Home ახალი ამბები საქართველო ქართული პრესის მიმოხილვა 08.07.2024

ქართული პრესის მიმოხილვა 08.07.2024

21
ქართული პრესის მიმოხილვა 08.07.2024

ვახტანგ ძაბირაძე – “ეს იქნება ყველაზე ბინძური არჩევნები, რაც კი ოდესმე საქართველოში ჩატარებულა”

რატომ ატარებს აშშ სომხეთში სამხედრო წვრთნებს – გახდება თუ არა ერევანი დასავლეთის მთავარი პარტნიორი რეგიონში თბილისის ნაცვლად

დავით ზურაბიშვილი – რა შემთხვევაში აგებს „ოცნება“ არჩევნებს და იგებს ოპოზიცია?

რა კონფიგურაციით წარსდგებიან “ქართული ოცნება” და “ხალხის ძალა” არჩევნებზე

მირიან მირიანაშვილი – “ლილუაშვილი უკვე შემდგარი კომუნიკატორია, იციან, რომ ივანიშვილისგან სუს-ს აქვს მინდობილი საქართველოს პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება”

ვახტანგ ძაბირაძე – “ეს იქნება ყველაზე ბინძური არჩევნები, რაც კი ოდესმე საქართველოში ჩატარებულა”

“ყოველგვარი სოციოლოგიური კვლევის გარეშეც ნათელია სიტუაცია. არასდროს ასე მკაფიოდ არ ყოფილა ჩამოყალიბებული ოპოზიციური ამომრჩეველი. ოპოზიციონერმა ლიდერებმა უნდა დაასრულონ ორჭოფობა, იმისდა მიხედვით კი არ უნდა გადაჯგუფდნენ, ვინ ვის არ ელაპარაკება, ვინ ვის უყვარს და ვინ ვისთან უფრო კარგად გრძნობს თავს, ელექტორატის ინტერესები უნდა გაითვალისწინონ. დღეს ოპოზიციურ ფლანგზე ოთხი პოლუსია გამოკვეთილი, რომლებიც 5%-იან ბარიერთან ახლოს არიან, ან 5%-იანი ბარიერის პრობლემა საერთოდ არა აქვთ. ესენია: “ნაციონალური მოძრაობა”, “ახლები”, “ლელო” და გახარიას პარტია. სხვებს ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვთ. შესაბამისად, ან ამ ოთხიდან უნდა გააკეთონ არჩევანი და რომელიმეს ირგვლივ დაჯგუფდნენ, ან ამ ოთხმა უნდა მოძებნოს საერთო და იმის მიხედვით გაერთიანდნენ. თუ მართლა ისე ფიქრობენ, როგორც ამბობენ, ქვეყანა მართლაც საფრთხის წინაშე დგას და “ქართულ ოცნებას” მართლა რუსეთისკენ მივყავართ, მაშინ რა დროს სიები და პარტიული ინტერესებია?!” – აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს იქნება ყველაზე ბინძური არჩევნები, რაც კი ოდესმე საქართველოში ჩატარებულა”.

“ჩემი აზრით, ყველაზე მართებული იქნება, თუ ოპოზიციურ ფლანგზე სამი დიდი ბლოკი იქნება: “ნაციონალური მოძრაობა”, “ახლები” და “ლელო”, პლუს გახარია და წვრილ-წვრილი პარტიები. წვრილ პარტიებს, რა თქმა უნდა, სიებთან დაკავშირებით ვერ ექნებათ ისეთივე პრეტენზიები, როგორიც მსხვილ პარტიებს. აქაც მარტივად არის საქმე – წვრილი პარტიებიდან ე.წ. გამსვლელ სიაში უნდა იყოს ყველა პარტიის ლიდერი, შემდეგ ვისაც როგორ მოუწევს. ეს ძალიან მარტივი სქემაა და არ სჭირდება ამდენი გაჯანჯლება. მათგან განსხვავებით, ივანიშვილს თავის დროზე პოლიტიკური წონაც მეტი ჰქონდა და ხალხის ნდობაც, მაგრამ ერთი წლით ადრე დაიწყო არჩევნებისთვის მზადება. სააკაშვილის გუნდიც ერთი წლით ადრე ჩამოყალიბდა, 2003 წლის არჩევნებისთვის. არადა, 2003 და 2012 წლებში, დღევანდლისგან განსხვავებით, ოპოზიციური ელექტორატი ერთიანი იყო. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ოპოზიციურ პარტიებს გაცილებით ადრე უნდა დაეწყოთ წინასაარჩევნოდ მზადება. მხოლოდ ტელეეთერში საუბარი საკმარისი არ არის. ოპოზიციონერმა ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ გადაჯგუფება-პოზიციების საბოლოოდ შეთანხმებას “ქართული ოცნებაც” ელოდება, მთელი რიგი პროპაგანდისტული, წესიერი თუ უწესო ქმედებები აქვს დაგეგმილი”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“არც 2020 წლის არჩევნები იყო მაღალი სტანდარტის, მაგრამ ეს იქნება ყველაზე ბინძური არჩევნები, რაც კი ოდესმე საქართველოში ჩატარებულა. ამიტომ დროზე უნდა გაინძრნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რათა ოპოზიციონერი ელექტორატი მაქსიმალურად აითვისონ… სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანია არა დასავლეთსა და ოპოზიციას შორის შუამავლის ფუნქციით, არამედ როგორც ხელისუფლის როლით. ამასთან, არა მგონია, ოპოზიციურ ელიტას დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის პრობლემა ჰქონდეს, მით უფრო იმ მოცემულობაში, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” თავისი ანტიდასავლური რიტორიკით შექმნა. ხომ მოისმინეთ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორის” გაურკვეველი ვადით გადადების შესახებ. “ქართულმა ოცნებამ” თავისი უგუნური პოლიტიკით საქართველო ყველაზე ძლიერი სამხედრო მოკავშირის გარეშე დატოვა და ამით დიდი საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. შესაბამისად, დასავლეთი ოპოზიციასთან ურთიერთობაში დაბრკოლებას არ შექმნის და ყველანაირად მხარს დაუჭერს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას”, – განაგრძობს რესპონდენტი.

