ბევრს, ალბათ, გინახავთ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ყაზბეგში ცოლ-ქმარი ერთ ჭიქა ყავას 20 ლარად ყიდის. არაფერი განსაკუთრებული, ქაღალდის ჭიქაში ელექტრომადუღარიდან ჩამოსხმული ყავა, რომლის თვითღირებულება 50 თეთრია, 20 ლარად, ანუ ორმოცჯერ უფრო ძვირად იყიდება. რაც მთავარია, გამყიდველები მოქალაქის გაოცების შემდეგ ღიზიანდებიან და აგრესიულად ამბობენ, რომ ეს მათი ბიზნესია და, როგორც სურთ, იმ ფასად გაყიდიან. არადა, ხომ გქონიათ შემთხვევა, რომ ძალიან გინდათ ყავა, მიდიხართ საყიდლად და… ჭიქა 20 ლარი, ანუ უნდა გადაიხადო იმდენი, ამ თანხად მაღაზიაში რომ იყიდო ყავა, 2 თვეს გეყოფა…
2 წლის წინათ ქობულეთში ერთი ოთახი, რომლის ფართობიც 17 კვადრატული მეტრი იყო, მფლობელმა დღეში 150 ლარად შემომთავაზა. ცალკე არც აბაზანა, არც საპირფარეშო ჰქონდა, ყველაფერი საერთო უნდა ყოფილიყო და, როცა ვკითხე, ასეთი ფასი რატომ-მეთქი, ბევრი ტურისტია და ოთახები, უბრალოდ, აღარ არისო. მაშინაც დავწერე, რომ ასეთი მიდგომით 1-2 წელიწადში ქართული ტურიზმი, უბრალოდ, მოკვდებოდა, რადგან, როცა ადამიანი დასასვენებლად მიდის, უნდა დაისვენოს, ის დაღლილია და არ უნდა გაღიზიანდეს ფასებით. ჰოდა, ზღვის სანაპიროზე ნახევარ ლიტრ წყალში 5 ლარს რომ სთხოვ, უკვე ღიზიანდება, უკვე საქართველოს კი არა, სხვა ქვეყანას აირჩევს.
ოფიციალური სტატისტიკით, ტურისტული ბიზნესისთვის ყველაზე კარგი თვე ივლისი და აგვისტოა. სწორედ ამ პერიოდში აწყდება ტურისტი კურორტებს, მაგრამ საქართველოში წელს პირიქით მოხდა – ტურისტების რაოდენობა, გაზრდის ნაცვლად, 30%-ით შემცირდა. იცით, ეს რას ნიშნავს? კატასტროფას ქართული ტურიზმისთვის, რადგან 30-40%-ით უნდა გაზრდილიყო და პირიქით მოხდა – შემცირდა. ამ სფეროში ჩართული ადამიანები არ მალავენ, რომ მთავარი მიზეზი ის კატასტროფული ფასებია, რომელთაც აწესებენ, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის, ჩვენ პრობლემას უფრო ჩავუღრმავდით და საინტერესო სურათი მივიღეთ.
ჩვენი მეზობელი თურქეთი აღმავლობის გზაზე დგას. ვერ გეტყვით, ვინ დასვა ერდოღანმა მრჩევლად (მისი მოფიქრებული რომ იყოს, აქამდეც მოახერხებდა), მაგრამ, ჯერ იყო და, სოფლის მეურნეობაში გატარდა რეფორმა, რომლის შემდეგაც თურქეთი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ჯერ ევროპაში, წელს კი მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა. თავად განსაჯეთ, მაგალითად, მარწყვის წარმოების მხრივ თურქეთი 2 წლის წინათ 30 საუკეთესო ქვეყნის სიაშიც კი არ შედიოდა, ახლა კი პირველია. ეს ქვეყანა პირველია ბროწეულის წარმოებაშიც და, ზოგადად, თურქეთში ნაწარმოები სოფლის მეურნეობის პროდუქტი მთელ ევროპაში იყიდება. ეს ყველაფერი ერთი საკანონმდებლო ცვლილების შედეგია – თურქეთის ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის პროდუქტის გატანაზე გადასახადი ლამის გაანულა (0,1%-ია), შემოტანაზე კი პირიქით – გაზარდა და შეღავათიანი აგროკრედიტებიც გასცა (წლიური 2-3%). ჰოდა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით რევოლუციურ ცვლილებას 2 წელი ეყო. ახლა კი თურქებმა საკურორტო ბაზრის დაპყრობა გადაწყვიტეს და, გარდა იმისა, რომ ამ სფეროში ჩართულ ადამიანებს გადასახადები შეუმცირეს, ტრენინგები ჩაატარეს საკითხზე, როგორ შეიძლება მცირე მოგებით უზარმაზარი ფულის შოვნა. შედეგიც აშკარაა – თურქულ კურორტებზე სასტუმროს ნომრის მოძებნა თითქმის შეუძლებელია და, რაც მთავარია, მთელ სანაპიროს ბუღი ასდის, ახალი სასტუმროები შენდება, ახალი ინფრასტრუქტურა კეთდება.
