აპირებს, ამიტომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ფონზე აუცილებელია სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება!  ეს იქნება ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის მიერ საქართველოს მმართველი პარტიისთვის გამოტანილი ვერდიქტი. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ასეთივე იქნება აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოტანილი უმძიმესი ვერდიქტიც.

    დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here