“დასავლეთი არჩევნებში არასდროს არ უჭერს მხარს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, მისთვის არჩევნების სწორად ჩატარებაა მთავარი. ამიტომ არჩევნებში ერეოდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც მმართველი ძალის ჩატარებულ არჩევნებს ეჭვით უყურებდნენ. ამ მოტივით ჩაერივნენ როგორც 2003 წლის, ასევე 2012 წლის არჩევნებში და კარგად მოიქცნენ, მათი წყალობით ავცდით სამოქალაქო დაპირისპირებას. მმართველი ძალა არც ამ არჩევნებზე გამოიყურება სანდოდ, მაგრამ ამჯერად კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს – ვერც ოპოზიციაა წელში გამართული. 2020 წელს ოპოზიცია არ იყო დამაჯერებელი, როდესაც ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობდა. რატომ ვამბობ ამას? პოლიტიკური პარტიები იმდაგვარად უნდა გამსხვილდნენ, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა შინაურისთვისაც სარწმუნო იყოს და გარე დამკვირვებლისთვისაც. ხელისუფლება შეეცდება, რაც შეიძლება მეტი გადაუნაწილებელი მანდატი დარჩეს და შეაგროვოს მთავრობის დაკომპლექტებისთვის საჭირო 76 მანდატი. ამიტომ ოპოზიციამ უნდა მოახერხოს ოპოზიციური ელექტორატის სრული ათვისება და ამასთანავე, ხალხიც დაარწმუნოს, რომ ნამდვილად შეუძლია 5%-იანი ბარიერის გადალახვა. დრო სჭირდება ამ ყველაფერს და არ ვიცი, რას აპირებენ”, – დაასკვნის ექსპერტი.

“ჩემი აზრით, “ნაციონალური მოძრაობა”, “ახლები” და “ნაცური” პატარ-პატარა პარტიების ერთად დაჯგუფება ყველაზე პრაგმატული გამოსავალი იქნება. ასევე ძალიან კარგი იქნება “ლელოსა” და გახარიას პარტიების გაერთიანება, ხოლო თუ მათ ელისაშვილისა და ანა დოლიძის, ასევე სხვა “არანაცური” პარტიებიც დაემატებიან, ეს იქნება შუაშისტური ყველაზე დიდი გაერთიანება, რომელიც ღირსეულ მეტოქეობას გაუწევს მმართველ გუნდს. კარგი იქნება, თუ “ლელოს” ლიდერები გახარიას შეთავაზებაზე სერიოზულად დაფიქრდებიან და ცალმხრივ სიყვარულზე საუბარს თავს დაანებებენ. თუ “ლელო” და “ახლები” გაერთიანდებიან, 5%-იან ბარიერს ნამდვილად გადალახავენ, მაგრამ ეს იმის წინა პირობაც იქნება, რომ “ლელო”, როგორც პოლიტიკური დამოუკიდებელი სუბიექტი, მოღვაწეობას დაასრულებს”, – მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაე და შეკითხვაზე – “ასე რატომ ფიქრობთ?” , – პასუხობს:

“იმიტომ, რომ “ახლები”, რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც “ნაციონალური მოძრაობის” ანასხლეტია და მისი ამომრჩეველიც “ნაციონალების” ყოფილი ამომრჩევლები არიან, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ნიკა მელია და ნიკა გვარამია თანალიდერები გახდნენ. ამ გაერთიანების შემთხვევაში “ლელოს” ამომრჩეველი გახარიასთან წავა. შესაბამისად, დაკარგავს საკუთარ ამომრჩეველს და დარჩება “ახლების” ამომრჩევლის ანაბარა. ზუსტად ის დაემართება, რაც “ევროპულ საქართველოს”, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი. ელისაშვილისთვის “ნაციონალებთან” თანამშრომლობა წამგებიანი ნამდვილად არ არის, საპარლამენტო მანდატს ნამდვილად მიიღებს. ალეკოს “ნაციონალებისთვის” დიდი სარგებლის მოტანა ხმების თვალსაზრისით არ შეუძლია, მაგრამ პროპაგანდისტულად მაინც აწყობთ, იტყვიან, აგერ ჩვენ გვერდით მარტო ვაშაძის “სტრატეგია აღმაშენებელი” კი არა, ელისაშვილიც არისო. არ არის გამორიცხული, ხვალ-ზეგ კიდევ ვინმე ორი ან სამკაციანი პარტიაც მიიერთონ, მაგამ ეს არსებულ სურათს დიდად ვერ შეცვლის”.

“ყველაზე მნიშვნელოვანია შუაშისტური ხმების დიდი რაოდენობა, რომელსაც, ვფიქრობ, გახარია წაიღებს, თუ თავის გარშემო “ლელოს” თუ არა, დოლიძეს, ელისაშვილსა და საპარლამენტო “გირჩს” მაინც შემოიკრებს ამ უკანასკნელის ვერავისთან ვერშეწყობა უდრის “ქართულ ოცნებასთან” შეწყობას და კარგია, თუ ამას ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია გაითვალისწინებენ. აქ ხომ დამატებით ხმებზე არ არის საუბარი. ეს ხალხი კოალიციურ მთავრობაზე საუბრობს და არჩევნებამდეც კი ვერ ახერხებს თანამშრომლობას. პოლიტიკა ძმაკაცობა კი არ არის, ამ სფეროში რომ მოდიხარ, სწორედ იმათთან უნდა ითანამშრომლო, ვინც დიდად გულზე არ გეხატება. თუ ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერები არ იტყუებიან და მართლა კოალიციური მთავრობა უნდათ, “ქოცებთანაც” მოუწევთ თანამშრომლობა და “ნაცებთანაც”, იმიტომ, რომ 2024 წლის პარლამენტში ერთი პოლიტიკური ძალაც იქნება და მეორეც – ალბათ, პირველ ადგილზე “ქართული ოცნება” გავა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, 76 მანდატის მოგროვებას და მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტებას შეძლებს. მთავარია, ოპოზიციას ამ ზაფხულში არ ჩაეძინოს და სწორად იმუშაოს”, – დასძენს ძაბირაძე.

რატომ ატარებს აშშ სომხეთში სამხედრო წვრთნებს – გახდება თუ არა ერევანი დასავლეთის მთავარი პარტნიორი რეგიონში თბილისის ნაცვლად

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთში ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩატარდება. მათივე ცნობით, სწავლება Eagle Partner 2024 სომეხი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით სომხეთში 15-24 ივლისს გაიმართება და იგი კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციის მიზნით, სამშვიდობო ამოცანების შესრულებას ითვალისწინებს. “საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მოსასამზადებლად, სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები Eagle Partner 2024, სომხეთში 15-24 ივლისამდე გამართება. წვრთნებში მონაწილეობას სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადის სამხედრო პერსონალი, ევროპასა და აფრიკაში ამერიკის სახმელეთო ჯარები და კანზასის ეროვნული გვარდია მიიღებს”, – ნათქვამია განცხადებაში. სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ ორმხრივი წვრთნების ჩატარება რუსეთისთვის პირდაპირი გამოწვევაა და ეს მორიგი არამეგობრული ქმედებაა. როგორც იგი აღნიშნავს, ძალიან ბევრი ფაქტორია, რის გამოც სომხეთს საგარეო კურსის მკვეთრი შეცვლა გაუჭირდება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ატარებს აშშ სომხეთში სამხედრო წვრთნებს – გახდება თუ არა ერევანი დასავლეთის მთავარი პარტნიორი რეგიონში თბილისის ნაცვლად.

