ქართველი ფეხბურთელების გმირობა რომ არა, მთავარი სასაუბრო თემა ისევ პოლიტიკა და ოქტომბერში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა. საბედნიეროდ, ფეხბურთელებმა არა მხოლოდ პოლიტიკა დაგვავიწყეს, არამედ ერი გააერთიანეს და სწორედ 26 მარტის საღამო იყო იმის ნათელი დადასტურება, რომ ფეხბურთი უდიდესი ძალაა, რომ მას შეუძლია, ყველა და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, რომ ადამიანებს უბედნიერესი წუთები აჩუქოს.
მთავარი სიგიჟე წინ გველოდება – ზაფხულში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს და, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართულმა ავიაკომპანიებმა გერმანიის მიმართულებით რეისები გაასამმაგეს. ჩვენ ხომ ასე ვიცით – წიხლი ერთმანეთს უნდა დავაჭიროთ და მაშინ, როცა ხალხს უხარია და საყოველთაო ზეიმია, კონკრეტული ადამიანები დიდ ფულს აკეთებენ. მაგალითად, ეროვნული დროშის ფერებში გადაწყვეტილი შარფი წარწერით „საქართველო“ ერთი თვის წინათ 5 ლარი ღირდა, თამაშის დღეს 15 ლარს ითხოვდნენ, გულშემატკივარიც იხდიდა და დარწმუნებული იყავით, არავინ ნანობს ზედმეტად გადახდილ 10 ლარს, მაგრამ…
პირველი ემოციები ჩაცხრა და, რაღა თქმა უნდა, პოლიტიკოსებმა კვლავ პოლიტიკა წამოწიეს წინა პლანზე. ამჯერად საჯილდაო ქვა ემიგრანტების ხმებია, ანუ იმ ადამიანების, რომელთა მხრებზეც დგას არამხოლოდ ქართული ეკონომიკა, არამედ აქ მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა სწორედ ემიგრანტების მიერ გადმორიცხული ფულით არსებობს. მეტსაც გეტყვით, გასულ კვირას 27 წლის ბიჭი გავიცანი და, რომ ვკითხე, სად მუშაობ–მეთქი, არსად, დედა მყავს იტალიაში და ის მიგზავნის ყოველ თვეს 500 ევროსო. საბედნიეროდ, მხოლოდ ემიგრანტი დედის, დის თუ მამის იმედად რომ არიან, ასეთი ცოტაა; ცოტანი არიან 40 წელს გადაცილებული „ბავშვები“, რომლებიც ისევ მშობლების კმაყოფაზე არიან და არაფრის კეთება არ სურთ. ჰოდა, ახლა მთავარი თემა ოპოზიციისთვის სწორედ ემიგრანტების ხმებია, ოღონდ მხოლოდ მათი, ვინც ევროპასა და ამერიკაში ცხოვრობს, თორემ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგალითად, რუსეთსა და ბელორუსში მცხოვრებ ქართველთა ხმები მათთვის საინტერესო არ არის. ამაზე ქვემოთ, მანამდე კი გავეცნოთ საქართველოს პრეზიდენტის იდეას, რომელიც ამტკიცებს, საარჩევნო უბანი ყველა იმ ქალაქში უნდა გავხსნათ, რომლებშიც 50 ქართველი მაინც ცხოვრობსო. ევროპით დავიწყოთ – საბერძნეთში, ესპანეთში, გერმანიაში, იტალიასა თუ საფრანგეთში ათეულობით ქალაქია, რომლებშიც 50-ზე მეტი ქართველი ცხოვრობს. ამერიკის ძალიან ბევრ ქალაქშია 50-ზე მეტი ქართველი და რუსეთის ლამის ყველა ქალაქში ცხოვრობს 50-ზე მეტი ქართველი. უბნის გახსნას სჭირდება უბნის თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი, კომისიის წევრები, პარტიების წარმომადგენლები, დამკვირვებლები, ანუ საუბარი, სულ ცოტა, 12-14 ადამიანზეა. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ადამიანების მოძიების პროცესი, მათი გაწვრთნა, საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალების აქედან გაგზავნა, მერე მათთვის გადასახდელი ხელფასები. გამოდის, რომ ხელისუფლებას რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის მოძიება მხოლოდ ამისთვის მოუწევს. არის თუ არა ეს გამართლებული? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ იმასაც ვითვალისწინებთ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც აქვთ ხმის მიცემის უფლება და, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება, უნდა ჩავიდეს დიდ ქალაქებში და იქ მისცეს ხმა. ყველა ქალაქში უბანი გამიხსენი და სახლიდან 20 მეტრში ყუთი დამიდგიო, არ იქნება მართებული. ეგ კი არა, საქართველოს ერთ ქალაქში ჩაწერილი პირი ხშირად მეორე ქალაქში არ მიდის ხმის მისაცემად და ახლა ევროპის ქალაქებში თუ ქუჩა-ქუჩა ვაგროვეთ ხმები, მართლა არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება რუსეთში მცხოვრებ მილიონზე მეტ ქართველს, ოპოზიციას ამას წინათ წამოსცდა, – რუსეთში 1,5 მლნ ქართველი ცხოვრობსო. ყველაზე ცუდ ვარიანტში, ხმის მიცემის უფლება ნახევარ მილიონს ხომ მაინც ექნება? ნახევარმა მილიონმა ხმამ კი, არჩევნების ბედი კი არა, საპარლამენტო უმრავლესობის ბედი შეიძლება გადაწყვიტოს, მაგრამ ოპოზიცია ყველაზე დიდი დიასპორის მიმართულებით არ აქტიურობს. რატომ? იმიტომ, რომ ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველები ხელისუფლებას უჭერენ მხარს, ხოლო ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებნი – ოპოზიციას, კონკრეტულად კი – „ნაციონალურ მოძრაობას“. ვერ გეტყვით, საიდან გამოიტანეს ასეთი დასკვნა, მაგრამ სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ რუსეთში უბნების გახსნას დიდად არ მიესალმებიან. ისე, რატომ ერთადერთი, ოპოზიცია იმასაც ამტკიცებს, მოქმედი ხელისუფლება რუსეთთან გარიგებულია და იქ არჩევნებს გაგვიყალბებენ, ევროპასა და ამერიკაში კი – არაო. არადა, რატომ გვგონია, რომ სწორედ დასავლელი პარტნიორები მოისურვებენ არჩევნების გაყალბებას და უფრო მორჩილი, თუ უფრო ლიბერალური ოპოზიციის მხარეს დაიჭერენ?
საინტერესოა, რომ ოპოზიციისთვის ემიგრანტების ხმებს სხვადასხვა ფასი აქვს, ანუ რუსეთში მცხოვრები ოპოზიციის ხმები საარჩევნოდ თურმე არ გამოდგება და მხოლოდ ევროპასა და ამერიკაში მყოფი ემიგრანტების ხმებია მისაღები და სასურველი. თანაც ოპოზიცია პირობას დებს, ევროპის ქვეყნების საელჩოებსა და ამერიკის საელჩოსაც დაველაპარაკებით; ის ემიგრანტები, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან, ხმის მიცემის შემდეგ დეპორტს არ დაექვემდებარებიანო. ამ ამბავში აღსანიშნავი ის არის, რომ ევროპარლამენტარები თუ ამერიკელი დიპლომატები თავს იქნევენ, გარანტიას მოგცემთო. გამოდის, ისინი ოპოზიციისთვის ხმების მიცემის სანაცვლოდ მზად არიან, თვალი უკანონობაზე დახუჭონ და მაშინ, როცა თუნდაც გერმანიამ ბოლო სამ თვეში საქართველოში არალეგალურად მყოფი ათასზე მეტი ქართველი გამოაძევა, მზად არის, ისინი ქვეყანაში დატოვოს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ, როცა დასავლეთს სჭირდება, სამართალიც შერჩევითია და რომ იქ მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ? როგორ შეიძლება ამის შემდეგ ენდო მათ, როცა პირდაპირ გვეუბნებიან: კანონს დავარღვევთ, ვისაც სურს, მოვიდეს, ხმა მისცესო და… როცა დასჭირდებათ, იმ ხმის მიმცემებს, არალეგალებს, ერთ მშვენიერ დღეს მარტივად მოუყრიან თავს და საქართველოში გამოუშვებენ და ამით ორ კურდღელს დაიჭერენ: თუ ხელისუფლება იქნება შეცვლილი – ხმას არავინ ამოიღებს და, თუ არა – მოქმედ ხელისუფლებას დაბრალდება, აქაოდა, ვერ უზრუნველყო ქართველთა ევროპაში უსაფრთხოდ ყოფნაო. ისიც სათქმელია, რომ დასავლეთი თავს იქნევს სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც, თურმე ქვეყანას ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ტოვებს და „ ნაციონალურმა მოძრაობამ“ საოცარი რიცხვიც კი ახსენა – 800 ათასი, მაგრამ იმის თქმა დაავიწყდა, რომ ქვეყნიდან გასული ამ 800 ათასის წილ უკან 750 ათასზე მეტი დაბრუნდა, ანუ, საერთო ჯამში, ქვეყანა 50 ათასმა ადამიანმა დატოვა. ბევრია? ერთი შეხედვით კი, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის ფონზე ცოტაა, რადგან მაშინ, როცა ხელისუფლებაში სწორედ ნაცები იყვნენ და ევროპაში წასასვლელად ვიზა გვჭირდებოდა, ქვეყნიდან ამაზე მეტი გადიოდა, მაგრამ მაშინ ეს სტატისტიკა არ იყო საინტერესო, რადგან ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილი იყო, დასავლეთის დემოკრატიის შუქურა, და მას ყველაფერი ეპატიებოდა.
რუსეთსა და ბელარუსში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა მართლა შეიძლება არჩევნების ბედი გადაწყვიტონ, მაგრამ ნაციონალებმა ზუსტად იციან, რომ ამ ორ ქვეყანაში მხარდამჭერების მოძიება გაუჭირდებათ; გაუჭირდებათ იმის ფონზე, რომ დღენიადაგ ცდილობენ რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანებას, რათა აიძულოს, ქართველებს ქვეყანა დაატოვებინოს, მილიონზე მეტი უმუშევარი ქართველის სამშობლოში დაბრუნება კი მართლაც გამოიწვევს სოციალურ აფეთქებას, რომელიც ასე ძალიან უნდა ოპოზიციას. ამიტომ, თუ მხარეები შეთანხმებას მოახერხებენ და უბნები მართლაც ყველა კუთხე-კუნჭულში გაიხსნება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ხმები არ დაიკარგოს. თანაც პროცენტულად არალეგალი ქართველები ყველაზე მეტი სწორედ რუსეთში არიან და ისინი თამამად შეძლებენ გახსნილ უბნებზე მისვლასა და ხმის მიცემას. ეს იქნება განაჩენი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. მათ ეს ყველაზე კარგად იციან. იციან ის, რომ რუსეთში მყოფი ქართველების არამხოლოდ ბედით, არამედ სიცოცხლით თამაშობენ და ვითარებას ისე წარმოაჩენენ ხოლმე, რომ ნებისმიერი ევროპული ქვეყანა აქამდე „ავარდებოდა“ და რადიკალურ ზომებს მიიღებდა.
ოქტომბერში არჩევნებია, ის არჩევნები, რომელმაც საქართველოს ბედი არამხოლოდ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა გადაწყვიტოს. ამ არჩევნებში ლიბერალური ფრთის გამარჯვება დასავლეთის მონობის უღელში კვლავ თავის შეყოფას ნიშნავს, ამიტომ ქართველებმა ზუსტად ისე უნდა ვიბრძოლოთ, როგორც ეს ფეხბურთელებმა გააკეთეს – კუნთების დაწყვეტამდე, დაცემამდე და ამისთვის თუნდაც პოლიტიკური „დამატებითი დრო“ და პოლიტიკური „პენალტები“ იქნეს საჭირო, უნდა შევძლოთ, უნდა გავიმარჯვოთ და ქვეყანა არავის დავანებოთ.
ლევან გაბაშვილი