Home ახალი ამბები საქართველო სოფლის მეორნეობის იმ პროდუქტების რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს, ყოველწლიურად იზრდება, ადგილობრივი  კი...

სოფლის მეორნეობის იმ პროდუქტების რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს, ყოველწლიურად იზრდება, ადგილობრივი  კი ბაზრიდან ნელ-ნელა გადის

ქვემოქართლელ გლეხებს მწვანილისა და ხახვის მოყვანა შევაძულეთ, ახალციხეში კარტოფილის დათესვა აღარ უნდათ, კახეთში - საზამთროსა და ნესვის

202

ის სიმღერა ხომ იცით – „თუ გაქვს წარმოდგენილი, დილით შემოტანილი, პატარძლის დაკრეფილი კიტრები და მწვანილი…“ ჰოდა, საქმე იქით მიდის, რომ ქართული კიტრებისა და მწვანილის წარმოდგენა მოგვიწევს მხოლოდ  და არა  ჭამა. ადრეც დავწერეთ, რომ საქართველოში მწვანილი არნახულად გაძვირდა და, რაც მთავარია, რეკორდულად გაიზარდა მისი შემოტანა. მწვანილი, რომელიც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ხარობს, მთავარია, მიწას თესლი მოვაბნიოთ, სანატრელი გაგვიხდა. ახლა ბევრი ამბობს, რომ მწვანილის გაძვირება სიცხეებმა განაპირობა, რომლის გამოც დათესილი მწვანილი არ ამოვიდა, მაგრამ ნურას უკაცრავად – იმერეთში მწვანილი, რომელიც, ძირითადად, ექსპორტზე გადიოდა, სათბურებში მოჰყავთ და, სიცხეა თუ სიცივე, მისთვის სულერთია; ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, ყველა სავარგული ირწყვება, წყალი კი წელსაც იყო. მიზეზი ერთადერთია – უბრალოდ, მიწის დამუშავება და დათესვა დაგვეზარა, რადგან შარშან და შარშანწინ მწვანილს ფასი არ ჰქონდა.

ახლა ერთ უცნაურობაზე უნდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. წელს ყველაზე მეტი მწვანილი ირანიდან (823.8 ტონა) შემოვიტანეთ, მეორე ადგილზეა სომხეთი, მესამეზე – რუსეთი, მერე მოდის უზბეკეთი, თურქეთი, ნიდერლანდები… რაც შეეხება ექსპორტს, ყველაზე მეტი (1 529 ტონა) მწვანილი უკრაინაში გავიდა, მეორე ადგილზეა რუსეთი, მოლდოვა, სომხეთი... რა გამოდის? რუსეთიდან შემოვიტანეთ 32 ტონა მწვანილი და გავიტანეთ 1 024 ტონა, ხოლო სომხეთიდან შემოვიტანეთ 294 ტონა და გავიტანეთ 30.5 ტონა… ხომ ვერ გვეტყვით,  რატომ  დავატარებთ ამ მწვანილს აქეთ-იქეთ? ვითომ სომხებს ვატყუებთ? იმ სომხებს, რომლებმაც ერთი თვის წინათ  საქართველოში ტონობით ყურძენი 80 თეთრად იყიდეს (კგ)  და ზუსტად იმ ყურძენს, ორ თვეში კგ-ს 6  ლარად რომ მოგვყიდიან?

