ბატონებო, დოვლათის შექმნას გადავეჩვიეთ და  „ხვალემ იკითხოს ხვალისა“ გვჭირს

    საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობის პროდუქტები გაძვირდა. მოწინავე ათეულს აქვე შემოგთავაზებთ: მწვანე ლობიო - 44,2%-ით; საზამთრო - 39%-ით; ვაშლი - 33,8%-ით; ნიორი - 31,8%-ით; ბადრიჯანი - 30,5%-ით; ჭარხალი - 29,2%-ით; ქლიავი - 26,6%-ით; მანდარინი - 25,5%-ით ; კიტრი - 25%-ით; ატამი - 24,5%-ით.

    33

    მოსახლეობის  უმრავლესობას სჯერა: უმდიდრესი ქვეყნის სტატუსი რომ გვქონდეს, ეკონომიკა წელში  გაიმართოს და მოსახლეობამ უზრუნველად იცხოვროს, სახელმწიფო ნავთობპროდუქტების მარაგის  მფლობელი უნდა იყოს.  მაგალითად  ასახელებენ გაერთიანებულ არაბულ  საამიროებს,  სადაც სწორედ ნავთობის გამო ადგილობრივებისთვის ცხოვრება სამოთხედ არის ქცეული. არაბი  შეიხები მსოფლიოს მასშტაბით ყიდულობენ ყველას და ყველაფერს, რაც მოესურვებათ; ხარჯავენ უზარმაზარ თანხებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მიღებულია და…  საფეხბურთო კლუბი „მანჩესტერ სიტი“ ავიღოთ, რომლის მფლობელმაც კლუბში ასეულობით მილიონის ინვესტიცია განახორციელა და პირველად მატჩს მაშინ დაესწრო, როცა „სიტიმ“ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა…

    ჰოდა, იმას მოგახსნებდით, რომ ნავთობის საბადოები   ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ არის იმის გარანტი, რომ ქვეყანა აუცილებლად მოწინავე პოზიციებზე იქნება და მსოფლიოში ეკონომიკურად ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო გახდება. მაგალითად, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, რომელსაც უკვე მსოფლიო ბრენდად ქცეული „სოკარი“ აქვს, მაგრამ რად გინდა, მოსახლეობის  უმრავლესობა იმაზე უარესად ცხოვრობს, ვიდრე საქართველოში და ეს რეალობაა. ჰო, ჩვენი არ იყოს, აზერბაიჯანშიც მთავარი ღერძი დედაქალაქია, ანუ ბაქო, თუმცა რეგიონებში   გაცილებით მეტი გაჭირვებაა, ვიდრე ჩვენთან.

    დაახლოებით, 10-12 წლის წინათ პრაქტიკულად ყველა წამყვანი ქვეყნის ექსპერტმა განაცხადა, რომ 2020 წლისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი პრობლემა  არა ნავთობპროდუქტების, არამედ სურსათის დეფიციტი იქნებოდა. ბევრი იმასაც ამბობს, რომ „კოვიდპანდემია“ სწორედ იმიტომ მოიგონეს თუ შექმნეს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მომკვდარიყოო, მაგრამ  გათვლები აშკარად მცდარი  აღმოჩნდა და ვარაუდი, რომ კოვიდი ორ მილიარდ ადამიანს დახოცავდა, არ გამართლდა.  2020 წელს უკვე ყველამ გააცნობიერა, რომ სურსათის დეფიციტი მართლაც სერიოზული პრობლემაა.  შესადარებლად:   ჩვენი მეზობელი რუსეთი  ამას 2015 წელს მიხვდა, როცა პირველად დაიწყო ხორბალზე აქცენტის გაკეთება და სწორედ იქ  გადაწყდა, რომ მსოფლიოსთვის მხოლოდ ნავთობით კი არა, ხორბლითაც მოეწონებინა თავი. გამოუვიდათ კიდეც. 2017 წლიდან რუსეთი  მსოფლიო ხორბლის ყველაზე დიდი მწარმოებელია. სწორედ ხორბალი, ანუ სოფლის მეურნეობის პროდუქტი იქცა იმად, რამაც რუსეთის ეკონომიკა საყოველთაო სანქციების ფონზე ჩამოშლას გადაარჩინა. ევროპამ უარი თქვა ბუნებრივ აირსა და ბენზინზე, მაგრამ ვერ თქვა უარი მთავარ საკვებზე და რუსეთმა აიძულა ევროპა, რომ ხორბალი  მისგან ეყიდა…

    საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტად  სოფლის მეურნეობის პროდუქტები გაძვირდა. მოწინავე ათეულს აქვე შემოგთავაზებთ: მწვანე ლობიო44,2%-ით; საზამთრო – 39%-ით; ვაშლი – 33,8%-ით; ნიორი – 31,8%-ით; ბადრიჯანი – 30,5%-ით; ჭარხალი – 29,2%-ით; ქლიავი – 26,6%-ით; მანდარინი – 25,5%-ით ; კიტრი – 25%-ით; ატამი – 24,5%-ით. გადახედეთ პროდუქტების ჩამონათვალს და                                  მიხვდებით, რომ აქედან ერთიც არ არის ისეთი პროდუქტი, რომლის მოყვანაც საქართველოში არ შეიძლება. მეტიც, ლამის ყველა პროდუქტი ისეთია, რომელთა წარმოება უზარმაზარი ოდენობით შეგვიძლია და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები – ჩვენ ამას ვაკეთებდით და ჩვენ ეს შეგვეძლო. ჰო, ვაკეთებდით და შეგვეძლო იმ „ავადსახსენებელი კომუნისტების“ პერიოდში, როცა ყველგან ყველაფერი მუშაობდა და როცა კოლმეურნეობები არანორმალური გრაფიკითა და შედეგებით, ერთმანეთთან შეჯიბრებით საოცარ შედეგებს აღწევდნენ.  ვიღაც იტყვის, ეს ყველაფერი ქაღალდზე იყო, რეალურად კი…

    რეალურად კი კიტრიც, ატამიც, ჭარხალიც, საზამთროც, მანდარინიც, ნიორიც, ბადრიჯანიც იმდენი გვქონდა, სხვა რესპუბლიკებში გადიოდა და შეიძლება ახლა ვიღაცას ეს ყველაფერი წარმოუდგენლად ეჩვენოს, მაგრამ საქართველო იმდენ შაქრის ჭარხალს აწარმოებდა, აგარის შაქრის ქარხანას სრული დატვირთვით მუშაობისთვის ჰყოფნიდა. იცით თუ არა, რომ, როცა კოლმეურნეობა მოსავალს აიღებდა და მოილევდა, მერე რიგით მოქალაქეებს შეეძლოთ ნაკვეთებში შესვლა და დარჩენილის აღება? ეს იყო უზარმაზარი რესურსი და ტომრებით მოჰქონდათ ხახვიც, ბადრიჯანიც, კარტოფილიც… ჭარხალი არავის სჭირდებოდა და  საქონლის საკვებად მიჰქონდათ. სწორედ „ავადსახსენებელი კომუნისტების“ პერიოდში ერთი კგ ბადრიჯანი 3 კაპიკი ღირდა, 5 კაპიკი იყო ერთი კილო საზამთროს ფასი და ეს ყველაფერი აქ ხდებოდა, საქართველოში. ახლა კი… ერთი კონკრეტული კოლმეურნეობის მაგალითზე გეტყვით, რომელსაც 4500 ჰექტარი სახნავ-სათესი სავარგულები ჰქონდა. ამ ტერიტორიაზე ითესებოდა ნიორი, მისი აღების შემდეგ კი მიწას ხნავდნენ და სიმინდს თესავდნენ. თუ ამინდი ხელს შეუწყობდა – სიმინდი დამწიფებას ასწრებდა, თუ არა – მაშინ სილოსს აკეთებდნენ და ესეც მომგებიანი იყო. ახლა ამ 4500 ჰექტარზე არაფერი ითესება, ის დანაწილებულია სახნავ-სათეს მიწებად, მაგრამ არავინ არაფერს თესავს, არავინ  ხნავს და უბრალოდ, თივას აწარმოებენ, შემდეგ ეს თივა იყიდება და ამ მცირედით კმაყოფილდებიან. არადა, ამას წინათ  ერთი ფერმერი ვნახე, რომელსაც სართიჭალაში 100 ჰექტარ მიწაზე სიმინდი აქვს დათესილი. როცა ვკითხე, თივა უფრო მარტივი არ არის-მეთქი, გაოცებულმა შემომხედა და მიპასუხა: თივისთვის მიწა როგორ მოვაცდინოო? ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ერთ ჰექტარზე სიმინდის დათესვა (დახვნა, კულტივაცია, სასუქის შეტანა, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა) დაახლოებით 4 ათასი ლარი ჯდება, ანუ ას ჰექტარს 400 ათასი ლარი სჭირდება და ორმაგ მოგებას ტოვებს. ვიღაც  იტყვის, 400 ათასი საიდან მოვიტანოო და იმ კაცმა 10 ჰექტრიდან დაიწყო, ის 10 ჰექტარი ბანკში ჩადო, მეორე წელსვე გაისტუმრა (დაზღვევაც ჰქონდა) და ასე, ნელ-ნელა მიჰყვა.