“ნატოს ეგიდით სამხედრო წვრთნები იმართება ხოლმე და თითქოს ერთი შეხედვით აქ ისეთი უცნაური არაფერია, თუმცა, ორმხრივი წვრთნების ჩატარება რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირი გამოწვევაა. სომხეთის ხელისუფლება პუტინის მიმართულებით არამეგობრულ ქმედებს ახორციელებს და ეს ერთ-ერთი მორიგი არამეგობრული გეოსტრატეგიული ჟესტია კრემლის მიმართ. სომხეთი ჯერჯერობით საგარეო კურსს ვერ შეცვლის, ეს არაერთხელ თქვეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა. სომხეთი ცდილობს თავის საგარეო პოლიტიკური კურსის დაბალანსებას, კრემლის მიდგომებზე გავლენის მოხდენას და ან რაღაცნაირად სხვა ალტერნატიული საშუალებების გამონახვას. ყოველ შემთხვევაში მკვეთრად და ასე უცებ ისინი კურსის შეცვლას ვერ შეძლებენ. თან ისიც უნდა ითქვას, რომ მეზობლად ჰყავს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი. ახლა ირანში აზერბაიჯანული წარმოშობის რეფორმატორი მივიდა, რამაც შესაძლოა სომხეთსა და ირანს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაართულოს. საქართველოში კი, პრორუსული ძალები ძლიერდება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ფაქტობრივად, სომხეთს გადაეკეტა ყველა გზა, რომ საქართველოს მეშვეობით დასავლეთთან ურთიერთობა განავითაროს. თურქეთის ხელისუფლებას, ერდოღანის სახით დღევანდელ დასავლეთთან, ევროკავშირთან და ამერიკასთან როგორი ურთიერთობა აქვს ყველამ კარგად იცის. მეგობრული და იდეალური ურთიერთობა არ არის, იქ არის საკმაოდ მტრული დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, ასეთ გეოპოლიტიკურ გარემოცვაში, როდესაც სომხეთი გარშემორტყმულია რუსული გავლენებით, სამწუხაროდ უკვე საქართველოც ასე მოიაზრება, ამ ფონზე მათთვის საგარეო კურსის შეცვლა ძალიან რთულია. საქართველოს ხელიდან გამოცლა ამ მიმართულებას კიდევ უფრო ამყარებს”, – დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

“პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის აზრით კი, სომხეთის ეს ქმედება მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი ამით დასავლეთთან დაახლოებას კიდევ უფრო ცდილობენ. როგორც მან აღნიშნა, სომხეთმა საგარეო კურსი დიდი ხანია შეცვალა და არაა გამორიცხული ის დასავლეთის პარტნიორი გახდეს და საქართველო ჩაანაცვლოს. “სომხეთი ნელ-ნელა ცდილობს, რომ რუსეთს დაშორდეს. საქართველომ კი, პრორუსული კურსი დაიჭირა, ახლა მიდის გადახედვა და გამორიცხული არაა რეგიონში სომხეთი გახდეს დასავლეთის პარტნიორი და საქართველო ჩაანაცვლოს. ამ წვრთნების ჩატარების მიზანიც ისაა, რომ სომხეთი რაღაცნაირად დასავლეთს დაუახლოვდეს. მათ დასავლეთისკენ გადაჯგუფება და საგარეო კურსის შეცვლა დიდი ხანია დაიწყეს და ახლა უკვე ამის განსახორციელებლად პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამენ”, – აღნიშნავს ბერიძე. მისივე თქმით, რუსეთი ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, საპასუხოდ ვერაფერს გააკეთებს და ასე რომც მოხდეს, ისიც დაზარალდება”, – წერს სტატიის ავტორი.

“ამაზე რუსეთს რაღა რეაქცია უნდა ჰქონდეს? ყარაბახი დაკარგა, სომხეთთან პირდაპირი საზღვარი არ აქვს, რომ რამე განახორციელოს. თან ისე არიან უკრაინასთან ომში ჩართული, რომ სომხეთისთვის ფიზიკურად არ სცალიათ. რაღაც სავაჭრო ღონისძიებები შეიძლება მიიღონ, თუმცა, მაინც მეეჭვება, რადგან თვითონ სანქციების ქვეშ არიან და რამე ზომები, რომ მიიღონ თვითონაც დაზარალდებიან”, – ამტკიცებს ლაშა ბერიძე.

დავით ზურაბიშვილი – რა შემთხვევაში აგებს „ოცნება“ არჩევნებს და იგებს ოპოზიცია?

“მთავარი ის იქნება, ამ რამდენიმე ჯგუფიდან ბარიერის გადალახვის ვის რა შანსი ექნება. გამოკვეთილია ოთხი ცენტრი: “ნაციონალური მოძრაობა”, “ახალი”, “ლელო” და გახარიას პარტია. ბოლო კვლევებით, ამ ოთხს 5%-ზე მეტი აქვს, უფრო სწორად, 5%-ის ფარგლებში. “ახალი” და “ნაციონალური მოძრაობა” გარანტირებულად ხვდებიან პარლამენტში, პრობლემატურია “ლელო” და გახარია. კი არიან, ამ 5%-ის ფარგლებში, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლება ძალიან მოინდომებს ამ პარტიების ჩაძირვას, მათთვის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია და არჩევნების შედეგებიც არ ჯდება ხოლმე ისე, როგორც ეს წინა კვლევებშია, მათ ნამდვილად უდგათ გამსხვილების აუცილებლობა. კვლევებით ჩანს, რომ ხელისუფლება კატასტროფულ მდგომარეობაშია, ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავს, მთელ საქართველოში უმცირესობაშია, თბილისში ხომ საერთოდ 80% არ უჭერს მხარს. მთავარია, ოპოზიციური ხმები იყოს კონსოლიდირებული და არ დაიკარგოს”, – აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა შემთხვევაში აგებს „ოცნება“ არჩევნებს და იგებს ოპოზიცია?