ადგილობრივი მეწარმე გვეუბნება, რომ, მაგალითად, ირანიდან მწვანილის შემოტანა გაცილებით  იაფია, ვიდრე ადგილზე შეძენა. ირანიდან შემოტანილი მწვანილი 1 კილოგრამი საშუალოდ 5 ლარი ღირს,  ადგილობრივი კი 20 ლარად იყიდება. ანუ, ირანული პროდუქცია გადის რამდენიმე ეტაპს –  მგზავრობს, საბაჟო გადასახადს იხდიან, დაფასოებულია. ჩვენსას კი საბაჟო გადასახადის, მგზავრობისა და დაფასოების გარეშე ოთხჯერ მეტი ფასი აქვს. რატომ? ამ კითხვაზე პასუხს არავინ გვცემს და მხოლოდ იმას ამბობენ, ხარისხით ჩვენი სჯობსო. ირანული მწვანილი საკვებად უვარგისი რომ იყოს, სურსათის უვნებლობის სამსახური  აქამდე რამეს იტყოდა, ბოლოს და ბოლოს, უკან გააბრუნებდა, მაგრამ, როგორც სურსათის უვნებლობის სამსახურში გვეუბნებიან, ირანული პროდუქცია სტანდარტებს აკმაყოფილებს, ანუ საკვებად ვარგისია. მაშინ რატომ არის ოთხმაგი სხვაობა, რა საიდუმლოს ფლობენ ირანელები ისეთს, რომელიც  ჩვენ არ ვიცით? მიზეზი ძალიან მარტივია – ირანში მწვანილი უზარმაზარ ფართობებზე მოჰყავთ, ჩვენთან კი გლეხს,  ეზოს რომ დაბარავს და იქ მოიყვანს მწვანილს ,იაფად გაყიდვა არ შეუძლია, ვერ იმეტებს თავის ნაშრომს იაფად, ირანში კი, ფერმერებს გვერდით სახელმწიფო უდგას, გატანისთვის გადასახადს არ ახდევინებს (ასე ხდება თურქეთშიც) და ამიტომ ირანელებს ენთუზიაზმიც მეტი  აქვთ, მოსავალიც და შემოსავალიც. უფრო უცნაურს გეტყვით: იყო დრო,  რიონში  ზუთხი დაიჭირეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რიონი ზუთხის გასამრავლებლად იდეალური ადგილია. გინდათ, გითხრათ,  საიდან შემოგვაქვს  ზუთხი, რომელიც ქართულ რესტორნებსა და მაღაზიებში იყიდება? სომხეთიდან, ანუ ქვეყნიდან, რომელსაც ჩვენზე ათჯერ ნაკლები მდინარე აქვს და რომლის უდიდესი მდინარე ახურიანი სიგრძეში 186 კილომეტრია (რიონის სიგრძე 327 კმ-ია). ჰოდა, სომხები ახერხებენ იმდენს, რომ ზუთხს საქართველოში ყიდიან, ჩვენთან კი მის წარმოებას  თავი ვერ დაედგა. სამაგიეროდ, საკალმახე გვაქვს ბევრი, მაგრამ  მათ უმრავლესობაში გამოყვანილ თევზს კალმახთან საერთო არაფერი აქვს – არც გემო, არც ფერი, არც ზომა…

