Home ახალი ამბები საქართველო „ქართული ოცნების“ ევროპული ცდუნებები

„ქართული ოცნების“ ევროპული ცდუნებები

„შემოდგომაზე გასამართი არჩევნების წინ ქართველმა მილიარდერმა საჭიროდ ჩათვალა, პირადი მაგალითით გაეფრთხილებინა მის მიერ დაარსებული პარტიის წევრები, თავიდან აერიდებინათ „ცდუნებები“ და შეცდომები, გადაეხედათ საკადრო პოლიტიკისთვის და კორექტივები შეეტანათ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში“

360
„ქართული ოცნების“ ევროპული ცდუნებები

გთავაზობთ  რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადამდგარი უფროსი მრჩევლის, ალექსანდრე ანანიევის, წერილს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, რომელიც ინტერნეტგამოცემა  Международная Жизнь-მა (interaffairs.ru)  19 იანვარს გამოაქვეყნა.

„2024 წლის დადგომამდე  მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ  განაცხადა: „სამი წლის წინათ საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირებაზე. ახლა კი, სამი წლის შემდეგ, ჩემი ინიციატივით, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ვბრუნდები პოლიტიკურ ცხოვრებაში“. 

ივანიშვილმა, რომელიც თითქოს უკვე ორჯერ წავიდა პოლიტიკიდან, ამჯერად განაცხადა, რომ დაბრუნდა „რთული გეოპოლიტიკური ვითარების“ გამო და მმართველი გუნდის „ადამიანური ცდუნებებისგან“ დასაცავად: „მმართველ პარტიას სჭირდება სიმძიმის  ახალი ცენტრი.  მიმაჩნია, რომ ჩემი მისია ამ ახალი სიმძიმის ცენტრის შექმნაში დღეს  არის დროული და აუცილებელი “. ივანიშვილის განცხადებები გასაგები ხდება დასავლური დელეგაციების თბილისში ბოლოდროინდელი ხშირი ვიზიტების ფონზე –  დასავლელები სხვადასხვა „ცდუნების“ გამოყენებით ცდილობენ, დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება, გაწყვიტოს  მოსკოვთან ურთიერთობა.

სხვა სიტყვებით: შემოდგომაზე  გასამართი  არჩევნების წინ ქართველმა მილიარდერმა საჭიროდ ჩათვალა, პირადი მაგალითით გაეფრთხილებინა მის მიერ  დაარსებული პარტიის წევრები, თავიდან აერიდებინათ „ცდუნებები“ და შეცდომები, გადაეხედათ  საკადრო პოლიტიკისთვის და კორექტივები შეეტანათ  საგარეო და საშინაო პოლიტიკაში.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა თავის შესახებ თქვა, რომ ვერანაირი შანტაჟი ვერ აიძულებს   საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლას: „ჩემმა ადვოკატებმა რამდენიმეჯერ მითხრეს, რომ უკვე სანქცირებული ვარ. მე რეალურად ვარ სანქცირებული ყველაზე უხეში მეთოდებით, უხეში გზებით, ყველა კანონიერი გზის გვერდის ავლით.  უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ  ჩემი აქტივები რეალურად შეჩერებულია“.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკურ პროცესებს სამი წლის წინათ ჩამოშორდა, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ის კვლავ მართავს ქვეყანას კულისებიდან და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“  ხელით ცდილობს, შეცვალოს ქვეყნის პროდასავლური კურსი რუსეთის სასარგებლოდ,  ეწინააღმდეგება „მეორე ფრონტის“ გახსნას ან თუნდაც საქართველოს მიერ ანტირუსულ სანქციებთან  მიერთებას. 2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის  დაწყებისთანავე, გაძლიერდა  წნეხი ივანიშვილზე და დაიწყო მისი  დემონიზაცია. მას მაშინვე შეექმნა პრობლემები დასავლეთში განთავსებული თავისი ფინანსური რესურსების გამოყენებაზე. ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა ივანიშვილის ანგარიშებზე გაყინა 2,7 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი (2,65 მილიარდი დოლარი) იმ მოტივით, რომ ეს თანხები, სავარაუდოდ, რუსული წარმოშობის იყო. მოგვიანებით მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის წინააღმდეგ „დასავლეთის არაფორმალური სანქციები“ დაწესდა, რადგან ამჟამად  ხელისუფლებაში მყოფი პარტია „არ დაეთანხმა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მოთხოვნას საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის შესახებ”,  ხოლო  შვეიცარიული ბანკი ივანიშვილზე ახორციელებს ”პოლიტიკურ წნეხს”, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის მოვლენებსა და საქართველოს საშინაო პოლიტიკურ ცხოვრებასთან.

