არაერთხელ დაგვიწერია, რომ ქართულ პროდუქტში შხამ-ქიმიკატების რაოდენობამ მოიმატა. საუბარია სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, რომლებიც საქართველოში იწარმოება, მერე კი ბაზარზე იყიდება, რადგან ქართველი მუშტარი სწორედ ქართულს ეძებს, ქართულს აფასებს და ირანული თუ თურქული პროდუქციის შეძენა არ სურს. არადა, დაახლოებით 6 თვის წინათ ერთმა ირანელმა თავი გაიგიჟა: მოდი, ქართულ და ირანულ პროდუქტს ანალიზი ჩავუტაროთ და ვნახავთ, რომელში უფრო მეტია შხამიო. ირანელები არ მალავენ, რომ წლების წინათ პრობლემა მართლა არსებობდა, მაგრამ მოაგვარეს, მსოფლიო სტანდარტს აუწყვეს ფეხი და ახლა პრეტენზია აქვთ, რომ მათი პროდუქტები არა მხოლოდ რეგიონსა და მის მახლობლად, არამედ მსოფლიოში საუკეთესოთა შორისაა. სხვათა შორის, როცა ამას ვწერდით, არაერთი კრიტიკოსი გამოგვიჩნდა: როგორ კადრულობთ და აქაურს შემოტანილს როგორ ადარებთ, აქაური საუკეთესოაო. გვესმის, ჩვენც ძალიან გვინდა, რომ ქართული პროდუქტები იყოს საუკეთესო, მაგრამ ასე არ არის. ის მაინც თუ იცით, რომ ბოლოს სოფლის მეურნეობის პროდუქტებით მოწამლული ადამიანების 90%-ზე მეტი სწორედ საქართველოში ნაწარმოებ პროდუქტზე მოდის?..
სურსათის უვნებლობის სააგენტომ სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან 150 სინჯი აიღო, როგორც აქ მოყვანილ-მოწეულზე, ისე შემოტანილზე. საერთო ჯამში, 150 ნიმუშიდან 13 ისეთი აღმოჩნდა, რბილად რომ ვთქვათ, მისი მირთმევა რეკომენდებული რომ არ არის და პირდაპირ ვთქვათ, ბავშვებისთვის ჩვეულებრივი შხამია, დიდები კი საავადმყოფოში ერთჯერადი ვიზიტით დაკმაყოფილდებიან. ვიღაცისთვის 150-დან 13 შემთხვევა ძალიან ცოტაა, მაგრამ რეალურად ეს შემოწმებული პროდუქციის თითქმის 10%-ია, ანუ საქართველოში ყოველი მეათე ადამიანი მოწამლულ პროდუქტს ყიდულობს, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. სურსათის უვნებლობის სააგენტოს ღონისძიებამდე ქართველმა სპეციალისტებმა განაცხადეს, რონ ჩვენმა ფერმერებმა შხამ-ქიმიკატების მოხმარება არ იციან. ისინი ბრმად ყიდულობენ შემოტანილ ქიმიურ ნაერთებს და უზარმაზარი დოზით ასხამენ როგორც ბაღჩეულს, ისე ბოსტნეულსა და მწვანილს.
„მარტივად ასახსნელია ყველაფერი. მაგალითად, თესავთ საზამთროს. უცხოეთში იციან, რომ კონკრეტულ ფართობზე დათესეს ათასი ცალი (საქართველოში კარგი ჯიშის საზამთროს თესლი 1000 ცალის ოდენობით 210-230 ლარი ღირს). შემდეგ, როცა მცენარე აღმოცენდება, მას ითვლიან, ანუ ყველა ამოვიდა თუ არა, გამოტოვებულ ადგილებში ამატებენ და ზუსტად იციან, რამდენი ცალი აქვთ. შემდეგ აკეთებენ წვეთოვან სარწყავ სისტემას (საქართველოში წვეთოვანი სისტემის კილომეტრიანი ცელოფნის მილი 100 ლარი ჯდება) და იწყებენ მორწყვას. ძაღლის თავიც სწორედ აქაა დამარხული – წერია, რომ თითო ნერგს უნდა, მაგალითად, 2 მილიგრამი კონკრეტული ვიტამინი ან სასუქი. ფერმერმა იცის, რამდენი ძირი უდგას, წყალში ხსნის იმ ოდენობას და წვეთოვანი სისტემით რწყავს ფართობს, ანუ ყველა ძირზე მიდის ზუსტად იმდენი, რამდენიც რეკომენდებულია, არც მეტი, არც ნაკლები. აი, ჩვენთან კი 2 მილიგრამს წვეთოვნის გარეშე ვერავინ საზღვრავს, ან პეშვით აყრიან ძირებში, ან, უბრალოდ, მიმოაბნევენ ხოლმე და სადღაც ბევრი ხვდება, სადღაც – ცოტა. საბოლოო ჯამში, ერთმა ფერმერმა საქართველოში ერთ ფართობზე შეიძლება მოიყვანოს სრულიად ჯანსაღი და სიცოცხლისთვის საშიში პროდუქტი, თან ისე, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდეს“, – გვეუბნება ამ სფეროს ექსპერტი.