სათვალავი აგვერია, რამდენჯერ დავწერეთ სოფლის მეურნეობის პრობლემებზე და რამდენჯერ ვთქვით, რომ ეს დარგი საქართველოში  კვდება. მხოლოდ სიტყვებს არ ვიშვეილებთ, სტატისტიკურად, ყოველწლიურად იზრდება სოფლის მეორნეობის იმ პროდუქტების რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს, ადგილობრივი კი ბაზრიდან ნელ-ნელა გადის. გარდა იმისა, რომ ადგილობრვი პროდუქცია იდევნება, ცოდვა გამხელილი სჯობს და, შემოტანილს არც ისეთი სუნი აქვს, არც ისეთი გემო, ჩვენს ბავშვობაში რომ გვახსოვს. საზამთროს რომ შეჭამ და ვერ მიხვდები, საზამთროა თუ კარტოფილი, რაღაზე უნდა ვისაუბროთ?! არადა, წელს საზამთროს უდიდესი ნაწილი თურქეთიდან და ირანიდან შემოვიდა. მეტიც, ირანიდან ექსპორტმა ისეთი მასშტაბი მიიღო, იქაურმა ხელისუფლებამ გატანა აკრძალა, აქაოდა, ჩვენც გვჭირდებაო. მორიგი პარადოქსიც იყო მაშინ, ირანიდან და თურქეთიდან შემოტანილი პროდუქციის საბითუმო ფასი ორჯერ იაფი იყო, ვიდრე ადგილობრივი პროდუქციის.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ მათი პროგრამების შემდეგ კონკრეტულმა ადამიანებმა ასიათასობით ხეხილის ხე დარგეს, გააშენეს კენკროვანი კულტურების პლანტაციები. ვინმეს შეუძლია აგვიხსნას, სად მიდის მოწეული მოსავალი? ისე ხომ არ არის, რომ ვიღაც ფულს იღებს სახელმწიფოსგან ხეხილის ბაღის გასაშენებლად და საბოლოო ჯამში, ძვირად ღირებული ავტომობილით გადაადგილდება, ხეხილის ბაღი კი სემირამიდას დაკიდული ბაღებივით მხოლოდ სოფლიოს მეურნეობის მეშვიდე თუ მერვე საოცრებად რჩება მოგონებებში. იმავე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სინდისზეა უცნაური გადაწყვეტილება სათევზაო ლიცენზიებზე. ვთქვათ, გააკეთეთ ტბორი, გაუშვით ლიფსიტები და 1-2 წლის შემდეგ თქვენსავე ტბორში თევზის დაჭერა გსურთ. ამისთვის სოფლის მეურნეობის სამინოსტროს შესაბამისი ნებართვა გჭირდებათ და ძალიან დიდია  შანსი, რომ ეს ნებართვა არ მოგცენ. ვისაც ჰგონია, რომ ვხუმრობ, რუსთავის ცენტრალური პარკის მაგალითს მოვიყვან. იქ არსებული ტბა წლების წინათ კონკრეტულმა ბიზნესმენმა იჯარით აიღო, თევზი გაუშვა, კვებავდა.  როცა დაჭერის დრო მოვიდა, აუხსნეს, რომ ეს დაცული ტერიტორიაა და იქ თევზჭერა არ შეიძლება. არადა, ხელშეკრულება როცა გაუფორმეს, როცა ხარჯი გასწია, არავის უთქვამს, რომ დაჭერის უფლება არ ექნებოდა. ჰოდა, დაცურავენ ახლა უკვე გაზრდილი თევზები რუსთავის პარკის ტბაში და მათ მოსახლეობა აჭმევს მზესუმზირასა და ბატიბუტს, თორემ მომვლელ-დამპურებელი აღარ ჰყავთ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან არაერთხელ გვისაუბრია და მოგვისმენია იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ხორციელდება, მაგრამ ყოველთვის გვრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ დაფინანსებული პროექტების კონტროლი აღარ ხორციელდება სათანადოდ. ვერც ერთი მაღალჩინოსანი ვერ გვიხსნიდა იმას,  რატომ ძვირდებოდა ყოველწლიურად სოფლის მეურნეობის პროდუქტი. ისინი აქცენტს თანამედროვე ტექნოლოგიებზე აკეთებდნენ. რომელ თანამედროვე ტექნოლოგიებზეა საუბარი, როცა შემოტანილი შხამ-ქიმიკატები ისე ძვირი ღირს, რომ მათ შეძენას თუნდაც ერთი ჰექტრის დასამუშავებლად რამდენიმე ასეული ლარი სჭირდება. წლიდან წლამდე ძვირდება მიწის დახვნა-გაფხვიერება, ძვირდება მოსავლის ასაღებად კომბაინის დაქირავება და ასეთ პირობებში სოფლის მეურნეობაში ფულის ჩადების მსურველთა მოძებნა ძალიან რთულია. ეს ყველაფერი ჩვენზე კარგად იციან სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მაგრამ ვერაფერს ცვლიან, აქაოდა, ბაზარში ვერ ვერევითო. როცა მაღალჩინოსანს სჭირდება რამე, მაშინ გადასარევად ერევით და მზად ხართ, სახელმწიფოს ხარჯზე დახნათ კიდეც, გააფხვიეროთ კიდეც და სახელმწიფო პროგრამით შემოტანილი შხამ-ქიმიკატებიც უფასოდ დაარიგოთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანა მიხვდა, რომ შველა სოფლის მეურნეობის განვითარებაშია. შესაძლოა, სასაცილოდ ჩანს, მაგრამ მსოფლიოში ბანანი ყველაზე დიდი რაოდენობით ინდოეთს გააქვს, ღორის ხორცის ყველაზე დიდი მწარმოებელი ბრაზილიაა, ხახვის- ჩინეთი,  მაგრამ, როცა 200-მილიონიან ბრაზილიას 6-მილიონიანი დანია უწევს კონკურენციას ღორის ხორცის წარმოებაში, როცა ნიდერლანდები ეჭიდავება ჩინეთს  რომელიღაც პროდუქტისწარმოებაში, ხომ შეიძლება, ჩვენც რომელიმე  ერთი მიმართულება ავირჩიოთ და მსოფლიო დონის მოთამაშედ ვიქცეთ?! ამის გაკეთება, 2-3 მილიარდით თუ არა, 10 მილიარდით ნამდვილად შეიძლება;  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ  „ქართულმა ოცნებამ“  10 მილიარდზე მეტი კი დახარჯა სოფლის მეურნეობაში, მაგრამ  ეს ფული წყალში გადაყრილია.

ყველა ქვეყანამ იპოვა თავისი  ნიშა, აფრიკის განუვითარებელი ქვეყნებიც კი ტურისტების ხარჯზე შოულობენ მილიარდებს (ჩვენ ვერც ეს სფერო განვავითარეთ სათანადოდ) და ჩვენ არაფერი გვეშველა. ეგ კი არა, რაც გვქონდა, იმას ვანადგურებთ და, თუ ქვემო ქართლელ გლეხებს მწვანილისა და ხახვის მოყვანა შევაძულეთ, ახალციხეში კარტოფილის დათესვა აღარ უნდათ, კახეთში – საზამთროსა და ნესვის. როდემდე გაგრძელდება ასე, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია –  გრძელდება და ბოლო არ უჩანს.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                              

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here