    თივაზე  ცალკე ვთქვათ: როცა წვიმებია და მინდორს მორწყვა არ სჭირდება, თივის ფასი ძალიან დაბალია, როცა პირიქით – გვალვაა, თივის ფასი მატულობს, მაგრამ ბოლო ხუთ წელიწადში თივის ფასი მაღალი მხოლოდ ერთხელ იყო.

    როგორ გგონიათ, დაგვავიწყდა თუნდაც სიმინდის მოყვანა? არა, ბატონებო, არა! ჩვენ უბრალოდ მუშაობას გადავეჩვიეთ, ყველაფერი მარტივად და მზამზარეული გვინდა, ჩვენ დოვლათის შექმნას გადავეჩვიეთ და ერთი დღით ცხოვრება მოგვწონს. საქართველოში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ ადარდებს არც გლობალური დათბობა, არც ის, რომ სასურსათო ბაზარზე სურათი ყოველდღიურად იცვლება და ყველაფერი ყოველდღიურად ძვირდება. მათთვის მთავარია, იმ დღეს, იმ კონკრეტულ დღეს ჰქონდეს საკვები და „ხვალემ იკითხოს ხვალისა“ გვჭირს. რატომ მოჰყავს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში ჩვეულებრივ ფერმერს ერთ ჰექტარ მიწაზე ასი ტონა საზამთრო და რატომ უხარიათ საქართველოში, თუ ჰქტარზე 20-30 ტონას მოიყვანენ? იმიტომ, რომ თავს არ იწუხებენ, იმიტომ, რომ ის 20-30 ტონა  ლამის თავისით მოდის, 100 ტონას კი მუშაობა სჭირდება და მერე რა, რომ იმ მეზობელს სამჯერ მეტი მოგება რჩება, სამაგიეროდ ჩრდილში ადგილი ჩვენ გვაქვს დაკავებული და ვკოტრიალებთ.

    შარშანდელი რომ არ გავიხსენოთ, არ იქნება. თბილისის ერთ-ერთი კოლორიტი, რეგიონებიდან ჩამოსული „ბაჯი“ იყო, რომელიც მწვანილს ყიდდა და „დეზერტირების“ ბაზარზე ყოველდღიურად ისმოდა: „მწვანილი რა ღირს? – 10 კაპიკი.  პარა პიატნადცატ ვაზმი…“  ვაი, რომ ახლა ისინიც გაზარმაცდნენ და გასულ წელს რეკორდიც მოვხსენით – საქართველოში ლამის 20 მილიონი დოლარის მწვანილი შემოვიტანეთ და ავითვისეთ. ჰო, მწვანილი, ქინძი და ოხრახუში, ბებიები რომ თესლს მიმოაბნევდნენ ხოლმე ეზოებში და ყველას ჰქონდა, აღარ არის, გაქრა, დავივიწყეთ. 20 მილიონი დოლარი 50 მილიონ ლარზე მეტია და ეს შეგვეძლო, ჩვენ შეგვექმნა, ჩენთან დარჩენილიყო და ეს მხოლოდ მწვანილით. ახლა ბადრიჯანი (თურქული, ირანული), ნიორი (ჩინური, თურქული), ქლიავი (თურქული), ვაშლი (თურქული, ირანული) დავითვალოთ და საბოლოო ჯამში ასტრონომიულ ციფრებზე გავალთ.

    რა თქმა უნდა, არ გვაქვს  ილუზია, ვიღაცები ამ სტატიის წაკითხვისთანავე თოხსა და ბარს მოჰკიდებენ ხელს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ პანდემიის დროს, როცა ადამიანებმა სოფლებს მიაშურეს, სოფლის მეურნეობის პროდუქტები ყველაზე ნაკლები ოდენობით ვიყიდეთ. ჰო, თავისი სამყოფი ყველამ მარტივად მოიწია, ყველას უხაროდა, სოციალურ ქსელში ყველა საკუთარი კარ-მიდამოს ფოტოს აქვეყნებდა, აქამდე სად ვიყავიო, წუწუნებდა და პანდემიის დასრულებისთანავე, კარი, სავარაუდოდ, მორიგ პანდემიამდე გამოიკეტა. ჰო, მორიგ პანდემიამდე, რადგან, თანამედროვე მსოფლიოს რომ ვუყურებთ, სერიოზული ეჭვი გვაქვს, კიდევ იქნება რაღაც ისეთი, რაც სამომავლოდ მოსახლეობის რაოდენობას შეამცირებს, რადგან ხალხს საკვები ფიზიკურად არ ჰყოფნის და ქართველების არ იყოს, ბევრი სხვა ერიც არ იწუხებს მიწაზე მუშაობით თავს.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                              

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here