შესაძლოა, ვინმეს არც ეს მოეწონოს, მაგრამ თურქეთის მაგალითი არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის მისაბაძია. ქვეყანა, რომელსაც არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაზე, ახლა არათუ მოწინავეთა შორისაა, არამედ გარკვეულ სფეროებში მსოფლიოში ლიდერობს კიდეც. საამისოდ ქვეყანაში შეიცვალა კანონმდებლობა, მოხდა სპეციალისტების გადამზადება, მანამდე მოიწვიეს უცხოელი აგრონომები, რომლებმაც მათ სწორად მუშაობა ასწავლეს…
საერთოდ, კვების მიმართულება საქართველოში თითქოს მიშვებულია. აგერ, სურსათის უვნებლობის სააგენტომ 150 ნიმუში კი აიღო და შედეგიც გამოაქვეყნა, მაგრამ, როგორც გავიგეთ, ლიმიტი 300 ნიმუშია, ანუ კიდევ 150 ნიმუშს აიღებენ და მერე გაყიდე რაც გინდა და რამდენიც გინდა, არავინ ხმას არ გაგცემს. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ბაზარზე უკონტროლო ვითარებაა და ჩვეულებრივ ამბად არის ქცეული ავტომაგისტრალის განაპირას კაუჭზე ჩამოკიდებული ხორცი, რომელსაც არაფერი აფარია და მტვრით ისეა გაჯერებული, ფერს ვერ გაარჩევ. ასე იყიდება ყველი, ასე იყიდება ხილი, რომელსაც გამონაბოლქვის შედეგად წარმოქმნილი ტყვიის ფენა ედება ზემოდან და… ხალხი ყიდულობს, სხვა გზა არ აქვს და იმიტომ, სხვა გზა კი იმიტომ არ აქვს, რომ მარკეტებში იგივე პროდუქტი ძვირია.
თუ გახსოვთ, ევროპელებმა რამდენიმეჯერ დაიწუნეს ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტები და მთავარი მიზეზი სწორედ პესტიციდების მაღალი მაჩვენებელი იყო. აი, თურქმა და ირანელმა ფერმერებმა თუ ისწავლეს, როგორ უნდა დაიცვან დოზები და როგორ უნდა მოიყვანონ პროდუქტი, რომელიც ჯანმრთელობას არ დააზიანებს, ჩვენ რატომ ვერ ვსწავლობთ? მათზე უნიჭოები ვართ-მეთქი, რომ ვთქვათ, არ ვიქნებით მართლები. ეს უფრო ფინანსებს უკავშირდება, რადგან ცალკე აღებულ ფერმერს არ აქვს შესაძლებლობა, სათანადო ცოდნის მისაღებად თანხა გადაიხადოს, ის არასამთავრობოები კი, რომლებსაც უცხოელი ექსპერტები ლექცია-სემინარების და ტრენინგების ჩასატარებლად ჩამოჰყავთ, უბრალოდ, ფულს ათეთრებენ. შეუძლებელია, 2 თუ 3 საათის განმავლობაში ადამიანს აუხსნა, როგორ უნდა დათესოს, როგორ უნდა მორწყას, როგორ უნდა შეინახოს და თან უნდა აუხსნა რამდენიმე პროდუქტზე ერთად, რადგან ყველას თავისი სპეციფიკა აქვს. ვინ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი საფუძვლიანად? ვინ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ნუ ვიტყვით, რომ მათ საამისო თანხები არ აქვთ, რამდენიმე მილიარდია წლების განმავლობაში სამინისტროს მიერ დახარჯული და შედეგი კი არ გვაქვს.