„ჩემს სასტუმროში 600 ნომერი მაქვს და ასეთია გათვლა – ერთი ტურისტისგან დღეში 5 დოლარი უნდა დამრჩეს, არც მეტი, არც ნაკლები. მან უნდა მიიღოს სრული კომფორტი, არ უნდა დასჭირდეს სასტუმროდან გასვლა არაფერზე, შვედური მაგიდა ხშირად უნდა განახლდეს, აუზში მუდმივად სუფთა წყალი უნდა იყოს და ყოველმა სტუმარმა ყოველდღიურად ახალი ხალათი და პირსახოცი მიიღოს. ვიღაცისთვის 5 დოლარი ცოტაა, მაგრამ, როცა ეს სუფთა მოგებაა, დღეში 3 ათასი გამოდის, თვესა და წელიწადში კი თვითონ დათვალეთ. ჩემი სასტუმრო 11 თვის განმავლობაში სრულად დატვირთულია“, – ეს სიტყვები თურქმა ბიზნესმენმა ჯერ კიდევ მაშინ გვითხრა, როცა მის ქვეყანას რეფორმა არ ჰქონდა დაწყებული და ის მიხვდა, რომ მცირე მოგებით დიდძალ ფულს იშოვიდა.
ახლა დაფიქრდით და გვითხარით, საქართველოს რომელ კურორტზე შეიძლება ისე დაისვენოთ, რომ მის მფლობელს დღეში მოგების მარჟა ერთი ტურისტისგან მხოლოდ 5 დოლარი ჰქონდეს? არსად, ბატონებო, როცა იძულებული ხარ, ოთახის ნაცვლად 30 ლარად სორო იქირავო, სადაც „სეტკის კოიკის“ გარდა არაფერი დევს და ისიც კი 5 დოლარზე მეტს ტოვებს დღეში.
ერთი მთავარი გათვლა, რომელშიც ქართველებს არ გაუმართლათ, არის ის, რომ ევროპა-ამერიკისგან შეგულიანებული თურქეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლას შეუზღუდავდა და ისინიც იძულებულნი იქნებოდნენ, საქართველოში ჩამოსულიყვნენ. თურქეთმა კი არათუ შეზღუდა, არამედ რუსეთში გაზაფხულზე 1500-ზე მეტი ტურისტული სააგენტო დარეგისტრირდა, რომელთა მფლობელებიც თურქები არიან, და შუამავლების გარეშე რუს ტურისტებზე პირდაპირ გადიან, რაც მოგზაურობის ხარჯსაც ამცირებს და, როცა იმ ქვეყნის წარმომადგენელს ესაუბრები და უთანხმდები, რომელთანაც გაქვს საქმე, უფრო კმაყოფილი ხარ. ჰო, თურქები არ ამატებენ მოგების მარჟას, ისე სთავაზობენ პაკეტს და მოგებას სასტუმროს მეპატრონე უხდის, რათა ტურისტი სწორედ მასთან გაუშვას.