“ამიტომ “ლელო” და გახარია თუ შეძლებენ, რაღაცნაირად თავიანთი ამომრჩევლების გარდა, კიდევ სხვაზეც გავიდნენ, პატარ-პატარა პარტიებიც შემოიერთონ, ეს ბლოკი მათ მისცემს პროცენტების გაზრდის შესაძლებლობას. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება გარანტირებულად დამარცხდება, თუ ჩავთვლით, რომ ეს არჩევნებიც დაახლოებით ისე ჩატარდება, როგორც იყო 2020 და 2021 წელს და შეიძლება ცოტა უარესადაც. თუ “ლელოსა” და გახარიას გამსხვილება არ მოხერხდა, ხელისუფლებას გაეზრდება შანსები, რომ კვლავ დარჩეს, თუმცა, უპირატესობა არ ექნება დიდი… როგორც ჩანს, “ლელოს” და გახარიას ერთად ყოფნა არ გამოვა, რადგან “ლელოს” მკვეთრი განცხადებებიდან იოლად მისახვედრია, რომ გახარიას არავითარ შემთხვევაში არ განიხილავენ ბლოკში. გახარია და “ლელო” რომ გაერთიანებულიყვნენ, რა თქმა უნდა, შედეგიანი იქნებოდა, რადგან მე არ ვფიქრობ, რომ მათი ელექტორატი განსხვავდება”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“მათი ამომრჩეველი, ძირითადად, ის ხალხია, ვისაც არც “ნაცი” უნდა და არც “ქოცი” და მათი გაერთიანება, ცხადია, სერიოზული სინერგია იქნებოდა ამომრჩევლისთვის, მაგრამ პრობლემა არის ლიდერებში. უფრო მეტად, მაინც “ლელოს”, რომ თავის დროზე გახარია მათ ჩაგრავდა და ახლა სთხოვენ ეს აღიაროს და ამის გამო პასუხი აგოს. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ჩემი აზრით, ლოგიკური იქნება გახარიასთან დაჯგუფდნენ ელისაშვილი, ანა დოლიძე და ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც “გირჩი” წარმოადგენს, ანუ მეგრელიშვილ-ხვიჩიას “გირჩი”. ეს პარტიები რომ შევიდნენ გახარიასთან ალიანსში, 2-3%-ს ნამდვილად მოუმატებს და პრაქტიკულად ხელისუფლება ვეღარ მოახერხებს, რომ 5%-იანი ბარიერის მიღმა დატოვოს”, – განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება “ლელოს”, შეუძლია შეიერთოს “დროა” და ჯაფარიძის “გირჩი”. ფიქრობენ ასევე “ახალთან” გაერთიანებას და, თუკი ეს შედგება, ვთქვათ, “ახლის”, “ლელოსი”, “გირჩისა” და “დროასი”, ჩემი აზრით, ეს იქნება ყველაზე რეიტინგული ძალა. ამ შემთხვევაში, შესაძლოა “ლელომ” დაკარგოს შუაშისტი ამომრჩევლის ნაწილი, ვისაც არც “ნაცი” უნდა და არც “ქოცი”, რადგან გვარამია მაინც “ნაცად” აღიქმება, ბევრისთვის ამისგან მაინცდამაინც შორს არც ხოშტარია-ჯაფარიძეა. სამაგიეროდ, ეს გაერთიანება წაართმევდა ხმებს “ნაციონალურ მოძრაობას”. ასეთ შემთხვევაში, “ნაცმოძრაობა” ძალიან დაზარალდება და ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა სწორედ ეს გაერთიანება გახდებოდა. ეს კი თავისთავად იქნებოდა განაცხადი, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატიც აქედან დადგება, რადგან, როგორც წესი, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას აყენებს ის გაერთიანება, ვინც ყველაზე მეტ ხმას იღებს არჩევნებში”, – დაასკვნის ანალიტიკოსი.

“თუ ეს სამი ძლიერი გაერთიანება ასე ჩამოყალიბდა, ჩათვალეთ, რომ ხელისუფლება დამთავრებულია. “ქართულმა ოცნებამ” რაც არ უნდა გააკეთოს, ვერ მოიგებს. თუ ისეთ გაყალბებაზე წავა, როდესაც იწერ იმას, რაც გინდა და არ გაინტერესებს, ამას რა მოჰყვება, ცხადია, ამას ყველა მხრიდან ისეთი რეაქცია ექნება, რომ თავისთავად დაამთავრებს ხელისუფლებას. ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლება ყველა ვარიანტში წააგებს. ამიტომ ეს ყველაზე სასურველი სცენარია. სხვა შემთხვევაში იმის თქმა, თუ რა მოხდება, ძალიან ძნელი სათქმელია, რადგან ერთიანი სია რეალურად უკვე გამორიცხულია და სიმართლე გითხრათ, ისიც ვერ გავიგე, “თავისუფლების მოედანი” რომ შეიქმნა, რა უნდათ და რას აპირებენ. კი, კვალიფიციური ხალხია და კარგი იქნებოდა, რომელიღაც პარტიებში იყვნენ, მაგრამ ახლა პოლიტიკურად მათ ფართო საზოგადოება არ იცნობს. მათი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, თუ რომელიმე პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთვებოდნენ, მაგრამ ასე ცალკე პლატფორმის შექმნის მიზანი ვერ გავიგე. ალბათ, აქედან შეეცდებიან გადანაწილდნენ”, – ამტკიცებს დავით ზურაბიშვილი.

“მე გამოვდივარ იმ ინტერესიდან, რომ გარანტირებული იყოს ხელისუფლების დამარცხება. თუმცა თავისთავად იმდენად ცუდად არის ხელისუფლების საქმე და სექტემბერში მოსალოდნელია სიტუაციის უფრო გამწვავება, თან ძალიან მაგრად, შეიძლება ხელისუფლებას რა მხარდაჭერაც დარჩა, იმის ნახევარი კიდევ დაკარგოს. იმას ვგულისხმობ, რომ სექტემბერში ძალაში შედის ე.წ. აგენტების კანონი და ხელისუფლებამ რა უნდა ქნას? რა და, უნდა მოსთხოვოს ყველა არასამთავრობოს და მედიას, დარეგისტრირდით აგენტებადო. ძალიან ბევრი არ დარეგისტრირდება. მერე ამათ უნდა დააკისრონ ჯარიმა, რასაც ისინი არ გადაიხდიან. მოკლედ, გამწვავდება ურთიერთობები და მერე რას იზამენ? მივლენ ოფისებში და კომპიუტერებს წაართმევენ, გასაყიდად გამოიტანენ თუ რას იზამენ, ჯარიმას რომ არ გადაიხდიან? ამიტომაც ვამბობ, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება და ცხადია, ხელისუფლება მხარდაჭერებს დაკარგავს. ასე რომ, სულ რომ არავინ არაფერი არ გააკეთოს, შესაძლოა, ოპოზიციის ყოველგვარი კომბინაციის გარეშე წააგოს”, – მიიჩნევს რესპონდენტი.

