რუსთაველის პროსპექტზე ღამისმთეველთა გამოჩენამ გალაკტიონის ულამაზესი სტრიქონები გამახსენა: „ოცნებაო ჩემო, ძველო, ვართ ღამეთა მთეველი“. გალაკტიონმა იცოდა, რასაც უთევდა ღამეს საკუთარ ოცნებებთან ერთად. მათაც, ვინც 12 მაისს პარლამენტთან ჩასაფრებულებმა ათიეს ღამე, მიუხედავად იმისა, რომ გალაკტიონისგან სრულიად განსხვავებული (არაქართული) მიზანი ამოძრავებდათ, იცოდნენ , რისთვის ათევდნენ ღამეს. როგორც ერთ ლამაზ ლექსშია ნათქვამი („ცვივა თოვლის ფანტელი“), მათთვის წუხელ დოლარების კუპიურები ცვიოდა ციდან. ამ ნათქვამში არც ახალია რამე და, მით უფრო, არც სენსაციური. მსოფლიომ იცის, რომ დასავლური, ე.წ. ფერადი რევოლუციების მამოძრავებელი ენერგია ფულია, რომელსაც ისინი ასე უშურველად აყრიან თავზე თავიანთ „მეხუთე კოლონას” ყველგან, სადაც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ. ჰოდა, რაკი წამოვიდა ციდან ფულის ფანტელი, გამოცვივდნენ ქუჩაში ღამისმთეველნიც…
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოში დასავლეთის აგენტურის ხელმძღვანელი უფროა, ვიდრე პრეზიდენტი, კომპრომისებზე კი არ ფიქრობს, ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს, რომლითაც ცეცხლზე ნავთს ასხამს: „ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა – „აბა,რა არის ამ კანონში რუსული?”- ამას ვერ შეცვლის. წერეთ და იკითხეთ. ეს კანონი არის რუსული, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლო გახდა – წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით. რეალურად, თქვენივე სიტყვები და საზოგადოებაზე ძალადობაც რუსულია. ეს ის მეთოდებია, რომელიც წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ. მე რომ პრემიერმა დამასწრო, მისი გამოსვლაც რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ დაბრუნდება”.
ნათელია, რომ რევოლუციური კომიტეტი ამოქმედდა, სახელმწიფო გადატრიალების მანქანა ამუშავდა და დროის ათვლაც დაიწყო.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე გამჭვირვალობის კანონს მესამე მოსმენით განხილვის დაწყების წინა დღეს (12 მაისს) პრინციპულ განცხადებებს აკეთებდა: „სანქციები არ არის სერიოზული თემა და შეუძლებელია, ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ქართველი საზოგადოება. ქართველ საზოგადოებას იმდენი რამ აქვს გამოვლილი გასული ოცდაათი წლის განმავლობაში, რომ მისი დაშანტაჟება არის აბსოლუტურად შეუძლებელი. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი მაგალითი ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან, პარტიის დამფუძნებლისგან – ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც დასავლეთს მიანდო ორი მილიარდი დოლარი და რომელსაც გაუყინეს ეს ორი მილიარდი დოლარი, შესაბამისად, არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ სანქციებს არ უმოქმედია მის გადაწყვეტილებებზე. როდესაც საქმე ეხება ქვეყნისა და სახელმწიფო ინტერესებს, ჩვენ ვერავითარი შანტაჟი, ვერავითარი მუქარა უკან ვერ დაგვახევინებს. თქვენ იცით, როგორია საქართველოს ისტორია. ამ ქვეყანაში სამი ათასი წლის მანძილზე ადამიანები თავს წირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი სუვერენიტეტისთვის. ასეთ დროს, როცა ვიღაც შანტაჟით ცდილობს შენს გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება. მგონი, ვერ იცნობენ, არ იცნობენ ქართველებს და, შეიძლება, შორიდან სხვანაირად ჩანს ქართველის ბუნება“.