ერთ მაგალითს მოვიყვან. ქართულმა კომპანიამ ჩემს მეგობარ ლატვიელ ტურისტებს (ოთხსულიანი ოჯახი) შესთავაზა, დღეში 1450 ევრო გადაგვიხადეთ, დაგაბინავებთ, გაჭმევთ, გასმევთ და ღირსშესანიშანობებსაც დაგათვალიერებინებთო და ეს ყველაფერი 10 დღის განმავლობაში 14 500 ევრო ჯდებოდა. ანალოგიური სერვისი თურქულმა სასტუმრომ (თვითმფრინავის ბილეთების ფასიც შედიოდა მომსახურებაში) 7 800 დოლარად შესთავაზა, ლარებში რომ ვიანგარიშოთ, საქართველოში დასვენება 43 500 ლარი ჯდებოდა, თურქეთში – 21 000 და ამას ისიც ემატება, რომ ქართული მხარე თვითმფრინავის ბილეთების ფასს არ იხდიდა და ეს კიდევ, სულ ცოტა, 2 ათასია. ჰოდა, ახლა ვინმემ აგვიხსნას, რატომ უნდა ჩამოსულიყვნენ ლატვიელები საქართველოში და არ უნდა წასულიყვნენ თურქეთში?! აღარაფერს ვამბობთ მომსახურებაზე, სერვისზე, ხარისხსა და მუდმივად მომღიმარ პერსონალზე. თურქებს არ ეზიზღებათ ადამიანი, რომელიც ისვენებს, საქართველოში კი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სძულთ. თურქები სეზონის ბოლოს რესტორნიდან თუ სასტუმროდან სხვების დასანახად და სოციალურ ქსელში მოწონებების გასაზრდელად არ ეჩხუბებიან რუს ტურისტებს და არ უქნევენ მუშტებს, აქაოდა, აქ ჩამოსული მეორედ აღარ დაგინახოთო… გასულ წელს ერთი ქალი ზღვის სანაპიროზე ზაზუნებს ყიდდა. ზომის მიხედვით 15-20 ლარს აფასებდა. ჩვენ გვერდით ერთი რუსი ბავშვი ატირდა, მშობლებს ეუბნებოდა, გინდათ თუ არა, „ხამიაკი“ მიყიდეთო. დაუძახეს ამ ქალს და მანაც ბედნიერი სახით უთხრა: 50 დოლარი ღირს, გენაცვალეო. რუსებმა ხელი აიქნიეს, ბავშვს პირობა მისცეს, სამშობლოში რომ დავბრუნდებით, გიყიდით, ამას თვითმფრინავში მაინც არ აგვატანინებენ და აქ ვის დავუტოვოთ, მოკვდებაო. ბავშვიც დამშვიდდა და ის ქალიც კუდამოძუებული წავიდა. ხომ შეეძლო, ადამიანური ფასი ეთქვა, მაგრამ არა… ჩვენ ხომ ტურისტებს გოიმებად ვთვლით, ჩვენ ხომ იმის გვწამს და გვჯერა, ვიღაცამ მილიონი რომ იშოვა და ახლა ისვენებს, შტერია და ჩვენ კი მასზე ჭკვიანები ვართ. ჰო, ჩვენ, ყველა, რადგან ეს არ არის ერთეული შემთხვევა.
და რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო? არაფერს, ბატონებო, საერთოდ, არაფერს, რადგან ჩვენ ხომ ბაზარში არ ვერევით, ჩვენ ხომ იმას ვამტკიცებთ, რომ ბაზარმა ფასები თვითონ უნდა დაარეგულიროს. ჰოდა, ყველა ისე არეგულირებს, როგორც სურს და საბოლოოდ მივიღეთ ქაოსი, რომელსაც მხოლოდ შესაბამისი კანონი თუ დაასრულებს. აგერ, ჩაერია თურქეთი და ორ წელიწადში შედეგი მიიღო, თანაც ისეთი შედეგი, რომ ევროპაში ბევრი მიმართულებით საკუთარი პირობების კარნახი დაიწყო.
როგორ გგონიათ, ტურისტების რაოდენობა ასე რომ შემცირდა, ჭკუას ვისწავლიდით? არა, ბატონებო, არა. ამ სტატისტიკის გაგებისთანავე, ფასები კიდევ უფრო გაზარდეს, რადგან, ვინც მაინც აქ გადაწყვეტს დასვენებას, ბოლომდე გაატყავონ, დაგეგმილი შემოსავალი, რომელიც, ვთქვათ, ათი კაცისგან უნდა მიეღოთ, ორი-სამი ადამიანისგან ამოიღონ და სამომავლოდ ეს ადამიანებიც დაკარგონ. ჰო, 2-3 წლის წინათ ამას რომ ვვარაუდობდით, დაგვცინოდნენ და, ვინც მაშინ იცინოდა, ახლა ტირის, მაგრამ… ჭკუას მაინც ვერ ვსწავლობთ.
P.S. „კუკურუზა, გარიაჩი კუკურუზა…“
ლევან გაბაშვილი