მოგეხსენებათ, ბავშვები ამ პერიოდში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიირთმევენ ნესვსა და საზამთროს, რაც ლოგიკურია. ეს პროდუქტი დიდებსაც ძალიან უყვართ. ჰოდა, წარმოიდგინეთ, ნიტრატებით გაჯერებული ნესვი ან საზამთრო რომ შეჭამოს, 3-4 წლის ბავშვს რა დაემართება, მაშინ, როცა მოზრდილს საავადმყოფოში წასვლა და გადასხმების გაკეთება სჭირდება! მთელი უბედურება კი ისაა, რომ სწორედ ერთსა და იმავე მინდორში ერთი ფერმერის მიერ მოყვანილმა პროდუქტმა, შესაძლოა, მოწამლოს ერთი და არ მოწამლოს ათასი და ეს სწორედ იმის გამო, რომ დოზირება არ ვიცით, რომ წვეთოვანი მორწყვის სისტემა ათ პროცენტსაც კი არ აქვს საქართველოში. საბედნიეროდ, წელს არ მომხდარა, თორემ გასულ წლებში გვახსოვს, სოფლის მეურნეობის პროდუქტით მოწამვლა ფატალური შედეგითაც დასრულებულა.
ფერმერები ხშირად ჩივიან, რომ ევროპა ქართულ პროდუქტს არ სწყალობს. მაგალითისთვის გერმანია ავიღოთ, სადაც რიგ ქალაქებში, პირდაპირ გზისპირზე, ვაშლის ბაღებია გაშენებული, მაგრამ ადგილობრივები მწიფე ნაყოფს არ ეკარებიან, რადგან, თუ მოიწამლებიან, მერე დაზღვევა არ ანაზღაურებს. ანუ, თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტით მოიწამლე, სადაზღვევო კომპანია პასუხს სწორედ მის მწარმოებელს სთხოვს, ჩვენთან კი ასე არ არის – რა პასუხის მოთხოვნა, რა სადაზღვეოს მიერ გამოძიების ჩატარება… სამწუხაროდ, ეს მიმართულებაც დასალაგებელია და საქმეს ისეთი პირი უჩანს, კიდევ კარგა ხანს არ დალაგდება. აგერ, წინასაარჩევნოდ, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მთავარ დაპირებად ყურძნის სუბსიდირება რჩება და ესეც მავნებლობაა – ადამიანებს ანკესს კი არ ვაძლევთ და თევზის დაჭერას კი არ ვასწავლით, არამედ პირდაპირ თევზს ვჩუქნით და ვპირდებით, რომ მომავალშიც იმავეს ვიზამთ. სანაცვლოდ, „თევზის დაჭერის“ სწავლას არც არავინ ცდილობს და პირიქით, სახელმწიფოსგან უფრო მაღალ სუბსიდიას ითხოვს. მე, გადასახადების რიგით გადამხდელს, რომელსაც არ აქვს ვენახები, კითხვა მაქვს: „რატომ უნდა ვიხადო ყურძნის სუბსიდირებისთვის ფული და რატომ არ უნდა ვიხადო, მაგალითად, ლეღვის ან ვაშლი სუბსიდირებისთვის?“ ახლა არ დავიწყოთ იმის მოყოლა, რომ საქართველო თურმე ღვინის სამშობლოა… საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, ანუ ქვეყნებში, სადაც ღვინოს ძალიან დიდი ოდენობით და ძალიან დიდი ხანია, აწარმოებენ, სახელმწიფო არაფერს იხდის და არც არავინ ითხოვს, ფული მომეციო. მათ იციან, რომ ერთ ძირ ვაზს ერთი მტევანი უნდა შეარჩინონ, რათა ვაზის მთელი სიკეთე სწორედ ამ მტევანმა მიიღოს, ჩვენთან კი, რაც მეტი ასხია, მეტად გვიხარია. ესეც უცოდინრობის ბრალია და ვეჭვობთ, ასე იქნება მანამ, სანამ „თევზის ჭერის სწავლას“ არ დავიწყებთ ერი და ბერი.
ლევან გაბაშვილი