“არჩევნების მოგებისთვის საშუალოდ მილიონი ხმის მოგროვება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მით უმეტეს, თუ არჩევნების დღეს ამომრჩეველთა აქტიურობა მაღალი იქნება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ამომრჩევლების, რაც აქამდე არ ყოფილა და რაც ხელისუფლებისთვის კარგი არ არის. თუ შევადარებთ სიტუაციას 2020-2021 წლების არჩევნების შედეგებს, იქაც ჯამში უფრო მეტი ხმა ჰქონდა ოპოზიციას, ვიდრე ხელისუფლებას. მას შემდეგ ხელისუფლების საქმე უკეთესად ნამდვილად არ წასულა. პირიქით, ამ რუსული კანონის მიღებით მკვეთრად გაიუარესა საქმე. აქედან გამომდინარე, წესით, ხელისუფლება ამ არჩევნებზე უნდა შეიცვალოს. როგორ შეიცვლება, რანაირად, არ ვიცი. ცხადია, ეს რთული ამბავია, მაგრამ შესაძლებელია ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ჩამოშორდნენ ძალაუფლებას და ჩვენ დავბრუნდეთ ევროინტეგრაციის გზაზე. მთავარი ეს არის და მერე რაღაც გამოჩნდება”, – ამბობს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე – “ოცნებამ~ რომ თქვას, არ მაინტერესებს, რას ამბობს დასავლეთი, მინდა და ვრჩები ხელისუფლებაშიო, უხეშად რომ ვთქვათ, მერე რა გზა გვრჩება?”, – პასუხობს:

“რჩება მასობრივი დაუმორჩილებლობა, მასობრივი გამოსვლები და “ოცნების” იძულება, რომ ხელისუფლებიდან წავიდეს – ასეა ყველგან. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას რჩება ორი გამოსავალი: ან დაჰყვეს ხალხის ნებას, თუ მასობრივი გამოსვლები და ქვეყანა პარალიზებული ხდება, ან მიმართოს ძალას და სისხლში ჩაახშოს ყველაფერი, რასაც, მგონი, არ იზამს. ამის გამბედავი არა მგონია. თუ გაბედავს და, ორ ამდენს პასუხად მიიღებს. არა მგონია, ძალოვანი სტრუქტურები სისხლის ღვრაზე წავიდნენ, რასაც შეიძლება მსხვერპლი მოჰყვეს. როდესაც 80% შენს წინააღმდეგაა, რანაირად უნდა დარჩე ხელისუფლებაში? თუ გააყალბებ, ამაზე ძალიან სერიოზულ პასუხს მიიღებ. იმედია, საქმე აქამდე არ მივა”.

“ბოლო კვლევებით, მე რაც ვიცი, ძალიან დაცემულია ხელისუფლების რეიტინგი. ცხადია, რეგიონებში ნაკლებად, მაგრამ თბილისში კატასტროფული სიტუაცია აქვთ, ასევე, დიდ ქალაქებშიც. მაგრამ თავის დამშვიდება არაფრით არ შეიძლება. ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავისთავად შეიცვლება. პროპორციული სისტემა გვაქვს და ეს ბევრ რამეს ცვლის. თუმცა კვლევები, რომელთაც მე საინფორმაციო წყაროებში ვეცნობი, პრინციპში, სანდოა, მეტ-ნაკლებად სწორად ასახავს სიტუაციას. ყველაფრის გათვალისწინებით, ხელისუფლების საქმე გაცილებით ცუდადაა. მისი ადმინისტრაციული რესურსიც ხომ ადამიანებისგან შედგება და, თუ სიტუაცია სექტემბერში გამწვავდება, ზემოთ რაზეც ვილაპარაკეთ, მაშინ ასე მარტივად აღარ მისცემენ ხმას. ახლა არის არჩევანი ასე – ან ბიძინა, ან ევროპა – ანუ ოპოზიცია არის ევროპა და “ქართული ოცნება” არის ანტიევროპა, პრაქტიკულად, რუსეთი, და როცა რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანი დგება ქვეყანაში, ბუნებრივია, რუსეთი ვერ მოიგებს”, – თვლის დავით ზურაბიშვილი.

“ხელისუფლებამ თავად წაიყვანა ასე საქმე. არავინ ეხვეწებოდა, ასე გააკეთეო, მაგრამ გააკეთა. ეტყობა, ჩათვალა, რომ ასე უფრო მეტს მოიგებდა. დიდი ეჭვი მაქვს, ამაში გადამწყვეტი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორია. ამ კაცს, ასე თუ ისე, ვიცნობ და ვინც იცნობს, ყველა დამიდასტურებს, რომ ქართველ ერზე საკმაოდ დაბალი წარმოდგენა აქვს, ჰგონია, საქართველოს მოქალაქეები, საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, მაშინ რომ იყვნენ, დღესაც იმ მდგომარეობაში არიან. ჰგონია, ის სიბნელე და რუსების ხიბლი ისევ ისე არსებობს. ამ დროს საზოგადოება ძალიან შეცვლილია, ქვეყანაში სულ სხვა სიტუაციაა, რაც მან, უბრალოდ, არ იცის. პრინციპში, რაც გააკეთა, ეგონა, ამით მეტ ქულას აიღებდა, მაგრამ პირიქით მოხდა, რეიტინგი დაკარგა… თუ ხელისუფლებამ გადამწყვეტი მანდატების რაოდენობა მაინც დააგროვა, მაშინ ეს უფრო ოპოზიციის დამსახურება იქნება და არა ხელისუფლების. თუ ოპოზიცია არასწორად გადაჯგუფდება და კატასტროფულ შეცდომებს დაუშვებს, ჯამში ხელისუფლებაზე მეტის აღებას ვერ მოახერხებს. ხელისუფლებას. უბრალოდ, კარგი სვლა აღარ აქვს დარჩენილი, პოზიტივის შემოტანა აღარ შეუძლია. მისი ერთადერთი ვარიანტია, იძახოს, აი, რუსი მოგვადგა კარს და მე თუ არ ვიქნები, შემოვა და ყველას დაგვხოცავსო…” – დასძენს რესპონდენტი.

რა კონფიგურაციით წარსდგებიან “ქართული ოცნება” და “ხალხის ძალა” არჩევნებზე

“ხალხის ძალა” არ გამორიცხავს, რომ არჩევნებში “ქართულ ოცნებასთან” ერთიანი ფრონტით წარსდგეს, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ. ამასვე ადასტურებს მმართველი პარტია – მათი შეფასებით, საუბარი არაა იმაზე, რომ ცოტა ხნის წინ გამოყოფილი ჯგუფი, ცალკე საარჩევნო სუბიექტი იყოს. ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაში, რომ “ხალხის ძალის” გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთვარი მიზეზი შეისაძლოა რეიტინგი იყოს, რადგან დიდია ალბათობა იმისა, რომ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახოს. ის “მისია”კი, რაც ამ გაყოფას ახლდა თან, “ნაწილობრივ შესრულებულია”. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა და “ხალხის ძალის” წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ არსებობს არჩევნებში “ოცნებასთან”” ერთად წარმოდგენის თეორიული და პრაქტიკული შესაძლებლობა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა კონფიგურაციით წარსდგებიან “ქართული ოცნება” და “ხალხის ძალა” არჩევნებზე/