2022 წლის 19 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ  პირადი სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს, იმავე წლის დეკემბერში ევროპარლამენტი  სანქციებით დაემუქრა ქართველ ბიზნესმენს. გარდა ამისა, საქართველოსთვის  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც მან არ შეასრულა, იყო ე.წ. დეოლიგარქიზაცია, მიმართული სახელდობრ ივანიშვილის მოღვაწეობის წინააღმდეგ. მაგრამ მმართველმა პარტიამ „მიიღო გადაწყვეტილება“, რომ ევროკავშირის ეს მოთხოვნა არ ვრცელდება პარტიის  დამფუძნებელზე, რადგან ის არის არა მხოლოდ ბიზნესმენი, არამედ დიდი ფილანტროპი და ქველმოქმედი (2021 წელს, პოლიტიკიდან წასვლამდე, ივანიშვილმა თავისი ქონების დიდი  ნაწილი (1,5 მლრდ დოლარი) თავისი საქველმოქმედო ფონდის – „ქართუს“ ანგარიშზე გადარიცხა), რომელმაც 2012 წელს „დაასრულა  მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი“.

„ქართული ოცნების“ მმართველობის 12 წლის განმავლობაში დასავლეთი ფსონს დებდა იმაზე, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სააკაშვილმა შექმნა, კვლავ  შეძლებდა საქართველოს ხელისუფლების სათავეში  მოსვლას,  მაგრამ  ეს არ მოხდა. „ნაცმოძრაობისთვის“ არარეალურია ასეთი შედეგის მიღწევა 2024 წელსაც. პარტია „ქართულ ოცნებას“ ახლა   ლიდერის მტკიცე პოზიცია აქვს, მიუხედავად წნეხისა როგორც ქვეყნის შიგნით,  ასევე ევროპის მხრიდანაც.  ასეთ ვითარებაში დასავლელი კურატორები „ფერადი რევოლუციების“ მექანიზმს მიმართავენ ხოლმე.

ტელეკომპანია Al Jazeera-ს ვებგვერდის ინფორმაციით,  ქართულმა სპეცსამსახურებმა 2023 წლის შემოდგომაზე  აღკვეთეს უკრაინული სცენარის დაწყებისა და 2013-2014 წლების კიევის „ევრომაიდნის“ გამეორების მცდელობა,  რომლის მიზანი იყო, საქართველოს არ მიეტოვებინა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და არ გასულიყო აშშ-ის გავლენის ზონიდან. ოპოზიციონერთა ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას უწევდნენ და აფინანსებდნენ „უცხო სახელმწიფოები“, ცნობილი სცენარის მიხედვით გეგმავდა თბილისის ცენტრში კარვების ქალაქის გამართვას, ბარიკადების აღმართვასა და სამთავრობო შენობების დაკავებას, შემდეგ კი ბომბის აფეთქებას  კარვების ქალაქში, რათა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს დედაქალაქში არეულობა გამოეწვია, რომელიც, თავის მხრივ, სამოქალაქო ომის დაწყების საფუძველი იქნებოდა. ამ გეგმის   ერთ-ერთ ინიციატორად დასახელდა გიორგი ლორთქიფანიძე –  სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც შემდეგ სააკაშვილთან ერთად წავიდა  უკრაინაში, ახლა კი ნეზალეჟნაიას სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილეა. ძალისმიერი მეთოდის გამოყენებით  ხელისუფლების მიტაცების  წარუმატებელი მცდელობა, როგორც ჩანს, ითვალისწინებდა გეგმა „B“ -ს ამუშავებას –  მმართველი პარტიის გახრწნას „ადამიანური ცდუნებების“ დახმარებით. ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება, დიდი ალბათობით, სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტა.

ქართველი პოლიტოლოგების  აზრით, ივანიშვილი არ დაკმაყოფილდება მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის წოდებით და  ოფიციალური თანამდებობის დაკავებას შეეცდება, მაგალითად, რესპუბლიკის პრეზიდენტის, რათა შეინარჩუნოს პრაგმატული საგარეო  პოლიტიკის კურსი  და თანაბარი პირობებით აწარმოოს მოლაპარაკებები ევროპის, რუსეთისა და შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებთან. ეს დასკვნა გამომდინარეობს იქიდან, რომ ყრილობაზე გამოსვლისას ივანიშვილმა პატივისცემით ისაუბრა პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მისი არჩევის პროცედურაზე (2024 წელს საქართველოში გაიმართება როგორც საპარლამენტო, ისე  საპრეზიდენტო არჩევნები. 2017 წელს საქართველომ სპეციალური კანონიც კი მიიღო, რომლის მიხედვით 2024 წლიდან  ქვეყნის პრეზიდენტს აირჩევს ამომრჩეველთა კოლეგიის 300 წევრი, თანაბრად დაკომპლექტებული ახალარჩეული პარლამენტის წევრებითა და რეგიონების  დელეგატებით). ვინაიდან ყველა პროგნოზით „ქართული ოცნება“ არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვებს, პარტიის დამფუძნებელს სურვილის შემთხვევაში არ გაუჭირდება რესპუბლიკის სათავეში მოსვლა.