ასეთი იყო განწყობები წინა დღეს, ანუ 12 მაისს საქართველოში. დასავლეთიდან კი საქართველოს ხელისუფლებას ბომბავდნენ და ბომბავდნენ მუქარისა და შანტაჟის შემცველი განცხადებებით, „მეხუთე კოლონას” კი მხარდამჭერი გზავნილებითა და შეძახილებით ანებივრებდნენ, ამიტომაც რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილ ურჯულოთა შორის თითქმის არავინ იყო ისეთი, ვის თავშიც მაისის ამ, მართალია, წვიმიან, მაგრამ მაინც თბილ ღამეს სუსხიანი ზამთრის თოვლის ფანტელივით არ ტრიალებდა დოლარის კუპიურები. ურჯულოებს იმიტომ ვუწოდებ, რომ გადამთიელთა სამსახურში დგომა საქართველოში ასე ფასდებოდა ყოველთვის. მათი ყბადაღებული ლოზუნგი: „არა რუსულ კანონს”, სინამდვილეში ასე ჟღერს:
* „კი უკონტროლობას და განუკითხაობას”!
* „კი დასავლური შავი ფულით ნაკეთებ შავ საქმეებს!”
* „კი დასავლეთის „მეხუთე კოლონის” გაუთავებელ პარპაშს!”
* „კი, სახელმწიფო გადატრიალებას!”
* „კი მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ!”
* „კი საქართველოს უკრაინიზაციას!”
* „კი სისხლისღვრასა და ცრემლისღვრას!”
იმაზე მეტი ურჯულო ვინ არის, ვის (ცალკეულ შემთხვევებში უგუნურ, მაგრამ, საზოგადოდ, მიზანმიმართულ) ქმედებებს ამდენი უბედურების მოტანა შეუძლია ქვეყნისა და ხალხისთვის?!
ღამისმთევლებმა ღამე ათიეს, როგორც თვითონ ამბობენ, საქართველოსთვის! დიახ, საქართველოსთვის, ოღონდ საზიანოდ, დასანგრევად, დასაჩოქებლად! საბედნიეროდ, მათ შრომასა და გარჯას მათთვის სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა უკვე იმსჯელა გამჭვირვალობის კანონზე მესამე მოსმენით და მიიღო იგი. მთელ ამ პროცედურაზე წუთი და შვიდი წამი დაიხარჯა. დასავლეთის მეხუთე კოლონა საქართველოში ჩაფლავდა. დიდი ხანია უკვე, რაც ამერიკელები ფერად რევოლუციებს ვეღარ ახორციელებენ. პირველი უმწვავესი დარტყმა მათ ბელარუსში 2020 წელს მიიღეს, როცა პრეზიდენტი ლუკაშენკო სახელმწიფო გადატრიალებას ავტომატით ხელში აღუდგა. მას შემდეგ ფეხი ვერსად მოიკიდეს. ბოლო მარცხი საქართველოში 13 მაისის ღამეს იგემეს, როდესაც პარლამენტის შენობის პიკეტირება ვერ განახორციელეს. ახლა სალომეს ვეტოს იმედად არიან დარჩენილნი, რომელსაც, იციან, ზუსტად იმდენივე ფასი აქვს, რამდენიც სააკაშვილის ყროყინს სასამართლოს სხდომიდან, ელისაშვილის მიერ მუშტების ქნევას პარლამენტის სხდომათა დარბაზში ან სექსუალურად დაუკმაყოფილებელ ქალთა წივილ-კივილს პარლამენტში, ქუჩებში, ტელეეკრანებზე…
ერთი რამ ეიმედებათ კიდევ: დასავლეთიდან საქართველოს მიმართულებით დაძრული პოლიტიკოსები, რომლებმაც, მათი ჭკუით, საქართველოს ხელისუფლებას კანონის საბოლოო მიღებაზე ხელი უნდა ააღებინონ. რასაც მოახერხებს ეს დელეგაცია, ჯერ კიდევ მათ ჩამოსვლამდე გაცხადდა „ხალხის ძალის” იმ პოზიციაში, რომელიც მათ საჯაროდ გამოთქვეს: „როდესაც საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა კანონის პროექტი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ, იმთავითვე ითქვა, რომ კანონის ერთ–ერთი უმთავრესი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და გაძლიერებაა. ამ სულისკვეთებას პირდაპირ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონზე უცხოელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრისგან. უფრო მეტიც, როდესაც დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას“.
იმედია, საქართველოს ხელისუფლება ყურად იღებს „ხალხის ძალის” ამ მოწოდებას, ვინაიდან ეს მართლაც საერთო სახალხო განწყობაა.
რაც შეეხება ფულის ფანტელს, ისიც, ალბათ, შეწყდება, ვინაიდან წვიმიანი მაისის შემდეგ ქვეყანა გამოდარებას ელის, რაღა დროს ფანტელია!
ვალერი კვარაცხელია