“შესაძლებლობა ჩვენი ერთად წარმოდგენის არსებობს თეორიულიც და პრაქტიკულიც, თუმცა ამ თემაზე ჯერ მსჯელობა არ ყოფილა. ასე რომ, შეფასებებს ნაადრევად ნუ გავაკეთებთ. ჩვენ “ქართულ ოცნებას” მხოლოდ იმიტომ გამოვეყავით, რომ ჩვენთვის სიმართლე უფრო ხმამაღლა სათქმელი იყო – ამიტომ წარმოვადგინეთ საკუთარი თავი ცალკე. ის, თუ როგორ იქნება ეს არჩევნებზე, დრო ჯერ კიდევ არსებობს და ამასთან დაკავშირებით შესაძლოა იყოს კონსულტაციები. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ცალ-ცალკე და ერთადაც”, – განაცხადა ხუნდაძემ. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” 2024 წლის არჩევნებზე ერთიანი ფრონტით გამოვა და იმაზე საუბარი არ არის, რომ “ხალხის ძალა” საარჩევნო სუბიექტი იყოს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ “ხალხის ძალამ” “ოცნებაში” დაბრუნება ალბათ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ის ვერ დადებდა ისეთ შედეგს, რომელიც მის დამოუკიდებლად გასვლას უზრუნველჰყოფდა არჩევნებზე. ხოლო მიზანი, რისთვისაც ეს ჯგუფი მმართველ პარტიას გამოეყო, ნაწილობრივად შესრულებულია”, – აღნიშნავს გამოცემა.

“ითქვა კიდეც, რომ გამოყოფის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ არსებულიყო ჯგუფი ხელისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკოსებისა, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობებისთვის უხერხულ განცხადებებს გააკეთებდნენ ხელისუფლების მაგივრად. ეს ჯგუფი ფაქტიურად “მეხამრიდი” იყო – ადრესატები, რომელთა მიმართ ძალიან ხშირად იყო გამოთქმული “ხალხის ძალის” კრიტიკა, ძალიან ხშირად ხელისუფლებას საყვედურობდნენ ჩუმად რატომ ხარო, ანუ აღიქმებოდა ის, რომ “ხალხის ძალასა” და ხელისუფლებას შორის რაღაც ხიდი არსებობს და ამ კავშირის არსებობას საყვედურობდნენ. რახან საყვედური გაჩნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი გულზე მოხვდათ. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ეს შედგეგი გამოიღო. ამ მხრივ ეს ეტაპი შესრულებულია და დანარჩენი ალბათ უფრო არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამოჩნდება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნებამ” “ხალხის ძალა” ხელოვნურად გამოყო, რომ ორმაგი თამაში ეთამაშა რუსეთთან და დასავლეთთან. თან დასავლეთის მიმართ კრიტიკული და რუსეთისთვის მაამებლური განცხადებები გაეკეთებინა და თან არ დაბრალებოდა მმართველ პარტიას. “ხალხის ძალის” ძირითადი მიზანი ის იყო, რომ “ოცნებას” საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა სურდა, თუმცა არ უნდოდა, რომ ეს ღიად განეცხადებინა – ხელოვნურად შეიქმნა “ხალხის ძალა”, რომელიც გარკვეულ პოლიტიკას არ ეთანხმებოდა. ჯგუფი შეიქმნა, რომ არა მხოლოდ დასავლეთი გაეკრიტიკებინა, არამედ თავისი რუსული პოზიცია დაეფიქსირებინა”, – ამბობს ჩიტაძე, რომლის თქმით, “შარშან “რუსული კანონი” სწორედაც, რომ “ხალხის ძალამ” დააინიცირა, მერე “ოცნება” ვითომ აჰყვა – რეალურად კი ეს “ქართული ოცნების” ინიციატივა იყო”, – დასძენს გამოცემა.

“ხალხის ძალამ” (თუ შეიძლება მას ხალხის ძალა ვუწოდოთ) განტევების ვაცის როლი ითამაშა, როცა დასავლეთის კრიტიკა დაიწყო, რეალურად დასავლეთს “ქართული ოცნება” აკრიტიკებდა, ამით ცდილობდა, რომ როგორმე ანტიდასავლური ტალღა აეგორებინა. “ოცნება” ცდილობდა ორმაგი თამაში ეთამაშა, რომ თითქოს თავად პროდასავლურები იყვნენ და დასავლეთის კრიტიკა მხოლოდ ამ ჯგუფს ეკუთვნოდა, მაგრამ, ვის რას მოატყუებ. ის, რომ “ხალხის ძალა” “ოცნებას” უბრუნდება, აშკარად რეიტინგის პრობლემაა და ჩანს, რომ პრორუსულ ძალებს საქართველოში მხარდაჭერა არ აქვს. ამასთან, პრორუსული ამომრჩეველი “ალტ-ინფოსკენ” უფრო იხრება. ბურჯანაძის პარტიის რეიტინგის დაცემის შემდეგ პრორუსული ორიენტაცია თავის თავზე “პატრიოტთა ალიანსმა” აიღო, “ოცნება” ხელს უწყობდა, რომ ამ ჯგუფს გადაელახა ბარიერი. “ოცნებას” პრორუსული ძალები აწყობდა, რომ თვითონ გამოჩენილიყო, როგორც პროდასავლური ძალა. როცა თავის პრორუსულობას უკვე ვეღარ მალავს, კარგად ვხედავთ, რომ “ხალხის ძალა” სახელისუფლებო პარტიაა. “ოცნებას” ახლა სურს, რომ ხმები არ გაიყოს და “ხალხის ძალის” ხმებიც მიიღოს, რადგან თუ ბარიერი ვერ გადალახა, ხმები დაიკარგება”, – განმარტავს ნიკა ჩიტაძე.

მირიან მირიანაშვილი – “ლილუაშვილი უკვე შემდგარი კომუნიკატორია, იციან, რომ ივანიშვილისგან სუს-ს აქვს მინდობილი საქართველოს პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება”

“ჩვენს საფეხბურთო წარმატებაში უპირველესად პოლიტიკური კონტექსტი უნდა აღინიშნოს და არა სპორტული. ბრმა და ყრუ უნდა იყო, რომ ვერ შეამჩნიო მომხდარის მთავარი კონცეპტი – მსოფლიომ გაიცნო საქართველო გაცილებით დიდი მასშტაბით, ვიდრე ოდესმე მომხდარა. როგორც ცნობილია, საქართველოს თაობაზე ინფორმაციას როგორც სპორტული, ასევე სხვა მიმართულებით, მილიონობით ადამიანი ეძებდა. ქართველები ერთ მნიშვნელოვან საკითხს უნდა დავუკვირდეთ: ამგვარი ყურადღების ორგანიზება თავისთავად არ ხდება. მავანი იტყვის, ალბათ, ეს დავიმსახურეთო, რადგან საქართველოს ნაკრებმა შემართებით ითამაშა და მეც დავეთანხმები – კი, ნამდვილად, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა და ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ საქართველოს გარშემო ყურადღების კონცენტრირება მიზანმიმართულად მოხდა, ანუ მსოფლიოს საქართველო მხოლოდ თავისით კი არ გაეცნო, არამედ მსოფლიოს საქართველო გააცნეს. ეს დასავლური პოლიტტექნოლოგიური კლასტერის მუშაობის შედეგია, რომელმაც სპორტული ღონისძიება დასავლეთის პოლიტიკურ სივრცეში საქართველოს პრეზენტაციისთვის გამოიყენა”, – აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ფეხბურთი, პოლიტიკა, არჩევნები და ჭორები – რა გველის შემოდგომით?!