თუ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს, მის მიმართ ნებისმიერი მუქარა, შანტაჟი, შეურაცხყოფა და უარყოფითი განცხადება იქნება მთელი საქართველოს შეურაცხყოფა.  ეს კი მხოლოდ ხელს შეუწყობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის პოზიციის განმტკიცებას. თავის მხრივ, ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნა ჩაითვლება ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად.

ამ მხრივ, ეჭვგარეშეა, რომ კოლექტიურ დასავლეთს ძალიან არ მოეწონება  ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, რადგან ამით რეალურად განულდება დასავლელთა იმედი,  საქართველო აქციონ თავიანთ იარაღად რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ეს იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში.  ახლა საქართველოში მმართველი პარტიის პოლიტიკას   ღიად გაუწევს კოორდინაციას ადამიანი, რომელიც დე ფაქტო დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება. ივანიშვილს სწორედ რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნაზე უარის თქმა ჰქონდა მხედველობაში, როდესაც  „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ახსენა გამოწვევები და გეოპოლიტიკური ვითარება საქართველოს გარშემო და  იგულისმა  სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში,  „რომლის პირობებში ხელისუფლების, სახელისუფლო პარტიის სახით, მცირე შეცდომაც კი  შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს ქვეყანას“.

2023 წლის ბოლოს საქართველოსთვის  ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა მოთხოვნების უმეტესობა)  ევროპელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავდნენ  რესპუბლიკაში პრორუსული განწყობების მინიმუმამდე დაყვანას. ამასთანავე, საქართველოს ხელმძღვანელობისთვის გაამზადეს ხაფანგი – თუ სრულად არ დააკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს, ამჟამინდელ ხელისუფლებას დაადანაშაულებენ ევროკავშირში გაწევრების სურვილის უქონლობაში; თუ მოთხოვნებს  შეასრულებს, სერიოზულად  დააზიანებს როგორც თავის პოზიციებს, ასევე მთლიანად საქართველოს ინტერესებს. კონსტიტუციის თანახმად, ხელისუფლება ვალდებულია, ქვეყანა ევროკავშირში შეიყვანოს (2000-იან წლებში საქართველოს ნატოში გაწევრების მომხრე იყო ექსპრეზიდენტი ედუარდ  შევარდნაძე, მოგვიანებით კი ამ პოზიციას მისმა მემკვიდრე მიხეილ  სააკაშვილმაც დაუჭირა მხარი. 2018 წელს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება  და ჩაიწერა, რომ „საკონსტიტუციო ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყონ საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში“), მაგრამ, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, ევროკავშირში ინტეგრაციას მხოლოდ იმ ტრადიციებისა და ქრისტიანული ღირებულებების გათვალისწინებით ხედავენ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში  განსაზღვრავდა საქართველოს ისტორიასა და კულტურას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მმართველი პარტიის მისწრაფებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოთხოვნებს, რომლებიც  საქართველოს ავალდებულებს, ებრძოლოს იმ საინფორმაციო რესურსებისა და პოლიტიკური ტენდენციების გავლენას, რომლებიც მოქმედებს ევროკავშირის,  მისი ლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ და უფრო მეტად შეუსაბამოს თავისი პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკას.  ეს კი ქართველი საზოგადოების ისტორიული ტრადიციონალიზმის გათვალისწინებით სერიოზულ დაბრკოლებად რჩება მისი „კონვერტაციის“ გზაზე.

საქართველოს უარი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა, ვიზების გაუქმება ამიერკავკასიის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის – ეს ყველაფერი კარგი საფუძველი იქნება ორ ქვეყანას შორის პოზიტიური ურთიერთობების შემდგომი მშენებლობისთვის.

სამხედრო და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვახტანგ მაისაიას (თბილისი) აზრით,  მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ცოტა ხნის წინათ მიიღო ევროკავშირის წევრობის  კანდიდატის სტატუსი, ევრაზიული პოლიტიკური ძალები ამ ფონზე აძლიერებენ  თავიანთ გავლენას: „არჩევნებმა, რომელიც წელს გაიმართება საქართველოში, შეიძლება  ქვეყანა ევრაზიული მიმართულებით შეაბრუნოს და არა ევროატლანტიკური მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატები კარგავს თავის წონას რეგიონში – ეს უკვე მოხდა“.

საქართველოს ხელმძღვანელობის დაბალანსებული პოლიტიკა, რომელიც აგებულია თავისი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინე კოსაჩოვის,  თავშეკავებულ ოპტიმიზმს იწვევს: „უარყოფითი დინამიკის არარსებობა, დადებითი დინამიკის გარკვეულ მოლოდინს ქმნის საქართველოსთან ურთიერთობაში,  ეს შეიძლება  მოხდეს არა ამ  წელს, მაგრამ  მოხდება  შორეულ პერსპექტივაში“.

მომზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
წყარო: Журнал Международная жизнь

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here