“უნდა ითქვას, რომ ეს ექსკლუზიურად არ მომხდარა. ზუსტად იგივე ხდებოდა ბალკანეთის ქვეყნებში, მათ შორის ხორვატიაში წლების წინ. ზუსტად იგივე გააკეთეს გასული საუკუნის 90-იან წლებში პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვენიის და ა.შ. მსოფლიოსთვის გასაცნობად. იმჟამადაც გამოყენებულ იქნა სპორტული ღონისძიებები – ოლიმპიადები, ევროპის ჩემპიონატები თუ სხვა სპორტული შეჯიბრებები. დღეს ჯერი საქართველოზეა, ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკური ინტეგრაცია დასავლეთის პოლიტიკურ სივრცეში გადაწყვეტილია და ამ ფორმით დასავლური პოლიტიკური ელიტა თავის აუდიტორიას საქართველოს პოზიტიური კუთხით აცნობს. აჩვენებს, რომ ეს მებრძოლი და ძლიერი ხალხია, რომლის ადგილიც ევროპაშია. ასეთი ინტეგრაცია სერიოზული ბონუსებით მთავრდება ხოლმე. დასავლეთმა ჩვენი მხარდაჭერისთვის მომავალშიც უნდა გაიღოს ფინანსები, ამისთვის კი საჭიროა დასავლელმა საზოგადოებამ ბევრი რამ იცოდეს ჩვენ შესახებ. ის უნდა დარწმუნდეს, რომ ეხმარება მათ, ვინც იმსახურებს, და ვინც მისი ნაწილია. აი, ამ პროცესთან გვაქვს დღეს საქმე”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.

“ასეთი პოლიტტექნოლოგიური კომბინაციები განსაკუთრებით მედიის აქტიურობაში აისახება. მე როგორც ვიცი, ევროპულ პრესაში საქართველოზე ამ ჩემპიონატის დროს 15 000-ზე მეტი სტატია დაიწერა. ჩვენზე წამყვანი გამოცემები წერდნენ და ამის ფინანსური ეკვივალენტი დაახლოებით 300 მილიონი დოლარია. ვინმემ რომ მოინდომოს და იგივე პიარაქცია ჩაატაროს, ამაზე ნაკლები არ დაუჯდება. ამას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვიმეორებ, ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. ამის პარალელურად ჩვენთან ე.წ. აგენტების კანონის მიღება და ღია კონფრონტაციაზე წავიდნენ დასავლეთთან შეიძლება ითქვას ორი თანმხვედრი პროცესია – ვფიქრობ, მთელი აზრი ამ ვითარებისა იმაში მდგომარეობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ევროპული ელიტის შეთავაზებული საქართველოს ინტეგრაციის ტემპი საკმაოდ აჩქარებულად მოეჩვენა. მას, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ ეს რისკებს აჩენს რუსეთთან დამოკიდებულებაში. ამიტომაც აირჩია ამგვარი პოლიტიკური პოზიცია, რაც ამ ტემპს გარკვეულწილად ამუხრუჭებს. როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ ასე იმ რისკებს ანეიტრალებს, რაც შესაძლოა რუსეთისგან წარმოიშვას”, – განაგრძობს რესპონდენტი.

“ამ პოლიტიკური პოზიციის ადრესატი იმთავითვე ევროპა არ ყოფილა, არამედ ეს გარკვეულწილად დამამშვიდებელი სიგნალია რუსეთისთვის. თუ ბალანსი მოძიებული იქნება ისე, რომ რუსეთიც დამშვიდდება და ევროპული ინტეგრაციის ტემპსაც არ ვავნებთ, ეს იქნებოდა ოპტიმალური პოზიცია, მაგრამ ხელისუფლებას ეს ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ ერღვევა ხოლმე და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესიც ზიანდება. აქვე მინდა დაბეჯითებით ვთქვა, – საქართველოს ინტეგრაციის ტემპი დამოკიდებულია კიდევ არაერთ ფაქტორზე, მათ შორის უმთავრესია გლობალური პოლიტიკური გადალაგების სცენარი. საქართველოს მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხარისხით დასუსტდება რუსეთი და როგორი იქნება ის საზავო პირობები, რასაც რუსეთი გააფორმებს დასავლეთთან. ვფიქრობ, ეს ერთი წლის განმავლობაში გაირკვევა. შესაბამისად, ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს ევროინტეგრაციის ტემპი ჯერ მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“მენტალურად საბჭოთა კავშირის მემკვიდრეც ვართ, სადაც 70 წლის განმავლობაში დისკუსიები აკრძალული იყო და ხალხი კონსპირაციებით იკვებებოდა. ამ პრაქტიკის გადასაჩვევად ქართველ სოციუმს სჭირდება თაობების შეცვლა, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ამას კი დრო უნდა. კონსპიროლოგიას, შიშებს და ჭორებს უახლოეს პერიოდში, სამწუხაროდ, გასაქანი კვლავაც ექნება… ოპოზიციას აღელვებს ის, რომ ხელისუფლებამ არ მიიწეროს საარჩევნოდ ქართული ფეხბურთის წარმატება, თუმცა ხელისუფლებასაც იმავე ტიპის შიში აქვს. არადა, სპორტული წარმატება ისეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივია, რომლის გადაფორმებას რომელიმე პოლიტიკური ძალა ვერ ახერხებს ხოლმე. პოლიტტექნოლოგიაში ცნობილია, რომ სპორტული წარმატების საარჩევნოდ ექსპლუატაცია არ არის მომგებიანი. ხოლო ვინც ფეხბურთლების დახვედრის ღონისძიებაზე კობახიძის გამოსვლა დაგეგმა პოლიტტექნოლოგიურად, დიდი ზიანი მიაყენა მის საარჩევნო იმიჯს. დასავლეთთან პაექრობის შემდეგ პრემიერი ძალზე არაპოპულარულია და მას რომ დაუსტვენდნენ, ამის გათვლა შეიძლებოდა. ხელისუფლებას ბევრი შეცდომა მოსდის, მაგრამ ეს მაინც ნამეტანი იყო – ეს დახვედრა “ოცნებამ” ხომ როგორც წინასაარჩევნო ღონისძიება დაგეგმა. როდესაც შენთვის ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დაგისტვენენ, ამაზე უარესი წინასაარჩევნოდ სხვა რაღა უნდა მოხდეს”, – ამბობს მირიან მირიანაშვილი.

“რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი პრობლემა პოპულარობის დეფიციტი კი არ არის, არამედ ის, რომ მას არა აქვს სერიოზული პოლიტიკური აქტივი. არა აქვს პარტია, არა აქვს რესურსები და ბოლომდე არ არის გარკვეული, აქვს თუ არა დასავლეთის საკმარისი მხარდაჭერა იმისთვის, რომ პოლიტიკური რეალობა ჩამოაყალიბოს. მე ამის შესაძლებლობებს დღეს ვერ ვხედავ. მისი მთავარი პრობლემა ორგანიზაციული წინა პირობების არარსებობაა, რომელიც ერთ დღესა და ერთ კვირაში ვერ გაჩნდება. მოკლედ, სალომე ზურაბიშვილს კობახიძისგან განსხვავებული, მაგრამ არანაკლები პრობლემა აქვს… ერთი გარემოება მინდა გამოვყო – მომავალი არჩევნების შედეგი დიდწილად დამოკიდებული იქნება დასავლეთის აქტიურობაზე და არა ოპოზიციის ფლანგზე გადალაგებებზე. თუ დასავლეთის ჩართულობა სერიოზული არ იქნება, ოპოზიციას ამ არჩევნებზე სასურველი შედეგის მიღება გაუჭირდება. მაინც მგონია, მთავარი გრიგოლ ლილუაშვილის ამერიკული ვიზიტია. ჩემი აზრით, ამ ვიზიტით ივანიშვილი შეეცადა ორი რამ გაერკვია: ემუქრება თუ არა საფრთხე მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობას და როგორ უყურებენ ამერიკელები მისი პრეზიდენტობის საკითხს?”, – დაასკვნის რესპონდენტი.

“საერთოდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ლილუაშვილი უკვე შემდგარი კომუნიკატორია, ის ხშირად დადის აშშ-ში. იქაურ ელიტას მისი ფიგურა რომ არ აინტერესებდეს, ეს ვიზიტები ვერ შედგებოდა. ამერიკელებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ჯერ ღარიბაშვილსა და ახლა კობახიძესთან ურთიერთობის ინტერესი არასდროს გამოუხატავთ, რადგან იციან, რომ რეალურად ივანიშვილისგან სუს-ს აქვს მინდობილი საქართველოს პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება. ამერიკელებს კი ინფორმაციის მიღება პირველი ხელიდან სურთ ხოლმე. აშშ-დან პასუხი, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს ჩამოვა. სწორედ იმ პერიოდში უნდა ჩამოყალიბდნენ ოპოზიციაშიც. თუ აღმოჩნდა, რომ ამერიკული პოლიტელიტა ფსონს სალომე ზურაბიშვილზე დადებს, დამერწმუნეთ, ერთმანეთს გადაასწრებენ პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ მოსახვედრად”, – ამტკიცებს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე – “თუ ლილუაშვილის ვიზიტი აშშ-ში მართლაც გარკვეული პასუხების მისაღებად შედგა. რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ივანიშვილს მაშინ, როცა აშშ-მა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო?” – პასუხობს:

“ახლა ხელისუფლება მოლოდინის რეჟიმშია, პოლიტტექნოლოგიურად ამ დროს რიტორიკას არ ცვლიან ხოლმე. სინამდვილეში რიტორიკა ხშირად არის ხოლმე პოლიტიკური ვაჭრობის ატრიბუტი. როდესაც ცდილობენ ოპონენტს დაანახონ, რომ ბოლომდე წავლენ და პრობლემებს შექმნიან. ვფიქრობ, ამას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია, როდესაც პასუხს მიიღებენ, მერე რას იტყვიან. ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი კაცია და ჩემი აზრით, შემდეგი განზომილებიდან ამოდის – როგორი პოზიციაც არ უნდა ჰქონდეთ აშშ-ის როლის შესახებ საქართველოში, რეგიონში და ა.შ., აშშ-სა და ზოგადად დასავლეთის მცდელობა პოსტსაბჭოთა სივრციდან რუსეთის გასაძევებლად არ შეიცვლება. ამისთვის ძალიან დიდი თანხა ჩაიდო, უკრაინაში ომიც ამას მოჰყვა და თქვენ გგონიათ, რუსეთთან ასეთი დაპირისპირებების შემდეგ აშშ საკუთარ ინტერესებს კობახიძის განცხადებების გამო შეცვლის? დღეს მიდის რუსეთის პოსტსაბჭოთა სივრციდან გაძევების პროცესი და დიდწილად წარმატებითაც”.

“შუა აზია რუსეთს დასავლეთმა და ჩინეთმა სოლიდარულად წაართვეს, სამხედრო გარანტიებიც კი მისცა ჩინეთმა ყაზახეთს, წაართვეს უკრაინა, საქართველოც ვერ ასცდება რუსეთის ორბიტიდან გასვლას. საქართველოს ხელისუფლების თუ ოპოზიციის ქმედებები ვერ შეცვლის რეგიონში კონფიგურაციას. კავკასიიდან რუსეთის გაძევებისთვის რესურსს არა მარტო დასავლეთი ხარჯავს. დაღესტანსა და ჩეჩნეთში აქტიურობს საუდის არაბეთი – მარტო ამ ქვეყანამ 2010 წლიდან დღემდე ჩრდილოეთ კავკასიაში 10-12 მილიარდი დოლარი ჩადო თავისი გავლენის გასაძლიერებლად. ჩრდილოეთ კავკასიაში გავლენისთვის ასევე იბრძვიან თურქეთი და ირანი – ანუ რუსეთს ლამის ყველა მხრიდან უტევენ. კრემლს ამასთან გამკლავება ძალიან უჭირს. მას არც ინვესტიციები აქვს, არც ტექნოლოგიები, არც სამხედრო ძალა და ფინანსები, რომ ამ პერიფერიული სივრცეების კონსოლიდირება ძველებურად შეძლოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით “ქართული ოცნების” ხელისუფლება ვერაფრით დარჩება რუსული პოლიტიკური ქოლგის ქვეშ, რადგან ის რეალურად აღარც არსებობს. ფუნდამენტური ტრანსფორმაცია გარდაუვალია. პრობლემა ისაა, ივანიშვილის საკუთარი როლის შენარჩუნება სურს – სწორედ ამ კონტექსტით უნდა განვიხილოთ მისი აქტიურობა.

წყარო: interpressnews

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here